XVII. არამედ აწ კუალად ნეშტი იგი პირველი განვაახლოთ. რამეთუ რაჟამს განდიდნა სახელი ნეტარისა მამისა გრიგოლისი და მიიწია ქართლად და ესმა სანატრელსა დედასა მისსა დიდებულებაჲ ძისა თჳსისაჲ, რამეთუ იყო იგი ცოცხალ და მიწევნულ მოხუცებულებასა, მას ჟამსა განმხიარულდა სულითა და განძლიერდა ჴორცითა და მადლი შეეწირა ქრისტესა, რომელმან კეთილი სახარებაჲ ისმინა ძისა მასისაჲ ყოვლად-კეთილისაჲ, ჴორციელად სიქადულისაჲ და სულისა მისისა გჳრგჳნოსან-მყოფელისაჲ, რამეთუ იგი ხოლო მარტოჲ ესუა შვილად და თჳნიერ მისისა შობისა მამაკაცი არღარა იცოდა, არამედ სიწმიდით დადგრომილ იყო ლოცვასა შინა და მარხვასა და მარადის შიშსა ღმრთისასა.
ხოლო გული მისი იგლოვდა ძისა თჳსისა განშორებისათჳს, არამედ სიხარულისა ჴმამან განამტკიცა და მიცვალებულთა მისთათჳს, რომელ გულის-კლებაჲ აქუნდა, დაავიწყდა ამით ნუგეშინის-ცემითა, და მსწრაფლ ხოლო წარმოვიდა საჴედრითა. და თანა იყვნეს მსახურნი მისნი, მამანი და დედანი. და მოიწია დედისა ფებრონიაჲსსა მერეს. ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა და მსწრაფლ ხოლო აუწყა წიგნითა ნეტარსა გრიგოლს. ხოლო წმიდაჲ იგი, ძჱ უბიწოჲ, მალიად მივიდა დედისა წინაშე მორწმუნისა და თაყუანისცა მას და ქრისტჱს- მიერი კურთხევაჲ და მშჳდობაჲ მისცა. ხოლო იგი სიხარულითა მოეგება ძესა თჳსსა, ჰამბორს უყოფდა და ეტყოდა: „შვილო ჩემო ტკბილო, გიხილე, რომლისათჳსცა მსუროდა, რამეთუ ხილვითა შენითა განმეშორნეს ყოველნი იგი პირველნი ტკივილნი“, და მრავალფერითა სიტყჳთა განგრძობილად იყო უბნობაჲ მათი.
ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ ჰრქუა: „შენდობა იყავნ ჩემდა შენ მიერ, დედაო ჩემო, არამედ არა ნებითა ჩემითა განგეშორე, გარნა ნებასა ღმრთისასა ესრჱთ სათნო უჩნდა, ვითარცა აწ იქმნა. ხოლო შენ ცხორებასა ამას წუთსა არაჲ გაკლდა ჴორცელად და სულიერად, ვიდრე აქამომდე, არამედ აწ თანა მაც მოღუაწებაი შენი სულიერად და ჴორციელად მცნებისაებრ უფლისა, რომელსა ბრძანებს პატივისათჳს მშობელთაჲსა. და სიბრძნესა წერილ არს: „შვილო მიაგე მშობელთა შენთა, რაჲ იგი მოგაგეს, რამეთუ თჳნიერ მათსა შენმცა არა იყავ“. და კუალად იტყჳს: „საგმობელ არს, რომელმან შეურაცხ-ყოს მამაჲ თჳსი, და წყეულ არს უფლისაგან, რომელმან განაწყოს გული დედასა“, რამეთუ „კურთხევამან მამისამან და დედისამან დაამტკიცნის სახლნი უკუნისამდე, ხოლო წყევამან მათმან აღჰფხურნის სრულიად“. და პავლე ესრჱთვე მრავალ-გზის ამცნებს მშობელთა პატივის-ცემასა ყოველთა და აწ ესე სიტყუანი და მსგავსნი ამათნი გუესმიან ღმრთივსულიერთაგან წიგნთა სასწავლებლად მორწმუნეთა. ხოლო მე, მადლითა ღმრთისაჲთა, კურთხევაჲ შენი დავიმჳდრო, ვითარცა შვილმან მშობლისა მოყუარემან მორჩილებით მსგავსად ძალისა, ნებისაებრ გულისა შენისა“.
და ფრიად ნუგეშიანს სცა მას ნეტარმან მან ღმრთისა კაცმან და აღაშჱნა ფრიად სანატრელი იგი მოხუცებული. და მან პირველად აკურთხა ღმერთი და მერმე ძჱ იგი თჳსი და თანამოსრულნი იგი სახლეულნი თჳსნი შეჰვედრნა და ჰრქუა: „ჩემდა მსგავსად ესენი გვედიან, შვილო, რომელთა გულს-მოდგინედ მსახურებაჲ ჩემი თავს იდვეს“. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: «მოციქული იტყჳს:“უკეთუ ვინმე თჳსთა და უფროჲს სახლეულთა არა იღუწიდეს, ეგევითარსა მას სარწმუნოებაჲ უვარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოთა უძჳრჱს“. ხოლო მე თანა მაც, დედაო, ბრძანებისა შენისა სმენაჲ და ზრუნვაჲ ყოველთა ამათ შენთა საურავთაჲ”. და ვითარცა ჯერ იყო, დაიურვნა ყოველნი კეთილად.
მაშინ ნეტარმან დედამან ფებრონია ჰრქუა მოხუცებულსა მას სარწმუნოსა:“ღმრთის მოყუარეო დედაო, შვილისა შენისა და ძმისა ჩემისა გრიგოლის თანა მე ვარ აწ შვილი შენი. და არა დაგაკლდეს ჩუენგან მსახურებაჲ ყოვლადვე, რამეთუ გხედავ შენ ვითარცა ანნა წინაჲსწარმეტყუელსა, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისაგან უფლისა დღე და ღამე ლოცვითა და მარხვითა. ეგრეცა შენ მცნებათა ღმრთისათა დამტკიცებული ჰგიე მარადის და ნაყოფისაგან საცნაურ არს სიკეთჱ ხისაჲ”. ხოლო იგი სიხარულით ჰმადლობდა ქრისტესა და წმიდათა მათ.
მაშინ ნეტარმან გრიგოლ ჯერისაებრ განაგო ცხორებაჲ დედისა თჳსისაჲ და მისთანათაჲ მათ. და მსახურსა ვისმე დედაკაცსა დედისა თჳსისასა ქმარი უსუა, და ბასილი, მამაჲ ხანძთელი, მისგან იშვა, რომელიცა ფრიადთა წელიწადთა წინამძღურობდა ხანძთას კეთილად ვიდრე სიკუდიდმდე და მისლვად მისა წინაშე უფლისა. არამედ შემდგომად ჟამთა მრავალთა სანატრელი მშობელი მამისა გრიგოლისი გარდაიცვალა მერეს შინა და მივიდა უფლისა, რომლისაცა სუროდა.
ხოლო ნეტარმან გრიგოლი დაიღუაწა სული მისი და დიდებაჲ შეწირა ღმრთისა, რომელმანცა მოჰმადლა მას კეთილად-მსახურებაჲ დედისა თჳსისაჲ და სრულიად კურთხევაჲ მისგან მიიღო.