XXIV. ხოლო დღეთა მათ მოხუცებულებისა მისისათა იყო რაჲ შატბერდს, ზრუნვაჲ აქუნდა ძმათა მათ მკჳდრთა ხანძთისათა, რამეთუ ესმა, ვითარმედ ოხჭანი ამის ცხორებისაჲ შატბერდს ეგულების სულიერად-მამასა მათსა. მაშინ, რომელთა სლვაჲ ძალ-ედვა, ერთობით მიიწინეს ყოველნი შატბერდს ძიებად წმიდისა მის. ხოლო ძმათა მათ შატბერდელთა განიხარეს მისლვაჲ ძმათა მათ თჳსთაჲ და, რაჟამს გულისხმა-ყვეს მიზეზი მისლვისა მათისაჲ, სიხარული მწუხარებად გარდაექცა. და ვითარცა ილოცეს თაყუანის-ცემით წმიდასა ეკლესიასა წმიდისა ღმრთისმშობლისასა და თაყუანი-სცეს ნეტარსა მამასა თჳსსა შვილთა მათ სულიერად-შობილთა და შრომით შეკრებულთა. ხოლო მან წადიერებით სურვიელად ჰამბორს უყო ყოველთა და მოწლედ მოიკითხნა, ვითარცა მამამან ტკბილმან და მოძღუარმან სახიერმან. და მერმე ურთიერთას ჰამბორს უყვეს მოკითხვით ძმათა მათ ხანძთელთა და შატბერდელთა და დასხდეს. მაშინ სიტყუად იწყო ხანძთელთა მიმართ ნეტარმან გრიგოლ და ჰრქუა მათ: „ძმანო და შვილნო საყუარელნო, რაჲ არს მიზეზი თქუენ ყოველთა აქა მოშრომისაჲ, მაუწყეთ!“. ხოლო ეპიფანე და ზენონ ჰრქუეს ძმათა მათ სხუათა: „წეს არს თქუენ მიერ ღირსი პასუხი, რაჲთა ბრძენთა მოწაფეთა ბრძნისა მოძღურისა მიმართ ღირსითა სიტყჳთა ძღუენი გულსმოდგინებისაჲ შესწიროთ და სასოებით საწადელი სულისა ჩუენისაჲ მოვიღოთ მადლითა ღმრთისაჲთა“.
მაშინ ყოველთა ერთობით ჴმა ყვეს: „ჵ წმიდაო ღმრთისაო, სულიერად-შჳლთა შენთა მშობელო მამაო და მზრუნველო ცხორებისა ჩუენისაო და შესავედრებელო ქრისტჱს მორწმუნეთაო, დაღაცათუ შატბერდელნი ძმანი ჩუენნი ყოველნი უფლისა სათნონი არიან და ნებისაებრ ღმრთისა ნებისა შენისა მორჩილ, არამედ ესოდენთა დღეთა არა მოსლვაჲ შენი ჩუენდა ხანძთისათჳს ფრიად სირცხჳლ არს და ჩუენთა ყოველთა საკდემელ ყოველთა კაცთაგან, რამეთუ პირველი ნაყოფი წმიდათა შრომათა შენთაჲ ხანძთაჲ არს. და აწ ამისთჳს არს ჩუენი აქა მოსლვაჲ, რაჲთა ჰბრძანო ხანძთად და ნუგეშინის ეცეს, რომელთა ვერ ძალ უც აქა მოსლვაჲ და სხუათაცა უდაბნოთა აჩუენოთ ჩუენდა მომართ სრული სიყუარული შენი. და ესე უწყოდე, უკუეთუ სმენაჲ არა ვპოოთ, ვიპოვნეთ ყოველნი აქა წინაშე შენსა, რამეთუ მძიმე არს ჩუენდა ამას ჟამსა უშენოდ ხანძთად მისლვაჲ“. ხოლო წმიდამან თქუა: „კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ყოველთაჲ, რომელმან თჳსი წმიდაჲ მცნებაჲ სიყუარულისაჲ მტკიცედ დაჰნერგა გულსა თქუენსა ჩემ, გლახაკისა ბერისა, მომართ თქუენისა, შვილნო ჩემნო საყუარელნო, და უფროჲსღა შვილნო ქრისტჱსნო, წმიდისა ნებისა მისისა აღმასრულებელნო, რომელმანცა ბრძანებათა თჳსთა სახარება უწოდა. რამეთუ მოსლვითა თჳსითა მშჳდობაჲ ახარა კაცთა, მტერთა მისთა, რომელთაცა სიყუარულისათჳს სიკუდილი თავს იდვა და გუასწავა ყოველთა, ვითარმედ თავი არს სათნოებათა ყოველთაჲ საღმრთოჲ სიყუარული. და აწ თქუენ სიყუარულმან მოგიყვანნა აქა. ხოლო ჩემ ზედა ორ-კერძოვე მძიმე არს: პირველად, შეწუხებაჲ თქუენი, და მერმე, ძმათა ამათგან განშორებაჲ“.
მაშინ მოუწოდა ყოველთა შატბერდელთა ძმათა და ჰრქუა მათ: „მოვედით, შვილნო, ხანძთისა მკჳდრთა თანა, ძმათა თქუენთა, და ნებაჲ ურთიერთას შეზავეთ, რამეთუ შფოთი ივლტის ბრძენთაგან, და ერთობით უმჯობჱსი დაამტკიცეთ. ხოლა მე ვჰგონებ, უწინარჱს აღშჱნებული ადგილი ემართლების მაშჱნებელსა თჳსსა უფროჲსსა პატივსა, ვითარცა მოხუცებული ემართლების ჭაბუკსა პატივით მსახურებასა“. ხოლო შატბერდელთა ძმათა ჰრქუეს: „ჭეშმარიტ არს ბრძანებაჲ შენი, წმიდაო მამაო. და უკუეთუმცა სამართალი არა მიგცემდა, ცხოველ არს უფალი და წმიდაჲ ლოცვაჲ შენი, არამცა მივეშუენით ძმათა ჩუენთა“. ესე რაჲ თქუეს და მსგავსი ამისი ჯერისაებრ, მაშინ ნეტარმან მამამან გრიგოლ ჰრქუა ყოველთა: “შვილნო, ბრძანებამან ქრისტჱსმან შეგუკრიბნა დღეს, რაჲთა სიმტკიცჱ ერთობისა და სიყუარულისაჲ აწ დაუმტკიცოთ მომავალთა ჟამთა ორთა ამათ მონასტერთა შინა დამკჳდრებულთა ძმათა შჯულად საუკუნოდ სიტყჳსაებრ უფლისა, რომელ ჰრქუა მოციქულთა, ვითარმედ: „ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“. და კუალად უბრძანა მათ: „რომელსა თქუენ გეტყჳ, ყოველთა ვეტყჳ“. აწ თქუენცა დაიმარხენით უფლისა ბრძანებანი ერთმანერთისა პატივითა და სიყუარულითა ყოვლისა თანა სათნოებისა, სიმდაბლითა უეჭუელითა და წმიდათა შინა ეკლესიათა თქუენთა ურთიერთას ულოცევდით, და მემცა, გლახაკი, მარადის გაჴსოვ წმიდათა შინა ლოცვათა თქუენთა, და ძმობასა თქუენსა კეთილად იხილვებოდეთ მახლობელთა და შორიელთაგან. და უკუეთუ ვიეთმე ძმათა სწადოდის ყოფაჲ ხანძთელთა შატბერდს, გინათუ შატბერდელთა ხანძთას, ნუვისმცა ჴელ ეწიფების არა შეწყნარებაჲ მათი, გინათუ შფოთით განზრახვისა მათისა დაშლაჲ და მძლავრებით დაყენებაჲ თჳნიერ სამართალისა რაჲსამე მიზეზისა.
უკუეთუ კულა უსამართლოდ აყენებდეს ვინმე, სიტყუაჲ მისცეს ღმერთსა დღესა მას განკითხვისასა, რამეთუ ნებაჲ ჩემი არა არს სულიერად მამისა თქუენისაჲ, სიტყჳსაებრ მოციქულისა: „დაღაცათუ გესხნენ ბევრ მზარდულ, არამედ არა მრავალ მამა“. ხოლო სხუაჲ ყოველი სულისა ცხორებისა საღმრთოჲ წესი პირველითგანვე გაქუს განწესებული ჩემ მიერ, მას ზედა მტკიცედ იყვენით უკუნისამდე. და მშჳდობამან ქრისტჱსმან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, დაგიცვენინ ყოვლისაგან ვნებისა სულისა და ჴორცთაჲსა ერთობით ყოველნი და მიგაწიენ წმიდათა თანა“.
მაშინ შევიდა წმიდად ეკლესიად და ცრემლით თავი თჳსი დაჰვედრა მას, მშჳდობაჲ მდუმრიად რაჲ დაუტევა და გამოსლვასა ბერთა ჰამბორის-ყოფაჲ მისცა, და ეგრჱთ წარემართა ხანძთად კერძო. ხოლო ერი იგი ყოველი ცრემლით მოუდგა და წმიდაჲ იგი ადგილსა მაღალსა დადგა შორის ერსა მას ღმრთისასა და დიდებაჲ შეწირა ქრპსტჱს მიმართ და თქუა:
„უფალო ჩემო იესუ ქრისტე ღმერთო, უწინარჱს ქუეყანად მოსლვისა შენისა სოფელსა შინა იყავ და აწ ცათა ზედა მყოფი ღმრთეებისა ძალისა ნათლითა ჩუენ თანა ხარ შეწევნად ჩუენდა. შენ, უფალო, მოწყალებით მომიძეღუ მე ქუეყანათა ამათ სამთა თანა მოყუასთა კეთილთა მღდელთა წმიდათა სიკუდიდმდე მარადის დაუყდუნებელად შენდამი შემწირველთა მსხუერპლთა მათ უსისხლოთა წმიდათა და მრავალთა სულთა ნავთ-საყუდელ ჰყვენ იგინი. და შემდგომად სიკუდილისა მათისა, ღირს ჰყვენ უოხჭნოდ მსახურებად ზეცისა საკურთხეველსა ანგელოზთა თანა წმიდათა. და აწ ჩემ მიერ აღაორძინენ ნებისმყოფელნი შენნი, ქრისტე, რამეთუ ტალანტი სიბრძნისაჲ, რომელ სიყრმით ჩემითგან მომეც, განვამრავლე იგი, ვითარცა მონამან სარწმუნომან შორის მორწმუნეთა შენთა. და აწ წინაშე შენსა არიან მოწაფენი სასუფეველისანი. აკურთხენ ქრისტე, ვითარცა აკურთხენ წმიდანი მოციქულნი და დაიცვენ ჟამთა უკუანაჲსთა მომავალნი შვილნი ჩემნი, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა ნებასა შინა შენსა და წყალობა ყავ ყოევლთათჳს ქრისტეანეთა მართლ-აღმსაარებელთა შენთა უფალო!“
და მერმე შატბერდსა ჯუარი დასწერა და ჰრქუა: „კეთილად აღორძნდი შატბერდო, და შეიმკვე მადლითა და განძლიერდი ძალითა ღმრთისაჲთა, რაჲთა ნაყოფი მსხუერპლთა შენთაჲ ჟამად-ჟამად უბიწოჲ შესწირო უფლისა, რამეთუ მე აწ ესერა მშჳდობასა დაგიტევებ შენ და არღარა იხილო პირი ჩემი ჴორციელად, ვიდრე უფლისა დიდებით მოსლვადმდე. აწ დაღაცათუ ჴორცითა განგეშორები, ხოლო სულითა მარადის შენ თანა ვარ შეწევნად შენდა“. მაშინ მწარითა ცრემლითა ტიროდეს მკჳდრნი შატბერდისანი სიტყჳსა მისთჳს, ვითარმედ ჴორციელად არღარა ხილვად-უც მოძღუარი თჳსი.
ხოლო წმიდამან მან ჰრქუა მათ: „შვილნო, სულისა სიბრძნითა გულისა ტკივილთა სძლეთ. და ნუ შეძრწუნდებინ გონებაჲ თქუენი. რამეთუ მე ესრეთ აღგითქუამ, არაჲ დაგაკლოს თქუენ ქრისტემან აქა და საუკუნესა მას, უკუეთუ ეგნეთ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს ჩემგან პირველთა წმიდათა მამათა შეწირული მონაზონებისა წესი. და ეგრჱთვე ვამცნებ შემდგომითი-შემდგომად შვილთა ჩემთა, რაჲთა დაიმარხონ წმიდაჲ ესე მოძღურებაჲ. და უკუეთუ ჟამმან ჭირისაგან წესი ცვალოს, რომელ სულისა ფრიად არა სავნებელ იყოს, შენდობაჲ იყავნ ჟამსა მას და არა სამარადისოდ, არცა შუებისა მრავლისა მიდევნებითა, რომლისათჳს თქუმულ არს, ვითარმედ: „არარაჲ ეგრჱთ განარისხებს ღმერთსა, ვითარ მეტი შუებაჲ“-ო. ხოლო მე რაჟამს ღირს ვიქმნე მისლვად უფლისა, ვევედრო თქუენთჳს, რამეთუ ფრიად განმისუენეთ მე. და რამეთუ აწ ჴორცთა შინა ყოფასა ჩემსა თავისა ჩემისა და თქუენთჳს ვილოცავ, ხოლო ოდეს განვთავისუფლდე საწუთროჲსა ამისგან, ვესავ ქრისტესა, ვითარმედ მოუკლებელად იყოს ვედრებაჲ ჩემი თქუენთჳს მისსა მიმართ და ყოველთა სარწმუნოებით მვედრებელთათჳს და შვილთა ჩემთათჳს, რაჲთა პოონ ღმრთისა მიერ წყალობაჲ და შეწევნაჲ სრულიად სიხარულად საუკუნოდ“.
და ვითარცა სიტყუანი ესე დაასრულნა, მაშინ ჰამბორს უყო ძმათა მათ შატბერდელთა ცრემლითა სავსეთა, და ფრიადითა ვედრებითა დაარწმუნა უკუნქცევაჲ თჳსად ადგილად და თჳთ წარჰყვა ძმათა მათ ხანძთელთა. ხოლო სწორი სასყიდელი მიიღეს ღმრთისაგან, რომელთა წარიყვანეს იგი და რომელნი იქცეს, რამეთუ სარწმუნოებაჲ და სიყუარული მამისა და მოძღურისა თჳსისაჲ სწორად აქუნდა მათ ყოველთა. ხოლო რაჟამს შატბერდით ხანძთად მოვიდა ნეტარი გრიგოლ, განიხარეს ხანძთასა თანა მახლობელთა მათ უდაბნოთა და მოვიდოდეს ძმანი ყოვლით- კერძო ხილვად წმიდისა მის და მიაქუნდა კურთხევაჲ და ლოცვაჲ მისგან და სიხარულითა სავსენი წარვიდიან ადგილად თჳსად. რამეთუ დიდებაჲ ხანძთისაჲ აღმაღლდა საუკუნოჲთა და საცნაურითა სამკაულითა, იქმნა რაჲ განმზადებულ შრომათაგან მაშურალთა მათ ნაწილთათჳს განსასუენებელ უკუნისამდე. მას ჟამსა განიხარა ნეტარმან მამამან გრიგოლ, რამეთუ კეთილსა შინა იხილა მონასტერი თჳსი და ფრიად მადლით აკურთხა წინამძღუარი იგი სარწმუნოჲ მამაჲ ეპიფანე და ძმანი ყოველნი მორჩილნი მისნი.
მაშინ ევედრებოდა ნეტარსა მას მღდელი ვინმე დაყუდებით მყოფი, რაჲთა იშჱნოს ეგჳტერი ჟამის-საწირავად სენაკსა თჳსსა. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „კრებულისა ძმათა შორის საქმჱ ეგე უწესო არს. უკუეთუ შენ აღაშჱნო ეგჳტერი, ყოველთა ძმათა აღაშჱნონ. და რაჟამს დეკანოზმან ჟამსა ჰრეკოს ჟამის-წირვისათჳს, დიდსა ეკლესიასა მღდელი ძნინად პოოს. და სხუაჲცა მრავალი არს მას შინა სულისა სავნებელი და არა თუ სარგებელი და მე არა ვეწამები მას“.
ამისა შემდგომად უბრძანა დიდსა ზენონს: „ძმაო, შთავიდეთ ვენაჴად, რომელ არს გზასა თანა ოპიზისასა“, რამეთუ ჟამი იყო სთულისაჲ. და შთავიდეს ორნივე ზოგად ვენაჴსა მას შჱნებულსა მისსა კეთილად-ნაყოფიერსა. და ჟამსა მას შინა მოვიდა სანატრელი მამაჲ მაკარი ოპიზელი ხილვად მოძღურისა თჳსისა მამისა გრიგოლისა. და ვითარცა იგი ფრიად განიხარეს და სურვიელად მოიკითხნეს ურთიერთას, და რამეთუ იყო ჟამი პურის-ჭამისაჲ, პურად ხოლო დასხდეს. და შემდგომად პურის ჭამისა, განიზრახეს მუნ დადგომაჲ ვიდრე ხვალისადმდე. ხოლო მამამან მაკარი უბნობასა შინა იკითხა ნეტარისა გრიგოლისგან ესრჱთ: „უკუეთუ მწვალებელთა შვილი მოიქცეოდის მართლმორწმუნედ, ნათლის-ღებაჲ უჴმსა ანუ არა?“. ჰრქუა მას წმიდამან მან: „მოციქული ძმა მტყუვარად მათ სახელ სდებს, რომელთაცა დრკუთა მათ მოძღუართა მათთა სახელი ჰრქჳან. ხოლო ჭეშმარიტთა მორწმუნეთაგან წმიდათა მოციქულთა სახელის-დებაჲ არა თავს იდვა პავლე, არამედ აბრალებს და ეტყჳს: „რაჲსათჳს წვალებანი არიან თქუენ შორის, რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი იტყჳს: „მე პავლჱსი ვარ“ და შემდგომი ამისი, ხოლო მართლ-მადიდებელთა ყოველთა ქრისტეანე უწოდა. და აწ დაღაცათუ მწვალებელთათჳს წერილიცა აჩინებს რომელთამე ნათლისცემასა და რომელთამე არა.
ხოლო მე ამას ვიტყჳ, ვითარცა ყოველთა უწყით, ჭეშმარიტთა ქრისტეანეთა შვილთა მწვალებელი მღდელი ვერ მოჰნათლავს, დაღაცათუ უნათლავი მოკუდებოდის, რამეთუ ნათელი არა არს მათ თანა, და უნათლავისა სიკუდილი უმჯობჱს არს ვიდრე უშჯულოებაჲ შჯულისა გარდასლვითა. ეგრჱთვე ჯერ და სამართალ არს ნათლის-ცემაჲ შვილსა ყოველითა მწვალებელთასა, დაღაცათუ წვალებაჲ მათი თჳს-თჳსად იხილვების, არამედ ურთიერთას განთხზულ არს საცთურებით მსგავსად მელთა მათ, რომელთაჲ კუდი კუდსა შეუკიცუა საფსონ და ლამპრები ყოველთა კუდებსა გამოაბა, რამეთუ სახე იყვნეს იგინი ყოველთა მწვალებელთა, რომელთაჲცა უკუანაჲსკნელ საყოფელი მათი ცეცხლი არს საუკუნოჲ. რამეთუ უცხო ქმნულ არიან წმიდისაგან დედისა ჩუენისა მხოლოჲსა კათოლიკე სამოციქულოჲსა ეკლესიისა. სცთებიან საშოჲთგან, რომელ საგონებელ არს მათთჳს მეორედ შობა. და იტყჳან სიცრუესა, რამეთუ მარადის ნაცილსა ქადაგებენ და ცილსა წამებენ შეჩუენებულნი იგი წმიდათა მამათა ჩუენთა მოძღუართა მიერ.
და უკუეთუ კუალად შვილნი მწვალებელთანი კრებასა ჰლამოდიან, არღარა წეს არს მათთჳს, არამედ კრძალვაჲ და ყოვლადვე სიტყჳსა არა წარმოღებაჲ მათ თანა კრებისათჳს. და რამეთუ მორწმუნესა, რომელსა სასწაულისა საქმჱ ვერ ძალ უც, ურწმუნოთა თანა სიტყჳს-გებაჲ არა უჴმს. და ოდეს მწვალებელთა ყოველთა ჰრქჳან ერთი სახელი მწვალებელ, ცთომაჲცა მათი ერთად შემტკიცებულ არს მტერისა მიერ. ამისთჳს ყოველთაჲ ნათლის-ცემაჲ ჯერ არს, რაჲთა ცილობისა იჭჳ დაჰჴსნდეს და ერთად იყოს სიხარული სრული ჭეშმარიტთა ქრისტჱს სამწყსოთაჲ“.
და ესევითარი სიტყუაჲ მრავალი ბრძანა ნეტარმან გრიგოლ. ხოლო მამამან მაკარი ჰრქუა: „ჭეშმარიტად სამართალ არს ბრძანებაჲ შენი წმიდაო მამაო, არამედ მაუწყე ცხადად წმიდისა სამებისათჳს სიტყუაჲ ღირსი სიტყჳს-მგებელთა მიმართ. ხოლო მან ჰრქუა: „ისწავე ესაიაჲსგან, რამეთუ სერაბინთაგან ისწავა სწორი პატივი წმიდისა სამებისაჲ, რომელნიცა დაუდუმებელად ჴმობენ: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ” ხოლო გრიგოლ ღმრთის-მეტყუელი იტყჳს სამებისა სამგუამოვნებისათჳს: „რაჟამს იყვნენ სამნი სანთელნი სახლსა შინა, ვერ ეგების განყოფაჲ ნათლისა მათისაჲ და ვერცაღა კუალად შერევნაჲ მათი“. ესე არს სარწმუნოებაჲ წმიდისა სამებისაჲ. და განძსა წერილ არს ყოველი ჭეშმარიტებით და ამას იტყჳს, რამეთუ მამაჲ ძესა არცა თუ თუალისა წამითა არა უხუცჱს არს. აწ ვითარცა გჳსწავიეს სიბრძნჱ წმიდათა წიგნთაგან, კმა არს მოძღურად შენდა ყოვლით-კერძო“. ხოლო ნეტარმან მაკარი ჰრქუა მას: „წმიდაო მამაო, ვითარცა პირველ ხატი მონაზონებისაჲ ჴელითა შენითა მომცა უფალმან, აწ ეგრჱთვე სულიერი სწავლაჲ პირითა შენითა მომანიჭოს ზღუდედ ჩემდა უკუნისამდე“. და ვითარცა შემწუხრდა, ერთსა შინა სახლსა იყვნეს სამნივე იგი ღმრთისა კაცნი და წართქუნეს წესისაებრ ფსალმუნნი. ხოლო მაკარის ჰრულოდა და სარეცელსა ზედა მიეძინა.
მაშინ ნეტარი იგი მამაჲ გრიგოლ და ზენონ სიტყჳთა მდაბლითა ფსალმუნებდეს. და მადლმან საღმრთომან განაბრწყინვა იგინი ნათლითა დიდებისაჲთა და სახლი იგი ბნელი, ვითარცა მზისა მცხინვარებამან, განანათლა. და ვითარცა განეღჳძა მამასა მაკარის, თქუა: „ვითარ საკჳრველად იხილვებიან წმიდანი ესე“. ჰრქუა მას მამამან გრიგოლ: „ძმაო მაკარი, რაჲსა გიკჳრს ხილვაჲ ესე, არა გასმიესა წერილისაჲ „საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა“. და ესრჱთ იხარებდეს სამნივე იგი სამებისა წმიდისა მადიდებელნი და წართქუნეს ცისკრისა საგალობელნი.
და ვითარცა განთენა მშჳდობისა სადგურთა მათ, ურთიერთას მშჳდობაჲ დაუტევეს და წარვიდა მამაჲ მაკარი ოპიზად. ხოლო მამაჲ გრიგოლ და ზენონ აღვიდეს თჳსად მონასტრადვე. და რამეთუ ესე ზენონ მიწევნულ იყო სათნოებათა მოძღურისა თჳსისათა, რომლისათჳსცა იტყოდეს კაცნი შემდგომად ნეტარისა გრიგოლის გარდაცვალებისა, ვითარმედ: „ზენონ არს ზღუდე მტკიცე კლარჯეთისა დიდებულთა უდაბნოთაჲ“.
ხოლო ნეტარსა მამასა ჩუენსა გრიგოლს გულმან უთქუა განსლვაჲ ჴორცთაგან და ღმრთისა მისლვაჲ. და აუწყა უფალმან აღსრულებაჲ ნებისა მისისაჲ, ვითარცა თქუა დავით, „რამეთუ ნებაჲ მოშიშთა მისთაჲ ყოს უფალმან, ლოცვანი მათნი ისმინნეს და აცხოვნნეს იგინი“. მაშინ უბრძანა ძმათა თჳსთა შესაქმჱ კერეონთა სანთელთაჲ შესაწირავად გარემო ყოველთა მათ მახლობელთა უდაბნოთა, რომელ არიან ოპიზაჲ და ფრთენი მისნი-ბერთაჲ და მახლობელნი მისნი მიძნაძოროჲ და წყაროჲსთავი თანამკჳდრით მათითურთ. ხოლო შატბერდი დაღაცათუ სხუათა მათ უდაბნოთა მცირედ შორავს, არამედ განუყოფელად თანამოძმე არს მათი ერისა მის ღმრთისა სიკეთითა და ყოვლითავე საღმრთოჲსა მოძღურებისა წესითა და კანონითა მონაზონებისა შჯულის-დებისაჲთა. და ყოვლითავე კეთილისა საქმითა სწორად პატივცემულ არს ღმრთისა მიერ და კაცთაგან, რამეთუ არს იგი სიქადულ ყოვლადვე მახლობელთა მონასტერთა. მათ ყოველთა უდაბნოთა თანა წარსცა კერეონები და შეუთუალა დღჱ იგი, რომელსა აღანთნენ და ლოცვა-ყონ მისთჳს.
ხოლო მათ გულისხმა-ყვეს ჟამი იგი მიცვალებისა მისისაჲ ამიერ სოფლით, რამეთუ ვითარცა მიცვალებასა წმიდისა ღმრთისმშობლისასა მოიწია გუნდი წმიდათა მოციქულთაჲ კიდეთაგან ქუეყანისათა, ეგრჱთვე წმიდანი მამანი შემოკრბეს ჟამსა მას დროჲსა დღისა მისისასა პატივად ნეტარისა მის მოხუცებულისა და რაჲთა იკურთხნენ მის მიერ. ხოლო იგი სიხარულითა აღივსო ხილვითა მათითა და ქრისტჱსმიერითა კურთხევითა აკურთხნა ყოველნი და ჰრქუა მათ: „მოგეცინ უფალმან შრომისა თქუენისა სასყიდელი, რომელმანცა ბრძანა: „უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და მოხუედით ჩემდა“. რამეთუ მე აწ ესერა ჴორცთა საპყრობილით განვალ და უძლურებისაგან განვთავისუფლდები მადლითა ღმრთისაჲთა, რომელმანცა ჯუარითა სიკუდილი დათრგუნა და ავაზაკისა თანა ყოველთა მორწმუნეთა წმიდაჲ ჯუარი თჳსი მიანიჭა წინამძღურად და ანგელოზთა თანა წმიდათა ნიშად ქრისტეანობისა ბეჭედი იგი სამეუფოჲ, რომელიცა აქუს სულსა მორწმუნეთა კაცთასა საფარველად სამარადისოდ და საცხორებელად“.
მაშინ ჰრქუეს ყოველთა მათ მამათა ნეტარსა გრიგოლს: „წმიდაო ღმრთისაო, ბრძანებათა მათებრ ქრისტჱსთა ნეტარებისა საქმეთა მათ სამკჳდრებელო, ნებსით გლახაკო სულითა მით სიმდაბლისაჲთა სასუფეველისა დამკჳდრებისათჳს, მგლოვარეო გულითა საუკუნოდ ნუგეშინის-ცემისათჳს, მშჳდო გონებითა, სამოთხისა სიკეთესა მომლოდებელო, სიმართლისათჳს მშიერო და წყურიელო და ტკბილსა მას საზრდელსა ქუეყანასა მოუკლებელსა ღირს ქმნულო, მოწყალეო გლახაკთაო, განუშორებელ არს შენგან მარადის წყალობაჲ ღმრთისაჲ. წმიდაო გულითა და სულითა შენითა, ყოვლადვე ღმრთის-მხილველო, მშჳდობის-მოქმედო ძმათა შორის და მშჳდობასა წმიდათა ანგელოზთასა მიწევნულო შვილ ღმრთისა წოდებითა, დევნათა და ჭირთა ღმრთისათჳს თავს-მდებელო ქრისტჱს თანა მკჳდრყოფისათჳს, ყუედრებულთათჳს ქრისტჱსთჳს ნავთ-სადგურო და მზრუნველო ცხორებისათჳს ჩუენისა სამარადისოსა მას ცხორებასა, შენ გიხაროდენ და მხიარულ იყავ, რამეთუ სასყიდელი შენი დიდ არს ცათა შინა, რამეთუ შენ, მსგავსად მოციქულისა პავლჱს, მართლისა ღუაწლი კეთილი მოგიღუაწებიეს, სრბაჲ აღგისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დაგიმარხავს საქმითა კეთილითა განსრულებული. ამიერითგან მიგელის სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელი მოგანიჭოს მეუფემან შრომათა წილ შენთა წმიდათა. არამედ ნუ დამივიწყებ ჩუენ, სულიერად-შვილთა შენთა, მი-რაჲ-იწიო წინაშე პირსა სახიერისა, მოწყალისა და მწყალობელისა ტკბილისა უფლისასა, მომიჴსენენ სამწყსონნი შენნი და ნუ დაიდუმებ მოღუაწებასა ჩუენთჳს ქრისტჱს მიმართ, რამეთუ ყოვლადვე ძალ გიც შეწევნაჲ ყოველთაჲ, რომელნი ლოცვათა შენთა ესვენ და მეოხებასა შენსა მოივლტიან“.
ხოლო წმიდამან მან ჰრქუა მათ: „დალცათუ თავი ჩემი განუმზადე უფალსა და სიყრმითგან ჩემით მსგავსად ძალისა ვშუერ, ხოლო უფროჲს არს პატივი სიტყუათა თქუენთაჲ, ქრისტჱს-მსახურნო მამანო, არამედ ღმერთი გულსმოდგინებასა ეძიებს კაცთაგან და მიანიჭებს ნაცვალად სასუფეველსა მორჩილთა მისთა და მეცა მომმადლოს მკჳდრყოფაჲ ნების-მყოფელთა თანა მისთა ლოცვითა თქუენ ყოველთაჲთა. ხოლო თქუენ გეჴსენენ კრძალულებაჲ ჩემი მოთმინებით მონაზონებისა მიმართ, რომელიცა იხილეთ, ვინაჲთგან დავემკჳდრე თქუენ შორის ვიდრე აქამომდე, რამეთუ ესრჱთ ჯერ არს ძიებაჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, და ჩემთჳს ლოცვასა ჰყოფდით, რაჲთა მომეცეს მადლი წინაშე ღმრთისა შეწევნად თქუენდა, შემწეთა ჩემთა, უფლისა მიერ“.
მაშინ ჰრქუა ხანძთას შინა მყოფთა ძმათა: „შვილნო, რომელი მცნებაჲ პირველითგან გესმა ჩემგან, სულისა თქუენისა საცხორებელად დაიმარხეთ და ჰყოფდით მარადის საჴსენებელსა ჩემსა. და მე უკუეთუ ვპოვო კადნიერებაჲ წინაშე ქრისტჱსა, უხუებაჲ კეთილთა მისთაჲ არა დაგაკლდეს ორსავე სოფელსა. ხოლო ამას გამცნებ აწ ჯუარითა ქრისტჱსითა, რაჲთა ჴორცნი ჩემნი დაჰმარხნეთ ძმათა ჩემთა თანა, რამეთუ არა უმჯობჱს ვარ ძმათა ჩემთა სათნოებათა მოგებითა. ამისთჳს ყოველთა გევედრები, ნუსადა დამივიწყებთ ლოცვასა თქუენსა ღმრთისა მიმართ ყოვლადვე მლოცველსა თქუენსა და აწ ვედრებისა შემწირველსა თქუენთჳს ქრისტჱს მიმართ საუკუნოდ. მომიჴსენეთ მარადის ლოცვითა და ჟამის-წირვითა სიკუდილით უცხო-ქმნული თქუენგან. იხილოთ რაჲ ადგილი მწირობისა ამის მკჳდრობისა ჩემისაჲ, რამეთუ აჰა ესერა ვიდრე ჟამადმდე კუალად წოდებისა ჴორცნი ჩემნი მიიქცევიან მიწად, ხოლო სული ჩემი შეიწყნაროს უფალმან“.
და ამათ რაჲ სიტყუათა იტყოდა ნეტარი გრიგოლ, მაშინ ნათლითა მიუწდომელითა შეიმკო შუენიერად ხილვაჲ მისი ბრწყინვალედ ქრისტჱს მიერ. რამეთუ ბანაკი ანგელოზთა უფლისათაჲ გარემოადგა მას და პატიოსანთა საკუმეველთა სულნელებამან აღავსო ყოველი იგი ერი კრებული მამათაჲ. და რამეთუ აქუნდა ჩუეულებაჲ ზეცისა წმიდათა მთავრობათა ხილვისაჲ სულსა მას მართალსა და აწ მათგანვე სიხარულისა ჴმაჲ ესმა ესე: „ნუ გეშინინ მოსლვად ჩუენ თანა მსახურო ქრისტჱსო სანატრელო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსა გიწესს მეუფჱ ცათაჲ ქრისტჱ. აწ მოვედ სიხარულით და უფლისა შენისა თანა იხარებდ დაუსრულებელად, რამეთუ ნეტარ ხარ შენ შორის კაცთა ნეტარსა მას დიდებასა დამკჳდრებად განმზადებული და მხიარული საუკუნოდ“. ხოლო ესე სიტყუანი ესმოდეს რომელთამე მოწაფეთა მისთა, არამედ ხილვაჲ იგი დიდებული, ყოველთა იხილეს. მაშინ ნეტარმან მან სრულიად განიხარა მიუმძლავრებელი იგი სიხარული და ჯუარი დასწერა თჳსსა მას მონასტერსა და ძმანი თჳსნი აკურთხნა საუკუნოჲთა კურთხევითა ყოველთა თანა ქრისტჱს-მორწმუნეთა და თქუა: „მეუფეო ქრისტე, ვინაჲთგან თჳთ თავადმან ივნე და გამოიცადე, ძალ-გიც მათდაცა შეწევნად, რომელნი-იგი გამოიცადებოდიან მახეთაგან და საცთურთა მტერისათა, რამეთუ ქრისტეანეთა შემწე შენ ხარ უფალო, დაიფარენ მარჯუენითა შენითა მოსავნი წმიდისა სახელისა შენისანი და ბოროტისაგან იჴსნენ და მიეც მათ სიხარული უოხჭნოჲ. ხოლო მე, მონაჲ შენი, მაცხოვნე სასუფეველსა შენსა და წყალობით მომიჴსენე სუფევითა შენითა“.
და ესრჱთ შეჰვედრა სული უფალსა და შეერთო ანგელოზთა კრებულსა, რამეთუ უჴორცონი ანგელოზნი და სულნი კაცთანი ერთ-ბუნება არიან და სულსა კაცისასა აქუს მეტყუელებაჲ ანგელოზებრი. დაღაცათუ ჴორციელთა ენათა დაცხრომისათჳს იტყჳს დავით: „მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მათნი“, არამედ იგივე იტყჳს წმიდათა სულებისათჳს, ვითარმედ: „იქადიან წმიდანი დიდებითა, იხარებენ საჴსენებელსა ზედა მათსა“ და მეოხებასა ჰყოფენ ქრისტჱს მიმართ მადიდებელთა მათთათჳს.
რამეთუ ვიდრე განშჯადმდე ცოცხალთა და მკუდართა იღუწიან მვედრებელთა ჴორციელთა კაცთათჳს მორწმუნეთა და მოელიან სრულსა მას სიხარულსა და მხიარულებასა აღთქუმისაებრ მეუფისა მათისა. რაჟამს დიდებისაგან უდიდებულჱსსა დიდებასა დაემკჳდრნენ უფლისა დიდებით მოსვლასა. ხოლო რჩეულთა შეკრებაჲ ოთხთაგან ქართა ცისათა კიდითგან ცისაჲთ ვიდრე კიდედმდე ცისა ესე არს, რამეთუ ქარითა, ვითარცა ეტლითა, შეკრიბნეს ქრისტემან წმიდანი თჳსნი წინაშე მისსა სიხარულად და შუებად საუკუნოდ, ოდეს-იგი თითოეული მათი ნაშრომსა თჳსსა უჩუენებდეს უფალსა და ნაცვალად მიაქუნდეს სიმდიდრჱ დაულევნელი.
მაშინ, ნეტარო მამაო, ახალი იგი ქრისტჱს-მოწამჱ იოვანჱ სანატრელი ხანძთით იერუსალჱმად მიწევნული და სარკინოზთა ჴელითა ბაღდადს ქრისტჱსთჳს მოკლული და სასწაულითა ბრწყინვალჱ იხარებდეს რჩეულთა თანა შვილთა შენთა, რაჟამს წარუდგინებდე მათ ქრისტესა. მას ჟამსა რაჲმე იყოს ჩუენ უდებთათჳს ნუგეშინის-ცემა, რომელნი წოდებულ ვართ შენდა მოწაფედ? რამეთუ განჴმელ არს სიყუარული ურთიერთას და ყოველი კეთილისა საქმჱ შემცირებულ არს და დაკლებულებაჲ აღორძინებულ, არამედ შემდგომად ღმრთისა მოწყალებათა და ყოველთა წმიდათა მეოხებისა ლოცვათა შენთა მიმართ არს სასოებაჲ ჩუენი წმიდაო მამაო, შეიწირე სარწმუნოებაჲ ჩუენი ღირსო, რამეთუ შენ უწყი სიყუარული ჩუენი. დაღაცათუ არა გჳხილავ ჴორციელად, ნუ დამივიწყებ ჩუენ, არამედ იყავნ მადლი შენი შემწე ჩუენდა. წმიდათა უდაბნოთა შინა დამკჳდრებულთა და ყოვლისა ერისა, რაჲთა ვიპოვნეთ შენ თანა სიხარულისა მის წარუვალისა ცხორებასა. აწ საყუარელნო ქრისტჱს-მორწმუნენო, ჩუენცა გჳღირს ყოველთა გულს-მოდგინებაჲ მსგავსად ძალისა საქმედ კეთილისა მოწყალებასა თანა ღმრთისასა და წმიდათა მეოხებასა, რაჲთა ღირს ვიქმნნეთ ცოდვათა შენდობასა და დიდსა წყალობასა საუკუნოდ“.
ხოლო იყო გარდაცვალებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი რიცხუსა წელიწადთა მისთასა ას და მეორესა წელსა, ქრონიკონსა ოთხმეოც და ერთსა. არამედ გარდაცვალებითგან მისით დაიწერა ცხორებაჲ ესე მისი შემდგომად ოთხმეოც და ათისა წლისა, დასაბამითგან გარდასრულთა წელთა ექუს ათას ხუთას ორმეოც და მეათოთხმეტესა წელსა, იერუსალჱმს პატრიაქობასა აგათონისსა, მცხეთას კათალიკოზობასა მიქელისსა, ქართველთა ზედა მთავრობასა აშოტ კურაპალატისასა, ძისა ადარნერსე ქართველთა მეფისასა, აფხაზთა ზედა მეფობასა გიორგისსა, ძისა კოსტანტი მეფისასა, ერისთავთა ერისთვობასა სუმბატისსა, ძისა ადარნერსე მეფისასა, მაგისტროსობასა ადარნერსჱსსა, ძისა ბაგრატ მაგისტროსისასა, ერისთვობასა სუმბატისსა, ძისა დავით მამფლისასა. ქრისტემან დიდებაჲ უოხჭნოჲ მათ ყოველთა მიანიჭენ.
ხოლო ჟამსავე მას იყო ანჩს ეპისკოპოსი მაკარი და ნეტარისა მამისა გრიგოლის შჱნებულთა მათ მონასტერთა იყვნეს მამასახლისნი ნათესავით დიდთა აზნაურთა შვილნი ხანძთას-მამაჲ თეოდორე, დის-წული მცხუედაჲსაჲ და შატბერდს-მამაჲ გრიგოლ, ძჱ ლიპარიტისი, სახელითა დიდისა მამისა გრიგოლისითა შემკობილი, ქრისტემან სრულიად შეამკვენ მადლითა მისითა და განამართლენ წინაშე მისსა საუკუნოდ!
ხოლო ხანძთისა წინამძღურისა და იოვანე ძმისა მისისა და წიგნისა ამის აღმწერელისა გიორგი მერჩულისა, - სამთავე ამათ ერთად გულსმოდგინებითა დაიწერა ხანძთას შინა ნეტარისა გრიგოლის ცხორებაჲ ესე. ქრისტემან წიგნსა მას ცხოველთასა დაწერენ იგინი და სრულიად წყალობა-ყავნ ყოველთა მორწმუნეთათჳს, რაჲთა გულისხმა-ყონ საღმრთოჲ ნიჭი ქუეყანისაჲცა ზეცისასა თანა.
რამეთუ ეკლესიასა შინა ერთი წიგნის-მკითხველი მცირეთა მსმენელთა და მრავალთათჳს სწორად კმა არნ. და ეგრჱთვე, უკუეთუ ერთი იკურთხევინ ანუ მრავალნი, მაკურთხეველი იგი ერთი კმა არნ, რამეთუ მოუკლებელ არიან კეთილნი იგი ქრისტჱსნი ჩუენდა მომართ და მადლი წმიდათა მეოხებისაჲ.
რომლისათჳსცა დღეს ჴსენებაჲ ნეტარისა მამისა გრიგოლისი იყავნ მარადის ჩუენდა სასო და შესავედრებელ სულისა და ჴორცთა და ყოველთა მართალთა შორის დასსა მას მონაზონთა ერისთავისა მამისა ჩუენისა დიდისა ანტონისსა ნათელსა შინა დაუღამებელსა, ვითარცა თქუა სოლომონ: „ნათელი მართალთა ზედა მარადის“. და კუალად იტყჳს: „ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა ცხოველ არიან“ და განათებულ მზისა მისგან სიმართლისა ცათა დაუტევნელისა და ქალწულისა საშოსა დატევნულისა გამოუთქუმელად და ჩუენდა ცხორებად გამობრწყინვებულისა ნათლისა მის დაუსაბამოჲსა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ არაჲ შეუძლებელ არს მის წინაშე, რომელმანცა მისცა ქმნულსა თჳსსა. მზის-თუალსა ამას ესევითარი ბრწყინვალებაჲ, რომელ ყოველსა ხილულსა მიეფინების და განანათლებს ნათლითა მისითა. და მანვე ყოვლისა შემძლებელმან ღმერთმან მისცა მადლი ჴელმწიფებისაჲ ყოველთა წმიდათა მისთა და ჩუენთჳს ვედრებასა ჰყოფენ მოუკლებელად მისსა მიმართ. ამისთჳსცა ჴსენებაჲ მათი ქებით აღესრულების და დღესასწაულისა მათისა შემამკობელთა ჰფარვენ მარადის და განანათლებენ სულთა მათთა და მადლსა მიანიჭებენ ყოველთა მორწმუნეთა, ვინაჲთგან ძალ-უც შეწევნაჲ სარწმუნოებით მვედრებელთაჲ მათ თითოეულსა მათგანსა და მარადის მეოხ არიან ჩუენთჳს წინაშე წმიდისა სამებისა, დამბადებელისა ყოველთაჲსა, რომლისაჲ არს ძლიერებაჲ, დიდებაჲ და დიდად შუენიერებაჲ და სუფევაჲ დაუსაბამოჲ და დაუსრულებელი. და მისსა შუენის პატივი და ქებით თაყუანის-ცემაჲ ჟამთა უკუნისამდე და მერმეთა მათ საუკუნეთა. ამჱნ.
პირველ ყოფილი ესე სასწაული გუესმა ბერთაგან ჩუენთა, ვითარმედ ჟამსა მამისა გრიგოლის მოწაფისასა ხანძთას ეპიფანჱს მამობისასა იყო ვინმე კაცი მდიდარი ანჭკორას და სახელი მისი წერტა, და აწ რომელ წერტაჲსნი ჰრქჳან, თხათა მისთა სადგური ყოფილ არს. და მას ესუა ასული შობითგან ყრუჲ და უტყჳ, ხოლო ჰასაკითა მრთელი. და ვითარ ათსამმეტისა წლისაჲ იყო ქალი იგი, დედასა მისსა ჩუენებით ძილსა შინა გამოეცხადა ღირსი ეპიფანე და ჰრქუა: „ხანძთას ჟამის-წირვასა ჩემსა ხვალე მოავლინე კაცი და ჴელთა ჩემ, ეპიფანჱსთა, ნაბანი მოვსცე შენდა და ასუ იგი ასულსა შენსა და სცხე თავსა მისსა და განკურნოს იგი ქრისტემან ვნებათა მისთაგან მადლითა ყოველთა წმიდათაჲთა”.
ხოლო მორწმუნემან მან დედაკაცმან არა აუწყა ქმარსა თჳსსა ჩუენებაჲ იგი, რამეთუ მას ჟამსა კაცი იგი მონაზონთათჳს მკსინვარედ იყო და იდუმალ წარავლინა კაცი. ხოლო ნეტარმან ეპიფანე უფლისა მიერ იცოდა რაჲ იგი ყოფად იყო და მისცა კაცსა მას ჴელთა თჳსთა ნაბანი. და მი-რაჲ-იწია, დედაკაცმან მან სარწმუნოებითა მტკიცითა სცხო ევლოგიაჲ იგი უსისხლოჲსა მსხუერპლისაჲ ღირსად შემწირველისა მღდელისაჲ ასულსა თჳსსა. ხოლო მას დაეძინა სამ დღე და სამ ღამე. და რაჟამს განეღჳძა, თქუა: „დიდებაჲ ღმერთსა, დიდებაჲ წმიდასა სამებასა, რომელმან ლოცვითა ნეტარისა მამისა ეპიფანჱსითა განმკურნა და მიჴსნა მე ეშმაკისაგან“. და ვითარცა იხილა სასწაული ესე წერტა, მამამან მისმან, განკჳრვებული სიხარულითა სავსჱ წარვიდა ხანძთად. და ვითარ საჩინოსა უდაბნოჲსასა მიიწია, ჴმამაღლად ტიროდა პირველისა მის წარმდებებისა მისისათჳს. მაშინ მამამან ეპიფანე სიხარულით და ნუგეშინის-ცემით მოიკითხა და ფრიად პატივ-სცა ძალისაებრ. ხოლო წერტა დიადი შესაწირავი მიუძღუანა და შეწირა წინაშე წმიდისა მთავარ-მოწამისა გიორგისსა და ჰმადლობდა ქრისტესა საკჳრველთ-მოქმედსა და მონასა მისსა ეპიფანეს, რომლისა ლოცვითა სრულიად სიხარული მიეფინა. ხოლო ასული იგი მისი კეთილად ცხონდა ამას საწუთროსა და საუკუნოდ. და ჩუენთჳსცა უფალმან სრულიად წყალობა ყავნ ოხითა ყოველთა წმიდათა მისთაჲთა.
ხანძთას მკჳდრი გაბრიელ მოძღუარი, ფრიად მოღუაწჱ, ნეტარი წმიდაჲ მამაჲ გჳთხრობდა იგი მამისა ბასილისსა, ვითარმედ მრავალთა წელთა მამასახლისობასა მისსა ხანძთას, ესე იყო კანონი მისი: ოდეს შინა არნ, ტრაპეზისაგან კიდე საზრდელსა არარას მიიღებდა, არცა ჭამადსა, არცა სასუმელსა. ხოლო ჟამსა სნეულებისა მისისასა, რომლითა გარდაიცვალა წინამძღურობასა შინა მისსა, მრქუა: „შვილო გაბრიელ, საოსტიგნით ცხელი საჭმელი კორკოტისაჲ მომართუ“. და მაშინ არა ეგბო, სხუაჲ შევაგბე და მივართჳ, რამეთუ მრავალთა დღეთა არარაჲსა გემოჲ ეხილვა. და ვითარ ცნა, ვითარმედ მას დღესა საეროდ იგი საჭმელი არა ყოფილ არს, მაშინ, რომელი იგი მიმეღო, შფოთით დასთხია და რისხვით მრქუა მე: „რად სცეთ საწყალო და მე მაცთუნებ?“ ხოლო მე შიშით შევინდვე და ვჰკითხე მიზეზი ფრიად მოგინებისაჲ.
ხოლო მან მრქუა: „შვილო, სიჭაბუკესა ჩემსა მამისა გრიგოლის საჴედარსა ვხედევდი და მამასა ჩემთჳს ჴორციელსა საურავსა ვაწყინებდი. ხოლო მას ღმრთისა კაცსა წინაჲსწარმეტყუელებისა მადლი აქუნდა ქრისტჱსგან და ესრჱთ მიბრძანა: „ბასილი, მოკლედ შენ ხანძთას მამასახლისად დასდგები, და აწ რომელსა იურვი, მერე ვითარი გინდეს სამოსელი და საგებელი, გაქუნდეს. ხოლო მოხუცებული, სულიერად მამაჲ შენი, აწვე გამცნებ და ჯუარითა ქრისტჱსითა ჯუარსა დაგწერ, ოდეს ესე სიტყუაჲ ჩემი საქმით იქმნას, ხანძთას შინა რაჲ იყო, ყოველსა ჴორცთა საღუაწსა ტრაპეზსა დაშჯერდი, სხუაგან რაჲ იყო - იგი პატივი შენ ჴორცთა შუებად გეყოფის-ო. და აწ მრავალთა წელიწადთა ჩემსა მამასახლისობასა კანონი მამისა ჩემისაჲ საქმით აღმისრულებიეს. ხოლო შენ სიკუდილისა ჩემისა ჟამსა ურჩებისა პატიჟსა შთამაგდებდი, ამისთჳს განვრისხენ შენ ზედა“. და მე კუალადცა შეუვრდი და დამიკჳრდა ფრიადი იგი მოთმინებაჲ მისი. ხოლო მამამან ბასილი მაკურთხა ყოვლითა კურთხევითა და მრქუა: “კურთხეულ იყავ უფლისა მიერ შენ და ყოველი ერი მართლ-მორწმუნე ოხითა წმიდისა ღმრთის-მშობლისაჲთა და წმიდისა გიორგისითა და ყოველთა წმიდათაჲთა. ამჱნ“.