XXII. ხოლო ესევითართა სასწაულთა იქმოდა ქრისტე ჴელითა ნეტარისა გრიგოლისითა, რამეთუ უძლურნი, თითო-სახეთაგან სენთა შეპყრობილნი, და ვნებულნი სულთაგან არაწმიდათა, ლოცვითა მისითა და ცრემლითა განიკურნებოდეს თხოვისაებრ სარწმუნოებით მვედრებელთაჲსა. და არა ხოლო თუ კაცნი ოდენ ჰხედვიდეს მას ნავთ-საყუდელად, არამედ ნადირნიცა ველისანი. რამეთუ ოდესმე მახლობელად შატბერდისა მთათა მათ ზედა ესე ნეტარი საქმისა რომლისათჳსმე იყო, და მის თანა ძმანიცა იყვნეს, და ირემი ერთი გამოვიდა საჩინოსა მათსა, რამეთუ მონადირეთა მოეცვა იგი და ვერვინაჲ განერებოდა ჴელთაგან მათთა.
მაშინ მიჰმართა მონაზონთა მათ და შორის განვლნა ყოველნი და მივიდა ვითარცა გონიერი ნეტარისა გრიგოლისსა და თჳსი თავი ზედა ჴელთა მის წმიდისათა დადვა და რეცა ტიროდა მოწევნულისა მისთჳს ბოროტისა. ხოლო მან ნუგეშინის სცა და ჰრქუა: „სახელითა ქრისტჱსითა ვერ გავნონ მტერთა ამათ შენთა, ნუ გეშინინ!“. და იხილეს რაჲ კაცთა მათ, განუკჳრდა ფრიად და ადიდებდეს ღმერთსა. და მოვიდეს წმიდისა მის და ჯუარი დაიწერეს, ხოლო მან აკურთხნა იგინი და ნაცვალად ირმისა მისცა სხუაჲ საღუაწი ჴორცთაჲ და წარვიდეს, ხოლო ირემი იგი განუტევა მშჳდობით.
და ეგრჱთვე ხანძთას რაჲ იყო თჳსსა სენაკსა შინა, მონადირეთა მრავალთა მახლობელად მონასტერსა მას მოიცვნეს ოთხნი გარე-თხანი. ხოლო იგინი სრბით შევიდეს სენაკსა მას, სადა იყო მამაჲ გრიგოლ მჯდომარე, და გარე-მოადგეს წმიდასა მას. ხოლო მან გულისხმა ყო მიზეზი მისლვისა მათისაჲ და ნუგეშინის სცა მათ და უბრძანა, რაჲთა მონადირენი იგი ისტუმრნენ და წარგზავნნენ. და ნადირთა მათ ჭამადი სცა და განუტევნა მშჳდობით.
ხოლო ბასილი მამაჲ, იყო რაჲ ჭაბუკ, კარაულსა მამისა გრიგოლისსა ხედვიდა, და ბოროტი მჯდომი ქედსა მისსა გამოაჯდა, რომელსა კ~ხლ უწოდიან, ხოლო ძუელად ჰრქვან სატალი. და ბასილი მწარითა მით სენითა ქუემდებარჱ იგუემებოდა ვითარ ოთხ დღე ოდენ. მაშინ იკითხა ნეტარმან გრიგოლ, ვითარმედ „სადა არს ყრმაჲ ბასილი?“ და აუწყეს ძმათა სენი მისი, და მან ბრძანა წოდებაჲ. ხოლო მათ ჰრქუეს: „ვერ ძალ უც მისლვაჲ“. მაშინ ჰრქუა მათ: „ჩემ მიერ არქუთ, ვითარმედ „გიწესს შენ მამაჲ გრიგოლ“.
და ვითარცა ესმა სიტყუაჲ წოდებისაჲ ბასილის, განძლიერდა ბრძანებითა თჳსისა მოძღურისაჲთა და მივიდა წინაშე მისსა. ხოლო მან ჰკითხა: „რაჲ გევნების?“ და მან ჴელითა თჳსითა უჩუენა მჯდომი იგი, რამეთუ დაეპყრა ადგილი დიდი. მაშინ ნეტარმან გრიგოლ ძლიერად სცა ჴელითა თჳსითა ადგილსა მას, სადაცა იყო მჯდომი იგი, და ჰრქუა ბასილის: „ცუდად მოგიმედგრებიეს თავი, რამეთუ არა არს ვნებაჲ შენ შორის ყოვლადვე“. და მან ჴელი მოისუა ადგილსა მას და კუალიცა უჩინო იქმნა მჯდომისა ბოროტისაჲ. და რომელთა იხილეს სასწაული ესე, ადიდებდეს ღმერთსა.
მას ჟამსა იყვნეს ვინმე იერუსალჱმს მოწაფენი ნეტარისა გრიგოლისნი კაცნი შუენიერნი, კეთილნი მონაზონნი, სრულნი სიბრძნითა და სასწაულთამოქმედნი, მეძიებელნი სასუფეველისანი და მეოტნი დიდებისაგან ამის სოფლისაჲსა, მღდელნი ღირსნი, შვილნი დიდებულთა აზნაურთანი, ტომნი დიდისა ეფრემ მაწყუერელ ეპისკოპოსისნი, რომელთაგან მოწერილ იყო ესე ეპისტოლჱ მამისა გრიგოლის წინაშე, იერუსალჱმით ხანძთად მოწევნული პირველვე. ხოლო მე აწ შთავწერე წიგნსა ამას შინა მოწერილი ესე მათი შეუცვალებელად ყოველი, ესრჱთ:
წმიდაჲ ლოცვაჲ წმიდისა და პატიოსნისა დიდისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი უფალმან მოგჳბოძენ და ღირს გუყვენინ ჩუენ ცოდვილნი ესე გლახაკნი და უღირსნი მონანი შენნი, უჴმარი არსენი და მაკარი უძლური, სულიერად ძმის-წული და შვილი შენი და ყოველთა შვილთა შენთაჲ. მამაო დიდო და პატიოსანო უფლისა მიერ და უფალო ჩუენო და ღირსო ღმრთისაო და წმიდისა მაგის უდაბნოჲსა თავადო უფალო და ქრისტჱს-მოყუარისა ერისა მოძღუარო და განმანათლებელო ყოველთაო, შეგჳნდვეთ წმიდითა მაგით სიმდაბლითა ჩუენი ესე კადრებული გლახაკთა და უღირსთა მონათაჲ, მოწერილი უცები და უგუნური. ღმრთის-მოყუარებასა შენსა მინდობითა ვიკადრეთ ესე კადნიერებით მოწერაჲ, ჩინებულო, სერობასა მას უკუდავსა, ჩუენ, ცოდვილნი ესე უმეტჱს ყოველთა კაცთასა, ლმობიერად მოგაჴსენებთ და მიგიძღუანებთ მადლსა და ლოცვასა წმიდისა ადგომისასა და ყოველთავე, რომელნი არიან წმიდასა ქალაქსა შინა იერუსალჱმსა და გარემოჲს სანახებსა მისსა წმიდათა ადგილთა თაყუანის-საცემელთა ქრისტჱს უფლისა ჩუენისათა.
შენ, წმიდაო მამაო პატიოსანო, და ყოველთა შვილთა შენთა სარწმუნოებით სურვიელებისაებრ თქუენ ყოველთაჲსა შეგჳნდვეთ და შეიწირეთ წადიერებაჲ მოკითხვისა ჩუენისაჲ თქუენდა მიმართ! ეგრჱთვე, წმიდაო მამაო, მო-ვინმე-ვიდა მანდაჲთ კაცი, მონაჲ ღმრთისაჲ, მღდელი ბერძენი ამის ქუეყანისაჲ, და ეხილვე შენ მამაო, და მან მოგჳთხრა ღმრთისა მიერ მშჳდობით დაცვაჲ და სიმრთელჱ პატიოსნისა მაგის სიწმიდით ცხორებისა შენისაჲ წმიდასა მაგას უდაბნოსა შინა. და ჩუენ, უღირსთა ამათ, დიდად ხოლო განვისუენეთ და განვიხარეთ და უღირსითა პირითა ვიკადრეთ მადლისა შეწირვაჲ ცოდვილთა ამათ კაცთ-მოყუარისა მიმართ ღმრთისა სმენითა ამით და სიხარულითა მშჳდობისა შენისაჲთა.
და კუალად მანდავე წარმოვიდა კაცი იგი ღმრთისაჲ მოსე და ესე წიგნაჲ მისდა წარმოგჳცემია. და აქა წმიდანი ესე ადგილნი ყოველნი მოვლნა და მოილოცნა და შენ, მამაო, ყოველთა თანა მორწმუნეთა ყოვლადვე გილოცვიდა და გაჴსენებდა და დიდად ხოლო გაქებდა. და ჩუენ უფროჲს ზომისა განვიხარეთ და თავთა ჩუენთა და სულთა ჩუენთა ცოდვილთათჳს ვიკადრეთ ესე მოწერაჲ. ვევედრებით ქუედავრდომით სახიერებასა შენსა ყოვლად-კეთილსა და ტკბილსა უფლებასა ღმრთის-მოყუარებისა შენისასა, რაჲთა არა უგულებელს გუყვნე მონანი შენნი წმიდასა ლოცვასა შენსა, ღმერთ-შემოსილო მამაო, დიდო მოძღუარო წმიდათაო.
ვითარცა შეგუევედრა სული ჩუენი სიწმიდით ღირსებასა შენსა, აწცა გევედრებით, ქრისტჱს სიყუარულისათჳს ჴსენებულ გუყვენით ღირსთა შინა ლოცვათა და წინაშე წმიდასა მაგას სამწყსოსა თქუენსა, ღირსო ღმრთისაო, პატიოსანო მამაო და უფალო ჩუენო. ხოლო ჩუენი ყოფაჲ წმიდასა ამას ადგილსა საბა-წმიდას და ჰამბავი ყოველი მანვე მოსე მოგაჴსენოს, წმიდაო მამაო. სიტკბოებასა შენსა მინდობითა გაუწყებთ, დაიჯერენ სიწმიდემან შენმან. წმიდათა ამათ აღგილთა მარადის ჴსენებასა შენსა ვიკადრებთ ლოცვათა შინა ჩუენთა, რაჲთა უფალმან ჩუენ, უღირსნი ესე, წმიდასა ლოცვასა შენსა ღირს გუყვნეს ყოვლადვე ნაწილეულ. მამაო, გვედია ეფროსინე, დაჲ ჩუენი, ღმრთისა სიყუარულისათჳს იკითხეთ და ლოცვაჲ და კურთხევაჲ შენი მასცა მიჰფინეთ, ამჱნ“.
და ესევითართა მათ ღირსთა კაცთათჳს თქუეს პირველთა წმიდათა მამათა, ვითარმედ: „ჟამთა უკუანაჲსთა რომელ იპოვნენ ქრისტჱს ნების-მყოფელნი მამანი, ჩუენსაცა უწინარჱს იყვნენ და მამათაცა ჩუენთა“.
ხოლო ნეტარი მამაჲ გრიგოლ სასწაულთა-მოქმედი ესრჱთ განმგებელ იყო წმიდათა კლარჯეთისა ყოველთა უდაბნოთა, რამეთუ სარწმუნოთა მონაზონთა კეთილად იღუწიდა, ხოლო ბრალეულთა სინანულად მოაქცევდა და ურჩთა სამართლისათა სრულიად განასხმიდა. რამეთუ ოპიზელი ბერი ერთი იტყოდა, ვითარმედ: „სიჭაბუკესა ჩემსა სამ-გზის ოპიზით განძებულ ვიქმენ მამისა გრიგოლისგან უკეთურებისაგან სლვათა ჩემთაჲსა”-ო. არამედ ვინაჲთგან აღეშჱნნეს კლარჯეთისა დიდებულნი უდაბნონი, მღდელნი და დიაკონნი მათნი ანჩელთა ეპისკოპოსთაგან იკურთხევიან და ეგრჱთვე ოდეს ეპისკოპოსთა აკურთხევდიან. უკუეთუ სწორად ყოველთა მათ უდაბნოთა წამებაჲ არა აქუნ და წიგნი ყოველთაჲ ჭეშმარიტი საწამებელი, კათალიკოსმან საეპისკოპოსოჲსა მის ჴელთა დასხმაჲ ეპისკოპოსად არა ინების, არცა სათნო არნ სამართლითა საბჭოჲთა. დაღაცათუ ფრიად ურიცხუნი ჟამნი ჰქონან საყდარსა მას ანჩისასა უწინარჱს აღჱნებისანი და ეპისკოპოსნიცა მრავალნი კეთილად სასწაულთა მოქმედნი ყოფილ არიან, არამედ პატივ სცა ქრისტემან წმიდათა მათ უდაბნოთა, რაჲთა იყოს წინამძღურად მათდა ეპისკოპოსი უმიზეზოჲ, წმიდაჲ და ღირსი, ვითარცა შეჰგავს წმიდასა მას საყდარსა ქალწულებით დამარხულსა განხრწნისაგან წვალებისა გულარძნილისა მოძღურებისა სახელსა ზედა წმიდისა ქრისტჱს ღმრთისა ხატისასა აღშჱნებულსა.
ხოლო ნეტარისა მამისა გრიგოლის ზე ღირსმან მღდელთ-მთავარმან ზაქარია ესე სასწაულნი ქმნნა: რამეთუ მონასტერსა ტბას ახლოს მყაფარსა მას გუერდსა საშინელი ლოდი იძრვოდა და შიშისაგან მონაზონნი ივლტოდეს თჳსთა სახლთაგან. ხოლო ზაქარია სასოებით მდგომარემან ჰრქუა მათ: „ხვალე იხილოთ ლოდი ესე მდებარჱ ადგილსა, რომელსა ჩუენ არაჲ გუევნოს”. და იყო ეგრე, რამეთუ ყოვლად ვერ ცნეს მამათა მათ შეძრვაჲ მისი. და ხვალისა დღე მოუგონებელსა ადგილსა, სადაცა ჰრქუა წმიდამან მან, მუნ მყარად იდვა და ადიდებდეს ქრისტესა.
და იგივე ზაქარია სთულისა ჟამთა ჯდა ოდესმე ტბას თჳსთა ბაბილოთა მწიფეთა ქუეშე, რომელთა მრავალ-გზის შაშჳ ჭამდა, ხოლო ჯუარი დასწერა და მსწრაფლ მოკუდა, და კუალად ჯუარი დასწერა და განცოცხლებული ფრინვიდა მოყუასთა თანავე თჳსთა.
და ოდესმე მკალი ურიცხჳ მოვიდა მახლობელად ანჩისა საზღვარსა, ხოლო ნეტარმან ეპისკოპოსმან ზაქარია წინა მიაგება კუერთხი თჳსი მღდელთა ჴელითა, და უფალმან მადლითა მონისა თჳსისაჲთა მოსრა სიმრავლჱ იგი მკალთაჲ, რომელი დაჰფარვიდა ჰაერსა მზისასა, და ერი მორწმუნჱ ღმერთსა ადიდებდა.
კუალად ორნი საშინელნი ვეშაპნი გამოჩნდეს ანჩისა ვენაჴსა, და მევენაჴენი ივლტოდეს. ხოლო ზაქარია ლოცვითა მოაკუდინნა იგინი და კაცნი იგი სიხარულით ჰმადლობდეს ქრისტესა. და რამეთუ ესევითარნი ღირსნი სხუანიცა იყვნეს ეპისკოპოსნი სასწაულთა მოქმედნი ანჩს მიმსგავსებულნი უფლისანი, რომელთა სიყმილსა შინა მცირითა პურითა მრავალნი მშიერნი გამოზარდნიან.
არამედ დასაბამი მადლისაჲ ესე იხილვა ზაქარიაჲს სიყრმისა ჟამთა: რამეთუ მწყემსი იყო კრავთაჲ კლარჯეთისა ქუეყანასა შინა. და ვითარცა მღდელმან შესაწირავი განჰმზადა წინაშე პატიოსანსა ჯუარსა და სხუანი ჩჩჳლნი ყრმანი გარე მოადგეს მას და დაუდუმებელად ჴმითა ჴმობდეს ანგელოზთა გალობასა ესრჱთ: "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა, ალელუჲა, ალელუჲა, დიდებაჲ ღმერთსა" და კჳრიელჱსონი ფრიად მრავალი თქჳან. ხოლო ზეცით მოწევნულ იყო სუეტი ფრიად ბრწყინვალჱ ნათლისაჲ უმანკოსა მას ზედა მღდელსა ყრმასა. და მგზავრ მომავალი ვინმე ეპისკოპოსი ანჩელი ხედვიდა სასწაულსა მას და მივიდა და ეზიარა ჴელითა ღირსისა მის ყრმისაჲთა და თანაწარიყვანა ანჩს. ხოლო დეკანოზსა გამოუცხადა ზიარებაჲ თჳსი და ეპისკოპოსისა მის ბრძანებითა ღირსთა კაცთა ტბას შინა აღზარდეს ნეტარი იგი ეპისკოპოსი ზაქარია, და ესევითარნი კეთილნი სათნოებანი დაიმკჳდრნეს ანჩისა ეპისკოპოსთა.
ხოლო შორის იფქლთა მათ წმიდათა იპოვა ერთი ვინმე, ვითარცა ღუარძლი სარწებს აღმოცენებული, დიაკონებასა შინა და ტფილის აღზრდილი საჰაკ ამირისა ისმაელის ძისაგან და მოციქულად მავალი აშოტ კურაპალატსა წინაშე, რომელმანცა იხილა ანჩისა ეპისკოპოსი გარდაცვალებული და მიშუებითა აღურაცხელად სულგრძელისა ღმრთისაჲთა საჰაკ ამირისა მიერ მოითხოვა ანჩისა საყდარი აშოტ კურაპალატისაგან უკეთურმან მან ცქირმან. და რაჟამს მძლავრებით დაიპყრა ანჩი, კუალად შესძიწა ძჳრი ძჳრსა მისსა ზედა მრავალი, რომლისა მოჴსენებაჲ ამას წიგნსა შინა არა ჯერ-არს შთაწერად ყოველი.
ხოლო უწესოებაჲ მისი მრავალ-გზის ემხილა წმიდათა მათ პირველთა კლარჯეთისა მეუდაბნოეთაგან მამათა და ყოველთა მათგან სამწყსოთა კათოლიკე ეკლესიისათა, უფროჲს ხოლო მამისა გრიგოლისგან, რამეთუ არქიმანდრიტი იყო იგი დიდებულთა მათ უდაბნოთაჲ. ხოლო მან სრულიად საღმრთოჲ შიში განაგდო ამპარტავანებისაგან ძლეულმან და ფარულად მოუწოდა ერის-კაცსა ანჩელსა, ლირბსა და გლახაკსა და მაგრიად მოისარსა. და აღუთქუა მიცემად სამი გრივი ფეტჳ და ხუთნი თხანი და წარავლინა ხანძთად მოკლვად მამისა გრიგოლისა. და გზას ვისგანმე ცნა, ვითარმედ არს იგი ხანძთისა აგარაკსა და დღეს მოვალს შინა. მაშინ წარვიდა მზირად ტყესა მას ხანძთისასა და მშჳლდი გარდაცუმული ჴელთა აქუნდა.
ხოლო ნეტარი მამაჲ გრიგოლ თჳსით აგარაკით მარტოჲ შთამოვიდოდა ხანძთას და მგზავრ სლვასა ზეპირით წმიდისა მამისა ეფრემის თქუმულთა საკითხავთა იტყოდა გოდებით ტირილსა შინა. ხოლო სულითა იხარებდა, რამეთუ ხედვიდა საღმრთოთა ხილვათა მადლითა სულისა წმიდისაჲთა. მაშინ საწყალობელმან მან კაცმან იხილა სასწაული დიდი წმიდასა მას ზედა ზეგარდამო, რამეთუ სუეტი ნათლისაჲ ფრიად ბრწყინვალჱ ცად აღწევნული ჰფარვიდა მას. და იყო თავსა მისსა ჯუარი თუალთ-შეუდგამი გარემო მისა ცისსარტყელის სახედ, შუენიერად რაჲ გამოჩნდის ჟამსა წჳმისასა. ესე დიდებაჲ მის ზედა იხილა კაცმან მან და ფრიად ძრწოლამან შეიპყრა იგი, რამეთუ დაჰჴსნდეს ძარღუნი მკლავთა მისთანი და ზარისა მისგან დიდისა დაცემული იდვა ქუეყანასა ზედა.
ჰრქუა მას ნეტარმან გრიგოლ: „ჵ საწყალობელო, ყავ ბრძანებული მისი, რომელმან მოგავლინა შენ, რამეთუ შენ ხარ უარის მყოფელი ქრისტეანობისაჲ, ვინაჲთგან უნდოჲსა სასყიდლისათჳს უბრალოჲსა ბერისა კაცისა სისხლთა გარდაისხამ. ანუ არა სამისა გრივისა ფეტჳსათჳს და ხუთთა თხათათჳს მოსრულ ხარა მოკლვად ჩემდა, ჵ უგუნურო?“ მაშინ კაცი იგი ტირილით ევედრებოდა მას: „შემიწყალე, წმიდაო ღმრთისაო, განწირული ესე მკლველი შენი და მიემსგავსე ქრისტესა მკლველთა თჳსთა მონანულთა შემნდობელსა, რამეთუ არა დაშთა ძალი ჩემი ჩემ თანა საშინელისა ხილვისა შენისაგან, რომელმან დამაკუეთა მე“. მაშინ წმიდამან მან წყალობით ჯუარი დასწერა და განკურნა იგი, რამეთუ მრავალი გუემაჲ დაცემულ იყო მის ზედა და სიხარულით განუტევა სახიდ თჳსად. ხოლო კაცმან მან ყოველი იგი ყოფილი უთხრა ცქირსა. და იგი უფროჲსღა აღბორგნა და შესძინა სიბრმჱ სიბრმესა ზედა.
და მრავალი ბოროტი შეამთხჳა მამასა გრიგოლს და მის ჟამისა წმიდათა მამათა და სხუათაცა მორწმუნეთა ერის-კაცთა. და რომელნი მარადის სამართლად ამხილებდეს მას, მათვე ერთობით აუწყეს ყოველი დიდსა მას ჴელმწიფესა აშოტ კურაპალატსა. და ბრძანებითა მისითა ყოველთა მათ მოწესეთა ანჩისა კათოლიკე ეკლესიისათა წიგნი მიწერეს ქართლისა კათალიკოსისა მიმართ. და მის მიერ ეპისკოპოსნი ღირსნი მოიწინეს ანჩს და მათ თანა შემოკრბეს ყოველნი იგი მეუდაბნოენი მამანი.
და სასწაულთა მოქმედი ნეტარი დედაჲ ფებრონია მივიდა კრებასა მას წმიდასა მიმსგავსებულსა პირველთა მათ წმიდათასა და ყოველნი მღდელნი, მრემლნი ანჩისანი მათ თანა, და წინაშე ეპისკოპოსთა მათ წარმოუთხრეს ცქირისა სამართალი, უშჯულოებაჲ მისი, სარწმუნოთა მათ სასწაულთა მოქმედთა კაცთა წარმდები მიზეზი აუგთა მისთაჲ პირის-პირ.
მაშინ სარწმუნოთა მათ მღდელთ-მოძღუართა განკუეთეს იგი პატივისაგან მისისა. და მამამან გრიგოლ და დედამან ფებრონია შემოსილი საკურთხეველით შთამოიყვანეს და წინაშე საკურთხეველსა განძარცუეს და ყოველთა ერთობით განჴადეს კათოლიკე ეკლესიით, ვითარცაღა ასოჲ დამპალი, მწვალებელთაებრ ყოვლით-კერძოვე შჯულისა გარდამავალი განიდევნა იგი. ხოლო მას, ვითარცა განეშორა შეწევნაჲ ღმრთისაჲ, ღონე ყოველი დაელია, და ტფილის წარვიდა საჰაკ ამირისა, პატრონისა თჳსისავე, და წყინებითა მისითა რეცა მიეშუა კურაპალატი, და კუალად მძლავრებით დაიპყრა ანჩისა საყდარი, რაჲთამცა შურ იგო მამისა გრიგოლის ზედა.
მაშინ შეკრიბა ერი ანჩისაჲ და წარავლინა დარღუევად ხანძთისა, და აღმოსლვასა ოდენ მზისასა მივიდეს. ჰრქუა მათ მამამან გრიგოლ: „შვილნო, დრო მეცით მე და ძმათა ჩემთა ვიდრე შუადღემდე, რაჲთა წმიდასა შინა ეკლესიასა ვყოთ ვედრებაჲ წინაშე ქრისტჱსა და შევიწიოთ წმიდაჲ გიორგი და ყოველნი წმიდანი, და ყოს უფალმან სასწაულ კეთილ“. ხოლო მათ ისმინეს სიტყუაჲ მოხუცებულისაჲ მის ამისთჳს, რამეთუ ეხილვნეს მისგან სასწაულნი.
და ჟამსა მას ცრემლით ვედრებისა მათისასა ისმინა უფალმან თხოვაჲ მათი და წმიდისა ანგელოზისა მიერ ეუწყა მათ, ვითარმედ: „საღმრთოჲ შურისგებაჲ ეწია ბოროტსა მას მტერსა თქუენსა. და აჰა მოიწიოს ქადაგი, ვითარმედ: “მოკუდა იგი, დაღაცათუ ორ დღე ცოცხალ ამისთჳს არს, რაჲთა ვერ ღირს იქმნეს დამარხვად საყდარსა საეპისკოპოსოსა. და ყოველთა ჰრწმენეს განკუეთაჲ მისი, ხოლო გული მისი აწვე მომკუდარ არს“.
და ვითარცა ესე ჴმაჲ სიხარულისა მათისაჲ ესმა ანგელოზისაგან ანგელოზთა სწორთა მამათა, განიხარეს ფრიად და დიდებაჲ შეწირეს ღმრთისა, რომელმან ყვის საკჳრველი მხოლომან. და გულისხმა ყვეს წერილისაჲ, ვითარმედ „უგუნური რისხვამან მოკლის“, რომელი მარადის უწესოებასა იწურთიდა და მართალთა თანა შეერაცხა თავი თჳსი. მაშინ გამოვიდა ეკლესიით მხიარული ნეტარი გრიგოლ და ჰრქუა მათ: „ნუღარა გეშინინ თქუენ მძლავრებისაგან მომავლინებელისა თქუენისა, რამეთუ უფალმან რისხვით მოკლა იგი“. და მო-ხოლო-იწია კაცი, რომელი ეტყოდა კაცთა მათ: „ნუღარა იკადრებთ დარღუევად დიდებულსა ხანძთასა, რამეთუ დამარღუეველი მაგისი მოკუდა“. მაშინ განიხარეს კაცთა მათ. ხოლო მამათა ისტუმრნეს, და სიხარულით წარვიდეს სახიდ თჳსად და ადიდებდეს ღმერთსა.
ხოლო პირველსავე სიტყუასა მივიდეთ. რამეთუ ცქირმან რაჟამს წარავლინა ერი იგი ხანძთას, მაშინ თჳთ წარვიდა ქორთას, რამეთუ მუნ ნამარხევი მისი იყო, რაჲთამცა წარიღო. და გზას ვითარცა პური ჭამეს, მიერულა და საშინელი ჩუენებაჲ იხილა, სამხილებელი ბოროტთა საქმეთა მისთაჲ, უფროჲს ხოლო ხანძთელთა ბოროტის-ყოფისათვს. მაშინ საღმრთოჲ ვინმე მღდელი ანჩელი იყო მის თანა. და უფალმან გამოუცხადა ბოროტად სიკუდილი ცქირისაჲ. და მან მღდელმან წარავლინა თჳსი მოწაფჱ ხანძთად და დამტკიცებულად აუწყა სიკუდილი ცქირისაჲ. და ვითარცა მიიწია ცქირი ქორთას, მოკუდა ხოლო და მუნ დაჰფლეს უფლისა მეორედ მოსლვადმდე.
და რაჟამს განქარდა განსაცდელი იგი მის ჟამისაჲ, მაშინ წმიდამან მან საყდარმან ქრისტჱს ღმრთისა ცხოველისა ხატისამან სიხარული მშჳდობის-ყოფისაჲ მიჰფინა სამწყსოთა თჳსთა ზედა კეთილთა მწყემსთა გამობრწყინვებითა. ხოლო უკუანაჲსკნელთა ამათ ჟამთა ჩუენთა გლახაკნი იხარებენ მადლითა უფლისაჲთა, ოხითა საუკუნითგან წმიდათაჲთა და ჴორციელად მოღუაწებითა მეფეთა ჩუენთა დიდებულთაჲთა, რომელნი იყვნეს კეთილად ღმრთის-მსახურ, წმიდათა ეკლესიათა აღმაშჱნებელ, ბარბაროზთა ბანაკსა დამარღუეველ, ჭეშმარიტთა ქრისტეანეთა სიქადულ და მოწესეთა სიხარულ. რომელთა შორის იპოვა ძჱ დიდისა ადარნერსე კურაპალატისაჲ, ბაგრატ ერისთავთა ერისთავი, ძალითა ღმრთისაჲთა დიდი ჴელმწიფჱ ეზრაჲს ზე, ღირსისა ანჩელ მამათ-მთავრისა ეპისკოპოსისა, დიდებულთა აზნაურთა დაფანჩულთა შვილისა. ესე ბაგრატ გულისხმის-ყოფითა ქებულ, წმიდათა ეკლესიათა აღმაშჱნებელ, საღმრთოთა წიგნთა მეძიებელ და შემკრებელ, წმიდათა ყოველთა ღირსად მადიდებელ, წმიდათა ოხაჲ მარადის შემწე ეყავნ მას აქა და საუკუნოდ, რომელმან ნეტარისა მამისა გრიგოლის ცხორებაჲ ესე განაახლა სასწაულთა მათ გამოჴუებულთა შერთვითა. შე-მცა-რთულ არს იგი რიცხუსა პირველთა მათ წმიდათა მეფეთასა მეუფისა ქრისტჱს მიერ ლოცვითა ღირსისა გრიგოლისითა და ყოველთა წმიდათაჲთა. რომელმან ჩუენ, გლახაკთა შვილთა მამისა გრიგოლისთა, ყუედრებაჲ მოგჳსპო და უმეცრებით მაყუედრებელსა სირცხჳლი დაუმკჳდრა ამან დიდებულმან მეფემან. უფალმან ბრალთა მისთა ყუედრებაჲ, რომელსა ეჭუდეს, მოუსპენ მას სრულიად ღირსთა მამათა ვედრებითა და მათ თანა ნეტარისა მამისა გრიგოლის მადლითა, რომელიცა ქუეყანასა ზედა ცხოვნდებოდა ვითარცა ანგელოზი.
და ჟამსა მას მოხუცებულებისა მისისასა, ამცნებდა ესრჱთ ხანძთისა ხოლო კრებულთა, ვითარმედ „ამას მონასტერსა შინა სენაკებსა თანა ეგჳტერსა ჟამის-საწირვად ნუვინ აღაშჱნებს, რამეთუ უჯეროება არს. უკუეთუ ერისა ნებაჲ არა იყოს თჳნიერ დიდისა მის საეროჲსა ეკლესიისა ამის მიზეზისათჳს, რამეთუ ოდეს დეკანოზმან ჟამის-წირვისათჳს ჟამსა ჰრეკოს, მაშინ ყოველნი მღდელნი მუნ არა მივიდენ, არამედ თჳსთა ეგჳტერთა დადგენ ჟამის-წირვად და დიდისავე ეკლესიისა სწორად აწყინებდენ კაცთა შესაწირავისა თხოვისათჳს. და დეკანოზსა ყოვლადვე მათი ვედრებაჲ უნდეს დიდად ეკლესიად მისლვისათჳს ჟამის-მწირველთა მღდელთაჲსა. და აწ ამის წესისა ჯერ არს დამტკიცებაჲ, ვინ მორჩილ იყოს სიტყუათა ჩემ გლახაკისა გრიგოლისთა“.