prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება — თავი V

გიორგი მერჩულე · ჰაგიოგრაფია

V. ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ პირველად აღაშენა ძელისა ეკლესიაჲ და შემდგომად საყუდელი თჳსი და თითო სენაკები ძმათა მათთჳს მცირჱ და ერთი სენაკი საოსტიგნედ დიდი. და დღითი დღე აღორძნდებოდეს ძმანი, რამეთუ შეეძინებოდეს უფალსა მუშაკნი მეათერთმეტისა ჟამისანი მოქმედად ჭეშმარიტსა მას ვენაჴსა და თანაზიარ იქმნებოდეს პირველთა მათ მართალთა და მონაწილე წმიდათა მოწამეთა, მჴნდებოდეს რაჲ ღუაწლსა მას მონაზონებისასა მსგავსად წმიდათა მოწამეთა და უფროჲს მათსა, რამეთუ მარტჳლნი ერთსა ხოლო შინა ჟამსა იწამნეს, ხოლო ესე ყოველსა ჟამსა იწამებოდეს სახელისათჳს ქრისტჱსისა, ვითარცა დავით იტყჳს: „შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე“, და პავლე იტყჳს: „მარადღჱ ქრისტჱსთჳს მოვკუდებით“.

მას ჟამსა ნეტარი იგი ბერი ჴუედიოს მოხუცებულ იყო ფრიად და მიახლებულ ჴორცთაგან განსლვად. მაშინ მივიდა მამაჲ ჩუენი წმიდაჲ გრიგოლ და ძმანიცა, რომელნი იყვნეს მის თანა, ხილვად ბერისა. და ვითარცა მოიკითხეს, ჰრქუეს: „გუაკურთხენ, წმიდაო მამაო, რამეთუ აწ მიხუალ უფლისა“. და დაიძინა ნეტარმან ბერმან და ტკბილ ეყო მას ჰრული მისი. და ადგილი იგი აღივსო სულნელებითა და ანგელოზთა წმიდათა გალობითა, რომელთა წარიყვანეს იგი სიხარულით წინაშე ქრისტესა. ხოლო მამამან გრიგოლ და ძმათა წარმოიყვანეს ძლევით შემოსილი გუამი მისი და გალობითა წმიდითა დაჰმარხეს იგი საფლავსა შინა. მაშინ ნებითა ღმრთისაჲთა განმრავლდებოდეს ძმანი ქრისტესმსახურნი. ხოლო მამაჲ გრიგოლ არავის უდებთაგანსა შეიწყნარებდა, არამედ პირველად გამოცადის ყოველსა ზედა კეთილისა საქმესა, და უკუეთუ იპოვის გულითა უმანკოჲ, უზაკუველი და უდრტჳნველად სიმდაბლით მორჩილი წადიერად ყოველსა ზედა კეთილისა საქმესა, იგი შეიწყნარის სიხარულით. ამისთჳსცა ყოველნი მოწაფენი მისნი კეთილ იყვნეს ფრიად და ღირსად შემწყნარებელ სათნოებათა მისთა წმიდათა. და ემსგავსებოდეს მოძღუარსა კეთილსა, ვითარცა მოძღუარი მათი ემსგავსებოდა ქრისტესა, რომელიცა იტყჳს: „კმა არს მოწაფისა მის, იყოს თუ ვითარცა მოძღუარი თჳსი“. და ესრეთ კეთილად ცხონდებოდეს იგინი სულიერად, ხოლო ხორციელად დიდსა იწროებასა იყვნეს.

და მათ ჟამთა მფლობელი იყო ამათ ქუეყანათა ღმრთის-მსახური ჴელმწიფჱ დიდი ბაგრატუნიანი - აშოტ კურაპალატი, კეთილად მორწმუნჱ, რომლისა გამო დაემტკიცა ქართველთა ზედა მთავრობაჲ მისი და შვილთა მისთაჲ ვიდრე უკუნისამდე ჟამთა. და ჴელმწიფისა მის წინაშე და შვილთა მისთა დიდებულთა მათ ჴელმწიფეთა წინაშე შეუსწავლელ იყო წმიდაჲ გრიგოლ.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — გიორგი მერჩულე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.