III
მივიდნენ, კოშკები დაჩნდა,
აქა-იქ ჰყეფენ ძაღლები;
კარებში იცქირებიან
ცნობისმოყვარე ბალღები.
დაეტყო ცხადად კლდის მსგავსად
სიპით ნაგები სახლები.
აი, ეს ჩემი ოჯახი,
ჩემი ციხე და სახლია;
მობრძანდი, როგორც ძმა ძმასთან.
ნათლიმამასთან ნათლია.
ცოლს დაუძახა ჯოყოლამ:
გამოიხედე კარშია!
ეტყობა თავმოწონება
მასპინძელს საუბარშია.
სდგანან დერეფანს, უცდიან...
ცეცხლი ჰკრთებოდა ღველფზედა,
ჩონგურს უკრავდა, დროული
კაცი რამ უჯდა გვერდზედა.
დაჰმღერდა გმირობისასა,
მამა-პაპათა ცდისასა:
როგორ არბევდნენ ფშავ-ხევსურთ,
სისხლს არ არჩენდენ ძმისასა;
ყველგან მადლობას სწირავენ
მარჯვენას კაის ყმისასა.
გამოჩნდა ქალი ლამაზი,
შავის ტანსაცმლით მოსილი,
როგორაც ალყა ტანადა,
ვარსკვლავი ციდამ მოცლილი.
აი, სტუმარი მოგგვარე,
ღვთის წყალობაა ჩვენზედა,
როგორც დაგვხვდები, დიაცო,
ეხლა ჰკიდია შენზედა.
ქალმა სალამი მიართო:
სტუმარო, მოხვედ მშვიდობით!
შენდაც მშვიდობა, გაცოცხლოს
თავის ქმრითა და წილობით!
სტუმარს აბჯარი წაუღო,
მიიპატიჟეს შინაო;
ქალი მისდევდა უკანა,
ჯოყოლა მიდის წინაო;
თან მისდევს ზვიადაური,
ძმობილი გაიჩინაო.