prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება — თავი XIII

გიორგი მერჩულე · ჰაგიოგრაფია

XIII. ხოლო ჟამსა წარმოსლვისა მათისასა გამოჰკითხა მეფემან დიმიტრი მამასა გრიგოლს გულს მოდგინედ სახჱ კლარჯეთისა უდაბნოთაჲ, რაჲთა აუწყოს მას ადგილთა მათ წმიდათა ნიშანი ყოველი. და მამამან გრიგოლ ჰრქუა მას: „ღმრთის-მსახურო მეფეო, დაღაცათუ ფრიად განვამრავლო სიტყუაჲ, ვერვე მისწუთების გონებაჲ ჩემი ყოველსა მას უდაბნოთა მათ სიკეთესა უწყებად შენდა, ვინაჲთგან წესი მონაზონებისაჲ მათ შორის აღორძინებულ არს და უფროჲსად ყუაოდის და აღემატოს მომავალთა ჟამთა, არამედ ვთქუა მრავლისაგან მცირედი ესრჱთ, რამეთუ ბუნებით ერთგუამ არს ქუეყანაჲ უდაბნოთაჲ მათ და კეთილად შეზავებულ მზისაგან და ჰაერისა, რამეთუ არცა ფრიადი სიცხჱ შესწუავს მათ და არცა გარდარეული სიცივჱ შეაურვებს მყოფთა მისთა. არამედ განწესებით დგას თჳსსა საზღვარსა უნოტიოჲ, უხორშაკოჲ, უმიწოჲ, მზუარჱ, რამეთუ კაცთა ნახჭნი ფერჴთანი არა ოდეს თიჴიან ექმნებიან სლვასა მათსა. ხოლო წყალი კეთილი და შეშაჲ ნებისაებრ უნაკლულოდ აქუს აღმოცენებული ქჳშათა მათ შინა, ურიცხჳ მაღნარი და სიმრავლჱ წყალთა ჰამოთაჲ, ბუნებით მხიარულებაჲ მიცემულ არს ღმრთისაგან. და არს იგი უგზო და მიუვალ რაჲთურთით სოფლისა წესითა მცხორებელთაგან, რამეთუ ღადოთა მთათა შინა მაღალთა არს მკჳდრობაჲ მათი. და მორტყმულ არს ერთ კერძო მთაჲ იგი და ერთ კერძო შავშეთისა დიდთა წყალთა შეკრებისა გარემოსლვაჲ გარემოადგს ზღუდის სახედ უძრავისა.

და ესრჱთ ყოვლითა კერძო შეზღუდვილ არიან მთათა მიერ, და ჴევნებისა, და წყალთა მათგან საშინელად ძნელოვანთა ადგილთა მავალთაჲსა. და მონასტერთა მათ შინა არა არს სათიბელი ქუეყანაჲ, არცა ყანაჲ საჴნავი, არამედ დიდითა შრომითა როჭიკისა მისლვაჲ აქუს კარაულისა ზურგითა. და მცირედ ვენაჴნი ჭირით და ურვით დაუნერგვიან და ეგრჱთვე მტილები. ხოლო მხალთა ველისათაჲ არს სიმრავლჱ ურიცხჳ. და ამას ყოველსა თანა უშიშ არს გული მათი უქრისტოთა მათ ურწმუნოთაგან შერყევისაგან და ყოვლისა ძრვისა ჟამსა ჴელმწიფეთა მტერობისასა. და ესრჱთ მრავლითა მშჳდობითა მყუდროებით არიან ყოვლადვე და ქრისტესა ადიდებენ.

რამეთუ ღმერთმან დასაბამსავე დაბადებისასა უკუანაჲსთათჳს ჟამთა დაჰბადნა იგინი მონაზონთა სამკჳდრებელად და ყოველთა ქრისტეანეთა შესავედრებელად ორ კერძოვე. და რამეთუ განგებასა ღმრთისასა ესე ჩუეულებაჲ აქუს, რაჲთა წმიდათა მათ უდაბნოთა მონასტერნი ჴელითა გლახაკთაჲთა აღაშჱნნეს, რომელნიცა სრულიად თავისუფალ იქმნნეს სოფლისა საცთურთაგან. დაღაცათუ წმიდათა უდაბნოთა ჴელმწიფენი იღუწიან, ხოლო წოდებად სახელი გლახაკთაჲ ჯერ იჩინა ქრისტემან შჱნებასა წმიდათა მონასტერთასა, არამედ მისცა ღმერთმან ჴელმწიფებაჲ მორწმუნეთა მეფეთა აღშჱნებად საყდართა საებისკოპოსოთა და ქალაქთა სოფლებითურთ და ყოველსა ერსა ზედა მთავარ ყვნა, რაჲთა სიმართლით განიკითხვიდენ მათ შემკობილნი სამოსლითა ბრწყინვალითა. ხოლო რაჲთა არა დაუტეონ გონებაჲ მათ ხილულთა მათ ნივთთა შინა, არამედ კეთილთა მათ საუკუნეთა გულისხმა ჰყოფდენ, რამეთუ სიბრძნემან საღმრთომან სამოსელთა მრავალ-სახეთა მიერ გულისხმა უყო ყოველთა კაცთა პატივი თითოეულისა წესისა მათისაჲ ღმრთის-მსახურებით. ხოლო სარწმუნონი და ჭეშმარიტნი მონაზონნი ქუეყანასა ზედა არა ვისსა ჴელმწიფებასა ქუეშე არიან, ვინაჲთგან მოჰრიდეს საშუებელთა საწუთროჲსათა ნებსით და აღირჩიეს ღმრთისათჳს მწუხარებაჲ ადგილთა გლოვისათა, მსგავსად პირველთა მათ მამათა წმიდათა, რომელთა სიგლახაკესა შინა დიდსა მყოფთა აღაშჱნნეს წმიდანი უდაბნონი თჳნიერ ქუეყანისა მეფეთა ბრძანებისა შეწევნითა ყოვლისა შემძლებელისა ღმრთისაჲთა.

და აწცა ჟამთა ჩუენთა არიან მსგავსნი პირველთა მათ ნეტართა კაცთანი მაშჱნებელ მონასტერთა ადგილთა უქმთა შინა ღმრთისა სამკჳდრებელად. ხოლო ჴელმწიფენი კეთილად მსახურნი შრომასა მათსა თანამონაწილე იქმნებიან საფასეთა უხუად მიცემითა, ვითარცა ესე დღეს დიდებულებამან შენმან მეფობამან განამდიდრა სიგლახაკჱ ჩუენი ფრიადითა კეთილითა და ყოვლადვე მოზიარე ხარ ლოცვასა ჩუენსა თანა“. ხოლო მეფჱ განმხიარულდა სიტყუათაგან ნეტარისა გრიგოლისთა და ფრიადი სარწმუნოებაჲ და სიყუარული დაამტკიცნა გულსა მისსა უდაბნოთა მიმართ კლარჯეთისათა და ჰმადლობდა ქრისტესა, კეთილის მყოფელსა ნების მყოფელთა მისთასა. და ესრჱთ მშვიდობაჲ დაუტევეს ჴელმწიფებასა მას და წარმოვიდეს აფხაზეთით.

და მგზავრ სლვასა მათსა ჰრქუეს ნეტარსა გრიგოლს სანატრელთა მათ თეოდორე და ქრისტეფორე: „წმიდაო მამაო, ჟამსა მას წარმოსლვისა ჩუენისასა ხანძთით სამცხეს რაჲ მოვიწიენით მახლობელად ადგილსა მირეან აზნაურისასა, და გჳხილნეს ჩუენ კაცთა მისთა, რამეთუ სადგური ჩუენი ჟამსა მწუხრისასა ველსა ზედა ვყავთ, და აუწყეს უფალსა თჳსსა, და მსწრაფლ ხოლო მოვიდა მირეან თჳთ და მოგჳკითხნა სიმდაბლით და წარგჳყვანნა ტაძრად თჳსად და განგჳსუენნა კეთილად. და ვითარცა განთენა, შემიყვანნა წინაშე მეუღლისა თჳსისა, რომლისაჲ არს სახელი კრავი, რამეთუ არს იგი მჴევალი ქრისტჱსი. და ვითარცა ულოცეთ მას და ვსხედით, მაშინ მირეან დიდებულმან უფალმან დაადგინნა წინაშე ჩუენსა ძენი თჳსნი ბრძანებით, სამნი იგი ყრმანი ყოვლად-კეთილნი და შუენიერნი. და ვითარცა ულოცეთ მათ, ჰრქუა კრავის: „აწ ვყოთ ჩუენ სასწაულ კეთილ და ერთი ძეთა ჩუენთაგანი განვაწესოთ მონაზონად და მოწაფე ამათ ქრისტჱს მოწაფეთა. და ამათითა ლოცვითა მოეცეს მადლი, რაჲთა იხილონ მოძულეთა ჩუენთა და ჰრცხუენოდის. აწ თქუ, რომელი იყოს მოწესედ შორის შვილთა ჩუენთა!“ ხოლო მან ჰრქუა: “უფალო ჩემო, შვილნი შენნი არიან წინაშე შენსა, რომლისაჲცა ჰბრძანო, უფალმან გამოირჩიენ რჩეულად მოწესედ“. ხოლო მან ჰრქუა: „მრწემი ესე იყოს მონაზონ და სულიერად შვილ უდაბნოჲსა მამათა ამათ“. და მოიყვანა ჴელითა თჳსითა და ჯუარი დაწერად გუცა ჩუენ და სამოსლითა მოწესეთაჲთა შემოსა, და ჩუენ სახელი არსენი უწოდეთ, და აღუთქუთ შენდა მოწაფედ შვილი მისი ყოფად მსგავსად ჩუენდა და მან უფროჲს განიხარა. აწ ვითარცა სათნო უჩნს სიწმიდესა შენსა, ეგრჱთცა ქმენ“. ხოლო წმიდამან ჰრქუა: „ძმანო სანატრელნო, ნებაჲ არს ღმრთისაჲ, რაჲთა ჴელითა ჩუენითა იქმნეს იგი რჩეულ შორის მოწესეთა და მიიწიოს საზომსა დიდსა“. და მანცა წარმოუთხრა ამისვე პასუხისა მსგავსად ღირსისა ყრმისა და ჭაბუკისა ეფრემისთჳს ყოველი. და განიხარეს ძმათა მათ სიტყუასა ზედა მოძღურისა თჳსისასა.

და მოიწინეს ერთობით, სადაცა იყო ეფრემ, და წამოიყვანეს და ეგრეჱთვე სანატრელი არსენი. ხოლო წმიდაჲ ეფრემ იყო დღითა უხუცჱს, რომელთათჳსცა თქუა ნეტარმან გრიგოლ სიტყუაჲ იგი დავითისი, ვითარმედ: „განცხადებაჲ ღმრთისა სიტყუათაჲ განმანათლებელ არს და გონიერ ჰყოფს ჩჩჳლთა“, რომელთა მიერ დაემტკიცოს ქებაჲ ქრისტჱსი. ჭეშმარიტად უბიწონი და წრფელნი ესე შემომეყვნეს ჩუენ დათმენად ღუაწლსა მონაზონებისასა მოსრულნი ბრძანებისაებრ უფლისა, ვითარმედ: „ნუ აყენებთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ”. არამედ ესე უწყოდეთ ძმანო, დრტჳნვაჲ ყოფად არს ჩუენთჳს სამართალი ძმათა შორის ჩუენთა, ხოლო უფალმან იზრუნოს თჳთ ამათთჳს, რომელმანცა თქუა: „ეკრძალენით, ნუ ვინმე დააბრკოლოთ ერთი მცირეთაგანი, რამეთუ ანგელოზნი მათნი მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისა ზეცათაჲსა“. და აწ თქუენ, ძმანო თეოდორე და ქრისტეფორე, ძლევა-შემოსილნო, ექმნენით ამათ მზარდულ კეთილ ნებისაებრ ღმრთისა!“

ხოლო მათ აღუთქუეს და თავს იდვეს მოღუაწებაჲ მათი. მაშინ ჰრქუა მათ ნეტარმან გრიგოლ: „ძმანო, უფროჲს არს ესე ყოველთა სათნოებათა თქუენთა, რაჲთა თუალნი თქუენნი იყვნედ მარადის ამათ ზედა და გეჴსენედ დიდებულებაჲ მშობელთა ამათთაჲ და სარწმუნოებაჲ მათი ქრისტჱს მიმართ, და ჩუენ გლახაკთა მომართ, ვითარ იგი მათ ქრისტჱს სიყუარულისათჳს შვილობისა სიყუარული დაივიწყეს და ჴელითა ჩუენითა უფალსა მსხუერპლად მიუპყრნეს და ჩუენ, უცხოთა, ვითარცა ძმათა თჳსთა, სასოებით მოგუანდვნეს. აწ ვითარცა წარმოვიყვანენით მშობელთაგან უბიწონი დასამარხველად წმიდად, ეგრჱთვემცა ჰპოვებს ქრისტე, რაჟამს ითხოვდეს ჴელთაგან ჩუენთა სამკჳდრებელად თჳსად!“

და რაჟამს მოიწინეს ხანძთას, ფრიად განიხარეს ძმათა, ქრისტჱს მიერ კრებულთა, მათ საღმრთოთა სულიერისა მამისა და ძმათა მათ მოსლვაჲ. ხოლო დრტჳნვაჲ იყო მათ შორის ყრმათა მათთჳს მოყვანებისა. და მოვიდეს წინაშე მამისა გრიგოლისა და ჰრქუეს: „წმიდაო მამაო, მოციქული იტყჳს: „სრულმან სიყუარულმან შიში განდევნოს“-ო. უკუეთუ ბრძანოს სიწმიდემან შენმან, უშიშად ვიტყოდით, რომლისათჳსცა მოსრულ ვართ“.

ხოლო მან ჰრქუა: „ძმანო, ჭეშმარიტად ძირ-მტკიცე არს ჩუენ შორის სიყუარული, და შიში არა არს მას შინა. ბრძანეთ, რაჲცა გნებავს“. ხოლო მათ ჰრქუეს: „საქმენი შენნი განუკითხველ არიან ყოველნი თჳნიერ ამისა, რომელ ყრმანი ესე მოიყვანენ, და წესსა შენგან დამტკიცებულსა შენ ზევე გამოეჴუების მომავალთა ჟამთა საკდემელად ჩუენდა. დაღაცათუ უშიშ არს გული ჩუენი ჟამისა ამისთჳს, არამედ გარეშე წესისა არს საქმჱ ესე, და აწ ესე არს სიტყუაჲ ჩუენი, წმიდაო ღმრთისაო“.

ვითარცა ესმა კეთილი იგი გულის-სიტყუაჲ, ცხადად განიხარა ნეტარმან მამამან გრიგოლ და ჰრქუა მათ: „ჵ ძმანო სანატრელნო, ნუ იყოფინ ჩემდა წესისა მის პირველთა წმიდათა მამათაგან შეკრებულისა ცვალებაჲ ჴორციელისა რაჲსამე მიზეზისათჳს, არამედ ჭეშმარიტსა ვიტყჳ წინაშე ღმრთისა, რამეთუ არა ოდეს გასმია ნაცილი სიტყუაჲ პირისაგან ჩემისა. ესრჱთ არს ყრმათა ამათ მოწევნაჲ აქა, რამეთუ ქრისტემან ღმერთმან წმიდისა ანგელოზისა პირითა მაუწყა ამათი საქმჱ ყოველი, რამეთუ ვითარცა ეფრემ ასური და არსენი ჰრომაელი, კაცთაგან განშორებულნი და ღმრთისა მიახლებულნი, ესრჱთ იყვნენ ღირსნი ესე ყრმანი აღზრდილ უბიწოდ ხანძთას შინა ვიდრე ჟამადმდე პატივისა მათისაო. აწ უკუე შემძლებელ ვართა ცილობად უფლისა ბრძანებასა? „რამეთუ უნებელი ზედა მაც“ სიტყჳსაებრ მოციქულისა: „უკუეთუ არა ვახარებდე, ვაჲ არს ჩემდა“. ხოლო თქუენ ნეტარ ხართ, რამეთუ უფალმან გამოგირჩინა ამათ მონათა თჳსთა. არამედ თჳნიერ ესევითარისა მიზეზისა, უკუეთუ ვინმე ცვალოს წესი პირველი და ყრმაჲ მოიყვანოს ყოფად მონასტერსა ამას, პატიჟეულ იყოს იგი ფრიად დიდებულსა მეორედ მოსლვასა უფლისა და ღმრთისა ჩუენისასაჲ!“

ხოლო ძმანი იგი დაჯერებულ იქმნნეს და აღეშჱნნეს ამას ზედა და ჰმადლობდეს ქრისტესა, მოქმედსა საკჳრველებათასა. მაშინ თეოდორე და ქრისტეფორე, რამეთუ სენაკნი მათნი ერთგან იყვნეს და სხუათა ძმათაგან განშორებულ, წარიყვანნეს ღმერთ-შემოსილნი იგი ყრმანი, სულიერთა მათ მამათა, სენაკად თჳსად, მცნებისაებრ ნეტარისა მამისა გრიგოლისსა და აღზარდნეს კეთილად ნაცვალად სძისა ღმრთისა მადლითა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — გიორგი მერჩულე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.