VI. ხოლო იყო ვინმე აზნაური დიდებული წინაშე აშოტ კურაპალატისა, და ერქუა მას სახელი გაბრიელ დაფანჩული, და აწ ნათესავთა მისთა ჰრქჳან დაფანჩულნი. ესე აზნაური შემკულ იყო ყოვლითა სისრულითა და სიმდიდრითა, სიბრძნითა, ჰასაკითა და ახოვნებითა, და ყოველსა ზედა საქმესა განმარჯუებითა და კეთილად მორწმუნებითა ქებულ იყო.
ამას აქუნდეს ზოგნი სოფელნი მახლობელად ვანსა ნეტარისა გრიგოლისსა, რომელმანცა მოწაფეთა თჳსთა უპოვარებაჲ იხილა რაჲ, მიიწია ნებითა ღმრთისაჲთა სახლსა გაბრიელ დაფანჩულისასა. ხოლო იგი შინა არა დახუდა, არამედ ღმრთის-მოყარჱ მეუღლჱ მისი მარიამ სარწმუნოებით მოეგება მამასა ჩუენსა გრიგოლს და ჯეროვნად პატივ-სცა და მრავლითა კეთილითა განუტევა. და თანა კაცნი წარმოაყვანნა შესასწავლელად და ჰრქუა: „წმიდაო მამაო, ამათ კაცთა ასწავე გზაჲ მონასტრისა შენისაჲ და საღუაწი სულიერთა შვილთა შენთაჲ უზრუნველ იყოს შენგან. რამეთუ არა დაგაკლდეს სახლისაგან ჩუენისა, არამედ წმიდათა შინა ლოცვათა თქუენთა ჴსენებულ გუყვენით უფალი ჩემი გაბრიელ და მე, მჴევალი შენი, და შვილნი ჩუენნი“. და ესრეთ სიხარულით მივიდა მონასტრად თჳსა მამაჲ გრიგოლ და განიხარეს ძმათა მათ ფრიად, რამეთუ ღმერთმან პატივ-სცის მადიდებელთა თჳსთა.
ხოლო რაჟამს მოიწია სახედ თჳსა გაბრიელ მთავარი, მაშინ აუწყა ღმრთისმოყუარემან მეუღლემან მისმან ნეტარისა მამისა გრიგოლის მოსლვაჲ და ვითარ–იგი მან სიხარულით განუტევა. და ვითარცა ესმა ესე დიდებულსა მას, მჴურვალჱ მადლი შესწირა ღმრთისა წმიდისა მის შესლვისათჳს სახლსა თჳსსა და აკურთხა მეუღლჱ თჳსი. და მსწრაფლ ხოლო დაწერა წიგნი ვედრებისაჲ და წარავლინნა კაცნი კეთილნი, რაჲთა კუალადცა ბრძანოს სახლსა მისსა. ხოლო მამაჲ ჩუენი ნეტარი გრიგოლ მორჩილ იქმნა სიტყუათა მისთა და წარჰყვა კაცთა მათ მოვლინებულთა.
და ვითარცა ესმა მისლვაჲ ამის ნეტარისაჲ, აღდგა და მიეგება წინა გაბრიელ, აზნაური მეფისაჲ, და თაყუანის-სცა სიხარულით და ამბორს–უყოფდა წადიერად ჴელთა მისთა წმიდასა მას და წარიყვანა პატივით სახედ თჳსა და მრავალთა დღეთა განუსუენა. და წარმოუდგინნა წინაშე მისსა ოთხნი იგი ძენი თჳსნი, ყოვლად კეთილნი და ყოვლითავე მსგავსნი გაბრიელ მამისა მათისანი: პატრიკ, გუარამ, არშუშა და აბულასათ. და ჰრქუა ნეტარსა გრიგოლს: „წმიდაო ღმრთისაო, აკურთხენ ესენი წმიდათა ჴელთა შენთა დასხმითა. ვითარცა ისრაჱლ იოსების ძენი აკურთხნა, ეგრჱთვე შენ ყოველნი შვილნი ჩუენნი აკურთხენ ჩუენ, მშობელთა მათთა თანა!“
და ვითარცა იხილა წმიდამან მან ფრიადი სარწმუნოებაჲ კაცთა მათ მეუღლეთა და შვილთა მათთაჲ, მაშინ აღდგა სიხარულისა ცრემლითა სავსჱ და აღიპყრნა წმიდანი ჴელნი თჳსნი [ღმრთისა] მიმართ და ჰრქუა: „უფალო, მოხედე ლოცვასა ჩემსა, გლახაკისა მონისა შენისასა, და ლოცვითა ყოველთა წმიდათა შენთაჲთა აკურთხენ მშობელნი შვილითურთ და შვილნი მშობელთა თანა, კეთილად მორწმუნენი ესე და მადიდებელნი წმიდისა სახელისა შენისანი“. და ჯუარი დასწერა ყოველთა და დაჯდა. მაშინ გაბრიელ ჰრქუა წმიდასა მას: „ქრისტემან საქმით დაამტკიცენ სიტყუაჲ ბაგეთა შენთაჲ ღირსო მამაო, და ჩუენ მოგუეცინ უფალმან გულსმოდგინედ მსახურებაჲ სიწმინდისა შენისაჲ. ჩუენ თანა არს ჴორციელი კეთილი და თქუენ თანა არს სულიერი კეთილი, და ესენი შევზავნეთ ურთიერთას. თქუენ მონაწილე–გუყვენით წმიდათა ლოცვათა თქუენთა ცხორებასა ამას და შემდგომად სიკუდილისა, და ძუალნი ჩუენნი ღირს ყვენით დასხმად წმიდათა თანა ძუალთა თქუენთა, და ლოცვაჲ ჩუენთჳს უკუნისამდე განაწესეთ მონასტერსა თქუენსა, და ჩუენ აღგითქუამთ ცხორებასა ჩუენსა და ცხორებასა შვილთა ჩუენთასა, შვილითი შვილადმდე თანა–გუაც თქუენი ღუწაჲ და მონასტრისა თქუენისაჲ ჟამთა უკუნისამდე, არამედ, წმიდაო მამაო, სავანე კეთილი ადგილი დედათათჳს სამკჳდრებელად გამონახეთ, რაჲთა ესე მცნებაჲ იყოს ჩუენ შორის ნათესავისა ჩემისა: უკუეთუ მოწესჱ მამაკაცი იყოს, სამკჳდრებელად მის ხანძთაჲ იყოს, და უკუეთუ ერისა ჩემისა მოწესჱ დედაკაცი იყოს, მუნ დაემკჳდროს, რომელიცა შენ გამოაჩინო ქუეყანასა ამას, ადგილი შენ მიერ კურთხეული. და ვითარცა მიცვალებულთა მამათათჳს ხანძთაჲ განმიწესებია, ეგრჱთვე იყოს სამარხავი მიცვალებულთა დედათაჲ აწ შენებულსა მას“.
ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ ძიება-ყო გულს-მოდგინედ და პოვა ადგილი კეთილი გუნათლეს მახლობელად. ჯუარი დასწერა და მუნ აღაშჱნეს მონასტერი დედათაჲ, რომელსა აწ ჰრქჳან გუნათლის ვანი. და ჟამისმწირველი მღდელი ვანისა მისთჳს ხანცთით განაწესა ნეტარმან გრიგოლ ვედრებითა გაბრიელისითა.
ხოლო გაბრიელ, დიდებულმან აზნაურმან, ფრიადითა კეთილითა წარმოგზავნა მამაჲ გრიგოლ და მოსცნა კირითხურონი და ნივთი ყოველი ქვითკირისა ეკლესიისა საშჱნებელად. და ესრეთ მოვიდა მამაჲ გრიგოლ თჳსსა ვანსა. და განიხარეს მოწაფეთა მისთა, მადლი მისცეს ქრისტესა და ულოცვიდეს მოღუაწეთა მათ. ხოლო ნეტარმან გრიგოლ ადგილი იგი საეკლესიოჲ დაავაკა. და ვითარ დაიწყებდა ეკლესიასა, ესე ლოცვაჲ ცრემლით წართქუა: „ქრისტე ღმერთო! ჴორც-შესხმისა შენისა განგებულებაჲ ღმრთეებრ აჩუენე შენთა დაბადებულთა და შიშით ჰმსახურეს მეუფებასა შენსა წინაჲსწარმეტყუელთა წინაჲსწარ უწყებითა, მოციქულთა ქადაგებითა, მოწამეთა ჭეშმარიტითა აღსარებითა და ღირსთა წმიდათა სოფლისა კრებათა მეუდაბნოეთა მამათა მარადის დიდებითა სახელისა შენისა წმიდისაჲთა. და ესე ოთხ კერძო კრებული საღმრთოჲ წმიდათა ყოველთა გარემოდგომილი ზღუდის სახედ უძრავისა სიმტკიცე ექმნნეს წმიდათა შენთა ეკლესიათა, რამეთუ შენ თჳთ სიბრძნემან იშჱნე თავისა თჳსისა სახლი სიწმიდისაჲ შესავედრებლად ერთა მორწმუნეთა. და რამეთუ წმიდასა ეკლესიასა სახელ სდევ გუამად შენდა. და წმიდასა შენსა სახელსა ზედა და სახელსა წმიდათა შენთასა შეუძრველად აღაშჱნენ და დაამტკიცენ წმიდანი ეკლესიანი. ამისთჳს უწოდე ეკლესიად წმიდათა ყოველთა, რაჲთა შემდგომად სიკუდილისა მათისა ნაცვალად მათა ეკლესიანი აქუნდენ სიმტკიცედ და სიქადულად შენთა სამწყსოთა, ჭეშმარიტთა ქრისტეანეთა, ვიდრემდის კუალად მოხჳდე დიდებით წმიდათა თანა. „შენ, უფალო, აწცა აკურთხე ადგილი ესე წმიდისა შენისა ეკლესიისა სამკჳდრებელი მადლითა შენითა და წმიდათა შენთა ოხითა, რაჲთა ღირს ვიქმნე გლახაკი შენი სრულიად აღშჱნებად ამისა სახელსა ზედა და უძლეველსა სარწმუნოებასა დიდისა მოწამისა შენისა გიორგი ჯუარითა მოქადულისა, ახოვნისა და სახელოვნად განთქუმულისა ბრწყინვალედ შორის წმიდათა შენთა მარტჳლთა და მოწამეთა, რომელთაცა ჴორცნი მახჳლითა დაიჭრებოდეს, ხოლო სარწმუნოებაჲ არა განიკუეთებოდა. ხოლო მათ ყოველთა უმეტჱს იპოვა სიმჴნითა წმიდაჲ გიორგი და მრავლით ჟამითგან უშჯულოთაგან ზარგანჴდილთა ქრისტეანეთა ასწავა სიმჴნჱ ძლიერი, მხიარულებით რაჲ მოითმინნა მრავალფერნი სატანჯველნი და ძლევით-შემოსილი იდიდა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. ამისთჳსცა ანგელოზთა თანა წმიდათა განიხარეს მოწამეთა ნეტართა სრულებაჲ ღუაწლთა მისთაჲ, რამეთუ მას მისცა ქრისტემან ძლევაჲ ყოველთა მტერთაჲ და აწ ნაწილთა და სახელსა მისსა, და მეოხებაჲ მისი მფარავს ყოველთა მადიდებელთა მისთა მარადის და უკუნისამდე“.
და ჯუარი დასწერა ადგილსა წმიდისა ეკლესიისასა და იწყეს შჱნებად. და ესრჱთ კეთილად განსრულდა ძუელი იგი ეკლესიაჲ ხანძთისაჲ შეწევნითა ქრისტჱსითა და მეოხებითა წმიდისა გიორგისითა და ლოცვითა ნეტარისა მამისა გრიგოლისითა, ხოლო ჴორციელად მოღუაწებითა დიდებულისა გაბრიელ მთავრისაჲთა და ყოველთა მართლ-მორწმუნეთაჲთა. მას ჟამსა ყოველთა მათ წმიდათა უდაბნოთა შინა იწყეს წმიდათა მამათა მონასტრებისა შჱნებად და წმიდათა ეკლესიათა, და ესრეთ გამრავლდეს მსახურნი წმიდისა სამებისანი და მარადის მადიდებელნი.
ხოლო სანატრელი და სასწაულთა მიერ შემკული დედაჲ ფებრონია მოიწია სამცხით და დაემკჳდრა მერეს შინა. და ღირსად-ცხორებისა და სულიერად განგებისა მისისა არა იყო საზღვარ. და საღმრთოჲთა სიყუარულითა წმიდითა ერთ-ზრახვა და მეგობარ იყვნეს ფრიად ნეტარნი ესე ღმრთისა კაცნი, დედაჲ ფებრონია და მამაჲ გრიგოლ, და ხუცესი მერისაჲ ხანძთით არნ.