ბოლოს განდეგილმა ჰკითხა ქალს: „შვილო, ვინ ხარ? რა მოგიყვანა ამ უკაცრიელ ადგილას? თანაც ამ დროს, როცა ქარიშხლისგან მთელი ქვეყანა თითქმის ინგრევა?“
ქალმა უპასუხა: „მწყემსი ქალი ვარ. აქ, მთის ფერდობებზე, მამაჩემის ცხვარს ვაძოვებდი. ბალახმა ცხვარი უფრო მაღლა აიტყუა და მეც ავყევი ჩემს ფარას.
იმ დღის საღამო ძალიან ლამაზი იყო. რა ლამაზად ჩადიოდა მზე! როგორც კი შევხედე იმ მზეს, იმ ცას, გაოგნებული დავრჩი და ვეღარ მოვწყვიტე თვალი.
მთის წვერზე დიდი მზე ბრწყინავდა, გარშემო სინათლე ჰქონდა შემოსხმული, ღვთის სახესავით. ეს საოცარი სანახაობა თვალთან ერთად გულსაც მიტაცებდა.
სულ დამავიწყდა მამაჩემის ნათქვამი: „შვილო, ნუ ენდობი ამ მყინვარს. ნახავ, მზე ადგას, მაგრამ უცებ გაბრაზდება და ციდან წყალდიდობას წამოაქცევს.“