V
რა ამბავია, დიაცო?
ხმალი მინდა და ხანჯარი!
სახუმრო საქმე არაა,
თავზე დაგვესხა მტრის ჯარი!
ნამდვილ აკლებას გვიპირობს,
გვღალატობს ჩვენი სტუმარი;
ძმობით და მეგობრობითა
შემოგვაპარა ლაშქარი!
სუ, დაიცადე!.. მოვსტყუვდი...
ჩვენი ქისტები არიან.
რისთვის მოვიდნენ ამ დროსა,
რას ბჭობენ, ვის რა სწადიან?!
ყური დაუგდე კარგადა,
კაცისა მესმის ხრიალი.
რა მქისე ხმაურობაა,
რა საზარელი გრიალი!
ჩემს სტუმარსა ჰკვლენ, სწორედა,
უდგასთ ხანჯრების პრიალი.
უყურე უნამუსოთა,
ჩემს ოჯახს როგორ ჰქელავენ!
ჩაიგდეს ჩემი კაცობა,
ფეხს ქვეშ ტყლაპივით სთელავენ,
გავიგო, აბა, წავიდე,
რაზე, რისთვისა ჰღელავენ?!
ეს სთქვა ჯოყოლამ, წამოდგა,
ხელ-ხანჯრიანი წავიდა.
გააღო სახლის კარები,
შეუპოვარად გავიდა.
რას სჩადით? შემოუძახა:
ვის სტუმარს ჰბოჭავთ თოკითა?
რად სტეხთ საუფლო ჩვენს წესსა,
თავს ლაფს რად მასხამთ კოკითა?
ჩემს სჯულსა ვფიცავ, სისხლს დავღვრი,
განანებთ ბრიყვულს ქცევასა,
განანებთ, თუმცა ძმანი ხართ,
ჩემის კაცობის ქელვასა!..
რას ამბობ, შტერო, რას ამბობ?
რად არ მოდიხარ ცნებასა?
მოსისხლე სტუმრის გულისთვის
ძუძუს ვინ მოსჭრის დედასა?!
შემოუძახეს ქისტებმა
ერთხმად, ძლიერად, ჭექითა:
შენ და შენს სტუმარს, ორივეს
ერთად გადგისვრით ბექითა.
თემს რაც სწადიან, მას იზამს
თავის თემობის წესითა.
მთელის ქისტების ამომგდე
სტუმრად რადა გყავ სახლშია?
ზვიადაურის სახელი
ბავშვმაც კი იცის მთაშია.
ეს იყო მუდამ, ჭკვათხელო,
ჩვენის გაჟლეტის ცდაშია,
მგლურად რო გვეტევებოდა,
რო გვიჯდებოდა გზაშია.
ჯოყოლა ცოტას შეფიქრდა,
პირს სინანული წაესო,
თითქოს ნატყორცნი ისარი
ზედ გულის კოვზზე დაესო.
თვით ამან მოჰკლა შენი ძმა
არყიანებში თოფითა,
ჩვენ ვიცნობთ მაგის სახესა,
გადალესულსა ცოფითა.
"გახლავართ ზვიადაური!"
ჩამოგვკიოდა გორითა;
სულ კარგად ვიცით, ცხადადა,
თვალს ვადევნებდით შორითა.
აავსო ფშავ-ხევსურეთი
აქით წასხმულის ძროხითა.
უკან გაუდგა ლაშქარსა
ფეხმარდი, ლეგის ჩოხითა.
თავს რად იმურტლავ, ბეჩავო,
გაუმაძღარის ღორითა?
გული როგორ არ გერევა
მაგასთან ჯდომა-ყოფნითა?!
ეგ მართალია, იქნება...
რა უნდა მითხრათ მაგითა,
მითც ვერ მიაბამთ ჩემს გულსა
თქვენს გულისთქმასთან ძაფითა.
დღეს სტუმარია ეგ ჩემი,
თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,
მითაც მე ვერ ვუღალატებ,
ვფიცავ ღმერთს, ქმნილი იმისა.
მე გთხოვ გაუშვა, მუსაო,
ნუ სტანჯავ უდიერადა,
როცა გასცდება ჩემს ოჯახს,
იქ მოეპყარით ავადა.
ვის გაუყიდავ სტუმარი?
ქისტეთს სად თქმულა ამბადა?
რა დავაშავე ისეთი,
რომ მომიხედით კარადა?
თვის რჯული დაგვიწყებიათ,
მიტომ იქვებით მცდარადა;
ჩემს ოჯახს პასუხს რით აძლევთ?
სახლში ხართ, განა შარადა!
ვაი თქვენ, ქისტის შვილებო,
მომდგარნო ჩემს კარს ჯარადა!
უიარაღოს აწვალებთ,
გული რასა ჰგრძნობს თავადა?
მ უ ს ა (ჯოყოლას)
შენაც ამასთან შაგკონავთ,
თემის პირს რომ სტეხ, თავხედო!
ჩვენის ნარჩევის დარღვევა
შენ როგორ უნდა გაჰბედო?
აჰყეფდი ქოფაკივითა,
აბდა-უბდაობ შტერადა;
ამ გიაურის გულისთვის
ძმებსაც ეპყრობი მტერადა.
არ იცი, რომ შენი საქმეც
დღეიდგან წავა ცერადა?!
ჯ ო ყ ო ლ ა (მუსას)
რაო? ქოფაკო?! შენ ამბობ?
ახლა ძაღლადაც გამხადე?!
იძრო ხანჯარი, მუსასა
გულში უმარჯვა ვადამდე.
უყურე თვით ძაღლს, უყურე,
გამითამამდა სადამდე!
ჩემის კაცობის დამქცევნო,
ლანძღვასაც მემართლებითა?
ალლახსა ვფიცავ, გაგმუსრავთ,
მანამ ამკაფავთ ხმლებითა,
გრისხავდესთ ცა-ქვეყნის მადლი,
უსამართლობას შვრებითა!
რა ქნა უღმერთომ, რა ქნაო,
გაგიჟდა, ჭკვაზე მცდარია...
ჯოყოლას თავზე დაეცა
მთლი ქისტების ჯარია,
ხელი შაუკრეს... არ მისცეს
ნება, ეხმარა ხმალია...
ხელ-ფეხშაკრული დერეფანს
დააგდეს, როგორც მკვდარია.
წყევლა ხალხისა ჭექაა,
ნაფურთხი წვიმის ცვარია.
წამოიყვანეს დაჭრილი,
ზვიადაურიც სტანია.
რას ამბობს ზვიადაური?
სახე რადა აქვს მტკნარია?
ბოღმა მიტომ ჰკლავს ვაჟკაცსა,
რომ ხელთ არა აქვს ხმალია:
"ჩამიგდეთ ხელში, ძაღლებო,
კარგი დაგიდგათ დარია".
ამას ამბობდა დინჯადა,
სხვად არას მოუბარია.
მიჰყავდათ სასაფლაოზე,
სადაც ქისტების მკვდარია,
უნდა თავის მკვდარს შესწირონ,
რომ იქ უზიდოს წყალია,
მსახურად ჰყავდეს, მორჩილად,
და გაუბანდოს ჯღანია...