II
ზევიდამ ვინღაც უცნობმა
კლდის ლოდი გადმოაგორა,
მგზავრმა შეჰხედა პირ-აღმე,
წინ უდგას მაღალი გორა.
ყურს უგდებს... ცოტა ხანს შემდეგ
მოესმა ქვიშის ჩხრიალი.
მგზავრი სიათას იმარჯვებს:
მტერი არ იყოს ტიალი.
შესცქერის გაფაციცებით
ფეხზე შემდგარის თოფითა,
ჰხედავს, რომ მოალაჯუნებს
კაცი ორ-კაპის ჯოხითა.
შავი რამ მოსთრავს პირ-თავქვე,
ქვიშა ქანავდა იმითა.
არას ამბობდა უცნობი,
სიტყვა არ მოსდის პირითა.
უპრჭყვინავს სალტა თოფისა,
ვით წვიმის ცვარი დილითა.
ვინ ხარ, რა სულიერი ხარ,
რას იარები ამ დროსა?
ვინ გინდა? მონადირე ვარ,
კაცს შენ ვერ გხედავ სანდოსა.
რაობით სანდო არა ვარ?
სიტყვას რად ამბობ მცდარესა?
ვითომ, რომ დავხეტიალობ
შენებრ ამ კლდიან მხარესა?
მეც მონადირე გახლავარ,
დღეს-კი ვეხეტე უბრალოდ.
წესია მონადირისა,
ხომ მაინც დაჰრჩი უვალოდ?
ესეც ვალია, ძმობილო,
ძლივს-ღა დავათრევ ფეხებსა,
სულ დავიარე ჭიუხი,
არა ვსტოვებდი ხევებსა.
ზედ შავი ნისლი ჩამოწვა,
ნიავი მოსცა ძლიერი,
ხევებით შემომღმუოდა,
როგორაც მგელი მშიერი.
თვალ-წინ გზას ვეღარ ვირჩევდი,
კლდეზე გადვარდნას ვლამობდი,
ხამად ვარ, გეზი არ ვიცი,
ამით ძლიერა ვწვალობდი.
ბევრგან დავაფთხე ნადირი,
ცხადად ფეხის ხმა მესმოდა,
ან როცა გადაფრენილის
ჯიხვის რქა კლდეებს ესმოდა.
ის იყო გულის საკლავი,
თვალით ვერაფერს ვხედავდი,
სროლას, ან მოკვლას ვინ იტყვის,
წინ სვლას ვეღარა ვბედავდი.
უცნობი ახლოს მივიდა,
შორი-ახლოსა მდგომარე,
"გამარჯვებაო" მისძახა,
"ნუ სჩივი, ნუ ხარ მწყრომარე".
ე შენც გაგიმარჯოს, ძმობილო,
ჰხოცო ნადირი მხტომარე.
აი, ნადირი, რას სჩივი?
უჩვენა ჯიხვი რქიანი,
მკვდარი, რქებ-გადაგდებული,
დადუმებული, ჭკვიანი.
თუ გინდა ეხლავ გავიყოთ,
როგორც ამხანაგთ, ორადა,
ჩიჩქიც არ მინდა მე მეტი,
გავინაწილოთ სწორადა.
ამაღამ ჩემთან წამოდი,
სახლი არ მიდგა შორადა.
სადაური ხარ, ძმობილო?
სახელიც მითხარ შენია.
ნუ სწუხარ, საზრდო შენთვისაც
დღეს უფალს გაუჩენია.
წილი გდებია შენაცა
ამ ჩემგან მოკლულს ჯიხვშია.
რად გიკვირს, არ გეხუმრები,
არც გეფერები პირშია.
მაშ, თუ ეს ასე არ არის,
რად შამეფეთე ამ დროსა?!
შაჰრცხვეს, ჩემს თავად, ვინც შენა
ნაწილი დაგიკარგოსა.
რა გქვიან? სახელი მითხარ,
ხევსური სჩანხარ იერით.
ნუნუა მქვიან, ძმისაო,
გადმოხვეწილი ჭიელით,
იცრუა ზვიადაურმა,
თვისი სახელი დამალა.
რა ქნას? მის სახელს იცნობენ,
ქისტებს ბევრს სისხლი ავალა;
ბევრს ქისტს მოაჭრა მარჯვენა,
უდროდ საფლავში ჩალალა.
შენი სახელიც მასწავლე,
ჩემი ხომ გითხარ მართლადა.
ჯოყოლა მქვიან, ძობილო,
ალხასტაისძე გვარადა;
არ მოგვიხდება, ერთურთში
სიტყვა ვიუბნოთ მცდარადა.
სახლი აქ ჯარეგას მიდგა,
ქავი და ციხე კარადა.
ამაღამ ჩემთან წამოდი,
მე გაგიძღვები თავადა.
თუ კარგად არ დაგიხვდები,
არც დაგიხვდები ავადა.
ხვალ თითონ იცი, ძმობილო,
საითაც გინდა, იარე.
ზოგს მე გიამბობ ჩემს დარდსა,
ზოგიც შენ გამიზიარე.
საცა არ მიხნავ, ძმობილო,
იქ ვმკო ე ეს სადაურია?
ყელი მოგიჭრავ ჯიხვისთვის,
ფეხებიც ჩატყაულია.
გესტუმრო, უარს არ გეტყვი,
გიშველი ჯიხვის ზიდვასა,
წილს-კი არ მოგთხოვ, იცოდე,
თავს არ ვაკადრებ იმასა.
შამოატყავეს ნადირი,
წავიდნენ ჯარეგაშია,
ბევრი იუბნეს ამბავი,
ერთურთს გაეცნენ გზაშია.