prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

სტუმარ-მასპინძელი — თავი XV

ვაჟა-ფშაველა · პოეზია

XV

იმ კლდის თავს, საცა ჯოყოლა

მოჰკლეს ხევსურთა ბრძოლაში,

ღამ-ღამ ჰხედავენ სურათსა

ზვავისგან ნაგალს გორაში:

კლდის თავს წადგება ჯოყოლა,

სასაფლაოსკე იძახებს:

"ზვიადაურო, ძმობილო,

რად არ მაჩვენებ შენს სახეს?!"

სასაფლაოდამ წამოვა

აჩრდილი ფარ-ხმალიანი,

გულზე უწყვია დაკრეფით

მკლავები სამკლავიანი.

მივა და მიესალმება

თავის ძმობილსა მდუმარედ.

იქვე აღაზაც ამოდის

სახე მოწყენით, მწუხარედ.

ენთება ცეცხლი მათს გვერდით,

მკრთალადა ბჟუტავს მთაზედა;

იმათ ჰმასპინძლობს აღაზა,

ჯიხვის მწვადს უწვავს ალზედა.

ვაჟკაცობისას ამბობენ,

ერთურთის დანდობისასა,

სტუმარ-მასპინძლის წესზედა

ცნობის და და-ძმობისასა.

როცა მათ ჰხედავს ერთადა

კაცი, ვერ ძღება ცქერითა;

მაგრამ გაჩნდება ჯანღი რამ

კურუმად შავის ფერითა,

დაეფარება სანახავს

წერა-მწერელის წერითა.

ზედ აწევს ჯადოსავითა,

არ დაიმტვრევა კვერითა,

ვერც შეულოცავს მლოცავი,

არც აიხდება ხელითა.

მხოლოდ მდინარის ხმა ისმის,

დაბლა მიქანავს ხველითა

და უფსკრულს დასცქერს პირიმზე

მოღერებულის ყელითა...

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — ვაჟა-ფშაველა.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.