prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება — თავი XIV

გიორგი მერჩულე · ჰაგიოგრაფია

XIV. მას ჟამსა ბაგრატ კურაპალატმან, ნებითა ღმრთისაჲთა და ნებითა ძმათა თჳსთაჲთა და ბრძანებითა ბერძენთა მეფისაჲთა, მოიღო კურაპალატობაჲ ნაცვალად აშოტ კურაპალატისა მამისა თჳსისა, რამეთუ მიეცა მას ფლობაჲ ჴელმწიფებისაჲ ზეგარდამო. და ძმანი მისნი ყოველნი და დიდებულნი ჴელმწიფენი - ადარნერსე უხუცჱსი, და გუარამ მრწემი, - მშუვალესა მას ძმასა მორჩილ ექმნნეს საღმრთოჲსა ძმობისა სიყუარულითა, რამეთუ ერთზრახვა, ერთსულ და ერთნება იყვნნეს იგინი.

ხოლო ბაგრატ უმთავრჱს მათსა იყო სიბრძნითა, სახითა, და სიქველითა და ყოვლითა ღმრთისა-მსახურებისა სისრულითა, რამეთუ მსგავსი იყო წინაჲსწარმეტყუელისა დავითისი და ნეტარისა ბაგრატ მოციქულისა და მღდელ-მოწამისა, მოწფისა წმიდისა პეტრე მოციქულისაჲ, ყოვლითავე კეთილად-მსახურებითა. და მადლითა ქრისტჱსითა განდიდნა მეფობაჲ სამთა მათ ძმათა ჴელმწიფეთაჲ, რამეთუ შეწევნითა ღმრთისაჲთა ჴრმლითა მათითა დაიპყრნეს ფრიადნი ქუეყანანი და განიოტნეს აგარის ნათესავნი.

ხოლო ნეტარი მამაჲ გრიგოლ მიიწია წინაშე დიდებულისა ბაგრატ კურაპალატისა და ჯერისაებრ შესხმაჲ კურაპალატობისაჲ. მიულოცა. ხოლო ქებაჲ იგი შესხმისაჲ, ჟამისა მის ბრძენთა მიერ შეუცავი, ფრიად სთნდა კეთილად-მსახურსა კურაპალატსა და ჰრქუა მას: „ჵ წმიდაო მამაო, ღმერთმან შეგამკო სიბრძნითა, ჰასაკითა და სულითა წმიდითა ჴსნისა ზღუდედ ჩუენდა, შუამდგომელად შორის სიკუდილისა და ცხორებისა, რომლითაცა ვრცელ იქმენ ყოველსა ამას ქუეყანასა თანა ზრუნვითა და საღმრთოჲთა მოღუაწებითა შენითა. ხოლო მე თანა მაც სიყუარული და პატივი მამობისა შენისაჲ. აწ ბრძანენ სიწმიდემან შენმან მეფობისა ჩუენისაგან მსახურებაჲ ღირსებისა შენისაჲ, რამეთუ ღმრთისა მიერ მონაწილე ხარ ჩუენ თანა, შვილთა აშოტ კურაპალატისათა“.

ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „კეთილად-მსახურო მეფეო, უმეტჱს და უფროჲს კეთილად-მსახურისა მამისა შენისა ფრთეთაგან საუფლოჲსა ჯუარისათა შეცვულო, მარჯუენაჲ დამბადებლისაჲ და წმიდათა ოხაჲ მარადის გფარავს. და მცველი იგი დაუძინებელი ყოვლადვე მცველ არს შენდა, და ნათელი დაუღამებელი უძღჳს მეფობასა შენსა, და არა საჴმარ არს მისსა ბრწყინვალებად სანთლისაჲ, გარნა მრუმეთათჳს ხოლო. არამედ მე გულს-მოდგინედ ლოცვაჲ შენი მიპყრიეს, რაჲთა არა მოგაკლდეს კეთილი საქმჱ მეფობისა მიზეზთაგან. არამედ აწ ამას ვითხოვ შენგან; არს აშოტ კურაპალატისა შეწირული აგარაკი ხანძთას და იქმნების კეთილად მონასტრად. უკუეთუ მიბრძანოს მეფობამან შენმან, აღვაშჱნო სადიდებელად ღმრთისა და საცხორებელად სულისა შენისა, და ვიდრე ეგოს ცაჲ ქუეყანაჲ, ეგოს მას შინა ლოცვაჲ შენთჳს!“

მაშინ სიხარულით უბრძანა ბაგრატ კურაპალატმან შჱნებაჲ მისი და მისცა ყოველივე საჴმარი საშჱნებელად. და რაჟამს მივიდა ნეტარი მამაჲ გრიგოლ შატბერდს, მაშინ ცრემლთა მისთა მდინარითა ირწყვოდა ადგილი იგი, იტყოდა რაჲ ლოცვასა ამას: „მეუფებითა სუფევისა შენისაჲთა, ღმერთო, უშრომელად დაჰბადენ დაბადებულნი ყოველნი და ჴელმწიფებით განმგებელ ხარ ყოველთა ქმნულთა შენთა, რამეთუ ცათა შემოქმედი, და ანგელოზთა დამბადებელი, და ქუეყანისა დამამტკიცებელი, და ზღუათა დამამყარებელი, და წულილადთაცა საქმეთა მოქმედვე ხარ, ვითარცა თქუა დავით: „არა თუმცა უფალმან აღაშჱნა სახლი, ცუდად შურებიან მაშჱნებელნი მისნი“. აწ, უფალო, იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ჴმასა ლოცვისა ჩუენისასა და აკურთხე ადგილი ესე მადლითა შენითა და აღაშჱნე მონასტერი განსასუენებელად სიწმიდისა სამკჳდრებელთა შენთა და მოეც ამას სახელი კეთილად სახელოვანი შორის თესლებსა მრავალსა სადიდებლად შენდა, ყოველთა მეუფეო, უხილავად შეწევნითა ძლიერისა მკლავისა შენისაჲთა, და განანათლე ნათლითა სულისა შენისა წმიდისაჲთა და მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობლისაჲთა და წმიდათა ყოველთაჲთა დაიცევ უკუნისამდე ჟამთა, ამჱნ“.

და ჯუარი დასწერა ადგილსა მას ჩინებულსა და იწყეს საქმედ ეკლესიისა და სენაკებსაცა. და ესრჱთ დღითი-დღე აღორძინდებოდა იგი კეთილად. და იქმნა ღელე გლოვის მტერთა მათ უხილავთა და ხილულთა, ხოლო ნავთსადგურ ცხორების ქრისტჱს სამწყსოთა მეფეთა და მთავართა და ყოვლისა ერისა ქრისტეანეთა მართლ-მორწმუნეთაჲსა. მსგავსად ხანძთისა ღმრთისა მიერ ზეგარდმო ჩინებულისა, ეგრჱთვე შატბერდი აღეშჱნა საღმრთოჲთა შეწევნითა და ლოცვითა ნეტარისა მის კაცისაჲთა, რომელმანცა შეაერთნა ორნივე იგი უდაბნონი ერთად შენაწევრებულნი და შემტკიცებულნი ძმობრივსა ზედა სიყუარულსა, ვიდრე ჟამთა აღსასრულამდე.

ამისა შემდგომად უწოდა კურაპალატმან წმიდასა მას. და ვითარცა მიიწია მის წინაშე, ყოველი აუწყა კეთილად განმარჯუებაჲ მონასტრისაჲ მის ქრისტჱს მიერ. მაშინ უბრძანა ადგილნი მარჯუენი აგარაკად შატბერდსა, და ყოველი, რაჲცა უჴმდა, მისცა მისთჳს სრულიად საშჱნებელად.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — გიორგი მერჩულე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.