მაგრამ ეს რა არის?.. „დაიღუპე თუ არა!” – ეს ვინ ჩასძახის მას ყურში დამცინავად? „დაგამარცხე თუ არა!” – ეს ვინ ყვირის გახარებული მისი მკვდარი გულის სიღრმეში? ეს რა ხარხარებს! ეს ვინ დასცინის! ეს რა ხმა ისმის მის ირგვლივ მხიარულებისა! ნუთუ მართლა ასეა, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ სმენის შეცდომაა?!.
და შიშით, ზარით მოიხედა ირგვლივ. ისევ არავინ იყო... ქალს ისევ ეძინა... იდგა და უცებ კანკალით, ძრწოლით პირქვე დაემხო ღვთისმშობლის ხატის წინ.
ამით რა ეშველა? იგივე ტანჯვაა, იგივე კანკალი, შიში და ზარი! რატომ არ ჩერდება, რატომ არ ცხრება ის წყეული, დამცინავი ხარხარი! სული გულს მოუწოდებს ღმერთს ევედროს, მაგრამ გული სხვას ამბობს, არ ემორჩილება. ნუთუ ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშაც კი წყეული ხორცი არ დამშვიდდება?!