prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება — თავი XX

გიორგი მერჩულე · ჰაგიოგრაფია

XX. არამედ დიდი ეფრემ მრავლისა კეთილისა მომატყუებელ იქმნა ქუეყანასა ჩუენსა, რამეთუ პირველად აღმოსავალისა კათალიკოსთა მიჰრონი იერუსალჱმით მოჰყვანდა. ხოლო ეფრემ ქრისტჱს-მიერითა ბრძანებითა მიჰრონისა კურთხევაჲ ქართლს განაწესა იერუსალჱმისა პატრიაქისა განწესებითა და წამებითა სიხარულით. არამედ ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების, ხოლო კჳრიელეჲსონი ბერძნულად ითქუმის, რომელ არს ქართულად: „უფალო წყალობა-ყავ“, გინა თუ „უფალო შეგჳწყალენ“.

ესე ნეტარი ეფრემ ორმეოც წელ აწყურს ეპისკოპოსობდა შემკული სულითა წმიდითა, რამეთუ დაფარულსა კაცთა საქმესა, ვითარცა ცხადსა ამხილებდა და სიკუდიდ განწირულთა სნეულთა სიტყჳთ მსწრაფლ განჰკურნებდა. ხოლო ურჩთა სიტყჳთვე მოაკუდინებდა, და სხუათაცა სასწაულთა იქმოდა მრავალთა. და კეთილსა შინა სიბერესა მადლითა სავსე გარდაიცვალა და მიიწია სიხარულით წინაშე ქრისტჱსა, და ჩუენ მორწმუნეთათჳს მეოხ არს უკუნისამდე.

ესევითარნი იყვნეს ღმერთ-შემოსილნი მოწაფენი მამისა გრიგოლისნი. ხოლო დიდი ეპიფანე სიმდაბლითა თჳსითა მიიწია საზომსა თჳსისა მოძღურისასა და ცრემლთა დათხევითა სულთა უკეთურთა განასხმიდა და სნეულთა მსწრაფლ განჰკურნებდა და მრავალთა სხუათა სასწაულთა იქმოდა, ურჩთა რაჲ გუემითა განსწავლიდა და მორწმუნეთა ლოცვითა სიკუდილისაგან იჴსნიდა. რამეთუ ოდესმე ზაფხულისა ჟამსა მთათა მათ ხორასუნთა გარდამოვიდოდა იგი და მის თანა ძმანი, და იხილეს ადგილი მარჯუჱ და პურისაჭამად დასხდეს. და მასვე გზასა დედაკაცი ერთი ვინმე მოვიდოდა და თანა ჰყვანდა ძჱ შჳდისა წლისაჲ. და იყო ყრმაჲ იგი ხილვითა კეთილ და გონებითა ფრთხილ და ვითარ მოიწინეს საჩინოსა ნეტარისა მამისა ეპიფანჱსსა, ყრმასა მას სალმობანი სიკუდილისანი ეწინეს, და სენისა მისგან წრტიალისა ისწრაფდა სული განსლვად გუამისა მისგან. ხოლო დედამან მისმან გოდებითა მწარითა აღიტაცა ძჱ თჳსი და მირბიოდა წმიდისა მის და ჴმობდა ესრჱთ საწყალობელად:

«ჵ წმიდაო ღმრთისაო, შემეწიე შეუწევნელსა ამას, რამეთუ მომიკუდების შვილი ესე ჩემი, და შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტი“. და ძჱ იგი თჳსი დააგდო წინაშე ფერჴთა ეპიფანჱსთა. ხოლო იგი ცრემლითა სავსჱ აღდგა, რამეთუ იყო ბუნებით მოწყალე, და დავარდა წინაშე ქრისტჱსა და თქუა: „უფალო, ღმერთო ჩუენო იესუ ქრისტე, იხილენ ცრემლნი ჩემნი და ცრემლნი საწყალობელისა ამის დედაკაცისანი და წყალობა ყავ ყრმასა ამას ზედა და უბრძანე სულსა ამისსა მკჳდრობაჲ თჳსსა შინა გუამსა მრავალთა წელიწადთა ნუგეშინის-საცემელად ამის გლახაკისა და სადიდებელად შენდა, მხოლოჲსა ძისა თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნეთა მიმართ. ამჱნ“.

და ჯუარი დასწერა, უპყრა ჴელი და ჰრქუა: „განგკურნებს უფალი იესუ ქრისტე, აღდეგ ყრმაო და ცოცხალ იქმენ!“ და მსწრაფლ განეშორა სალმობაჲ და უძლურებაჲ გუამსა მისსა და ყოველი ურვაჲ სულსა მისსა. და აღდგა მხიარული და მისცა იგი დედასა თჳსსა და უბრძანა მიცემაჲ ჭამადისაჲ. და დედაკაცმან მან სიხარულით მადლი შეწირა ღმრთისა და წმიდისა მის, და მშჳდობით წარვიდეს ზოგად იგი და ძჱ მისი გზასა თჳსსა. და ყრმაჲ იგი ვიდრე სიბერედმდე კეთილად ცხოვნდებოდა და ადიდებდა ღმერთსა.

და კუალად სხუათა ვიეთმე მორწმუნეთა კაცთა ესუა შვილი, ყრმაჲ წული, მტერისაგან ვნებული შობითგანვე, რამეთუ იყო იგი ყრუჲ და უტყჳ და გონება-ნაკლული. ხოლო ჰასაკისა ხილვითა ჩნდა მრთელად და იზარდებოდა ვითარცა სხუაჲ ყრმაჲ. და ვითარ იქმნა იგი ათის წლის, მას ჟამსა მამაჲ ეპიფანე ითქუმოდა სასწაულთა-მოქმედად. და მიიწია სოფელსა მას, სადაცა იყო ყრმაჲ იგი ვნებული. ხოლო დედამან მის ყრმისამან წარიყვანა იგი გზასა მას, რომელსაცა წარჰვლიდა მამაჲ ეპიფანე. და ვითარცა იხილა, ევედრებოდა მას მწარითა ცრემლითა და სარწმუნოებითა მტკიცითა ძისა თჳსისათჳს. ხოლო ნეტარი იგი ცრემლოოდა სულ-თქუმით, და ლმობიერად ჴმა ყო: „ქრისტე ღმერთო, რომელი კაცთ-მოყუარებისათჳს განჰკაცენ და ივნე ვნებულთა განკურნებისათჳს, აწ უფალო მოწყალეო, რაჲსათჳს უცოდველი ესე დაბადებული შენი ცოდვათა ჩუენთა სამხილებელად იგუემების ეშმაკისაგან? შენ, წყალობა აღურაცხელო ღმერთო, ულხინე და განათავისუფლე ესე ყოველთაგან ჭირთა და სიხარული მიეც მშობელთა ამისთა!“ და ჯუარი დასწერა ყრმასა მას და მისცა დედასა მისსა განკურნებული, რამეთუ მსწრაფლ ხოლო სიბრძნით აღიტყუა უტყჳ იგი და კეთილად ესმოდა უსმსა მას, რაჟამს განიოტა მისგან ეშმაკი იგი ბოროტი ლოცვამან ნეტარისა მის კაცისამან. და რომელთა იხილეს საკჳრველი ესე, ადიდებდეს ღმერთსა.

ხოლო დედაკაცმან მან მოიყუანა ქმარი თჳსი და შესაწირავად ორი ზროხაჲ მიუძღუანა ეპიფანეს. არამედ მან მიანიჭა ზროხანი იგი ყრმასა მას განკურნებულსა და აკურთხნა იგინი და სიხარულით წარვიდეს და მადლი მისცეს ღმერთსა.

ესევე ნეტარი ეპიფანე ოდესმე მივიდა წინაშე დიდისა აბულასადისა ჟამსა მკისასა როჭიკისა თხოვად ხანძთისათჳს. ხოლო მან ჰრქუა: „ძმათა შენთა დღესა შინა ერთსა რაჲ მკონ, მიმიცემია“. და აბულასად ესევე ამცნო ცოლსა თჳსსა, რამეთუ იყო გუნათლეს, და თჳთ წარვიდა სხუად ქუეყანად. ხოლო ეპიფანე შეიკრიბნა ძმანი თჳსნი კეთილად-მომკალნი და მიიწინეს გუნათლეს სიტყჳსაებრ პირველ-თქუმულისა და იწყეს მკად კეთილსა ყანასა, ვიდრე განზოგებადმდე დღისა მის, ფრიადითა გულს-მოდგინებითა. ხოლო კაცთა ვიეთმე უკეთურთა აუწყეს დედუფალსა თჳსსა, ვითარმედ სრულიად მოჰმკიან ვიდრე მწუხრადმდე იფქლსა მას ფრიად კეთილსა. ხოლო შეიურვა და მიავლინა კაცი, რაჲთა არღარა მკიდენ. და ეპიფანე ძმათა მათ ეშორა და მივლინებულსა მას არა უსმინეს.

ხოლო მან რისხვით სხუანი კაცნი მიავლინნა და მძლავრებით განასხნეს ყანისა მისგან. მაშინ მამაჲ ეპიფანე ძმათა მათ დაუბრკოლდა არა სმენისა მისთჳს, რომელცა იგი პირველ მოევლინა კაცი, რამეთუ ჭეშმარიტად იყო იგი ქრისტჱს მონაჲ და არა უნდა შფოთისა ხილვაჲ, ამისთჳს თქუა ესრჱთ: „უფალო, შეუნდვე მჴევალსა შენსა ჩუენი ესე შეურაცხებაჲ და უმჯობჱსი იზრუნვე მისთჳს განსაცდელთა მიშუებითა მცირედ, რაჲთა ისწაოს არა გმობაჲ გლახაკთაჲ“. და მუნქუესვე დასცა იგი სულმან უკეთურმან, რამეთუ კადნიერებისა მისთჳს განეშორა სული მადლისაჲ. და მსწრაფლ ხოლო აცნობეს ეპიფანეს, ხოლო იგი მივიდა და ძმანი მისნი მის თანა და ყოვლითა გულითა ულოცეს. ფრიად საწყალობელად იყო იგი და მსწრაფლ განიკურნა, რამეთუ კუალად დაემკჳდრა მის თანა სული მადლისაჲ მცველად უკუნისამდე და არღარა ივნო. და მიერითგან კეთილად შეიცვალა იგი და შეუვრდა ეპიფანეს და ძმათა მათ, და დიდითა კეთილითა განუტევნა იგინი სიხარულით.

რამეთუ ქრისტემან შეამკვნა სასწაულითა და სიმდაბლითა ვითარცა მამაჲ გრიგოლ, ეგრჱთვე მოწაფენი მისნი სიტყჳსაებრ მოციქულისა, ვითარმედ: „სიმდაბლჱ ეგე თქუენი ცხად იყავნ“. ამისთჳსცა ცხადად იხილვა გარდარეული სიმდაბლჱ ეპიფანჱსი ესრჱთ. იყო ოდესმე, ჟამსა რომელსამე ძმანი ვინმე კეთილნი მონაზონნი მოსრულ იყვნეს ნეძჳთ და მარტოდ უბნობასა შინა ნეტარმან მამამან გრიგოლ ჰრქუა მათ: „სიმდაბლჱ სრული საქმით და არა სიტყჳთ არსა მონასტერსა თქუენსა შორის ძმათა?“. ხოლო მათ ჰრქუეს: „არს ლოცვითა შენითა, ვითარცა თჳთ უწყი“. და სიტყუასა მათსა თანა ჟამსა ხოლო ჰრეკეს ჟამის-წირვისათჳს, და ვითარ ჟამსა დაიწყო ნეტარმან გრიგოლ, ჰკითხა დეკანოზმან საერთოდ ჟამის-მწირველისაჲ. ხოლო მან ეპიფანჱსი ბრძანა ჟამის-წირვაჲ, რამეთუ იგი დაედგინა მამასახლისად ხანძთას. და ეპიფანე შეიმოსა ჟამის-წირვად და სხუანიცა მღდელნი მის თანა, რამეთუ იყო დღჱ იგი კჳრიაკე. და ვითარცა აღვიდეს საკურთხეველად და ეპიფანე „წმიდაო ღმერთოჲსა“ წინააღსამაღლებელსა იწყო თქუმად, აღვიდა ხოლო საკურთხეველად მამაჲ გრიგოლ და კუერთხითა სცა თავსა და ჰრქუა: „დადუმენ“. ხოლო იგი შეუშფოთებელად დადუმნა. და უბრძანა სადიაკონედ წარსლვაჲ და განძარცუაჲ.

მაშინ ყოველი ერი განკჳრვებისა ზარმან აღავსო. ხოლო იგი წარვიდა და განიძარცუა, და მივიდა და დადგა წინაშე მოძღურისა თჳსისა მყოვარ ჟამ. და კუალად უბრძანა შემოსაჲ და ჟამის-წირვაჲ. და იგი სიხარულით შეიმოსა და შეუვრდა ნეტარსა გრიგოლს. ხოლო მან ჯუარი დასწერა და აღვიდა იგი საკურთხეველად მძლე ამპარტავანებისა სენთა და იწყო შეწირვად მსხუერპლთა მათ უსისხლოთა. არამედ მიზეზი საქმისაჲ ამის ვერვინ იკადრა კითხვად წმიდისა მის, ვიდრემდის თჳთ უბრძანა ძმათა მათ ნეძუელთა: „იხილეთღა ძმანო საყუარელნო, სიმდაბლჱ საქმით სრული ეპიფანჱსი? გრწმენინ ჩემი, ჭეშმარიტსა ვიტყჳ წინაშე ღმრთისა: არარაჲ ბრალი უქმნიეს მას, რამეთუ ღმრთისმოშიშებისა და სიწმიდისა და სიმდაბლისა მისისათჳს მარადის მადლი სულისა წმიდისაჲ დადგრომილ არს მის თანა. ხოლო არს სიმდაბლჱ დამდაბლებულისაჲცა ბრალთაგან, არამედ რაჲ სწორებაჲ არს ნათლისა და ბნელისაჲ, რამეთუ ჭეშმარიტისა ნათლისა სამოსელი ჰმოსია სიმდაბლითა სარწმუნოჲთა შემკობილთა მრავალთა შორის ძმათა ამათ. და ესე თქუენისა ხილვისათჳს ვყავ, რამეთუ სთქუთ ძმათა თქუენთა სრული საღმრთოჲ სიმდაბლჱ“.

ხოლო იგინი შეუვრდეს და ჰრქუეს: „რამეთუ დაღაცათუ კეთილ არიან სათნოებითა ძმანი მონასტრისა ჩუენისანი, არამედ ესე სიმდაბლჱ ვერ ძალ უც“. და ვითარცა ჟამი შეწირა ღირსმან ეპიფანე, ეზიარნეს ყოველნი წმიდასა მას საიდუმლოსა ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱსსა და ერთობით მადლი მისცეს წმიდასა სამებასა, დამბადებელსა ყოველთასა.

ხოლო შატბერდისა მამათა შორის ფრიად იყვნეს შემდგომითი-შემდგომად მონაზონებისა სიმჴნითა რჩეულ და რომელნიმე წინაჲსწარმეტყუელებისა მადლითა ბრწყინვალე სხუათა მათებრ უდაბნოთა ჟამითი-ჟამად წმიდათა კაცთა გამობრწყინვებითა, რომელთა შორის ჟამთა ჩუენთა ბრწყინვიდა ჴევსა მას მიძნაძოროჲსასა დიდი იაკობ, ვითარცა მთიები შორის ვარსკულავთა, ზეშთა სიტყჳსა ჩუენისა შემკობილი მრავალ-ფერითა მადლითა მოყუასთა თანა საღმრთოთა. არამედ წიგნისა ამის განგრძობისათჳს მათ ყოველთა თანაწარვჰჴედ და მივედ სასწაულთა ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისთა, რომელნიცა ვისწავენ სარწმუნოთაგან კაცთა. ხოლო ყოველი ვერ შეუძლე აღწერად უმეცრებისა გზითა, რამეთუ ვჰგონებდ ცხორებისა ამის დაწერად ბრძენთაგან და სრულთა მამათა, რომელნიცა იყვნეს ჟამთა ჩუენთა: დიდი სოფრონ, სანატრელი მამაჲ, შატბერდისა ეკლესიისა განახლებით აღმაშჱნებელი და უკუნისამდე გჳრგჳნი მისი, და ღმერთ-შემოსილი მამაჲ ილარიონ პარეხელი, და ქრისტჱს მღდელთ-მოძღუარნი ღირსნი გიორგი მაწყუერელი ეპისკოპოსი და სტეფანე მტბევარი ეპისკოპოსი პირველი და სხუანი მსგავსნი მათნი. და ვითარცა მათ ნეტართა დაიძინეს, მაშინღა რეცა განმეღჳძა უცებსა ამას და ფრიად ცოდვილსა ჴელყოფად და აღწერად ცხორებაჲ და სასწაულნი ესე, რომელ აწ გესმნენ.

რამეთუ ოდესმე იყო ნეტარი გრიგოლ თჳსსა მას საყუდელსა სენაკსა. და სენაკსა მას შინა ცეცხლი არა ოდეს აღგზნებულ იყო, არცა კანდელი აღნთებულ იყო, და არცა სხუათა ძმათასა. და ჟამსა ცისკრისასა დეკანოზმან ჰრქუა მნათესა: „მივედ მამისა და ისმინე, სძინავს-ძი ანუ ჰღჳძავს“. და ვითარცა მივიდა, იხილა ბრწყინვალებაჲ დიდძალი შინაჲთ გამო სენაკსა მას. მსწრაფლ მორბიოდა და ჴმა-ყო, ვითარმედ „ცეცხლი აღდებულ არს სენაკსა შინა მამისასა“.

ჰრქუა მას დეკანოზმან: „დუმენ შვილო, და ნუ გეშინინ! არა არს იგი ცეცხლი შემწუველი, გარნა სული ღმრთისაჲ განმანათლებელი“. რამეთუ მრავალ-გზის ეხილვა დეკანოზსა მას ხილვაჲ იგი დიდებული. და მი-ხოლო-ვიდა სენაკად და შთახედნა კედლისა ნაპრალსა და იხილა წმიდაჲ იგი ჴელგანპყრობით და გუამით მისით გამოვიდოდეს ნათლისა ისარნი ჯუარის სახედ. და დიდებითა შემკულ იყო იგი და ესრჱთ ბრწყინვიდა, ვითარცა მზჱ. ხოლო დეკანოზი იგი სიხარულით ჰმადლობდა ქრისტესა და მყოვარ ჟამ დააცადა ჟამის რეკაჲ, ვიდრემდის შეიცვალა სახილავი იგი.

და კუალად ოდესმე ჟამსა ყინელისასა ძმანი ტყესა მას ხანძთისასა შთამოჰყრიდეს ძელსა, და მათ თანა იყო ნეტარი გრიგოლ, მდგომარჱ ადგილსა საჩინოსა. და ძმაჲ ვინმე მოხუცებული ძნელსა ადგილსა ძელისა სავალსა განვიდოდა, და ძმათა მათ სხუათა უმეცრად ძელი ფრიად დიდი განუტევეს. და ვითარცა იხილა ძმამან მან ძელი იგი მძაფრიად მიმავალი, შეშინდა ფრიად და სივლტოლაჲ მისგან წარწყმდა. ჴმა-ყო დიდითა ჴმითა: „მამაო, შემეწიე!“. ხოლო მან ჯუარი დასწერა ძელსა მას და ჰრქუა: „სახელითა ქრისტჱსითა დადეგ, ძელო!“. და სიტყუამან მისმან, ვითარცა კლდემან უძრავმან, დააყენა ადგილსა მას მყაფარსა მყინვარსა ზედა მოქანებული საშინელად, და უბრძანა ძმასა მას გულდებულად განსლვაჲ. და ვითარცა იხილეს სასწაული ესე, დაუკჳრდა ძმათა მათ და ადიდებდეს ღმერთსა.

ამისა შემდგომად ესე ნეტარი იყო ოდესმე მახლობელად შატბერდისა. და სარწმუნოებით მო-ვინმე-ვიდა მისსა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ჴელთა ძჱ თჳსი მცირჱ ვითარ ორისა წლისაჲ, რომლისა ჴელნი და ფერჴნი მტერისაგან მიხუმულ იყვნეს და პირი გარემიქცეულ იყო. ესე მოვიდა მრავლითა ცრემლითა და ძჱ თჳსი დააგდო წინაშე ფერჴთა მის წმიდისათა და ჰრქუა ესრჱთ: „წმიდაო ღმრთისაო, კაცთაგან განწირულისა ამისთჳს წყალობა ყავ, რამეთუ შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტი“. და იხილა რაჲ წმიდამან მან ფრიადი გოდებაჲ მისი, შეეწყალა, და იწყეს ცრემლთა მისთა დინებად, რომელნიცა საჴუმილ მჴდომსა ექმნნეს, რამეთუ კაცთაგან უხილავად შესწუვიდა მძლავრსა მას უკეთურსა ეშმაკსა ლოცვანი გრიგოლისნი და განიოტებდეს მას.

მაშინ თქუა: „სახელი ქრისტჱსი განგჴდის, ეშმაკო, განეშორე უკუნისამდე ჩჩჳლისა ამისგან უმანკოჲსა”, და ჯუარი დასწერა. და მეუნქუესვე ივლტოდა სული იგი ბოროტი და განიკურნა ყრმაჲ იგი სრულიად. და მშობელი მისი სიხარულით ჰმადლობდა ღმერთსა და წმიდასა მას, და მხიარულნი წარვიდეს სახიდ თჳსა, და ყრმაჲ იგი კეთილად ცხოვნდა სრულიად.

და კუალად სხუაჲ ვინმე იყო დედაკაცი სისხლის-დინებითა გუემული მრავალთა ჟამთა. მას ესმა სასწაული ესე და მივიდა გულსმოდგინედ წმიდისა მის და ვერ შემძლებელ იყო თჳსსა მას სენსა საანჯმნო ყოფად, არამედ მდუმრიად სულ-თქუმით დაალტობდა ფერჴთა მისთა ცრემლითა და ითხოვდა კურნებასა. ხოლო ძმანი იგი მცირედ განეშორნეს წამის-ყოფითა ამის წმიდისაჲთა, რამეთუ ცნა სულითა ვნებაჲ იგი დაფარული და მისცა მარჯუენჱ თჳსი, რაჲთა შეიმთხჳოს. და მან ყო ეგრჱთ, და მასვე ჟამსა განიკურნა უძლურებისა მისგან და წარვიდა სიხარულით სახედ თჳსა და ადიდებდა ღმერთსა.

რამეთუ კეთილი სათნოებაჲ. ნეტარისა მამისა გრიგოლისი საკჳრველებითა სავსე არს. რამეთუ მახლობელად შატბერდისა იყო ვინმე კაცი მდაბიოჲ, და ესუა მას ცოლი და ესხნეს შვილნი და აქუნდა ფრიად მონაგები. და სიხარულსა შინა იყო ცხორებაჲ მათი, რამეთუ კეთილად-მორწმუნე იყჳნეს იგინი. ხოლო დედაკაცსა მას უმჯობჱსისა მისისათჳს უძლურებაჲ შეემთხჳა, რაჲთა მართლისა მის კაცისა ჴელითა ქრისტემან განკურნოს და მჴდომი სირცხჳლეული განაქიქოს, რომელმანცა მანქანებითა მისითა ჴელთა მისთა ათნივე თითნი ნებთა მისთა ზედა დაჰკრნა და ძლიერად ჰგუემდა ტეხითა ბოროტითა. მას ჟამსა საღმრთომან ცნობამან გულისხმა უყო ნეტარისა მამისა გრიგოლის ღირსებაჲ, და მსწრაფლ ხოლო დედაკაცმან მან თანა წარიყვანა ერთი ძჱ თჳსი და მიიწია წინაშე ნეტარისა მის. ხოლო ნებითა ღმრთისაჲთა იყო წმიდაჲ აგარაკსა ერთსა შატბერდისასა და იწყო ვედრებად მისა მრავლითა ცრემლითა და გოდებითა უძლურებისა მისთჳს, რომელი შეემთხჳა მას. და ვითარცა იხილა სარწმუნოებაჲ და ცრემლნი მისნი, შეეწყალა იგი ფრიად. მაშინ უბრძანა ერთსა მღდელთაგანსა წარსლვაჲ ეკლესიად და მოღებად ევლოგიაჲ, ზეთი კანდლისა მისგან, რომელიცა უკუდავად ენთებინ წინაშე ხატსა წმიდისა ღმრთისმშობლისასა. და თჳთ დადგა ჴელ-განპყრობით ლოცვად წინაშე ღმრთისა სულ-თქუმითა დაუდუმებელითა და ცრემლითა წყაროებრ მდინარითა, ვიდრე მოსლვამდე მღდელისა მის.

და რაჟამს მოიღო ზეთი იგი კანდლისაჲ მის, მოუწოდა დედაკაცსა მას და ჴელთა მისთა ჯუარი დასწერა, და ზეთი იგი ჯუარის სახედ სცხო სახელითა წმიდისა სამებისაჲთა და მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობლისაჲთა და თქუა: „იქმნენინ განკურნებულ ჴელნი შენნი“. და მუნქუესვე განემართნეს ყოველნი იგი თითნი მისნი და ყოვლადვე არღარა იპოვა ვნებაჲ მის თანა, რამეთუ მავნებელი იგი ეშმაკი ზარგანჴდილი ივლტოდა ლოცვათაგან ნეტარისა გრიგოლისთა. და ესრჱთ სიხარულით წარვიდა სახიდ თჳსად და ადიდებდა ქრისტესა ღმერთსა.

და კუალად დედაკაცმან მან წარიყვანა ქმარი და შვილნი თჳსნი და ფრიადი შესაწირავი მიუძღუანა წმიდასა მას, და ყოველთა მიიღეს კურთხევაჲ და წარვიდეს მხიარულნი სასწაულისა მქადაგებელნი შორის მრავალთა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — გიორგი მერჩულე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.