prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

სტუმარ-მასპინძელი — თავი X

ვაჟა-ფშაველა · პოეზია

X

ბისოს მოვიდა ამბავი,

ვით ნაქუხარი მეხადა:

"მოუკლავთ ზვიადაური,

ცით ჩამოსული სვეტადა,

ფშავ-ხევსურეთის ფარ-ხმალი,

გამოსადეგი მეტადა!"

შავის ამბისა გამგონეთ

ზარი გამართეს დედათა.

ბისოს ტიროდა ბებერი,

მოსთქვამს, ქვითინებს მწარედა:

"ბედკრული რად ვარ ცოცხალი?

მეც მიწას მიმაბარეთა;

მკლავნი მაჩვენეთ შვილისა,

მოიტათ, ჩამაბარეთა!

ჩემის შვილისა მარჯვენით

გულს მიწა მომაყარეთა;

ვაჰმე, რადა ვარ ცოცხალი?

რისთვის-ღა ვსთელავ არეთა?!

მკვდარნო, რად არ მეც ადრევე

თქვენთან არ დამიბარეთა?

როგორ ვიგონო თავის ძე

ურჯულოს არე-მარეთა?!"

ვაჟკაცთ გაიგეს ამბავი,

გასაგონარი ჭირითა,

ერთმანეთს გადაეძრახნენ

ბოღმით შემკულის პირითა:

რად გიკვირთ, როცა ჩვენს მფარველს

ცხარის ცრემლითა ვსტირითა?!

გამოიტანეს შუბები

დუმით ნაპოხის ცხვირითა,

ფარ-ხმალით მოკაზმულები

ჯარს ამზადებენ დილითა.

ეს ხომ ახალი არ არის,

სისხლმა იდინოს მილითა.

იძახის აპარეკაი:

"საგძალი გინდათ კვირისა!"

"ქუდზე კაც უნდა წავიდეს!"

ბაბურაული ჰყვირისა.

აღელვებულთა ბორგვნაა,

ხმა არ გეგონოსთ სტვირისა!

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ვაჟა-ფშაველა.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.