prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება — თავი XIX

გიორგი მერჩულე · ჰაგიოგრაფია

XIX. არამედ პირველ-ჴსენებულნი და ყოვლად-მოსაჴსენებელნი იგი ღირსნი არსენი და ეფრემ, მოწაფენი და აღზრდილნი გრიგოლისნი, მოვიჴსენნეთ, რომელნიცა სათნო იყვნა ნებამან ღმრთისამან მწყემსთ-მთავრად სამწყსოთა მათ თჳსთა პირმეტყუელთა. რამეთუ დიდი ეფრემ, უწინარჱს მრავლით წლით არსენისა, იქმნა ეპისკოპოს აწყურისა საყდარსა სამცხეს. ხოლო შემდგომად დიდი არსენი კათოლიკე ეკლესიასა, ქრისტჱს კუართისა სამკჳდრებელსა მცხეთას, ქართლისა კათალიკოზ იქმნა. და იყო სიყუარული მათ შორის ერთად ზრდილობისათჳს.

არამედ ქართლისა ეპისკოპოსნი მირეან არსენის მამისათჳს ფრიად გულწყებულ იყვნეს ამის მიზეზისათჳს, რამეთუ თჳნიერ განზრახვისა მათისა მძლავრ სამცხისა ერითა ძჱ თჳსი დაადგინა კათალიკოზად დანადგომითა და კურთხევითა მცირედთა ეპისკოპოსთაჲთა. არამედ მცირედ მხილებისათჳს უფლისა მიშუებითა იყო აღძრვაჲ ეპისკოპოსთაჲ მათ, ვიდრემდის ნეტარი ეფრემ მი-ვე-ერჩდა მათ, რამეთუ სამართალ იყო სიტყჳს-გებაჲ იგი. და რომელ ჟამსა მას ჴელმწიფე იყო მამფალი გუარამ დიდი, მირეანისთჳს გულძჳრად იყო. და მსწრაფლ ხოლო ბრძანა შეკრებაჲ ეპისკოპოსთაჲ და უდაბნოჲსა მამათაჲ. და ყოველნი შემოკრბეს ჯავახეთს, არამედ მამაჲ გრიგოლ არა მუნ იყო, არცა ყოველნი კლარჯეთისა უდაბნოთა წინამძღუარნი მამანი.

რამეთუ იყო ნეტარი გრიგოლ არქიმანდრიტი და წადიერად მოელოდეს ყოველნი და მარტოდ ანჯმნობდეს წესისა წინამძღუარნი იგი არსენი კათალიკოზისათჳს და ვერაჲ დაამტკიცეს სიტყუაჲ მათი. მაშინ ერუშნელმან ეპისკოპოსმან მის ჟამისამან ჰრქუა ყოველთა: „ოდეს მოვიდეს ვარსკულავი უდაბნოთაჲ, მაშინ განემართოს საქმჱ და განზრახვაჲ ყოველთაჲ”. და მათ ჰრქუეს: „ვისთჳს არს სიტყუაჲ ეგე დამტკიცებითი?“ ხოლო მან თქუა: „გრიგოლ არქიმანდრიტისათჳს, ხანძთისა და შატბერდისა მაშჱნებელისა“. მაშინ ერთმან ვინმე ეპისკოპოსმან სილაღით თქუა შორის შეკრებულთა მათ: „იგი ოდენ არსა ვარსკულავი მნათობი?“ ხოლო სხუათა მათ ყოველთა თქუეს: „ჭეშმარიტსა იტყჳს, რამეთუ იგი არს მოძღურებისა ნათლითა განმანათლებელ და შემკულ სულითა წმიდითა“. და მეყსეულად იხილეს წმიდაჲ იგი მომავალი კარაულითა შორის კრებულსა მას მამათასა საკჳრველად ხილვითა, რამეთუ სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსა მოხუცებულსა მას, ესრჱთ ჩნდა, ვითარცა სამოსელი ნათლისა ბრწყინვალისა განუცდელისაჲ. ხოლო თავსა მისსა კუკული იხილვებოდა, ვითარცა გჳრგჳნი სამეუფოჲ პატიოსანთა თუალთა და მარგალიტთაგან ფასდაუდებელთა აღმკული. და ვითარცა იხილეს ღმრთისა-მიერი დიდებულებაჲ მისი, ყოველნი სიხარულით მიეგებნეს და შეუდგეს სიტყუათა მისთა სიხარულით.

მას ჟამსა მოვიდა ეფრემ ეპისკოპოსი და პირველად მოიკითხა მოძღუარი თჳსი მამაჲ გრიგოლ და მერმე ძმანი თჳსნი ეპისკოპოსნი. ხოლო ნეტარმან გრიგოლ ფარულად მოუწოდა ნეტარსა ეფრემს და ჰრქუა მას: „შვილო, პატივსა მაგას წმიდისა მღდელთმთავრობისასა გაფუცებ, ნუ უშლი სულიერად ძმასა შენსა არსენის!“ ხოლო მან ჰრქუა: „წმიდაო მამაო, ვერ ეგების ძმათა ჩემთა ეპისკოპოსთა ცილობაჲ სამართლისათჳს. და მეცა შემინდვე, რამეთუ არა ვარ ამიერითგან არსენის ცხოვარი და არცა იგი ჩემი მწყემსი“. მაშინ წმიდამან მან მკსინვარედ ჰრქუა: „უკუეთუ ამას იქმ, ეფრემ, მე უვარ მყავ, ვითა არა შენი მოძღუარ ვარ!“ ხოლო ნეტარი ეფრემ სიტყუასა მას ზედა სულიერისა მამისა და მოძღურისასა ატირდა და ჰრქუა: „ფიცხელ არს ბრძანებაჲ ესე განმკუეთელ უფროჲს მახჳლისა. აწ ნებაჲ შენი იყავნ და ნუ ნებაჲ ჩემი, წმიდაო ღმრთისაო!“ ხოლო მან ჰრქუა: “ეფრემ სანატრელო, გისმინენ ქრისტემან, რაჲცა ითხოო მისგან შენ, უმანკოო გულითა და წრფელო გონებითა, მიმსგავსებულო მოძღუარსა შენსა ქრისტესა, სიტყჳსაებრ დავითისა: „რამეთუ წრფელ არს უფალი ღმერთი ჩუენი და არა არს სიცრუე მის თანა“. და შენ უწყი სულითა შენითა ღმრთისმხილველითა, ვითარ ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობაჲ არსენისი სისრულისა მისისათჳს, არამედ მირეან მამამან მისმან აუგიან-ყო უჟამოდ შესწრაფებითა, ვითარცა ადამ ჭამა ხილი იგი, რომელ არღა მწიფე იყო. აწ შენ კეთილად ჰყავ სმენაჲ ჩემი, რამეთუ გულის-წყრომამან კაცისამან სიმართლჱ ღმრთისაჲ არა ქმნის, ხოლო ბრალი ესე არსენისი ჩემ ზედა იყავნ“.

ამისა შემდგომად რაჟამს ესმა გუარამ ჴელმწიფესა მოსლვაჲ ნეტართაჲ მათ, მოეგება წინა სიხარულით და მოიკითხნა სიმდაბლით. და ვითარცა დასხდეს, ბრძანა ხოლო გუარამ შემოკრებაჲ ყოველთა მოწესეთაჲ და მოვიდეს, მაშინ ჰრქუა: „წმიდანო მამანო, ეპისკოპოსნო და მეუდაბნოენო, იცით ყოველთა კანონი შჯულისაჲ, რამეთუ არა ბრძანებს ეპისკოპოსისა და კათალიკოზისა მძლავრებით დაჯდომასა“. და ამას სიტყუასა შინა აუგისა სიტყუანი განამრავლნა და ელოდა პასუხსა მათგან. ხოლო თუალნი ყოველთანი ხედვიდეს მამასა გრიგოლს და ეპისკოპოსსა ეფრემს, და მათ დაიდუმეს ჟამ ერთ. მაშინ ეპისკოპოსთა ჰრქუეს ეფრემს: „ბრძანე პასუხი, რაჲ ჯერ არს!“ ხოლო მან თქუა: „სადა მამაჲ გრიგოლ იყოს, მე მუნ არა ვიკადრებ სიტყუად“. მაშინ ჴელმწიფემან ჰრქუა ნეტარსა გრიგოლს: „მამაო, ყოველნი შენ გელიან სიტყუად ჭეშმარიტებისა, რამეთუ უხუცჱს ხარ ყოველთა დღითა და სათნოებითა ნებისა ღმრთისაჲთა და შენგან ჴამს დასაბამი სიტყჳსაჲ“.

ხოლო მან თქუა: „ჯერ იყო პირველად მღდელთ-მოძღუართაგან ბრძანებაჲ, ხოლო აწ სიტყჳთა შენითა ვიტყჳ ესრჱთ: ჭეშმარიტთა ქრისტჱს სამწყსოთა ისმინეთ გლახაკისა ამის მოხუცებულისაჲ, რამეთუ არსენი კათალიკოზი ნებითა ღმრთისაჲთა კათალიკზს არს, და ძჳრისმეტყუელთა მისთა, რომელთა არა შეინანონ, კდემულ იყვნენ და სრულიად ჰრცხუენეს ამას საწუთროსა და მას საუკუნესა“.

ხოლო ჴელმწიფჱ იგი დაღაცათუ იყო ბრძენ და ღმრთის-მსახურ, არამედ მართლმხილებისაგან მართლისა მის კაცისა შეშფოთნა ფრიად, რამეთუ ნებაჲ სიბრძნესა სძლევდა და შური პატივსა არა ჰრიდებდა. გესლი რაჲ გულისაჲ ბაგეთაგან იცნობა განუგებელად სიტყჳსა განტევებითა ესრჱთ, ვითარმედ: „მრავლით ჟამითგან არა მეხილვა მამაჲ გრიგოლ, არამედ მასმიოდა, ვითარმედ ბრძენთაგან შეუცავი სიბრძნჱ მისი შეცვალებულ არს სიბერითაო და პირველ სმენილი ვიხილე თუალითა“. და შჯულისაცა მრავალთა სიტყუათა იტყოდა, რომელი არა შეჰგავს ერის-კაცთა, რამეთუ იყო იგი ფრიად სიტყუაჴელოვან.

ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ ჰრქუა მას: „ჵ ჴელმწიფეო, რად განრისხნები ჭეშმარიტებისათჳს, ესე უწყოდე, რამეთუ პირველთა წმიდათა მათ მამათა შეკრებასა ეპისკოპოსთა და წინამძღუართა წესისათა მონაზონთა თანა იყვნეს პირველნი მორწმუნენი მეფენი. არა თუ მათ თანა შჯულის-მოძღურებასა იკადრებდეს, არამედ შჯულის გამოძიებასა მათსა იკითხიან და ითხოიან სიტყჳსა გამოცხადებაჲ, რამეთუ მათ მიერ ისწავებდეს მცნებათა ღმრთისათა და მოწამედ იყვნეს თქუმულთა მათთა. და წმიდათა მოციქულთა და ღირსთა მათ მღდელთ-მოძღუართაგან განსაზღვრებულსა კანონსა შინა არავე ბრძანებულ არს ერის-კაცისაჲ, ვითარმცა ეპისკოპოსთა და წესისა წინამძღუართა მამათა განსაგებელისა შჯულის-მოძღურებისა იკადრებდა, გინა ახალ-სახიობასა მოიღებდა, დაღაცათუ სამართლად საგონებელ იყოს, არამედ შჯულისა და მღდელთმოძღუართა შეურაცხებაჲ არს. ხოლო მე აწ სიტყჳსაებრ შენისა, გუარამ, ვარ ბუნება შეცვალებულ, გარნა ოდეს სამართალმან დაგასამართლოს, მაშინ იხილო თავი შენი ცნობამიღებულ და სიტყუანი ჩემნი არღარა განჰგმნე“.

ხოლო ჴელმწიფჱ იგი შეძრწუნდა გონებითა და ჰრქუა ეპისკოპოსთა მათ: „თქუენგან ჯერ არს განსაგებელი თქუენი განგებად, აწ თქუთ! „და მათ ჰრქუეს: „ღმრთის-მსახურო გუარამ, ქრისტჱს მიერმან სასწაულმან უტყუ ქმნა ენაჲ ჩუენი, რამეთუ ვიხილეთ დღეს გრიგოლის ზედა მიუწდომელი დიდებაჲ“. და აუწყეს ხილვაჲ იგი ყოველი, რომელი იხილეს შემოსლვასა მისსა. მაშინ ზარ ჰჴდა ჴელმწიფესა მას, რამეთუ იყო იგი მდაბალ და ღმრთის მოშიშ, იძლია სიმდაბლისაგან და შეუვრდა ნეტარსა გრიგოლს და ჰრქუა: „წმიდაო ღმრთისაო, შემინდვე, რამეთუ დაგაბრკოლე“. ხოლო მან ჰრქუა: „ქრისტემან ყოველნი ბრალნი შეგინდვენ“.

მაშინ გუარამ, დიდმან ჴელმწიფემან, კეთილად ისტუმრნა ყოველნი და პურისჭამასა შინა, რაჟამს განმხიარულდა გუარამ ღჳნითა, მაშინ ეპისკოპოსთა მათ ერთობით თქუეს: „ჯერ-მე იყო მხილებაჲ ესე არსენისთჳს! არამედ აწ ამიერითგან არსენი იყავნ კათალიკოს ქართლისა ყოვლისა და სულიერად მამაჲ ყოველთა, და ყოველთა შორის იჭჳ პირველი და-მცა-ჴსნილ არს სრულიად, რაჲთა ქრისტეანობისა პატივი ჩუენი მშჳდობით და მყუდროებით აღვასრულოთ და კეთილი სიტყჳს-გებაჲ ვპოოთ წინაშე საყდართა ქრისტჱსთა“. და გუარამ ჴელმწიფემან და ყოველმან ერმან თქუეს: „ამჱნ იყავნ!“

ხოლო ჴელმწიფემან იკითხა ეპისკოპოსთა მათგან: „წმიდანო ღმრთისანო, უკუეთუ ქუეყანისა ჩუენის ერის-კაცი ვინმე წიგნთა საღმრთოთა მეცნიერი და ენათაცა წურთილი მიიწიოს იერუსალჱმად, ანუ სხუათა წმიდათა ადგილთა, და იხილოს რაჲმე კეთილი წესი, რომელ ქრისტეანობასა შუენოდის და ჩუენ შორის არა იყოს, გინათუ წიგნთაგან წმიდათა გულისხმა-ყოს და თავით თჳსით ერსა უსწავლელსა აუწყებდეს, კეთილ არსა ანუ არა?“. ამას რაჲ იტყოდა, ასმენდა ვიეთმე მრავლის-მეტყუელთა. ხოლო მათ თქუეს: „წერილ არს: „ტჳრთი განწესებული ეყოფინ ნავსა, უკუეთუ დაუმძიმო, დაინთქას, და უკუეთუ სუბუქად იყოს, ქართა და ღელვათა წარიტაცონ“. ეგრჱთცა ტჳრთი შჯულისაჲ და წესი ქრისტეანობისაჲ, რომელი აწ ქუეყანასა ჩუენსა უპყრიეს, ფრიად კეთილ არს და ღმერთი დაჯერებულ არს, და ამისთჳს ჩუენ ვართ თავს-მდებნი. უკუეთუ ვინმე მტკიცედ იპყრას და შეუცვალებელად საქმით ჰყოფდეს და არა სიტყჳთ ვაჭრობდეს, „ასი წილი აქავე მიიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“, სიტყჳსაებრ უფლისა. და შევიწყნარეთ პირველი მამისა გრიგოლის სიტყუაჲ, რომელ წარმოთქუა. და ჩუენ ამას ვიტყჳთ: უკუეთუ ახალი რაჲმე კეთილი წესი ერის-კაცმან გულისხმა-ყოს, მსგავსად ბრძანებისა შენისა, უმჯობჱს დუმილი არს, ვითარცა თქუა იაკობ მოციქულმან, ვითარმედ: „ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო“. და უკუეთუ დუმილი ვერ ძალ ედვას, არა თავით თჳსით ქადაგებდეს, არამედ აუწყოს თჳსსა ეპისკოპოსსა, და თუ ჯერ იყოს, მან ასწაოს თჳსსა სამწყსოსა. უკუეთუ კულა სილაღით წარმდებობდეს ერის-კაცი იგი და ერსა ახლად სხუასა წესსა დაუდებდეს, ეგევითარი იგი ნაცვალად შესაძინელისა მაცილობელთა და წინააღმდგომთა თანა დაისაჯოს დიდებით უფლისა მოსლვასა“.

ხოლო ჴელმწიფემან მან თქუა: „ჭეშმარიტად სამართალ არს სულიერი ეგე საბჭოჲ საღმრთოჲსა განგებისაჲ. და უკუეთუ წიგნის-მკითხველსა კითხვაჲ უჴმს, უფროჲსად ჯერ არს კითხვაჲ წესისა და შჯულისა მასწავლელისაჲ და ყოვლადვე შეკრძალებაჲ თავისა, ვითარცა იტყჳს: „მკურნალო, პირველად განიკურნე თავი თჳსი”!“

ხოლო ერის-კაცთა მათ შეიკდიმეს მხილებაჲ იგი უმეცართა წესის დადებისაჲ და შეინდვეს შჯულისა წინამძღუართაგან. და ვითარცა განასრულეს პურის ჭამაჲ, მისცეს მშჳდობაჲ მთავარსა მას დიდსა და მან სიხარულით განუტევნა ყოველნი. მას ჟამსა ახარეს არსენის, რამეთუ არა იყო კრებასა მას, ვითარმედ: „შემდგომად ღმრთისა მოძღუარმან შენმან გრიგოლ მამამან დაამტკიცა კათალიკოზობაჲ შენი“. ხოლო იგი სიხარულით ჰმადლობდა ქრისტესა და წმიდასა მას.

ხოლო ეფრემ ეპისკოპოსმან, მცნებისაებრ მამისა გრიგოლისსა, სიყუარული არსენი კათალიკოზისაჲ პირველებრვე განაახლა. რამეთუ მოკლედ დააწყნარა შფოთი გრძელად მოსაცალებელი, რამეთუ იყო შორის კათალიკოზისა და ეპისკოპოსთა, უფროჲს ხოლო გუარამ ჴელმწიფისა. და სანატრელნი ესე არსენი კათალიკოზი და ეფრემ ეპისკოპოსი მოვიდიან ხილვად მოძღურისა თჳსისა მამისა გრიგოლისსა. არამედ ძუელი ხანძთისა ეკლესიაჲ არსენი კათალიკოსმან აკურთხა და ქართლისა ეკლესიათა ყოველთა სიხარული მიჰფინა, რამეთუ საყდარი მამათ-მთავრობისაჲ შეამკო სრულიად და შეიმკო მადლითა. ხოლო რაჟამს მამაჲ გრიგოლ გარდაიცვალა, დამარხვასა მის თანავე იყო არსენი, რომელიცა ოცდაშჳდ წელ კათალიკოზობდა და მერმე გარდაიცვალა ამიერ სოფლით და მხიარულებით მიიწია წინაშე ქრისტჱსა და აქუს მადლი შეწევნად ჩუენდა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — გიორგი მერჩულე.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.