prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება — თავი VII

გიორგი მერჩულე · ჰაგიოგრაფია

VII. ამისა შემდგომად ღმრთის-მსახურსა მეფესა აშოტ კურაპალატსა აუწყა გაბრიელ ერის მთავარმან სანატრელისა მამისა გრიგოლის ღირსებაჲ და უცხოებაჲ და უქმსა უდაბნოსა მონასტრისა შჱნებაჲ და მოწაფეთა მისთა სათნოებაჲ და მოწაფეთაგანვე ცნობაჲ დიდებულებისაჲ წმიდისა მის მშობელთაჲ. ესე ყოველი ვითარცა გულისხმა-ყო კეთილად-მსახურმან კურაპალატმან აშოტ, მსწრაფლ ხოლო დაწერა ებისტოლჱ ჴელითა თჳსითა და კაცი ერთი კეთილი წინაშე მდგომელთაგანი და ერთი გაბრიელის მსახურთაგანი მსწრაფლ წარმოავლინნა მამისა გრიგოლის წინაშე. და ვითარცა წარიკითხა წიგნი კურაპალატისაჲ პატივით მოწერილი წოდებისაჲ, ნეტარმან მამამან და კაცთა მათგანცა, ცნა ყოველი, მუნქუესვე წარვიდა ჴელმწიფისა მის წინაშე, და მი-რაჲ-იწია პალატად, მოეგებნეს ძენი კურაპალატისანი.

და ვითარ მივიდა კარსა ტაძრისა მათისასა, მაშინ კურაპალატი ზე აღდგა და წინა მოეგება ნეტარსა მამასა გრიგოლს, და დიდითა სიმდაბლითა მოიკითხეს ერთმანერთი და დასხდეს. ხოლო კურაპალატმან ჰრქუა: „ღმრთისა მიერი კურთხევაჲ პირითა შენითა იყავნ ჩუენ ყოველთა ზედა, წმიდაო“. და მან თქუა: "გაკურთხენინ ყოველნი პირმან ქრისტჱსმან და ყოველთა წმიდათამან, რამეთუ ჭეშმარიტად სამართალ არს სიტყუაჲ ესე: "სადა არს პატივი მთავრობისაჲ, მუნ არს მსგავსებაჲ ღმრთეებისაჲ", რამეთუ თქუენ, ჴელმწიფენი, უფალ გყვნა ღმერთმან ქუეყანისა განგებასა, ვითარცა გულისხმა-ვჰყოფთ კეთილის-ყოფასა ღმრთისასა ჩუენდა მომართ მეფობითა შენითა. და ვითარცა იგი აბრაჰამისთჳს უფალი იტყჳს, ვითარმედ "აბრაჰამსა სწადოდა ხილვაჲ ნათლისა ჩემისაჲ, იხილა და განიხარა“, მსგავსად აბრაჰამისა მეცა, გლახაკსა, მწადოდა ხილვაჲ თაყვანის-ცემაჲ თქუენი და აწ სიხარულითა სავსე ვარ და ძღუანად შევსწირავ ლოცვასა. ქრისტემან უმეტჱსად დიდებით დაიცევინ მეფობაჲ შენი დიდებასა შინა და სიხარულსა და საუკუნოჲ დიდებაჲ ზეცისა მთავრობათა თანა დაგიმკჳდრენ კეთილთა თანა შვილთა“.

მაშინ კურაპალატმან ჰრქუა მამასა გრიგოლს: „მეფეთა ისრაჱლისათა ჟამად-ჟამად წინაჲსწარმეტყუელი აღუდგინის ღმერთმან სიქადულად მათა და ზღუდედ შჯულისა, და შესაწევნელად მორწმუნეთა და სამხილებელად ურწმუნოთა, ეგრჱთვე ჟამთა ჩუენთა შენ გამოგაჩინა ღმერთმან ქრისტეანეთა სიქადულად, და რაჲთა მარადის იღუწიდე ჩუენთჳს წმიდითა ლოცვითა შენითა წინაშე ქრისტჱსა და წმიდათა მისთა“. ხოლო მან ჰრქუა: „დავით წინაჲსწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ჴელმწიფეო, მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკჳდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათჳსცა ამას მოგაჴსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე”.

ამისა შემდგომად კაცმან მან მოციქულმან წარმოთქუა ქებაჲ ხანძთისაჲ, ვითარმედ „კეთილ არს უდაბნოჲ იგი მზისა მცხინვარებითა და ჰაერისა შეზავებითა ყოვლით-კერძო. და აქუს მას წყაროჲ მდიდრად გამომდინარჱ, შუენიერი, გრილი და ჰამოჲ, და მაღნართა სიმრავლჱ ურიცხჳ და მცირედი რაჲმე სხუაჲცა ნუგეშინის-საცემელი ძალისაებრ მის უდაბნოჲსა, ხოლო სათესავი ყანაჲ და სათიბელი ქუეყანაჲ რაჲთურთით არა არს, არცა იქმნების ღირღოლოვანთა მათ ფიცხელთა მწუერვალთა მათ ღადოთაჲსა. ესე ვითარცა ესმა დიდებულსა კურაპალატსა, შეწირნა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა - ადარნერსე, და ბაგრატ, და გურამ - შეწირეს თითოეულად, რაჲცა საჴმარი მონასტერსა მისსა უჴმ და, ყოველი უხუებით.

და ვითარცა ადგილნი იგი მოითუალნა და კურთხევაჲ მიანიჭა კურაპალატსა და ძეთა მისთა ნეტარმან გრიგოლ, მაშინ მრავლისა კეთილისა ნაყოფითა სავსჱ მოვიდა ხანძთად, მონასტრად თჳსა, და ახარა ძმათა ყოველი იგი განმარჯუებაჲ მადლითა ქრისტჱსითა და ოხითა წმიდისა გიორგისითა. ხოლო მათ უხაროდა და ულოცვიდეს სარწმუნოებით შემომწირველთა და ჰმადლობდეს ქრისტესა კეთილის-მყოფელსა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — გიორგი მერჩულე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.