prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება — თავი III

გიორგი მერჩულე · ჰაგიოგრაფია

III. ხოლო ნეტარმან გრიგოლ, ვითარცა იხილა თავი თჳსი ჴორციელად დიდებასა შინა, ფრიად წუხდა გული მისი და განიზრახა ფარულად სივლტოლაჲ თჳსით ქუეყანით საღმრთოჲთა წოდებითა, რომელიცა უჴდოდა მას მამათმთავრისა აბრაჰამის სახედ. არამედ აბრაჰამ ქუეყანისა მის განურწმუნოთა ნათესავთაჲსა განაშორა ღმერთმან, ხოლო ესე მორწმუნისა და კეთილად მსახურისა ქუეყანისაგან გამოიყვანა ამის მიზეზისათჳს, რაჲთა უქმთა მათ უდაბნოთა შინა გამობრწყინდეს სანთელი ესე დაუვსებელი, ბრწყინვალედ ზედა სასანთლესა მას მაღალსა ზეთითა მით განუპარველითა, რაჲთა ჴმასა მას და ოხრასა საყჳრისასა აღეტყინოს და განბრწყინდეს სულითა ძლიერითა და მიუძღუეს მას კრებულსა თანამოწაფეთა მისთა წმიდათასა.

და ესევითარსა კეთილსა განზრახვასა და გზავნასა მისსა პოვნა მოყუასნი კეთილნი შეწევნითა ქრისტჱს მადლისაჲთა: საბა, რომელსა ეწოდა საბან, დედისდისწული მისი, იშხნისა მეორედ მაშენებელი და ებისკოპოსი მისი, და თევდორე, ნეძჳსა მაშჱნებელი და მამაჲ, და ქრისტეფორე, კჳრიკეთისა მაშჱნებელი და მამაჲ. ესე ოთხნი შეანაწევრნა სარწმუნოებამან და საღმრთომან სიყუარულმან შეამტკიცნა ერთ ზრახვად შეკრებულნი, ვითარცა სული ერთი ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებული.

მაშინ ერთითა მით ერთობითა აღიბეჭდნეს თავნი თჳსნი ძლიერებისა ბეჭდითა მით ნიშისა საუფლოჲსა პატიოსნისა ჯუარისაჲთა. და სიხარულით წარემართნეს გზასა მას, რომელი არა უწყოდეს, არამედ არა უმეცარ იყვნეს, რამეთუ უფალი მხოლოდ უძღოდა მათ. და მოიყვანნა იგინი ქართლით ოპიზას პირველად.

ხოლო იყვნეს ოპიზას ძმანი მცირედნი შეკრებულ ქრისტჱს სიყუარულისათჳს, ვინაჲთგან პოვნილ იყო წმიდაჲ იგი მცირე ეკლესიაჲ წმიდისა ნათლისმცემელისაჲ. და იყო წინამძღურისა მათისა სახელი ამბა გიორგი, რამეთუ მესამე მამაჲ იყო ოპიზისაჲ, რაჲთგან სამოელ და ანდრია გარდაცვალებულ იყვნეს. ამან ნეტარმან ამბა გიორგი, ვითარცა იხილნა სანატრელი მამაჲ გრიგოლ და მოყუასნი მისნი, გულისჴმა-ყო საღმრთოჲთა ცნობითა ღირებისა მათისა მადლი და შეიწყნარნა იგინი სიხარულით, არა ვითარცა მოწაფენი, არამედ ვითარცა უზეშთაესნი მისა. და ორისა წელიწდისა ჟამთა იყუნეს ოპიზას მამაჲ გრიგოლ და მოყუასნი მისნი ღუაწლითა ფიცხლითა მონაზონებისა შრომისაჲთა, ვითარცა იყო წესი მის ჟამისა მონაზონთაჲ.

ხოლო მამასა გრიგოლს სწადოდა მარტოდ დაყუდებაჲ, რამეთუ ესმოდა ანგელოზებრივი ცხორებაჲ მარტოდ მყოფთაჲ მათ სივრცესა მას შინა უდაბნოჲსასა, რომელნი-იგი იზარდებოდეს მძოვრთა სახედ მწუანვილითა და ხილითა, ხოლო რომელნიმე მცირედითა პურითა, და რომელთაჲმე ესმოდა სახელი და რომელნიმე ფარულად იყვნეს. ყოველთა მათ ნეტართა მოიხილავნ წმიდაჲ გრიგოლ და კეთილთა ქცევათა მათთა ისწავებნ, რომელთაგანმე – ლოცვასა და მარხვასა, რომელთაგანმე – სიმდაბლესა და სიყუარულსა, რომელთაგანმე – სიმშჳდესა და განურისხველობასა, რომელთაგანმე – უპოვარებასა და ქუეყანასა ზედა წოლასა, გინა თუ ზეჯდომით ძილსა, რომელთაგანმე – უძლურებასა და ჴელთსაქმარსა დუმილით და მსგავსთა ამათთა სათნოებათა. და ესრეთ სწავლათაგან სულიერთა აღსავსემან მიაქციის საყოფლადვე თჳსა, რამეთუ ესმინ წმიდათა მათგან, ვითარმედ „ჰრცხუენისმცა სოფელსა ქცევათაგან ჩუენთა კეთილთა“.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — გიორგი მერჩულე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.