X. მაშინ იერუსალჱმით მოიწია კაცი, რომელმან მოართუა საბა-წმიდისა განგებაჲ და წერილი. ხოლო ნეტარმან გრიგოლ მას ჟამსა განაწესა წესი თჳსისა ეკლესიისაჲ და მონასტრისაჲ, სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით განბრწყინვებული და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევით შეკრებული, ვითარცა საფასჱ დაულევნელთა კეთილთაჲ.
ხოლო აწ წესთა მათგანი სულიერთაჲ მცირედი რაჲმე გჳპყრიეს, ვითარმცა ზღჳსაგან წუეთი ერთი წყალი ვინმე აღმოიღო, რამეთუ ესრჱთ იყო ცხორებაჲ ნეტართაჲ მათ: სიმართლესა შინა მათსა მარადის თავთა თჳსთა ბრალობაჲ აქუნდა და სიყუარულისა ძირი, მტკიცჱ მოთმინებაჲ სიმდაბლით და სიმშჳდით, მარხვაჲ ლოცვითა შეზღუდვილი, სარწმუნოებასა თანა მართალსა დამტკიცებული სიწმიდჱ გულისაჲ, და ჭეშმარიტებაჲ ენისაჲ და უბიწოებით კრძალვაჲ სრულიად ყოველსავე ზედა. ხოლო წმიდასა ეკლესიასა ლოცვასა მათსა არა აქუნდა უბნობაჲ ურთიერთას, არამედ შიშით დგანედ, ვითარცა ზეცას წინაშე ღმრთისა. და რაჟამს დავითს იტყჳედ, ვიდრე ალილოჲსა განსრულებამდე მემჴრეთა ვერ იკადრიან მუჴლისა აღებაჲ დაწყნარებულსა მას ლოცვასა მათსა, რამეთუ არა აქუნდა ჩუეულებაჲ სწრაფით თქუმისაჲ ყოველსავე ზედა საგალობელსა მათსა, არამედ მდაბლად და გჳანად იყო ლოცვაჲ მათი. და კედელსა თჳნიერ ბერთაისა არავინ მიეყრდნებოდა, ხოლო ძილსა და უკრძალველად ჯდომასა ყოვლადვე არა იკადრებდეს ეკლესიასა შინა. და ესევითარი მრავალი სათნოებაჲ კეთილი სხუაჲცა დამკჳდრებულ იყო შორის მათსა, რომლისათჳს არა არს აწ თითოეულად ყოვლისათჳს, სიტყუაჲ რამეთუ შემოკლებულ არს ჟამი ესე და გონებაჲ ისწრაფის, რაჲთა არა იყოს ნამეტნავ სასმენელსა მსმენელთასა. ამისთჳს განგებაჲ ყოველი ვერ დაიწერა წიგნსა ამას, არამედ თოთოჲ სიტყუაჲ ყოვლისაგან, რომელ აქამდე წესი აქუნდა ხანძთასა და აწ რომელ აქუს ესრჱთ.
ყოველთა ღამის-თევათა შემწუხრებითგან განთენებამდე ლოცვაჲ, და ღამის-თევათა წინადღით დღისა ჟამთა ყოველთა ლოცვაჲ, და ჟამის-წირვაჲ ჟამსა ცხრა-ჟმისასა, და კუერექსთა შემატებაჲ. ხოლო ჟამის-წირვასა ყოველსა “წმიდაო ღმერთო“-სა წინა კუერექსი ზეცით გარდამოჲ და კჳრიაკეთა ჟამის-წირვასა „წმიდაო ღმერთო“-ჲ ექუსი, და საკურთხეველისა მსახურებასა ფესუედითა სამოსლითა და ტყავითა არა იკადრებოდა მსახურებაჲ.
ხოლო გარდაცვალებულთათჳს ყოველთა გარდაიჴდიან, გარდაცვალებითგან რასაცა დღესა მიხუდის, სამი დღჱ და შჳდი, ორმეოცი და წელიწადი. და მათ დღეთა ჟამის-წირვაჲ არა შეათუალიან ორასთა მათ დღეთა განწესებულთა ხანძთას დამარხულთათჳს. და განყოფაჲ პაქსიმადისაჲ პირველითგანვე განწესებული არს, გიორგი-წმიდობისა თთუე რაჲ დადგეს, მარხვაჲ წუელითა ვიდრე გიორგი-წმიდობამდე, ეგრჱთვე ქრისტჱს-შობისა მარხვანი და წმიდათა მოციქულთანი საეკლესიოდ დიდითა მოღუაწებითა და კეთილად-კრძალულებითა აღასრულნიან.
ხოლო ნოემბრისა თჳსა დადეგითგან ყოველთა შაბათთა ცისკრად ვიდრე პირმარხვადმდე კანონი ოთხი, და დიდთა მარხვათა ვიდრე ბზობამდე ყოველსა ცისკარსა კანონი ოთხი, ეგრჱთვე წიგნის კითხვაჲ ოთხი და ვნებისა კჳრიაკისა ფრიად განგებაჲ იყო. ხოლო აღვსებითგან ვიდრე ახალ-კჳრიაკემდე ჭირისა კანონი არა თქჳან, და სერობასა „ხადილსა ჩემსა“ წართქჳან და ადგომისა წარდგომანი და ცისკრად დაწესებულნი და თითო კანონი ახალ-კჳრიაკემდე. ხოლო სულთა ჴსენებასა შემდგომად აღვსებისა ცისკრად „ნეტარ არიან“-ნი და გალობანი წართქუნიან, ვითარცა ყოველი წერილ არს განგებასა ეკლესიისასა ამის ყოვლისა ნეშტი, ეგრჱთ ჰყოფდიან ყოველსა მამანი ჟამთა შინა ჩემთა.
არამედ პირველთა მათ დღეთა ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისთა ფიცხელ იყო ფრიად კანონი მოწაფეთა მისთაჲ, რამეთუ სენაკთა მათთა შინა იყო მცირჱ სარეცელი და შეურაცხი საგებელი და თითოჲ სარწყული წყლისათჳს. ხოლო სხუაჲ ნუგეშინის-საცემელი ჴორცთაჲ არა აქუნდა საჭამადისაჲ და სასუმადისაჲ ყოვლადვე, არამედ რომელი ტრაპეზსა ზედა ერთბამად ჭამიან, მით იყო ცხორებაჲ მათი. და მრავალნი მათგანნი არა სუმიდეს ღჳნოსა ყოვლადვე; და რომელნიცა მიიღებდეს, მცირედ იჴუმევდეს. და სენაკებსა მათსა საკუამი არა აქუნდა, რამეთუ ცეცხლი არა აღეგზებოდა, და არცა ღამჱ სანთელი აღანთიან, არამედ ღამჱ იყო ფსალმუნებაჲ და დღისი წიგნის-კითხვაჲ და ლოცვაჲ მარადის, ვითარცა იტყჳს დავით: „დღისი ამცნო უფალმან წყალობაჲ მისი და ღამჱ გალობაჲ მისი“.
ხოლო ნეტარმა მამამან გრიგოლ თავადნი დიდნი მარხვანი გარდავლნის მცირედითა კალნაბითა უმბგვრითა. ხოლო მრჩობლად საზრდელად მისა იყო ყოველთა დღეთა მისთა, პური ნაკლულევანებით დღესა შინა ერთ ჭამის და წყალი წონითვე მცირედი. ღვნოჲ კულა სიყრმითგანვე არა ესუა და უმრავლჱსნი სათნოებანი მისნი და მოწაფეთა მისთანი ღმერთმან მხოლომან უწყნის.