აი, კიდევ ერთი ახალი წელიწადი დადგა... რა უნდა მივულოცოთ ჩვენს თავს, ქართველებო? რა გვაქვს დღეს ისეთი კარგი, რომ გავიხაროთ და შევინარჩუნოთ? რა გვაქვს ხვალ ისეთი, რაზეც ვიოცნებებთ და რასაც დაველოდებით? თუ ბოლო დროინდელ წარსულს გადავხედავთ, არაფერი ისეთი არ გვრჩება, რითაც ვიამაყებთ ან სინანულით ვიტყვით: „ოჰ, სიხარულის წლებო, ასე სწრაფად სად წახვედით!“ წინ თუ გავიხედავთ, მომავლის ბურუსში არაფერი ისეთი არ ჩანს, რომ გული ადგილზე შეგვრჩეს, ან ოცნებით ვთქვათ: „მოდი, სიხარულის დღეო!“ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
ნუთუ ისევ ძველებურად უნდა დაგიკრათ თავი და გითხრათ: „შემოვდგი ფეხი, ღმერთმა დაგლოცოთ...“ სულ ღვთის წყალობა და ღვთის წყალობა, იქნებ ერთხელ ჩვენ თვითონაც გავინძრეთ. ერთხელ ჩვენ თვითონაც მივხედოთ საქმეს. ღვთის წყალობა კარგია, მაგრამ რას იზამს მარტო წყალობა, თუ ღვთისგან ნაწყალობებს თვითონ ადამიანი არ რწყავს, არ სხლავს, არ უვლის, არ უფრთხილდება, არ პატრონობს. ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოგვცა ჩვენ. დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა ადამიანობამ. რა ადამიანობა გამოვიჩინეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ჩვენთვის ღმერთს არაფერი დაუშავებია, არაფერი დაუზოგავს, არაფერი დაუკლია; თუ ქვეყანაზე ერთი-ორი ადგილია ისეთი, რომ კაცმა თქვას – ქრისტე ღმერთმა თავისი უხვი წყალობა აქ გადმოაფრქვიაო, მათ შორის საქართველო ბოლო ადგილზე არ არის. რაც ღვთის ძალით ხდება და არა ადამიანის, ის ყველაფერი უკვე მოგვცა ღმერთმა. ხელში გვიჭირავს ეს მშვენიერი ქვეყანა, რომლის მნახველებს შეუძლიათ სამართლიანად თქვან: „სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა“. ამ სამოთხისებურ ქვეყანაში მარტო ქართველს უგუბდება სული, გული ელევა, ხორცი ადნება... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ტყე-მინდორი, მთა-ბარი, მიწა-წყალი, ჰავა-ჰაერი ისეთი გვაქვს, რომ რა გინდა სულო და გულო არ მოიპოვო, არ იშოვო, არ გამოიყენო. აქ, ჩიტის რძეს რომ იტყვიან, ისიც მოიპოვება. ოღონდ ხელი გაანძრიე, იშრომე, გაბედე, მუცელსა და სურვილებს ნუ დაემორჩილები. იცოდე, დღეს ყველაზე ძლიერია გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა, საჭიროებისამებრ დაზოგვა და არა გაუმაძღარი სურვილისამებრ. ვართ კი ასეთები? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა კბილების ღრჭენა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზე და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინარჩუნეთ ჩვენი თავი, შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვბანეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენი კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი შვილები და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზე არ დაგვიტოვეს, გაგვანადგურეს, გაგვჟლიტეს და მაინც ფეხზე წამოვდექით. მოვმრავლდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომს, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, ქრისტიანებსა და არაქრისტიანებს და ქართველების დროშა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შეჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს. დრო ამას გვიქადის... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისთვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზე, როგორც კლდეზე, დავუდგით ქრისტიანობას ტაძარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ჯოჯოხეთის ძალებმა ვერ დაანგრიეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტეთ, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უთანასწორო ომები გავასწორეთ, ხორცი მივეცით სულისთვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინარჩუნეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს – სამართლიანი სიამაყით ვეძახით. ცოდვა არ არის, ეს ერი მოსწყდეს; ცოდვა არ არის, ეს ლომი კოღომ ბუდედ გაიხადოს, ცოდვა არ არის, მელა-ტურამ გამოღრღნას, როგორც მძოვარი, როგორც ლეში. რატომ? რისთვის? ვის რა ვირი მოვპარეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ყველა ეს შევძელით და საჭიროა ვიკითხოთ – რამ შეგვაძლებინა? რამ გვიხსნა? ჯვარცმულნი ქრისტესთვის როგორ გადავრჩით? წამებულნი და სისხლისმღვრელნი სამშობლოსთვის რამღა გვაცოცხლა, რამ გვასულიერა? იმან, რომ ვიცოდით – იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხე-სიმაგრე. მისი ფარ-ხმალი, ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცები ვიყავით, ხმალი უნდოდა, ხმლის ჭედვა ვიცოდით, ომის საქმეების ცოდნა უნდოდა, ომის საქმეები ვიცოდით. აი, რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინარჩუნა... იმ დროის საჭიროებებზე ვიყავით მორგებულნი, იმ დროის ქარ-ცეცხლში გამოწრთობილნი, იმ დროის სამჭედლოში გამოჭედილნი. „რბილნი ვიყავით, როგორც ნაქსოვი“ – როგორც ქრისტიანები „და მტკიცენი, როგორც ნაჭედი“ – როგორც მეომრები და მამულიშვილები. ამით გავიტანეთ თავი. დროის შესაფერისი ძალა ვიცოდით, დროის შესაფერისი ხერხი, დროის შესაფერისი ცოდნა გვქონდა, დროის შესაფერისი სიმხნევე და გარჯა. წავიდა ის დრო: დაჩლუნგდა ხმალი, გაუქმდა ვაჟკაცობა, ახლა ხმალი თაროზე უნდა შევდოთ, აღარაფრის მაქნისია; ახლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ქარხნის ჩარხი, ან მანქანის მართვის მექანიზმები. ახლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლი ღვაროს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ღვაროს. კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ახლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის გარჯის წესი და ხერხი, ვინც უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც ზოგავს ნაღვაწს. დღეს ყველაზე ძლიერია მარტო ის, ვინც მცველია და ბეჯითი სულით და ხორცით, ცოდნითა და მარჯვენით. გვჭირს კი დღეს რომელიმე ეს დროის შესაფერისი სიკეთე? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ხმლიანმა მტერმა ვერ დაგვათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიან მტერს გავუძელით, გადავრჩით, ქვეყანა და სახელი შევინარჩუნეთ, სახსენებელი არ ამოგვიკვეთია, შევირჩინეთ, ჩვენი ჩაქოლვის ადგილი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსულმა ვერაფერი დაგვაკლო – შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვწყვეტს. ქართველის სახსენებელი ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერ ქვეყანას, როგორც უპატრონო ტაძარს, სხვები დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველივე ამისთვის მზად? ან გვეტყობა რამეში, რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ახლაც ომია, ოღონდ სისხლის ღვრისა კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი. ამ ომმა არც საყვირი იცის, არც დოლი. უსაყვიროდ-უდოლოდ თესავს, უსაყვიროდ-უდოლოდ მკის. კოკისებურ შხაპუნა ნიაღვარს კი არ ჰგავს, რომ მთა და ბარი თან წაიღოს, დაანგრიოს, დაღაროს და მოგრაგნოს, „მდუმარე წვიმასავით ნაყოფის გამომცემელია“. არც რბევა იცის, არც ძარცვა. ეს მის ბუნებაში არ წერია, თუ თვითონ ადამიანმა ულმობელი სიხარბის შხამი შიგ არ ჩააწვეთა, ბუნება არ მოუწამლა, არ მოუშხამა. ეს ომი შრომისაა, და როგორც შრომა – პატიოსანია, ნამუსიანია და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავგამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრად წინ არის სისხლის ომის ვაჟკაცობაზე. ვაჟკაც გულადზე მშრომელი ბევრად მეტიაო, – იტყოდა გლეხკაცი თავისებურად ზუსტად, თუ მართალს ათქმევინებთ. რა გლეხკაცი, თვითონ დღევანდელი დღე ამას გვეუბნება, ამას ღაღადებს და ჩვენ გვესმის კი ეს ხმა? ვაი რომ არა. მაშ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
არ ვიცით – ვინ ვიყავით, არ ვხედავთ – ვინ ვართ, ვერ წარმოგვიდგენია – ვინ ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და ყურადღებასაც არ ვაქცევთ. ამ თხრილის პირას ვდგავართ და საკმარისია ხელი გვკრან – და შიგ გადავიჩეხებით ერთიანად, ყველანი. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგავართ და უძლურად ვბზუით „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“ და ამ ბზუილიდან არაფერი გამოდის. ალბათ იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის. ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლია, თვალი აგვიხილე, ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისგან გვასწავლე დროის შესაფერისი მამაცური ქცევა, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ მაინც აღარ თქვას: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
1897 წ. 31 დეკემბერი