XXI. ხოლო ჟამთა ამის წმიდისათა ჴელმწიფემან აშოტ კურაპალატმან დაიპყრნა მრავალნი ქუეყანანი და აღაშჱნა ციხჱ არტანუჯისაჲ საცხორებელად დედუფლისა, მეუღლისა თჳსისა. და მას შინა კეთილად ცხოვნდებოდა მრავალთა წელიწადთა. ხოლო აცთუნა მტერმან ჴელმწიფჱ იგი და მოიყვანა მან დედაკაცი სიძვისაჲ ციხესა მას შინა, რომლისა თანა იმრუშებდა, რამეთუ ეშმაკი ტრფიალებისაჲ ფრიად აზრზენდა, რომელსა პირველ არა აქუნდა ეგევითარი ჩუეულებაჲ, არამედ ძლეულ იქმნა ბოროტითა მით ცოდვითა. და ვითარცა ესმა ნეტარსა გრიგოლს საქმჱ იგი სულისა განმხრწნელი, შეწუხნა ფრიად. და აუწყა წმიდასა გრიგოლს, დიდსა მას მოხუცებულსა, რომელი მკჳდრ იყო ეკლესიათა, რამეთუ იყო იგი სასწაულთა-მოქმედ და პატივ-ცემულ ღმრთისა და კაცთაგან, და განზრახვითა მისითა ამხილა პირის-პირ ჴელმწიფესა მას. ხოლო მან აღუთქუა ცოდვისა მის განტევებაჲ, და დედაკაცისა მის წარგხავნაჲ, ვინაჲცა მოეყვანა იგი. და ვერ დაამტკიცა თჳსი ბრძანებაჲ, მის განტევებაჲ, და რამეთუ დაემონა გულის-თქუმასა.
ხოლო ნეტარმან გრიგოლ პოვა ჟამი მარჯუჱ. ოდესცა კურაპალატი შორს იყო, არტანუჯსა დღესა ერთსა შატბერდით წარვიდა და მიიწია მიმწუხრი ძირსა მას ციხისასა. და კაცი მიუვლინა დედაკაცსა მას ჭამადისა თხოვად და მუნ დადგომისა მიზეზი შეუთუალა. ხოლო მან სიხარულითა დიდითა განიხარა და მრავალფერი სანოვაგჱ წარსცა წმიდისა მისთჳს და მოწაფეთა მისთა. და ვითარცა განთენა, კუალად მიუვლინა კაცი, რაჲთა მივიდეს ხილვად მისა. მაშინ უფროჲსად განმხიარულებული მსწრაფლ მოვიდა წმიდისა მის ორთა თანა მჴევალთა თჳსთა, რაჲთამცა ღირს იქმნა ჯუარსა ნეტარისა მის კაცისასა. ხოლო მან არა დასწერა ჯუარი, არამედ უბრძანა განშორებულად დაჯდომაჲ. და მოწაფენი კიდერე განდგეს წამის-ყოფითა მოძღურისა თჳსისაჲთა და ეგრჱთვე მსახურნი იგი დედანი, რამეთუ წმიდისა მის შიში ყოველთა ზედა მიფენილ იყო. მაშინ ჰრქუა მას ნეტარმან გრიგოლ: „ჵ საწყალობელო! რაჲსათჳს შორის ცოლ-ქმართა შთაჭრილ ხარ წარსაწყმედელად შენდა საუკუნოდ ბოროტითა მით ცოდვითა, რომლითა დამონებულ ხარ ეშმაკისადა და ცუდითა რაჲთმე მიზეზითა საფრჴე ქმნულ ხარ დიდისა ჴელმწიფისადა“?
ხოლო მან ცრემლით ჰრქუა: „წმიდაო ღმრთისაო, მე თავსა ჩემსა ზედა ვერ თავისუფალ ვარ, ვინაჲთგან გარდარეული სიყუარული აქუს ჩემდა მომართ კურაპალატსა, და აწ არაჲ უწყი, თუ რაჲ ვყო, რამეთუ ბრძანებამან სიტყუათა შენთამან შემაძრწუნა ფრიად. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „შვილო, იქმენ სრულიად მორჩილ სიტყუათა ჩემ გლახაკისათა, და მე თავს-მდებ გექმნე ქრისტჱს მიმართ, რაჲთა მან თავადმან ყოველნი ბრალნი შენნი შეგინდვნეს“. და მან ჰრქუა: „წმიდაო მამაო, ჴელთა შენთა ვარ უმჯობჱსი სულისა ჩემისაჲ იზრუნე“. მაშინღა ჯუარი დასწერა და აკურთხა ლოცვითა და შეჭურა მადლითა და მისცა თჳსთა ჴამლთა საბელი, რაჲთა სარტყლად შეირტყას. და მან-ყო ეგრჱთ.
და წმიდამან მან ჰრქუა: „შვილო ჩემო, დღეს იქმნა ცხორებაჲ სულისა შენისაჲ, რამეთუ სანატრელისა დედისა ფებრონიაჲს წინაშე მიგიყვანებ შენ“. და მან განიხარა ფრიად. ხოლო ნეტარმან გრიგოლ უბრძანა მქჴევალთა მათ მისთა წარსლვაჲ ციხედვე და დედაკაცსა მას ჰრქუა: „შვილო ჩემო, წარემართე და ვიდოდე წინაშე ჩუენსა!“ და ესრჱთ მოიყვანა იგი მერეს, რამეთუ პირველვე განზრახვაჲ ნეტარისა დედისაჲ თანა იყო. და შეჰვედრა იგი მას და ჰრქუა: „იღუაწე ესე, ჯერისაებრ იღუაწე, და რაჟამს ძიება-ყოს კურაპალატმან, რამეთუ ჰხედავ გულსა ამისსა შემუსრვილსა“. ხოლო მან თქუა: „ქრისტემან კეთილად იზრუნოს მჴევლისა თჳსისათვს, რომელიცა პოვა შენ მიერ, ღირსო მამაო“.
და მრავალჟამ მარტოდ უბნობდეს ნეტარნი ესე. და ესრჱთ იყო ჩუეულებაჲცა მის ჟამისა წინამძღუართა მამათჲა, რამეთუ თჳნიერ დედისა ფებრონიაჲსგან ზრახვისა საქმჱ არაჲ ჴელ-ყვიან. ხოლო დათაგანი ვინმე მახლობელად მათსა წარჰვლიდა და ესმა ერთი სიტყუაჲ, ხოლო სხუასა ვერღარა იკადრა სმენად, რამეთუ წმიდამან გრიგოლ ჰრქუა ნეტარსა ფებრონიას, ვითარმედ: „რაჲ გრქუა შენ ანგელოზმან?“ რამეთუ ღმერთი იყო ყოვლადვე მათ შორის.
ხოლო რაჟამს მიიწია კურაპალატი ციხედ, იკითხა ხოლო დედაკაცი იგი და ვითარ არა პოვა, ფრიად შეიურვა, გულისხმა-ყო რაჲ ყოველი იგი ყოფილი საქმჱ. და რამეთუ არა ღონითა რაჲთმე კაცობრივითა მახეთაჲთა იყო ტრფიალ მისა მიმართ ჴელმწიფჱ იგი, არამედ ეშმაკისა მანქანებითა ესოდენ ძლეულ იყო, რომელ თავმოთნეობაჲ დაავიწყდა და მსწრაფლ ხოლო მოვიდა მერეს. ხოლო ნეტარმან ფებრონია დამალა დედაკაცი იგი.
და ვითარ ილოცა კურაპალატმან ეკლესიასა წმიდისა ღმრთისმშობლისასა და მიიღო ლოცვაჲ დედისა ფებრონიაჲსი, მაშინ იწყო სიტყუად: „უწყი-მეა, დედაო, რაჲსათჳს მოვედ აწ?“. ხოლო მან ჰქრუა: „უფალმან იცის, რაჲსათჳს ჰბრძანე აქა“. და მან ჰრქუა: „ამის მიზეზისათჳს იქმნა მოსლვაჲ ჩემი, რამეთუ სახლისა ჩუენისა მეჭურჭლე ქალი იყო და ყოველი მონაგები ჩუენი ჴელთა მისთა იყო, და მამასა გრიგოლს აქა წარმოუყვანებია და ფრიადი დაგუაკლდა საფასეთა ჩუენთაგანი. აწ უბრძანე, რომელ ერთხელ ციხედ მოვიდეს და ყოველი მოგჳთუალოს და კუალად თქუენდავე მოვიდეს, ვითარცა უნდეს“.
ხოლო ფებრონია ჰრქუა მას მკუეთრ: „მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უშჯულოებასა“. ესჱ რაჲ ესმა კურაპალატსა, სირცხჳლეულ იქმნა მართლმხილებისა მისგან კდემული და მყოვარ ჟამ დადუმნა, ვითარცა ძლეული, რამეთუ ჴორციელად ძლიერსა ჴელმწიფესა სულითა ძლიერთა კაცთა სძლეს, შეჭურვილთა მათ საღმრთოჲთა შურითა. ხოლო შეურვებულმან კურაპალატმან გულისა შეჭირვებისაგან თქუა: „ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს“-ო. და მსწრაფლ ხოლო აღდგა და წარვიდოდა. მაშინ ნეტარი ფებრონია დაწყნარებულითა სულითა აყენებდა, რაჲთამცა ისტუმრა იგი, და არა დაემორჩილა, რამეთუ მამხილებელად აქუნდა თჳსი გონებაჲ და ნებაჲ რაჲ ჴორცთ-მოყუარებისაჲ განეშორა და აუგი თჳსი გულისხმაყო. ხოლო სულითა იხარებდა, სიბრძნემან რაჲ წარიოტა სულმოკლებაჲ იგი მავნებელი და აქებდა წმიდათა მათ მძლავრებასა, უფროჲს ხოლო ძლევისა მომცემელსა ღმერთსა. და სიხარულით წარვიდა, რამეთუ გულითა წმიდითა აქუნდა ნეტართა მათ პატივი, ვითარცა სულისა მისისა საუკუნოდ გჳრგჳნოსან-მყოფელთაჲ.
არამედ ადარნერსე ჴელმწიფესა უფროჲსი ვნებაჲ შეამთხჳა მტერმან, რომელიცა იყო ძჱ აშოტ კურაპალატისაჲ. რამეთუ შესმენითა მეძვისა ქალისაჲთა, რომლისა თანა იმრუშებდა იგი, უსამართლოდ განიშორა სიცრუითა სიძვისაჲთა სარწმუნოჲ ცოლი თჳსი და წარგზავნა ქუეყანად თჳსად აფხაზეთად, ვინაჲცა მოეყვანა იგი. ხოლო ქრისტემან მონასა თჳსსა გრიგოლს გამოუცხადა ყოველი იგი უსამართლოებაჲ, რომელიცა შეამთხჳეს უბრალოსა მას დედუფალსა. ამისთჳსცა მრავალ-გზის მხილებაჲ მიაწია ნეტარმან გრიგოლ ადარნერსჱს ზედა. არამედ ჴელმწიფჱ იგი ცუდითა თავმოთნეობითა იძლია და მხილებაჲ მართლისა მის კაცისაჲ არა თავს იდვა, არამედ შესძინა ძჳრი ძჳრსა ზედა თჳსსა და სხუაჲ ცოლი შეირთო. მაშინ მამამან გრიგოლ უწინაჲსწარმეტყუელა ბრალთა მათთჳს, რაჲ-იგი შემთხუევად იყო მისდა მიშუებითა ღმრთისაჲთა. და ჰრქუა ესრჱთ: „არა სმენისათჳს სიტყუათა ჩემ გლახაკისათა, მიეცე ბოროტთა სენთა, და რომელ აწ ძენი გესხნენ, იგუემნენ ეშმაკთაგან, და ვერ განიკურნო შენ და ვერცა შვილნი იგი შენნი, ვიდრე არა შეინდოთ დედუფლისა მისგან, უსამართლოდ გაპატიჟებულისა მჴევლისა მის ღმრთისა. დაღაცათუ ჴორცთაგან განვიდეს იგი, არამედ საფლავთაგან მისთა შე-ვე-ინდონ შვილთა შენთა. ხოლო შემასმენელი იგი მეძავი ადრე განაქიქოს ქრისტემან უფროჲს ყოველთა ცთომილთაჲსა ლირწად წარმდებებისა მისისათჳს და უკეთურებისა“.
ხოლო ადარნერსე სიტყუათაგან ნეტარისა გრიგოლისთა ფრიად შეშინდა და შეუვრდა წმიდასა მას. ხოლო მან აღადგინა და ჰრქუა: „ქრისტემან შენდობაჲ ბრალთაჲ მოგეცინ შენ, არამედ ესე უწყოდე: თქუმული ჩემი აღესრულოს ჟამსა თჳსსა, რაჲთა გულისხმა ყონ ყოველთა ნაყოფი ურჩებისაჲ”. და შემდგომად მცირედთა დღეთასა შეემთხვა ადარნერსეს სენი ტეხისაჲ წრდიალი, რომელსა ჰრქჳან ნიკრისი. და ტკივილთა მათგან იგუემებოდა მწარედ, რამეთუ მუნ ჟამადმდე ყოვლად უვნებელ იყო იგი. და მსწრაფლ ხოლო წარავლინა კაცი კეთილი, რომელსა ერქუა კუპრა, წინაშე დედუფლისა მის შენდობისა თხოვად. და ვითარ მიიწია მოციქული იგი ადარნერსჱსი ფერსათს, სადაცა არს აწ საფლავი მისი, და იხილა დედუფალი იგი თჳსი დიდსა შინა მონაზონებასა, რომელიცა იყო ასული ბაგრატ შაროელისა ჴელმწიფისაჲ, რამეთუ სამოსლად მისა იყო შეურაცხი ჩოჴაჲ და ემოსა მას წმიდაჲ სქემაჲ და ტჳრთი დიდი შეშისაჲ ეკიდა და სახიდ თჳსად მიაქუნდა სანატრელსა მას, რომელსა პირველ სახელი ეწოდა ბევრელი და მერმე ანასტასია, რამეთუ მან სრულიად სირცხჳლეულ-ყო ეშმაკი. და აწ კურნებასა ჰპოვებენ მორწმუნენი მადლითა მისითა, მი-რაჲ-აქუს მიწაჲ ევლოგიად საფლავთაგან მისთა.
ესე რაჲ იხილა კაცმან მან მოციქულმან, იცნა და შეუვრდა ადარნერსჱს მაგიერ და ჰრქუა: „ქრისტჱს ნების-მყოფელო, გევედრების, შეიწყალე უფალი ჩემი სამართლად ღმრთისაგან განპატიჟებული შენ ძლით და ნუ სწყევ მას, არამედ შეუნდვენ დიდნი ბრალნი მისნი“. ხოლო მან ჰრქუა: “გეფიცები ქრისტესა, არაოდეს აღმოსრულ არს წყევაჲ პირსა ჩემსა და არცა მას ვსწყევ, ქრისტემან შეუნდვენ ყოველნი ცოდვანი და განკურნენ სულით და ჴორცით“. და მსწრაფლ ხოლო განიკურნა ადრნერსე, რამეთუ კაცმან მან მოციქულმან დაისწავა ჟამი იგი, ოდესცა ულოცა უფალსა მისსა, და მო-რაჲ-ვიდა, პოვა იგი ყოვლად უვნებელი და სიხარულით ჰმადლობდა ქრისტესა. არამედ შემდგომად წელიწადთა არა მრავალთა, ადარნერსე ჴელმწიფესა რაჲ ესხნეს ძენი, გურგენ კურაპალატი და სუმბატ, მტერისაგან ფრიად იტანჯებოდეს. და მსწრაფლ ხოლო წარავლინნა იგინი ფერსათს სამოსლითა საგლახაკოჲთა და შესაწირავითა საჴელმწიფოჲთა ლოცვად საფლავსა მას სანატრელისა დედუფლისასა, რამეთუ გარდაცვალებულ იყო იგი. და რაჟამს ილოცეს, სრულიად განიკურნნეს სიტყჳსაებრ ნეტარისა გრიგოლისა და სიხარულით წარვიდეს სახიდ თჳსა და ადიდებდეს ქრისტესა ღმერთსა ყოველთასა.
ხოლო დედაკაცი იგი შემასმენელი, ბოროტად ეშმაკეულ იქმნა და განცოფნა, და სხუანიცა განსაცდელნი მიიწინეს მის ზედა საქმეთაებრ მისთა უკეთურთა, და ესრჱთ იყო საშინელ და ზარის-ასაჴდელ ხილვაჲ მისი და სმენაჲ სიტყუათა მისთაჲ. და ვითარ მოეგო გონებასა, მაშინ მივიდა წინაშე დედისა ფებრონიაჲსსა საწყალობელი იგი და შეუვრდა მას ცრემლით და აღუარებდა ყოველთა ბრალთა და ევედრებოდა გოდებით, რაჲთა უხუაიშნოს მამისა გრიგოლისგან. ხოლო მან მიწერა წიგნი ვედრებით და ნეტარმან მან არა ისმინა, არამედ მიჰრქუა: „უძჳრჱსნი განსაცდელნი აღიძრნენ მაგას ზედა ამისთჳს, რამეთუ საცთურ ექმნა ეგე ღმრთის-მსახურსა ჴელმწიფესა და სარწმუნოჲ ცოლი მისი განაშორა, რამეთუ განთქუა სახელი მისი ვითარცა მეძვისაჲ, და კუალად სისხლი უბრალოჲსა ჭაბუკისაჲ დასთხია. აწ მსგავსად უჯეროებისა საქმეთა მიეგოს მაგას ვიდრე სიკუდილადმდე“.
ხოლო ნეტარმან ფებრონია თქუა: „ჭეშმარიტ არს საბჭოჲ მამისა გრიგოლისი, რამეთუ არა ჰმძლავრა მან წმიდასა მას, ვითარცა თქუა მოციქულმან: „სულები წინაჲსწარმეტყუელთაჲ წინაჲსწარმეტყუელთა დაემორჩილენ“-ო. არამედ ვითარ შეჰგვანდა, ნეგეშინის სცა სასოწარკუეთილსა მას, რამეთუ სავსე იყო იგი სიბრძნითა ორისავე ცხორებისაჲთა და სასწაულნი დიდნი იხილვებოდეს მის მიერ და რომელთაგანმე მოწაფეთა მისთა და აწ სარწმუნოებით მვედრებელთა კურნებასა აღმოუცენებენ საფლავნი მათნი. ხოლო დედაკაცი იგი ვიდრე სიკუდილამდე დაადგრა მერეს შინა, რამეთუ დაღაცათუ ბოროტთა გუემათა შინა იყო, ხოლო გონებაჲ მისი ცოცხლად ეგო. და რაჟამს მოკუდა იგი, ბრძანა დედამან ფებრონია მახლობელად დათა მათ ქრისტჱს ნების-მყოფელთა დამარხვაჲ მისი, რაჲთა დიდად ბრალეული იგი უბრალოთა მათ განამართლონ წინაშე ქრისტჱსა.
ხოლო უფალმან აჩუენა სასწაული, რამეთუ დამარხვასა სხუათა მიცვალებულთასა სამ-გზის იპოვა შინაგან კარსა აკელდამისასა მდებარე. და არღა იკადრეს აღებად გუამი იგი ცოდვილისა მის დედაკაცისაჲ, არამედ მაშინღა აუწყეს ყოველი ნეტარსა ფებრონიას, რამეთუ მოხუცებულ იყო ფრიად და შესუენებულთა დამარხვასა ვერ ძალ ედვა მისლვაჲ. ხოლო მან თქუა: „ჯერ არს უწყებად ესე ნეტარსა გრიგოლს, რამეთუ იგი არს წინამძღუარი საქმისაჲ, ამის“. და მიწერა ეპისტოლჱ პატივით ესრჱთ:
„წყალობა-ყავნ უფალმან ჩუენ ზედა წმიდითა ჯუარითა და შეწევნითა ღირსთა ლოცვათა შენთაჲთა, ქრისტე-შემოსილო მამაო გრიგოლ, ყოვლადვე მონაწილეო ლოცვასა თანა ჩემ გლახაკისასა, შენ, წმიდაო ღმრთისა კაცო, საფრჴჱ მჴდომთა მრავალ-სახჱ სიბოროტით შეგიმზადეს, ვითარ მახჱ მონადირეთა. და იწყეს წყობად შენდა უწყინოდ, რამეთუ სივერაგით ებრძოდეს საუცრად სიმძაფრითა სასტიკითა ხილვითა, ვითარცა გუნდი მჴედართაჲ, და ოდესმე ვითარცა სიმრავლჱ მჴეცთა მძჳნვარეთაჲ მრავალ-გზის საშინელად ჩუენებითა, და ესრჱთ შენთჳს აღძრეს ღუაწლთა ღელვაჲ უჩინოჲ და საჩინოჲ. არამედ მათ ყოველთა სძლო სიმდაბლემან სიწმიდითა შემკობილმან გუამსა შენსა დანერგულმან და ცეცხლებრმან სულმან შენმან მართალმან შეწუნა მტერნი იგი მავნებელნი უხილავნი და ხილულნი. ხოლო ამის მადლისათჳს ძალ არს შენდა ძალი ღმათისაჲ, რამეთუ წმიდათა ანგელოზთა მსგავსებაჲ გაქუს სიწმიდჱ, რომელ არს სამძალი ძლევისაჲ, შეზღუდვილი სამარადისოჲთა ლოცვითა და მარხვითა და ფრიადი მუჴლთ-მოდრეკაჲ შემწირველი ცრემლთა წმიდათაჲ უძილთაგან თუალთა შენთა და მღჳძარისაგან სულისა შენისა. შენ, წმიდაო მღდელო, ეკლესიად წოდებულთა შორის მართალთა განსუენებულო, საღმრთოო მოძღუარო, მორწმუნეთა სიმტკიცეო, ჴელმწიფეთა თუალუხუავად მამხილებელო და განმსწავლელო კუერთხითა სწავლისაჲთა, რომლისათჳსცა სიტყუანი შენნი წინაჲსწარმეტყუელებრ აღესრულებიან კაცთა შორის, არამედ აწ ჟამი არს შენდობისაჲ, ყავ წყალობაჲ განწირულისა მისთჳს დედაკაცისა, ვითარცა შუენის სიწმიდესა შენსა. რამეთუ ნეშტი სიტყუაჲ ჩემი გეუწყოს წიგნის მიმღებელისაგან და ყოვლადვე შეწევნა ყავ ჩემთჳს აქა და საუკუნესა მას, ამჱნ“.
და რაჟამს აღმოიკითხა წიგნი ფებრონიაჲსი ნეტარმან გრიგოლ და ყოველი გულისხმა-ყო, ცრემლით მადლი მისცა ქრისტესა და დაწერა ეპისტოლჱ დათა მათ შესუენებულთა მიმართ ესრჱთ სახედ:
„ქრისტჱს-მოყუარენო, წესთა მათ ამის სოფლისათა მოკლესა შინა დროსა სიყრმითგან თქუენით ვიდრე სიკუდილადმდე მძლექმნულნო ქრისტჱსთჳს სიტყჳსაებრ მოციქულისა: „რამეთუ მოჰკუედით და ცხორებაჲ თქუენი დაფარულ არს ქრისტჱთურთ ღმრთისა თანა“. რაჟამს გამოცხადნეს ცხორებაჲ იგი ჩუენი, მაშინ თქუენცა გამოსცხადნეთ დიდებითა საუკუნოჲსა მერმისაჲთა. თქუენ, ბრძენთაგან ნეტარნო და უვიცთაგან უცნაურნო, უოხჭნოსა სიმდიდრესა კეთილთაებრ ვაჭართა საწუთროჲთა მომსყიდველნო, ხოლო აწ მძინარენო ჴორცითა და მღჳძარენო სულითა, მკუდრად შერაცხილნო მკუდართაგან და უკუნისამდე ცხოველნო ქრისტჱსგან ტაძრითა მით სულისაჲთა, ქუეყანისა ცად შემცვალებელნო, ქალწულებისა ყუავილნო, მიმსგავსებულნო დედასა ღმრთისასა. მხიარულნო მის წინაშე, საუკუნოდ დიდებულსა მას მოსლვასა ძისა მისისასა მომლოდებელნო.
თქუენ, უძლურებისაგან უცვალებელსა ძალსა მიწევნულნო და შემდგომად სიკუდილისა ყოვლადვე შემძლებელნო მიცემად ორსა სახესა მისაგებელსა ქცევათაებრ კაცთაჲსა, ვითარცა ესე აწ ვიხილეთ თქუენ-მიერი სამართალი საშჯელი, რომლისათჳსცა მე, გლახაკი გრიგოლ, და დედაჲ ფებრონია, მადლიერ ვართ თანაშეწევნასა თქუენსა. და აწ გევედრებით, საწყალობელისა მაგისთჳს დედაკაცისა ითხოეთ ქრისტჱსგან ბრალთა მისთა შენდობაჲ და ღირს ყვენით ძუალნი მისნი ძუალთა თანა თქუენთა და სული მისი სულისა თქუენისა თანა. და უფროჲს ხოლო იღუაწეთ უფლისა მეორედ მოსლვასა, რამეთუ გაქუს მადლი შეწევნად მორწმუნეთა და მოელით დაუსრულებელსა დიდებასა და გამოუთქუმელსა სიხარულსა, რომელსაცა მიწევნად ხართ. არამედ მეოხებაჲ თქუენი მარადის შემწე მეყავნ ჩუენ, რაჲთა ჩუენცა ღირს ვიქმნნეთ სანატრელსა მას ცხორებასა მერმესა საუკუნესა, ამჱნ“.
და რაჟამს აღმოუკითხეს წიგნი იგი ნეტარისა გრიგოლისი მიცვალებულთა მათ დათა და სიტყჳთცა ბრძანებაჲ დედისა ფებრონიაჲსი აუწყესვე, მაშინღა მიიღეს მკუდარი იგი თჳსსა მას პირველსა ადგილსა, სადაცა სამ-გზის დადებულ იყო, და არღარა იცვალა მიერ დღითგან, რამეთუ ნეტარი მამაჲ გრიგოლ მიზეზ ექმნა პირველ ცოდვათა მხილებასა და მერმე ლხინებასა და შენდობასა. და სინანულიცა ფრიადი შემწე ექმნა ცოდვილსა მას წინაშე ღმრთისა, რომელსა არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და სინანული. ხოლო გულისხმის-მყოფელთა დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა.