XII. და რაჟამს ცნა ნეტარმან გრიგოლ წარსლვაჲ თეოდორჱსი და ქრისტეფორჱსი, შეწუხნა ფრიად და თანა წარიყვანნა ოთხნი ძმანი და წარვიდა ძიებად კრავთა მათ რჩეულთა მწყემსი იგი კეთილი. და ვითარ მოიწია ქართლისა სანახებსა, ნებითა ღმრთისაჲთა ძიებასა მას ძმათასა პოვა ეფრემ ყრმაჲ, ჭაბუკი ღირსი და ღირსებასა შინა იხილვა მამაკაცებასა სრულსა მიწევნული სიწმიდითა, და სიწმიდესა შინა აწყურისა ეპისკოპოსი სასწაულთა მოქმედი. ხოლო ეპისკოპოსობასა შინა მიიწია მოხუცებულებასა კეთილსა, და აღესრულა საკჳრველებით, და ნაწილნი მისნი წმიდანი მიეცნეს ნათლად სამცხესა. ესე ეფრემ ღირსი ღმრთისაჲ დაიმოწაფა ნეტარმან გრიგოლ და უბრძანა ესრჱთ: „რაჟამს მოვიქცე აფხაზეთით, თანა წარგიყვანო შენ ხანძთად“, და თჳთ წარემართა აფხაზეთს. და მი-რაჲ-იწია წინაშე ჴელმწიფისა მის, ზე აღდგა, და წინა მოეგება, და სიმდაბლით მოიკითხა, რამეთუ ზარი აჰჴდა მადლთაგან სიწმიდეთა მისთაჲსა და დიდებულებისაგან პირისა მისისა. რამეთუ ვითარცა პირი მოსე წინაჲსწარმეტყუელისაჲ იყო დიდებულ ამის ნეტარისაცა ხატი მადლითა ღმრთისაჲთა.
და შემდგომად მოკითხვისა, დასხდეს მეფჱ და ნეტარი გრიგოლ. ხოლო წმიდამან განგრძობილად ულოცა და მრავლითა კურთხევითა შეამკო. და მეფემან მან თქუა: „კურთხეულ არს ღმერთი, რომელი მოგიძღუა აქა, წმიდაო მამაო, არამედ ვინაჲ არს მიზეზი მოშრომისა შენისაჲ, მაუწყე მე“.
და ნეტარმან გრიგოლ ჰრქუა: „მეფეო ღმრთის-მსახურო და დიდებულო! მოწევნულ არიან წმიდანი მამანი, ძმანი ჩემნი, წინაშე შენსა. და აწ არიან სამეუფოსა ამას, და მათთჳს არს მოსლვაჲ ჩემი აქა. არამედ ბრძანენ ჴელმწიფებამან შენმან და მოვიდენ იგინი ჩუენდა“. ხოლო მეფესა დაუმძიმდა ძიებაჲ მათი და ჰრქუა: „არა მოსრულ არიან აქა ეგევითარნი მონაზონნი, რომელთასაცა ბრძანებს სიწმიდჱ შენი“. მაშინ ნეტარი მამაჲ გრიგოლ სიტყუასა ზედა მეფისასა განრისხნა და ჰრქუა: „მეფეო, ნუ შრომასა შემამთხუევ, მომცენ ძმანი ჩემნი, რომელნიცა მოიწინეს შენდა“. და ვითარ ღონჱ სიტყჳსაჲ არღარა აქუნდა მეფესა მართლმხილებისაგან მის წმიდისა, უბრძანა მოყვანებაჲ ძმათაჲ მათ. და ვითარ იხილეს მამაჲ გრიგოლ, შეუვრდეს ცრემლით. ხოლო წმიდამან მან აღადგინნა და შეიტკბნა სიყუარულით და ჰმადლობდა ქრისტესა პოვნისა მათისათჳს. და რამეთუ იყვნეს ბუნებით მომლოდებელ წმიდისა მის ძმანი იგი, მათცა უხაროდა ურთიერთასი იგი შეკრებაჲ თჳსი. და მეფემან მან ჰრქუა ნეტარსა გრიგოლს: „წმიდაო მამაო, აჰა იქმნა წადიერებაჲ ნებისა შენისაჲ, არამედ უფალმან ყავნ ნებაჲცა გულისაჲ ჩემისაჲ. რამეთუ მაქუს სულსა ჩემსა მონასტრისა ახლად შჱნებაჲ. აწ ბრძანე და მოვიხილნეთ მრავალნი ადგილნი აფხაზეთისანი და სადაცა სიწმიდემან შენმან ინებოს, მონასტრად აღვაშჱნოთ ადგილი იგი“.
და მოვლნეს ქუეყანანი, საგონებელნი სამონასტრედ, და არა სთნდეს წმიდასა მას. და ჰრქუა მეფესა მას „არა არს მიწაჲ არცა წყალი ქუეყანასა ამას, სადამცა მონასტერი აღეშჱნა, რამეთუ ტალანტი მონაზონისაჲ მარხვაჲ არს. და ამას მიწასა ზედა ვერ ეგების მარხვაჲ სულისაგან ხორშაკისა მაკუდინებელისა“. და შეწუხნა ფრიად მეფჱ იგი ამის მიზეზისათჳს და ჰრქუა მათ: „არა სამართალ არს კეთილთა თქუენთაგან უნაწილობაჲ ამის ქუეყანისაჲ“.
მაშინ მამამან გრიგოლ, სარწმუნოებისაებრ მეფისა, აღაშჱნა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბჱ, და ილარიონ ვინმე, იერუსალჱმით მოსრული, სარწმუნოჲ მოხუცებული, დაადგინა მამასახლისად, რამეთუ ხანძთით წარყოლილ იყო იგი თეოდორჱს და ქრისტეფორჱს თანა და აქუნდეს მას კეთილნი წიგნნი. და მამამანცა გრიგოლ თჳსნი წიგნნი, რომელ აქუნდეს, და-ვე-უტევნა მონასტერსა მას. ხოლო ჴელმწიფჱ იგი სიხარულითა აღივსო მონასტრისა მის შჱნებისათჳს და შეწირა საშჱნებელად მისა ფრიად შესაწირავი და მიანიჭა მამასა გრიგოლს და მოყუასთა მისთა დრამაჲ ათი ათასი და ყოვლითა კეთილითა აღავსნა.