prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება — თავი XVI

გიორგი მერჩულე · ჰაგიოგრაფია

XVI. ნეტარი მამაჲ ჩუენი გრიგოლ პიტივ-ცემულ იყო ზეგარდამო ღმრთისა მიერ. და ჟამთა მისთა არავინ ურჩ იყო სიტყუათა მისთა, უფროჲს ხოლო ჴელმწიფენი მის ჟამისანი. ხოლო იყო ჟამი, რომელსა ერთგან იყვნეს ძმანი იგი დიდებულნი, და ნეტარმან მან გულსმოდგინედ მოაჴსენა, რაჲთამცა ბრძანეს და იხილნეს მისნი იგი შჱნებულნი მონასტერნი და ყოველნი კლარჯეთისა უდაბნონი. ხოლო მათ ისმინეს მოჴსენებაჲ წმიდისაჲ მის, რომელიცა წინა წარმოუძღუა მთავართა მათ. და პირველად მიიყვანნა შატბერდს, და ფრიად შეუყუარდა ადგილი იგი და შეწირეს მრავალი შესაწირავი ჴელმწიფეთა, და აზნაურთა და ყოველმან ერმან. მაშინ მოღუაწედ შატბერდისა გამოჩნდეს დიდებულნი აზნაურნი. და რაჟამს წარმოვიდეს შატბერდით ჴელმწიფენი იგი და ნეტარი გრიგოლ წინა-უძღოდა მათ, მაშინ მოვიდა ზაქარია ანჩელი ეპისკოპოსი, ღირსი და სასწაულთამოქმედი, და პატივით მოიკითხეს ჴელმწიფეთა მათ და თანა წარმოიყვანეს, და მოიწინეს ჯმერკს და ბერთას წმიდისა ღმრთისმშობლისა ეკლესიათა და დაბასა წმიდისა მოწამისა გიორგის ეკლესიასა. ხოლო დოლის-ყანაჲ მონასტრად უკუანაჲს იქმნა. და მოილოცნეს წმიდანი ადგილნი და ფრიადი განუყვეს განსაყოფელი, რამეთუ სამთა მათ ჴელმწიფეთა აქუნდეს დიდნი შესაწირავნი. და მიიღეს მადლი ლოცვითა ამათ ნეტართა მამათაჲთა.

და მოიწინეს ოპიზას და განმხიარულდეს მადლითა ნათლის-მცემელისაჲთა და ლოცვითა ნეტართა მათ კაცთაჲთა და აჩუენეს მოღუაწებაჲ ძლიერი შესაწირავთა მიცემითა, და წარემართნეს ხანძთად. ხოლო ნეტარმან გრიგოლ წინამძღუარნი იგი მონასტერთანი თანა-წარმოიყვანნა მის თანა და მოვიდეს ხანძთად საყოფელსა დიდისა მოწამისა გიორგისა. და უმეტჱს განკჳრდა გონებაჲ ჴელმწიფეთაჲ მათ, რაჟამს იხილნეს მოწაფენი ნეტარისა გრიგოლისნი უფიცხლჱსსა მონაზონებისა კანონსა, რამეთუ იყვნეს იგინი ვითარცა ზეცისა ანგელოზნი და პირველად მტერთა ძლევისა საჭურველი მიიღეს ოხითა წმიდისა გიორგისითა და შემდგომაც ლოცვითა მათ სანატრელთაჲთა, ჴორცითა სულთა თანა განათლდეს. რამეთუ იხილეს ადგილიცა იგი ნაყოფთაგან უღუაწი, უფროჲსი მიანიჭეს კეთილთა მათგან შესაწირავი. და ჟამსა მასვე მოიწია წინამძღუარი მიძნაძოროჲსაჲ დიდი მამაჲ სანატრელი დავით, მაშჱენებელი მონასტერთაჲ, და მოწაფენი მისნი, ნეტარნი, ილარიონ, მამაჲ და მაშჱნებელი წყაროჲსთავისაჲ, რომელიცა კათალიკოზ იქმნა მცხეთას, და მამაჲ ზაქარია, მაშჱნებელი ბარეთელთისაჲ, წინა-მიგებებად ჴელმწიფეთა მათ. და ვითარცა იხილეს მფლობელთა მათ შეკრებაჲ იგი წმიდათა მამათაჲ, იყვნეს რაჲ მსგავს წმიდათა უჴორცოთა, განიხარეს. რამეთუ ესმოდეს მათგან მოძღურებანი საღმრთოჲსა მცნებისანი, რომლისათჳსცა თქუეს დიდთა მათ ხელმწიფეთა: “წმიდანო მამანო, ვინაჲთგან გიხილენით თქუენ, დაგუავიწყდა მებრ თუ ქუეყანასა ზედა ვართ ჩუენ, არამედ ვჰგონებთ, ვითარმედ ზეცას წმიდათა ბანაკსა დამკჳდრებულ ვართ. რამეთუ თქუენ სულითა მარადის წინაშე ღმრთისა მდგომარე ხართ, და სადაცა არიან საყოფელნი თქუენნი, მუნცა არიან გულნი თქუენნი, არამედ იყავნ მეოხებაჲ თქუენი ჩუენ ზედა აქა და საუკუნესა!“

ხოლო წმიდათა მათ ფრიადითა ლოცვითა შეჭურნეს და აკურთხნეს ჴელმწიფენი იგი და ჰრქუეს: „ღმრთის-მსახურნო მეფენო, ჭეშმარიტად გულნი თქუენნი ჴელთა შინა ღმრთისათა არიან, რომელმანცა ჩუენ, გლახაკთა, გულსა ნუგეშინის-სცა პირითა თქუენითა და კეთილთა თქუენთა უხუად მონიჭებითა. და თქუენ მოგცა უფალმან დანერგვაჲ უკუდავთა ჴელმწიფეთა წმიდათა ეკლესიათა მოკუდავითა მეფობითა. და შეწევნაჲცა მათი უხილავად საჭურველ-ყო თქუენდა უფროჲს ხილულთა საჭურველთა და უმრავლჱს ბევრთა მჴედართა. და ესე უწყოდეთ, რამეთუ სულიერად განწყობილნი ლაშქარნი თქუენნი ესე წმიდანი, უდაბნოთა მამანი, არიან ჴორციელად განწესებულთა ლაშქართა თქუენთა სიმტკიცენი და საჭურველნი ყოველთა მორწმუნეთა მეფეთანი მწყობრთა შინა წყობისათა თქუენდა, უმეტჱსად ამისთჳს, რამეთუ მეფობისა სიმაღლესა თანა გაქუს თქუენ ქრისტჱს მიმსგავსებული სიმდაბლჱ და მოღუაწებაჲ წმიდათა ეკლესიათაჲ, და ნუგეშინის-ცემაჲ გლახაკთაჲ და ყოვლისა ერისა სიმართლით განკითხვაჲ სიტყჳსაებრ უფლისა, ვითარმედ: „ნუ თუალ-ხუმით შჯით, არამედ საშჯელი სამართალი საჯეთო“. რაჲთა ქუეყანისა ამის მეფობასა თანა მოიღოთ ზეცისაცა მეუფესა თანა მკჳდრობაჲ უოხჭნოჲ. და მოგეცინ ქრისტემან დიდებაჲ სრული ზეცისა და ქუეყანისაჲ, რაჲთა სიტკბოებით მოხსენებაჲ ჩუენი არა ოდეს უდებ ჰყოთ ვანის მყოფთა ამათთჳს. გულის-ხმა ყავთ, ვითარცა იგი აბრაჰამ მამათ-მთავარმან და დავით წინაჲსწარმეტყუელმან სწორად მეჰომეთა მისცა ნატყუენავთა მათგან ნაწილი, ეგრჱთვე კეთილთაგან თქუენთა გლახაკნი და ეკლესიანი ნაწილეულ არიედ მარადის, ვითარცა ლევიტელთათჳს უფალი ბრძანებს: „ნაწილი მათი მე ვარო“. ეგრჱთცა გლახაკთა ნაწილი თქუენ მიერ განწესებულ არს, რაჲთა ნაცვალად უფალი მოიგოთ სასოდ ორისავე ცხორებისა, რამეთუ გლახაკთა არაჲ აქუს თჳნიერ ღმრთისა სახიერისა მოწყალებისაჲ”.

ამისა შემდგომად მამისა გრიგოლისთჳს ზრახვა ყვეს ეპისკოპოსისა მის თანა წმიდათა მამათა, რაჲთა დაადგინონ გრიგოლ არქიმანდრიტად ყოველთა კლარჯეთისა უდაბნოთა ზედა და მოაჴსენეს ჴელმწიფეთა მათ. ხოლო მათ ფრიად განიხარეს და ერთობით დიდითა დაპატიჟებითა მოღუაწებისა მის საქმედ დაადგინეს. და მრავალთა წელიწადთა ვიდრე გარდაცვალებამდე განაგებდა წმიდათა მათ მამათა წესსა კეთილად.

ხოლო ჴელმწიფეთა მათ მოილოცნეს მიძნაძოროჲ, წყაროჲსთავი, და ბარეთელთაჲ და ადგილნი მათნი, და მუნცა მისცეს შესაწირავი და მიიღეს მადლი წმიდათა მათ ეკლესიათაგან და ნეტართა მამათა ღირსთა და წმიდათა მოღუაწეთაგან. და ყოველთა მათ უდაბნოთა ზღვარნიცა გან-ვე-უთჳსნეს. და წარსლვასა მათსა თანა წარიყვანეს ნეტარი გრიგოლ, და ადარნერსე ჴელმწიფემან ძჱ თჳსი გურგენ ნათლითა მისცა მას. და რამეთუ ბაგრატ კურაპალატისა ძჱ, დავით კურაპალატი, ნეტარისა მამისა გრიგოლისვე აქუმული იყო, ორნი ესე ჴელმწიფენი - დავით კურაპალატი და გურგენ კურაპალატი - რომლისათჳსცა გარდაცვალებისა ჟამსა ანდერძ ეყო გურგენ კურაპალატსა, ვითარმედ: „ნათლისმამისა ჩემისა ძუალთა მახლობელად დამდევით ფერჴთა თანა მისთა და სხუათა მათ მამათა ძუალნი ჩემ ზედა დაუსუენენით“, რომელ ყვესცა ეგრჱთ. არამედ შემდგომად გურგენ კურაპალატისა, ძემან მისმან, აშოტ ერისთავთა ერისთავმან, ხანძთას ახალი ეკლესიაჲ დაიწყო წადიერად და ურიცხჳ შესაწირავი გარდაჰმატა მას.

ხოლო იყო ჟამსა მას ხანძთას წინამძღურად მამაჲ არსენი, ნათესავით აზნაური. ამისითა განზრახვითა იქმნა დაწყებაჲ ახლისა მის და შუენიერისა ეკლესიისაჲ ფიცხელსა მას კლდესა ზედა, რომელიცა ფრიადითა შრომითა და ქვითა-კირითა მყარითა მრავალთა ჟამთა დაავაკეს და ესრჱთ შეჰრაცხეს შემზადებაჲ ადგილისაჲ მის, ვითარმცა სრულიად აღეშჱნა. არამედ აკურთხენ ქრისტემან ამონა, სიბრძნით სრულიად მაშჱნებელი, და შემწენი ყოველნი, რომელთაგან კეთილად განემარჯუებოდა შჱნებაჲ ეკლესიისაჲ მის. ხოლო ქვაჲ და კირი ფრიად შორით მოაქუნდა ძნელთა მათ გზათა კაცთა ზურგითა, და ყოველი სასწორითა იწონებოდა, რამეთუ იყიდდეს მაშჱნებელნი იგი.

მას ჟამსა გარდაიცვალა ღმრთის-მსახური იგი ჴელმწიფჱ, წმიდათა ეკლესიათა მაშჱნებელი და მონაგებთა შემწირველი და გლახაკთა მოღუაწჱ, და დაემარხა ხანძთას არსენის გზითა და ძისა მისისა მცხუედისაჲთა. არამედ მამაჲ არსენი და ჯიბრილისა ძმაჲ, სანატრელი იოვანე, ახლისა ეკლესიისა განმასრულებელი, ორნივე ესე ხანძთას მამობასა შინა აღესრულნეს. ქრისტემან განსუენებაჲ მიეცინ მათ!

ხოლო გურგენ, ძმისწული აშოტისი, დიდი იგი ჴელმწიფჱ ფრიადთა ნათესავთაჲ, ღმრთისა მიერ დაჯდა ერისთავთა-ერისთვად და მან განასრულა ეკლესიაჲ იგი ახალი ხანძთისაჲ და მის თანა ყოველთა დიდებულთა ჴელმწიფეთა, და აზნაურთა, და ყოველმან ერმან მორწმუნეთამან; და უფალმან კეთილი მოუკლებელი მიეცინ ყოველთავე!

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — გიორგი მერჩულე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.