21-ე თავი
„უბედურსაო”?! — ამ სიტყვის წარმოთქმისას განდეგილი უცებ შეძრწუნდა. ეს ხომ საჩივრის სიტყვაა, როგორ აღმოჩნდა ის მის ენაზე? „უბედურსაო”?! — ეს ხომ გულის ტკივილისა და წუწუნის სიტყვაა! ეს ხომ სულთქმაა, კვნესაა იმ ადამიანისა, ვინც ბედნიერება დაკარგა!.. მან რა დაკარგა?.. ნუთუ არ ჰყოფნის, რომ მან დაძლია ამქვეყნიური ცდუნებები, განშორდა მათ და აქ მოიპოვა სულის სიმშვიდე და სიმყუდროვე? ნუთუ ახლა დაკარგვად მიიჩნია სხეულის ვნებების, ამქვეყნიური სურვილების დამარხვა, და არ ჰყოფნის, რომ სულში უკვდავების წმინდა ტაძარი ააგო? რა დაემართა? რა მოუვიდა? ნუთუ ახლა ბედს უჩივის? ნუთუ ახლა ნანობს, რომ უარი თქვა ამქვეყნიურ ცხოვრებაზე და რამეს საყვედურობს ღმერთს, შემოქმედს?