თავი X
ბისოს მოუვიდა ამბავი, როგორც მეხის დაცემა: „მოუკლავთ ზვიადაური, ციდან ჩამოსული სვეტივით, ფშავ-ხევსურეთის ფარ-ხმალი, მეტად გამოსადეგი!“ შავი ამბის გამგონე დედებმა ზარი გამართეს (ტირილი, გლოვა). ბებერი ბისო ტიროდა, მოსთქვამს, ქვითინებს მწარედ: „ბედკრული რად ვარ ცოცხალი? მეც მიწას მიმაბარეთ; მკლავები მაჩვენეთ შვილისა, მოიტანეთ, ჩამაბარეთ! ჩემი შვილის მარჯვენით გულს მიწა მომაყარეთ; ვაჰმე, რატომ ვარ ცოცხალი? რისთვისღა ვთელავ არეს?! მკვდრებო, რად არ მეც ადრევე თქვენთან არ დამიბარეთ? როგორ ვიგონო ჩემი ძე ურჯულოს არე-მარეს?!“
ვაჟკაცებმა გაიგეს ამბავი, გასაგონარი ჭირით. ერთმანეთს გადაეძახნენ ბოღმით შემკული პირით: რად გიკვირთ, როცა ჩვენს მფარველს ცხელი ცრემლით ვტირით?! გამოიტანეს შუბები დუმით ნაპოხი (გაპოხილი) წვერით, ფარ-ხმალით მოკაზმულები ჯარს ამზადებენ დილით. ეს ხომ ახალი არ არის, სისხლმა იდინოს მილით. იძახის აპარეკა: „საგზალი გინდათ კვირისა!“ „ქუდზე კაცი უნდა წავიდეს!“ – ბაბურაული ყვირის. აღელვებულთა ბორგვაა, ხმა არ გეგონოთ სტვირის (სალამურის)!
XI
„კარში გამოდი, ჯოყოლავ, წყნარად ნუ წევხარ კერასთან. რამდენი ხალხი მოერტყა ჩვენი მთების წვერას! ჩვენთან მოდიან სტუმრად, ჩვენ გვიპირობენ წვევას (შურისძიებას). შეგვანანებენ დედებს შვილთა აკვნების რწევას. საქონელს ერეკებიან, როგორი არეულობაა! გაჰხედე, ჯარმა აავსო ჯარეგის თავი, სამგორი. დამთხვალთა (დაბნეულთა) მენახირეებს კლდეები მოსდევს ნაგორი (მთის ფერდობი). წადი, უშველე თავისებს, მტრის დასახვედრად მირბიან. შენც ისე წადი, ჯოყოლავ, როგორც სხვები მიდიან.“