prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება — თავი IV

გიორგი მერჩულე · ჰაგიოგრაფია

IV. მას ჟამსა იყო ვინმე ბერი ხანძთას მარტოდ მყოფი კაცი, მართალი და წმიდაჲ, რომლისა სახელი ჴუედიოს. ამან ნეტარმან ჩუენებაჲ იხილა და ესმა ჴმაჲ ნეტარსა მას ბერსა, ვითარმედ აღაშენოს წმიდაჲ ეკლესიაჲ ადგილსა ამას ჴელითა გრიგოლ მღდელისა, კაცისა ღმრთისაჲთა. ეგრევე აუწყა ქრისტემან სანატრელსა მამასა გრიგოლს ბერისა მის ღირსებაჲ და ადგილისა მის მიგებად მისა.

მას ჟამსა წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა მოიწია ხანძთად სათნოჲ ღმრთისაჲ მამაჲ ჩუენი გრიგოლ წმიდისა მის ბერისა. და ვითარცა იხილეს ერთმანერთი, განიხარეს ფრიად და ყვეს ლოცვაჲ. მაშინ ნეტარმან მან ბერმან ჰრქუა: „მაკურთხე, წმიდაო მამაო გრიგოლ, რამეთუ მღდელი ხარ შენ“. და ლოცვაჲ მამამან გრიგოლ. და ვითარცა მრავალჟამსა მეგობარნი საყუარელნი, მოიკითხნეს ურთიერთას და სიხარულით დასხდეს. ხოლო ნეტარმან გრიგოლ ჰრქუა: „ვჰმადლობ ქრისტესა, რომელი მომიძღუა საყოფლად შენდა შვილსა შენსა და ღირს–მყო მე თაყუანის-ცემად კუალსა წმიდათა ფერჴთა შენთასა გამორჩეულო ღმრთისაო! ამიერითგან იყავნ წმიდაჲ ჯუარი შენი საფარველ ჩემდა და შეწევნაჲ ღირსთა ლოცვათა შენთაჲ. და წმიდაჲ ჯუარი შენი მარადის იყავნ ჩემ ზედა, უძლურისა ამის მოხუცებულისა, და მცირედთა დღეთა შემდგომად იხილო მტუერქმნული შენ. წმიდაო ღმრთისაო, დაღაცათუ დღითა უმრწემეს ხარ, საქმით კულა უხუცეს ხარ ჩემსა, რამეთუ შენ იყო მწყემსი კეთილი მრავალთა პირმეტყუელთა საცხოვართა ქრისტჱსთაჲ და სულისა ჩემისა საუკუნოდ გჳრგჳნი და სასოჲ. და მადლი ღმრთისა მამისაჲ გაქუს წინამძღურად შენდა, რომლისა წინაშე სრულიად წარქდომილ არს ყოველი შეთხზულებაჲ მტერისა მანქანებათაჲ, ვითარცა ქსელი დედაბარდლისაჲ წინაშე ქარსა“.

მაშინ განმჰზადა ტაბლაჲ მსგავსად ჩუეულებისა სიხარულით, რომელი დახუდა დიდსა მას უპოვარებასა მისსა, და აკურთხეს მადლობით და იწყეს ჭამად მარადის-მეტყუელთა სულისა საზრდელსა მას სიტყუასა: „უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ“. და კნინითა მით საშუებლითა ფრიად იშუებდეს, ვითარცა დიდძალითა სანოვაგითა, რამეთუ ღმერთი იყო შორის წმიდათა მათ, სიხარული დაუსრულებელი და კეთილი მოუკლებელი, რომლისათჳსცა იტყოდეს: „არაჲ ნაკლულევან ვართ, არამედ აღსავსე მადლითა საუნჯეთა მათგან მოუკლებელთა, უხილავთა და განუპარველთა“. და ვითარცა მიიღეს საზრდელი, კუალად იწყეს სულისა ცხორებისა ზრახვასა. და იყო განგრძობილად სიტყუაჲ მათ შორის, რამეთუ დღჱ იგი დამწუხრდა და ღამჱ განთენა უძილობით ლოცვასა შინა მათსა და გალობასა ღმრთისასა.

და განთიად მოახილვა ყოველი სანახები ხანძთისაჲ, და ფრიად შეუყუარდა წმიდასა გრიგოლს. მაშინ ჰრქუა ნეტარსა ბერსა: „წარვიდე ოპიზას და მსწრაფლ ხოლო მივიდე ძმათა ჩემთა თანა, რომელ დაუტევენ მუნ, რაჲთა მოვიდენ ჩემ თანა და იგინიცა იკურთხნენ წმიდათაგან ლოცვათა შენთა“. და ვითარცა მოიწია ოპიზას, ახარა ძმათა თჳსთა ხილვაჲ წმიდისა მის ბერისაჲ და ადგილისაჲ მის კეთილისა საყოფლისა ღმრთივ-მოცემულისაჲ. და მსწრაფლ ხოლო მივიდეს ამბა გიორგისა, ოპიზისა წინამძღუარისა, და მოიღეს ლოცვაჲ წმიდაჲ მისი და ძმათა ყოველთაჲ, და სიხარულით მოიწინეს ხანძთად. ყვეს ლოცვაჲ და მოიკითხეს წმიდაჲ იგი ბერი, ვითარცა ზეცისა ანგელოზი. ხოლო მან განიხარა ხილვაჲ ნეტართაჲ მათ და ჰრქუა მათ: „თქუენ ხართ სიწმიდისა ნაყოფნი, მცენარენი სულნელნი, ვარდნი შუენიერნი, ფინიკნი კეთილნი და ზეთისხილნი ნაყოფსავსენი, ზეთითა მით სიწმიდისაჲთა პოხილნი, რომელთა ხილვითა დღეს განიპოხა სიბერჱ ჩემი და ამაღლდა სიხარული ჩემი, ვითარცა რქაჲ მარტორქისაჲ. ამიერითგან იხარებდინ უდაბნოჲ ესე თქუენ ქრისტჱს ნების-მყოფელთა ამას შორის დანერგვითა“. ხოლო მათ ჰრქუეს: „წმიდისა ანტონის მიმსგავსებულო წმიდაო მამაო, სიტყუათა შენთა პატივი ჩუენთჳს ზეშთა ბუნებათა არს, არამედ დაამტკიცენ ქრისტემან ყოვლისა-შემძლებელმან ქებისა ბრძანებაჲ ეგე მადლიერი, და კმა არს ჩუენდა, და ინებენ უფალმან მოცემად ჩუენდა მადლი ესე, რაჲთა ღირსად ვჰმსახუროთ სიწმიდესა შენსა ვიდრე აღსასრულამდე, ჵ წმიდაო ღმრთისაო“. მაშინ ჰრქუა ბერმან: „დაღაცათუ მხიარულ არს გული თქუენი მსახურებად მოხუცებულებასა ჩემსა, ხოლო ესე უწყოდეთ, ნებითა ღმრთისაჲთა ვიდრე სიკუდილამდე თჳთ ვჰმსახურო თავსა ჩემსა, რამეთუ დავით იტყჳს: „აღუთქუთ და აღუსრულეთ უფალსა ღმერთსა თქუენსაო“. აწ მე აღმითქუამს უფლისადა ვიდრე აღსასრულამდე ჩემდა მარტოდ-მყოფებაჲ, სულითა კულა თქუენ თანა ვარ და აწ ჯერ-არს ჩემდა აღნათქუემისა საქმით აღსრულებაჲ“.

ამისა შემდგომად ჰრქუა ნეტარსა გრიგოლს: „ნეტარო კაცთა შორის, არს მახლობელად ჩუენსა ქუაბი მცირე, წარმიყვანე მუნ შენ და ძმათა შენთა, რაჲთა ნეშტი დღეთა ჩემთაჲ მას შინა აღვასრულო; რამეთუ მცირედღა ყოფად არს ჩემი ჴორცთა შინა ყოფაჲ. ხოლო ესე აღმითქუთ, რომელ ჩემდა სიკუდიდმდე არა განჰმრავლდეთ ადგილსა ამას შინა“. და ჯუარი დასწერა თჳსსა მას სამკჳდრებელსა და სიტყუაჲ მისი განძლიერდა. და მათ არღარა იკადრეს ცილობად, არამედ მივიდეს მის თანა ქუაბად და ყვეს ლოცვაჲ. ხოლო ბერმან თქუა: „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნისამდე, ამას დავემკჳდრო, რამეთუ მთნავს ესე“. მაშინ ამბორს–უყვეს ურთიერთას და მისცეს მშჳდობაჲ წმიდასა მას ნეტართა მათ და შთამოვიდეს ადგილსა მას ღმრთისა მიერ ჩინებულსა სამონასტრედ. ამისა შემდგომად იწყო მან ხანძთისა შენებაჲ. და ერთობით ჯუარი დასწერეს ადგილსა მას და იწყეს საქმედ სენაკებისათჳს ქუეყანისა დავაკებად, რამეთუ კლდჱ იგი ხანძთისაჲ უფიცხლეს არს უფროჲს ყოველთა მათ კლარჯეთისა უდაბნოთა. და შრომითა დიდითა ქმნეს ადგილი იგი, რამეთუ არა აქუნდა მათ ცული და წერაქჳ, არცა სხუაჲ ეგევითარი საჴმარი, არამედ ოპიზელთა მამათა მოსცეს ყოველი, რომელი იპოვა ჴელთა მათთა, და თანაშემწე ექმნნეს ყოვლითა საჴმრითა და ჴორცთა საღუაწითა, რამეთუ მას ჟამსა სხუაჲ მონასტერი არა შენ იყო მათ ქუეყანათა თჳნიერ ოპიზისა, და არცა მსოფლიონი ერისკაცნი ახლვიდეს ახლად შენებისათჳს მათ ქუეყანათაჲსა, რამეთუ კლარჯეთს და ტაოთა შინა, და შავშეთს და ყოველთა მათ მახლობელთა ქუეყანათა, მცირედნი იპოვებოდეს დაშენებულ ტყეთა შინა ადგილ-ადგილ.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — გიორგი მერჩულე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.