XXIII. ხოლო ნეტარი ესე კაცი ღმრთისაჲ მამაჲ გრიგოლ, ნებისა ქრისტჱსისა სამკჳდრებელი, სასწაულთა მოქმედი დიდებული, ფრიად გარდარეულად დაბერდა, რამეთუ ას და ორისა წლისა ჟამთა მიიწია. ხოლო ფერი პირისა მისისაჲ არა იცვალა, არცა შეემთხჳა თუალთა მისთა მრუმედ-მხედველობაჲ და ჴორცითა ძლიერ იყო და რაჲთურთ უძლურებაჲ სიკუდილადმდე არა იპოვა მის თანა. რამეთუ განძლიერებულ იყო იგი ძალითა ქრისტჱსითა და აქუნდა მას სიქადულად სანთელი ქალწულებისაჲ, და ზეთი მოწყალებისაჲ, და სიყუარული ღმრთისაჲ და ძმათაჲ. ხოლო შრომაჲ დიდად უყუარდა არა ხოლო ლოცვისა და მარხჳსაჲ ოდენ, არამედ დღე და ღამე ჴელითა თჳსითა იქმოდა, ვითარცა იტყჳს პავლე: „რომელი არა შურებოდის, ნუცაღა ჭამნ“-ო. და იყო იგი მხიარულად მესტუმრე და გლახაკთ-მოღუაწე. ხოლო უმრავლჱსთა დღეთა შატბერდს იყოფინ, რამეთუ თჳსთა მათ მონასტერთა მამასახლისნი დაედგინნეს და იგინი იღუწიდეს მათ, და რომელი გარდამრჱ საქმჱ არნ, მას აუწყიან მსგავსად სიბრძნისა მის ღმრთივ-მოცემულისა, რომელი მკჳდრ იყო მის თანა მარადის, ვიდრე აღსრულებადმდე მისსა და მიწევნად ბრძენი ბრძენთა თანა საუკუნესა ცხორებასა და სუფევასა.
სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება — თავი XXIII
კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.
ამ ტექსტზე ვარჯიში →ტექსტის შესახებ
ავტორი — გიორგი მერჩულე.
საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.
წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა
თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.