prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება — თავი XVIII

გიორგი მერჩულე · ჰაგიოგრაფია

XVIII. არამედ თეოდორე და ქრისტეფორე, სანატრელთა მათ დიდთა მამათა, რაჟამს იხილნეს განჭაბუკებულნი და სრულნი სიბრძნითა და ჰასაკითა ღირსნი იგი ღმრთისანი არსენი და ეფრემ, გულპყრობილ იქმნნეს ფიცებისაგან მამისა გრიგოლისა, რომლისადა აღეთქუა, ვიდრე ყრმათა მათ აღორძინებადმდე არა განეშორნეს მათგან.

მაშინ ფარულად ხანძთით ღამე გამოვიდეს, და ძმანიცა ვინმე თანა წარიყვანეს და კუალად წარვიდეს კერძოთა ქართლისათა, რამეთუ უფალი უწოდდა მათ უხილავად ბრძანებით და აღაშჱნებდა წმიდათა მათ მონასტერთა მათ მიერ ნეძუსა და კჳრიკე-წმიდისასა. ხოლო ნეტარსა გრიგოლს ეუწყა უფლისა მიერ, რაჲთა არღარა დააბრკოლნეს გულს-მოდგინებისა მისგან მათისა, არამედ თანამდგომ ექმნეს კეთილსა მას საქმესა. და ძიება-ყო მამამან გრიგოლ და პოვნა იგინი სამცხეს და აბრალა ფარულად წარსლვაჲ მათი.

ხოლო იგინი შეუვრდეს და ჰრქუეს: „შენდობა იყავნ ჩუენდა, წმიდაო მამაო, რამეთუ ამის მიზეზისათჳს იქმნა გამოსლვაჲ ჩუენი ხანძთით, რაჲთამცა ნაყოფი რაჲმე ნაწილ ჩუენდა ჩნდა ახლად შჱნებითა მონასტერთაჲთა“. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „კეთილ არს განზრახვაჲ ეგე თქუენი ნებითა ღმრთისაჲთა, არამედ მე თანამონაწილე მყავთ გულს-მოდგინებასა მაგას, რამეთუ არა ვარ მახრწეველ კეთილისა“. და წარვიდეს ზოგად სამცხისა და ქართლისა, არეთა მათ უდაბნოთა, და პოვნეს ორნი ადგილნი სამონასტრედ და აღაშჱნეს სენაკები ორგანვე. და უწოდეს თეოდორჱს ვანსა ნეძჳ, ხოლო ქრისტეფორჱსსა კჳრიკე-წმიდაჲ და მოწაფენი დაუტევნეს.

და სამნივე ესე ნეტარნი: გრიგოლ და თეოდორე და ქრისტეფორე, წარმოვიდეს ხანძთად ძმათა განყოფად ჯერისაებრ. და ვითარცა მოიწინეს კრებულსა მას თანა, ღმრთისა სათნოსა, და მოიკითხნეს იგინი, სიტყუად იწყო ნეტარმან გრიგოლ ძმათა მათ მიმართ: „ერნო ქრისტჱსნო, ისმინეთ ჩემი! პირველად ჩუენ ზოგად მოვიწიენით უდაბნოსა ამას წმიდასა მე, გლახაკი გრიგოლ, და საბან, იშხნისა ეპისკოპოსი, და თეოდორე და ქრისტეფორე, ოთხნი ესე, და მრავალთა წელიწადთა ვითარცა მოწაფენი მორჩილ იყვნეს ჩემდა ვიდრე ჟამადმდე ღმრთის-წოდებისა დიდნი ესე მამანი სათნონი ქრისტჱსნი. და ოდეს ინება ქრისტემან, საბა ეპისკოპოს-ყო იშხანსა ზედა, და წარიყვანნა მან ძმანი აქაჲთ. ხოლო აწ ქრისტე აღაშჱნებს ორთა მათ მონასტერთა ფრიად კეთილთა ქართლს შინა თეოდორჱს და ქრისტეფორჱს მიერ. და ვითარცა იგი ჴორციელად-მშობელთა მონაგები შვილთა განუყვიან, ეგრჱთვე ხანძთაჲ სულიერად-მშობელი არს ჩუენ ყოველთაჲ. დაღაცათუ ხატი მონაზონებისაჲ გუაქუნდა პირველ მოსლვისა, ხოლო კურთხევაჲ ყოველი აქა მოგჳღებიეს ჩუენ. და აწ ამათ, შვილთა თჳსთა, ჴელითა ჩემითა ძმათა უბოძებს, რაჲთა ახლად შჱნებასა მათსა უზრუნველ იყვნენ კეთილად-გამოცდილთა მონაზონთა თანადგომითა, და რაჲთა მტკიცედ ეგოს სულიერი სიყუარული ჩუენ მიერ აღშჱნებულთა მონასტერთაჲ“.

და ვითარცა სიტყუანი ესე დაასრულნა, უბრძანა შემოკრებაჲ ძმათა ყოველთაჲ. და თეოდორჱს და ქრისტეფორჱს განზრახვითა გამოირჩინა მათ შორის ძმანი ათსამმეტნი ხანძთისათჳს საუხუცესოდ, და სხუანი ყოველნი სწორად განყვნა სამად გუნდად, რამეთუ შატბერდისა ხუედრნი წარეგზავნნეს პირველვე შატბერდსა. და უბრძანა აღთქუმისაებრ წილით განყოფაჲ. ხოლო თეოდორე და ქრისტეფორე განმხიარულდეს, არამედ მცირედ მკსინვარებაჲ იყო მათ შორის, რამეთუ ეფრემ და არსენი გრიგოლის ნაწილსა იყჳნეს, ხოლო ეფრემ მიანიჭა თეოდორეს და არსენი თჳთ იჩინა და სწორი მისი სხუაჲ ძმაჲ მისცა ქრისტეფორეს, და დაჯერებულ იქმნნეს იგინი სიხარულით.

ხოლო საკჳრველ ესე იყო ნეტრეულთა მათ სამწყსოთაჲ, რამეთუ არა აცილობდეს მწყემსთა მათ კეთილთა, ვითარმცა სიტყუას უგებდეს ადგილისათჳს, სადამცა ვისმე ჰმარჯუდა, რამეთუ ვითარცა საცხოვარნი შეჰრაცხნეს თავნი თჳსნი მარადის ქრისტჱს თანა მყოფთა მათ ქრისტჱს გამორჩეულთა. ესრჱთ იყო მორჩილებაჲ ძლევით შემოსილთა მათ კაცთაჲ. და ნეტარნი იგი მამანი ჩუენნი წარუძღუეს ძმათა მათ და კუალად მიიწინეს ნეძუს და კჳრიკეწმიდას. ხოლო მამაჲ გრიგოლ თანადამდგომ ექმნა მათ ყოვლითა გულითა ახლად შჱნებასა მათსა. და აკურთხეს ადგილნი წმიდათა ეკლესიათანი და დასხნეს საფუძველნი. და ვითარცა წარმოვიდოდა ნეტარი გრიგოლ, მაშინ ძმათა მათ ყოველთა ტირილით ჰრქუეს: „ჵ წმიდაო ღმრთისაო, სიტყუაჲ იგი უფლისაჲ აწვე აღესრულების ჩუენ ზედა, ვითარმედ „ინატრიდეთ ხილვასა მოძღურისა თქუენისასა და ვერ იხილოთ!“ ჵ სიწმიდეთა შენთა მძლავრებაჲ, არამედ იყავ ნებაჲ შენი და ნუ ნებაჲ ჩუენი. შენ, წმიდაო, დაღაცათუ საწუთროსა ამას განგჳშორენ, საუკუნოდ ნუ გნებავს განშორებაჲ ჩუენი და გაჴსოვთმცა მარადის წმიდათა შინა ლოცვათა შენთა, გამორჩეულო ღმრთისაო!“.

და აკურთხნა ყოველნი იგი ნეტარმან მან ცრემლით და ნუგეშინის-სცა გულთა მათთა და შეჰვედრნა ქრისტესა და სანატრელთა მათ მამათა, და ჯუარი დასწერა წმიდათა მათ მონასტერთა. და წარმოსლვასა მისსა გზა-ჰყვეს მამაჲ თეოდორე და მამაჲ-ქრისტეფორე და ცრემლით ჰამბორს უყვეს ურთიერთას. და იგინი თჳსთა მონასტერთა დაადგრეს, ხოლო ნეტარი მამაჲ ჩუენი მოვიდა ხანძთად.

ესე მცირედი ვაჴსენე სამთა მათ წმიდათა, თეოდორჱსი, და ქრისტეფორჱსი, და საბან იშხნელისა ცხორებაჲ ამით, რამეთუ ფრიად განგრძობაჲ იქმნებოდა საქმეთა მათთაჲ სრულიად აღწერითა ჭეშმარიტად.

რაჟამს ხანძთაჲ იქმნა სახელოვან მადლითა და სახარულევან სულიერთა შვილთაგან, მას ჟამსა მიძნაძოროჲთ ხანძთად მოვიდა დიდი მეუდაბნოჱ მიქელ მამაჲ, რომელიცა დაემკჳდრა პარეხთა, რამეთუ იყო იგი მეგობარ ნეტარისა მამისა გრიგოლისა. და ეძიებდა მარტოდ-მყოფებასა და პოვა თავისა თჳსისა სამკჳდრებელი ბერთისა პარეხთა და, განზრახვითა ამის წმიდისაჲთა, დაემკჳდრა მათ შინა და კეთილად წარემართა სათნოებათა მიმართ უფლისათა.

ხოლო მტერი, ეშმაკი, იგლოვდა ფრიად, რამეთუ ხედვიდა წმიდათა კაცთა განმრავლებითა ჟამისა თჳსისა შემოკლებასა და მიქელისთჳს დიდსა საუცრებასა ცხადად და ფარულად ჰყოფდა, რაჲთამცა განიოტა უდაბნოჲთ. ხოლო იგი ძლიერად მოითმენდა გუემათა დაუძინებელისა მის მჴდომისათა და არცხუენდა თითო-სახეთა მათ მანქანებათა მისთა შეწევნითა ქრისტჱსითა და წმიდათა ყოველთა ოხითა.

ხოლო იყო ჟამსა რომელსამე მამაჲ მიქელ განშორებულად სენაკსა თჳსსა, მდგომარე მაღალსა კლდესა ზედა მცირედ რაჲმე უდბად, და კადნიერ იქმნა მის ზედა ბელიარ და სიმაღლისა მისგან გარდამოაგდო ქუე. ხოლო დაიცვა ყოვლად-უვნებელად ყოველთა მეუფემან ქრისტემან ღმერთმან. არამედ მამაჲ მიქელ შეზრუნდა მიმდემი სამარადისოსა მას ბრძოლასა და მოწაფჱ თჳსი მიავლინა სულიერად მოძღურისა თჳსისა მამისა გრიგოლისსა და აუწყა ყოველი იგი განსაცდელი სულთა ბოროტთაჲ. და წმიდაჲ იგი მსწრაფლ მივიდა შეწევნად ძმისა თჳსისა ძალითა უფლისაჲთა და განამჴნო იგი სულითა, და ახლად ჴელითა თჳსითა შექმნნა ძლევისა მომცემელნი ქრისტჱს ბეჭედნი, ორნი ჯუარნი ძელისანი, საფარველად მისა და განსაოტებელად მტერთა, და იმიერ და ამიერ განშორებულად სენაკსა მისსა აღჰმართნა და საზღვრად უჩინნა წმიდასა მას, ვითარმედ: „ორთა ამათ ჯუართა ქრისტჱსთა შუა უშიშად იყავ შეწევნითა წმიდისა სამებისაჲთა და ძალითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა. ხოლო უკუეთუ წარჰვლო, კუალად განიცადო უძჳრჱსად პირველისა“.

და ლოცვა ყვეს და წარმოვიდა სანატრელი გრიგოლ. ხოლო ნეტარმან მიქელ პოვა სრულიად განსუენებაჲ, რამეთუ სიმდაბლითა დასცა მტერი ამპარტავანი, ვინაჲთგან არა სიმართლეთა თჳსთა ესვიდა, არამედ ღმრთისა მხოლოჲსა მინდობითა მოიყვანა მოძღუარი თჳსი და სულიერი ძმაჲ გრიგოლ შემწედ, ვითარცა წერილ არს: "ძმაჲ ძმისა შემწე ვითარცა ზღუდჱ დაუცემელი”; სიტყჳსაებრ იაკობ მოციქულისა, ვითარმედ: „ერთი ერთისათჳს ლოცევდით, რაჲთა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად“. და ესრჱთ მტერთა ზედა მძლე ექმნა სრულიად მადლითა ღმრთისაჲთა.

ხოლო იყო ნეტარი მიქელ ქუეყანისა შავშეთისაჲ, სოფლისა ნორგიალისაჲ და მიძნაძოროს მონაზონ იქმნა, ხოლო პარეხთა შინა მრავალთა წელიწადთა ცხოვნდა და აღრაჲ-ესრულა, მუნვე დაემარხა. და აწ საფლავი მისი და დიდებულისა მამისა ბასილისი, რომელიცა შემდგომად მისსა პარეხთა მკჳდრ იყო, ერთგან არიან და კაცთა კურნებასა მიჰმადლებენ, რომელნი სარწმუნოებით მივლენან მათდა.

ხოლო ნეტარი მამაჲ ჩუენი გრიგოლ, ორთა მათ მისთა შჱნებულთა მონასტერთა შინა, ხანძთას და შატბერდს, იქცეოდა მარადის და მოძღურებისა მისისა სწავლითა აღავსებდა გულსა მოწაფეთა თჳსთასა. რამეთუ არა ხოლო თუ წიგნთა საღმრთოთა ოდენ სიბრძნის-მეტყუელებდა ყოვლით კერძო, არამედ წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა საქადაგებელსა გალობასა სრულიად წელიწდისა განგებითა მოძღუარ იყო განუკითხველად, და ყოველთა დღესასწაულთა განგებაჲ კეთილად იცოდა, რამეთუ, რომელიცა დაესწავა, დაუვიწყებელად აჴსოვდა. და აქუნდა ჴმისა ნებიერობაჲ და ტკბილობისა შეუნიერებაჲ, ხოლო განსაკჳრვებელ იყო ჴსოვნებაჲ მისი.

რამეთუ აწ არს ხანძთას ჴელითა მისითა დაწერილი სულისა მიერ წმიდისა საწელიწდოჲ იადგარი, რომლისა სიტყუანი ფრიად კეთილ არიან. ხოლო ახლისა შჯულისა დაბეჭდულნი წიგნნი ზეპირით იცოდნა და მრავალნი წიგნნი ძუელისაცა შჯულისანი. არამედ დაუბეჭდველნი წმიდათა მოძღუართა თქუმულნი აღურაცხელნი წარმოითქუმოდეს უწიგნოდ ენითა მისითა უმეტჱს ზეშთა ბუნებისა ჩუენისა, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ სადაცა დაადგრეს, ყოველსავე აღასრულებს უფროჲს ბუნებისა და ცნობისა კაცობრივისა. და ადამისდაცა პირველ მცნებისა შეურაცხებადმდე ყოველი დამორჩილებულ იყო. ხოლო ამას მცნებათა უბიწოდ დამარხვითა ყოველივე კეთილად განემარჯუებოდა. და ამის მიერ არა ხოლო თუ მონასტერნი მისნი განმტკიცნებოდეს, არამედ სიბრძნისა მისისა მდინარეთაგან ირწყვოდეს ყოველნი უდაბნონი კლარჯეთისანი. და მრავალგზის მოვიდიან წმიდანი იგი მამანი, წინამძღუარნი მონასტერთანი, მრავალთათჳს მიზეზთა და სიბრძნითა მისითა პოვიან განსუენებაჲ ყოველსა ზედა საქმესა.

ხოლო ყოველთა დღეთა ამის ნეტარისათა წმიდათა მათ მამათა მონასტრებისათა აღებაჲ ამას წინაშე გარდაიჴადიან ხანძთას და პირმარხვად მიიღიან კანონი დიდთა მარხვათათჳს და წარვიდიან. და იყო ოდესმე ერთად შეკრებაჲ ამათ ნეტართაჲ წმიდისა ამის წინაშე, და თჳნიერ ოპიზისა წინამძღუარისა ყოველთა მათ ასწავებდა კეთილთა მათ სიტყუათა სულისა ცხორებისათა მამაჲ გრიგოლ. ხოლო ოპიზელი მამაჲ შეწუხნა და ჰრქუა მას: „წმიდაო მამაო, რაჲსათჳს თანაწარმჴდი სულიერთა სიტყუათა შენთა?“ ხოლო მან ჰრქუა: „მამაო პატიოსანო, არა თუ შეურაცხებისათჳს თანაწარგჴედ შენ, არამედ ამის მიზეზისათჳს, რამეთუ ამათ ყოველთა უდაბნოთა უწინარჱს აღშჱნებულ არს ოპიზაჲ, და არა განვაგებ ოპიზასა ზედა, არცა წინამძღუარსა მისსა ზედა“. ხოლო მან სიმდაბლით დაარწმუნა წმიდასა მას თავისა თჳსისა სწავლაჲ სწორად სხუათა მათ მამათა, რაეთუ ესრჱთ აქუნდა ყოველთა, ვითარცა წმიდათა მოციქულთაგანი შუამდგომელად ღმრთისა და კაცთა.

არამედ მრავალ-გზის მის ჟამისა ჴელმწიფეთა განიზრახეს დამტკიცებით ამის ნეტარისა ეპისკოპოსობაჲ და ფრიადითა შრომითა აწყინეს, რაჲთამცა დაემორჩილა. ხოლო მან არა ინება დიდებაჲ ესევითარი და გულისხმა-უყო მათ განმარტებულად, ვითარმედ „მსოფლიოთა მათ წმიდათა საყდართა არა უმრწემჱს არიან წმიდანი უდაბნოთა ეკლესიანი, საყდარნი ღმრთისა დიდებისანი. დაღაცათუ მღდელობაჲ ეპისკოპოსთაგან მიეცემის ყოველთა მღდელთა, არამედ პირველთა წმიდათა მამათა მეუდაბნოეთაგან ესრჱთ ვისწავეთ, ვითარმედ: რომელი მადლი მიეცემინ კაცსა ჟამსა ნათლის-ღებისასა, იგივე მადლი ვიხილეთ, ოდეს ხატი მონაზონებისაჲ მიაქუნ ახლად მონაზონსა და ეგრჱთვე წმიდისა სქემისა მიღებისასა. და სხუაჲცა წამებაჲ ფრიად არს, არამედ ვითარცა-იგი ისრაჱლსა შორის ქალაქნი განეწესნეს შესავედრებლად კაცისმკვლელთა, ეგრჱთვე წმიდანი უდაბნონი ყოველთა შესავედრებელ არიან.

რამეთუ უმანკოთა მფარველნია ვნებისაგან მსოფლიოჲსა, და ვნებულთა ნავთ-სადგურნი არიან სასოებით სინანულისა მიცემითა და შჯულის-დებითა. და კმა არს ჩემდა ორ-კერძოვე დიდებად, უკუეთუ შე-ვითა-უძლო მოღუაწებაჲ წმიდათა ამათ უდაბნოთაჲ ჯერისაებრ, რომელთა შინა პოვეს კაცთა თავისუფლებაჲ, ვითარცა თქუა პავლე: „აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურნა“, და „სადა სული უფლისაჲ, მუნ აზნაურებაჲ“. რამეთუ მოეცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად“, სიტყჳსაებრ იოვანე მახარებელისა“. და ესევითარითა სიტყჳთა აღეშჱნნეს ჴელმწიფენი იგი და ადიდებდეს ქრისტესა.

ამისა შემდგომად იხილა ნეტარმან მამამან გრიგოლ აღორძინებული ერი საღმრთოჲ შატბერდს და წმიდაჲ ეკლესიაჲ პირველი განსრულებად და კურთხევად. მაშინ სიხარულითა აღივსო, რამეთუ მოჰმადლა უფალმან გულისაებრ მისისა საქმჱ იგი კეთილი მადლითა და მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობლისაჲთა, რომლისაცა სახელსა ზედა აღეშჱნა წმიდაჲ იგი მონასტერი მარადის დიდებად დედისა ღმრთისა, შეუწევნელთა შემწისა და ყოვლადვე მფარველისა მოსავთა და მაქებელთა მისთაჲსა აწ და უკუნისამდე, რომელიცა უფრჲს ყოველთა ჴელმწიფებისა თჳსისა დაბადებულთა გამოუთქუმელად ადიდა ძემან მისმან და ყოველთა ღმერთმან.

რამეთუ აწვე დაამკჳდრა სუფევასა წარუვალსა სულითა და ჴორცითა შეერთებული წინაშე დიდებისა ღმერთეებისა თჳსისა, ვითარცა არს პირმშოჲ ყოველთა წმიდათაჲ, ნათელი იგი ქრისტეანობისაჲ. და მეოხებითა მისითა და ყოველთა წმიდათაჲთა მაცხოვნებს ჩუენ უფალი ყოველთა მორწმუნეთა მისთა. უფროჲს ხოლო რჩეულთა მისთა ადიდებს, ნებისა წმიდისა მისისა აღმასრულებელთა, რამეთუ იტყჳს: „მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე“ და „მივანიჭო ასი წილი აქავე და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაუმჳდრო“. ხოლო ესე ბრძანებაჲ უტყუველი აღუსრულა ქრისტემან ნეტარსა გრიგოლს. წარუვალისა დიდებისა პატივად მიჰმადლა შჱნებაჲ დიდებულთა უდაბნოთაჲ და ჴორცთა შინა ყოფასა მისსა შიში და ზარი სიწმიდეთა მისთაჲ მიჰფინა მეფეთა და ყოველსა ერსა ზედა, ვითარცა მძლავრებაჲ წინააღუდგომელისა ჴელმწიფისაჲ. ხოლო შემდგომად სოფლით ჯმნისა, უმეტჱს ცნობათა ჩუენთა ადიდა ცათა შინა ანგელოზთა თანა. და აწ ქუეყანასა ზედა პირითა მოწაფეთა და მაქებელთა მისთაჲთა იდიდების მარადის.

ხოლო სანატრელი დედაჲ ფებრონია ზრუნვასა შინა იყო, რამეთუ მწყემსად მათდა ჩინებული სარწმუნოჲ მღდელი, მამისა გრიგოლის მივლენილი, გარდაიცვალა. არამედ ეუწყა ღმრთისაგან, ვითარმედ უმჯობჱს მისსა აწ იყოს სხუაჲ მღდელი მწყსად თქუენდაო. და წიგნი მიწერა ნეტარისა გრიგოლისსა და ითხოვდა მღდელსა ღირსსა. მაშინ წმიდამან მან ჰრქუა წმიდასა მატოის: „შვილო საყუარელო, მჴედარი ვიდრე წყობასა არა შესრულ არნ, ძლევაჲ მისი სიმრავლესა შინა ლაშქართასა არა საცნაურ არნ, არცა მეფეთაგან ნიჭი მიიღის, ხოლო ვინაჲთგან ახოვნად გამოჩნდის ძალი ბრძოლისა მისისაჲ ყოველთა ზედა, საცნაურ იქმნის, და ნიჭი დიდძალი მიანიჭის მას სამართლად მეფემან. და შენცა იქმენ მორჩილ სიტყუათა ჩემთა, ვითარცა ყოვლადვე თავს იდევ ყოვლადვე წმიდისა ღმრთისმშობლისა ეკლესიასა მერეს მღდელობაჲ ვითარცა ძლევით-შემოსილმან მჴედარმან უფლისამან. და ვესავ ქრისტესა, კეთილი ღუაწლი მოიღუაწო“. ხოლო იგი ცრემლით შეუვრდა და ჰრქუა მას ლმობიერად: „შემინდვე მამაო, რამეთუ უწყის სიწმიდემან შენმან, არაოდეს ურჩ ქმნილ ვარ ბრძანებასა შენსა. ხოლო აწ ვერ ძალ მიც ამისა ყოფად, რომელიცა მიბრძანე“ და წმიდამან მან ჰრქუა: „შემძლებელ ხარ ძალითა უფლისაჲთა. აწ კეთილთა სათნოებათა შენთა თანა მოიპოვე სრული მორჩილებაჲ. ჯუარითა ქრისტჱსითა ჯუარი დამიწერია, რაჲთა მიზეზი ყოველივე დაჰჴსნა”.

და ვითარცა იხილა მოძღუარისა თჳსისა უცილობელი ბრძანებაჲ, თჳნიერ ნებისა თჳსისა დაემორჩილა სიტყუათა მისთა და იქმნა მღდელ მონასტრისა დედათაჲსა ნებითა ღმრთისაჲთა სანატრელი და სასწაულთამოქმედი მატოი დიდი და დიდებული საქმითა თჳსითა. რამეთუ წელიწადთა ორმეოცთა მერეს მღდელობასა შინა მისსა უქმი სიტყუაჲ და უსარგებლოჲ პასუხი არავის ესმა მისგან, რომელი კაცთა ცოდვად ეყოფვის, ვითარცა უფალი იტყჳს: „ყოვლისათჳს სიტყჳსა უქმისა, რომელსა კაცნი იტყჳან, სიტყუაჲ მისცენ მისთჳს დღესა მას საშჯელისასა“. და არა ხოლო ესე ოდენ, არამედ რომელნი ხედვედ მას, ვერ იკადრიან უდბად განცხრომაჲ კრძალულებათაგან მისთა და სიწმიდით და უბიწოდ ქცევისა, რამეთუ ექმნა ყოველთა სახე კეთილის.

და ამან დაიმარხა ჭეშმარიტი ქალწულებაჲ არა ხოლო ჴორცითა ოდენ, არამედ სულითა და სიტყჳთა, სასმენელითა და თუალითა. რამეთუ ნეტარმან მან თქჳს, ვითარმედ მონაზონებაჲ ჰრქჳან კრძალვასა, რომლისათჳსცა ღმრთის-მოყუარემან მან დედაკაცმან თემესტია, მერისა დეკანოზმან, თქუა, ვითარმედ: „ ორმეოც წელ დეკანოზობასა ჩემსა და მატოის მღდელობასა საცეცხურნი მან ჴელისა ჩემისაგან არა ოდეს მიმიხუნაო".

ხოლო გარდარეულისა შრომისაგან მოუძლურდა, რამეთუ მოუკლებელი ლოცვაჲ, წყურილი და შიმშილი მარადის, და უძილობაჲ, ზედგომაჲ და მუჴლთა მოდრეკაჲ ფრიადი აქუნდა ნეტარსა მას, და სცემდა ვნებასა ჴორცთასა და სულისა მტერნი მოაუძლურნა. ხოლო ჟამის-წირვაჲ არა ოდეს დააცადის თჳნიერ მიზეზისა და უძლურებისა. და სამოსელი მისი ყოვლადვე შეურაცხი იყო და საზრდელი ეგრჱთვე.

ხოლო იყო მატოი ოდესმე თჳსსა მას საყოფელსა მახლობელად მერესა. და ცნა მოსლვაჲ მპარავთაჲ და დღისივე დაჰმზადა მათთჳს პური. და ვითარცა მოიწინეს ღამე მპარავნი იგი, ჰრქუა მათ: „გრწმენინ ჩემი, შვილნო, წმიდაჲ ღმრთისმშობელი გიბრძანებს არა ვნებად ჩემდა, არამედ მოვედით და ჭამეთ პური, რომელი განგიმზადე თქუენ”. ხოლო ერთი იგი, რომელსა მოეყვანნეს, კადნიერ იქმნა წარღებად, რაჲცა იგი აქუნდა წმიდასა მას. და მან ჰრქუა: „წინაშემდგომელი ვარ წმიდისა ღმრთისმშობლისაჲ, რომელმანცა პატიჟეულ გყოს შენ წარმდები ეგე“. და მუნქუესვე დაეცა იგი მტერისაგან ბოროტისა. მაშინ მოყუასნი მისნი ცრემლით შეუვრდეს წმიდასა მას, რაჲთა განკურნოს იგი. ხოლო მან ჯუარი დასწერა და ჰრქუა: „განგკურნებს წმიდაჲ ღმრთისმშობელი“ და მსწრაფლ განმრთელდა იგი. და წმიდამან მან ჰრქუა: „საწყალობელო, რაჲსათჳს წინამძღუარ ექმენ კაცთა ამათ ბოროტის-ყოფად ჩემდა?“ და ისტუმრნა და განუტევა მშჳდობით.

და ესევითარნი სასწაულნი მრავალნი ქმნნა წმიდამან მან და მიიწია სიბერედ, რამეთუ სნეულებაჲცა შეემთხჳა ძლიერთა მათ შრომათაგან და ვერ ეძლო თავისა თჳსისა მსახურებად. მაშინ თქუა ნეტარმან მატოი: „ესე ღონჱ მჴდომისაჲ იქმნა, რაჲთამცა დედანი მმსახურებდეს მე. დაღაცათუ ნებისა ღმრთისანი არიან დანი ესე, ხოლო უწესო არს მონაზონისა ჴელითა დედათაჲთა მსახურებაჲ, არამედ მე ღონჱ მაქუს, რომლითა განვთავისუფლდე“. და იყვნეს ვინმე ბერთას მამისა გრიგოლის დედისა მსახურთაგანნი, ნათესავნი მატოისნი, კეთილნი მონაზონნი და მეგობარნი მისნი. მათ აცნობა და მოვიდეს სიხარულით წარყვანებად მისსა ცხედრითა, რამეთუ ფრიად უძლურ იყო დიდისა მოღუაწებისაგან.

ხოლო დანი იგი ყოველნი გოდებისა ცრემლითა აღივსნეს, რამეთუ ობოლ იქმნებოდეს სულიერისა მამისა და მოძღურისაგან. და აკურთხნა ყოველნი ცრემლითა სავსემან. ჯუარი დასწერა და მშჳდობაჲ დაუტევა და ჰრქუა: „ქრისტემან დაგიცვენინ მადლითა მშობლისა თჳსისა ქალწულისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, არამედ ჩემთჳს ლოცვა ყავთ მარადის“. და წამ უყვნა ძმათა მათ და აღიქუეს იგი ცხედრითა. და ვითარ მცირედ ვლეს, უბრძანა დადგომაჲ და თქუა: „უფალო, სიტყუამან შენმან გუამნი უძლურთანი გუამ ცხოველ ყვნა, მეცა მომეც ძალი, უძლურსა მონასა შენსა“. და მსწრაფლ სრულიად განძლიერდა და თჳსითა ფერჴითა მიიწია ბერთას. და დაყვნა ჟამნი წელიწდისა ერთისა დღეთანი ყოვლად მრთელად და მერმე გარდაიცვალა საჭირველისა ამისგან სოფლისა, და მივიდა სოფელსა მას ცხოველთასა, ვითარცა მჴნჱ, ახოვანი მოღუაწჱ ქრისტჱსი და სრულიად ძლევით-შემოსილი წინაშე ღმრთისა სიხარულით და მეოხ არს ჩუენთჳს უკუნისამდე.

ხოლო ჟამსა გარდაცვალებისა მისისასა ჩუენებაჲ იხილეს მერეს შინა სანატრელთა მათ დედათა თემესტია დეკანოზმან და ანატოლე (რომელსა უწოდეს ანტონიოს) დაყუდებულმან, ორთავე, შუა ღამეს ოდენ. და ეკლესიად მივიდა მარტოდ-მყოფი იგი უწინარჱს ჟამის რეკისა, და ეგრევე დეკანოზიცა მიიწია სტოვასა ეკლესიისასა და მოიკითხნეს ურთიერთას. ხოლო დეკანოზმან ჰრქუა: „რაჲსათჳს არს მოსლვაჲ შენი? მაუწყე რაჲ იხილე?“ ხოლო მან ჰრქუა: „მსგავსად ხილვისა შენისა ვიხილე, რამეთუ აწ აღესრულა მაკურთხეველი ჩუენი მატოი“. და წარმოუთხრა ყოველი, ვითარმედ: მო-ვინმე-ვიდა კაცი ბრწყინვალედ შემკობილი და მრქუა მე: „დიდი მატოი მიიცვალების წინაშე ღმრთისა, არამედ შემომიდეგ მე, რაჲთა ღირს იქმნე ხილვად დიდებით მიცვალებასა მისსა ამიერ სოფლით ზეცისა სასუფეველსა“.

ხოლო მე შეუდეგ და მიმიყვანა ბორცუსა მახლობელად ბერთისა და მრქუა მე: „მიხედე ბერთას ზედა და იხილე დიდებული ხილვაჲ!“ და მე ვხედევდ სუეტსა ნათლისასა, რომელი შთამოიწეოდა ზეცით ზედა მონასტერსა მას, და სიმრავლჱ წმიდათა ანგელოზთაჲ სუეტსა მას თანა გარდამომავალი. და ერთი ვინმე დიაკონის სახედ ოლარითა მათ თანა, რომელნი უგალობდეს ღმერთსა ბრწყინვალითა ჴმითა. და კუალად ვიხილე კრებული იგი წმიდათა ანგელოზთაჲ, ეგრჱთვე სახედ აღმავალი ზეცად და საშუალ მათსა წმიდაჲ მატოი, ჴელ-პყრობით აღჰყვანდა ნათლითა-შემკობილთა მათ უჴორცოთა დიდებითა გამოუთქუმელითა გალობით მაღალთა შინა. ესე არს ხილვაჲ ჩემი წმიდისა მისთჳს“.

ხოლო მან ჰრქუა: „ჭეშმარიტად სარწმუნო არს ჩუენებაჲ ეგე შენი, არამედ აწ ისმინე ჩემი. რამეთუ ვითარ-იგი პირველ სიჭაბუკესა იყო სანატრელი მატოი, ჰასაკოვან და შუენიერ, უმეტჱსად აწ ვიხილე შემკობილი დიდებითა, შემოსილი ჟამის-წირვად სამოსლითა მოუგონებელად ბრწყინვალითა, და ჴელთა აქუნდეს ოქროჲსა საცეცხურნი. და მე დამიკჳრდა ხილვაჲ იგი და მე ვარქუ: „ვითარ განძლიერებულ ხარ უძლურებისაგან, მოძღუარო!“ ხოლო მან მრქუა: „საკურთხეველსა, რომელსა ვჰმსახურებდ სიყრმით ჩემითგან, აწ ამით საკურთხეველით დაუსრულებელად მისსა მსახურებად მივიცვალე, რამეთუ ღირს ვიქმენ ზეცისა საკურთხეველსა წინაშე წარდგომად და მარადის მსახურებად“, ესე ვითარცა იხილეს, მო-ხოლო-ვინმე-ვიდეს ბერთით და უთხრეს მატოის გარდაცვალებაჲ მასვე ჟამსა შინა და ჰმადლობდეს ქრისტესა საკჳრველთ-მოქმედსა.

ხოლო სხუანი მოწაფენი ნეტარისა გრიგოლისნი მრავლნი უდიდჱსსა საზომსა მონაზონებისასა მიწევნულ იყვნეს, რამეთუ ოდესმე იხილვებოდა წმიდათა ანგელოზთა ბრწყინვალებაჲ გუამთა მათთა შემოსილი უფროჲს მატოისსა. და სასწაულნი დიდნი მათ მიერ იქმნებოდეს ჴორცთა შინა ყოფასა მათსა და შემდგომად სიკუდილისა მათისა. არამედ ვთქუა სარწმუნოჲსა მისთჳს შვილისა ქრისტე-შემოსილისა, რომელსა სახელი ეწოდა დიმიტრიოს. რამეთუ იგი ნეტარსა დედასა ფებრონიას განეზარდა და მამისა გრიგოლისდა დაემოწფა, რომელიცა შერაცხილ იყო პირველთა თანა მოწაფეთა მისთა.

და მრავალ-გზის იხილვა მის ზედა სუეტი ნათლისაჲ კაცისა მიერ ღმრთისა ღამე ყოველ ლოცვასა მას ღირსებისასა, რამეთუ სული წმიდაჲ განისუენებდა მის ზედა მარადის. ესე წარემართა იერუსალჱმად. და ვითარცა მიიწია ჰემსას, მცირედ დასნეულდა და ცნა სულითა ღმრთისა-მიერი წოდებაჲ და დაწერა ეპისტოლჱ ჴელითა თჳსითა ესრჱთ: „რჩეულნო ქრისტჱსნო, სამკჳდრებელნო სიწმიდისანო, მამაო გრიგოლ და დედაო ფებრონია, სულიერად მშობელნო ჩემნო, რომელთა ნაცვალად სძისა აღმზარდეთ სულიერითა მოძღურებისა საზრდელითა და საღმრთოჲსა სწავლისა საგზლითა წარმგზავნეთ კეთილსა ამას გზასა, აწ სიტყუაჲ ჩემი დადუმნების თქუენდა მომართ უფლისა დიდებით მოსლვადმდე, რამეთუ მე ჰემსას მივიწიე და მუნ დამიძინებია მეორედ მოსლვადმდე ქრისტჱსა. რაჟამს მოწაფეთა თქუენთა მოითუალვიდეთ, მუნ მიკითხეთ შვილი თქუენი და მარადის ჴსენებულ მყავთ წმიდათა ლოცვათა თქუენთა, წმიდანო ღმრთისანო“. და მასვე ჟამსა აღესრულა და მუნვე ჰემსას დაეფლა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — გიორგი მერჩულე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.