VIII
სად მიხვალ, სადა, წყეულო?
საითკე მიეჩქარები?!
ვინ გაჭმევს კაის ყმის ლეშსა?
ძაღლო, დაგიდგა თვალები!
შენს საჯიჯგნადაც გამხდარა
ზვიადაურის ძვალები!?
სთქვა ეს აღაზამ და ქვებსა
ესროდა ხშირა-ხშირადა.
მირბის და მისდევს შმაგადა
კლდიანის ხევის პირადა.
ხმა ისევ ესმის მკვდრებისა,
მას ბანს აძლევენ მთანიცა,
სამდურავს ეუბნებიან
აღაზას გიშრის თმანიცა.
მოუახლოვდა თავის სახლს,
სინათლე მოსჩანს იქითა;
უნდა იძახოს: "მიშველეთ",
ხმა მიაწვდინოს შიგითა.
მაგრამ ვერ ამბობს ვერაფერს,
ოფლი წყლად მოსდის შუბლზედა.
მივიდა სულშეხუთული
და გადაიქცა ზღუბლზედა.
კერის პირს იჯდა ჯოყოლა,
მუხლი გადეგდო მუხლზედა.
"ვაჰმეო," ეს კი იძახა,
სიტყვა გაუშრა ენაზე.
ქმარმა მოჰხვია ცოლს ხელი
და მიათრია კერაზე.
რა დაგემართა, დიაცო?
ჩაეკითხება მშფოთარე,
სხვა სადარდელი მაკლია,
ახლა შენ მექმნა მოზარე?!
რა დაგემართა, რა არი?
მითხარ, გახსენი ბაგეო!
ხომ არვინ მოიწადინა
გადაეგორე მკლავზეო?
მითხარ, არ გაჭმევ იმის ჯავრს,
ვანანებ ემავ წამზეო.
ჩემის ნამუსის შემბღალავს
მალე მოვიყვან ჭკვაზეო,
როგორც ვანანე მუსასა
მიხდომა სხვისა კარზეო.
პასუხს ელოდა ცოლისგან,
დასჩერებოდა თავზეო.
და თანაც ხანჯარს ჰბღუჯავდა,
ხელი ეკიდა ტარზეო.
ქალი ვერაფერს ამბობდა,
გაჰმტკნარებოდა სახეო.
თავს დასტრიალებს ჯოყოლა,
ელის, რას ეტყვის ცოლია,
შუაღამის დროს აღაზამ
თანთან მოიცა გონია.
უთხრა ჯოყოლას: "რას ამბობ?
თავი რად დაიღონია?
რად მოიგონებ იმასა,
რაიც არ მოსაგონია?
სულ ტყუილია... კაცისა
არსად მინახავს ჭაჭანი,
ვინ გამიბედავს მაგასა,
რად მინდა ლეჩაქ კაბანი?!
სასაფლაოდამ დავბრუნდი,
შენს ცხენს ვეძებდი ხევებში,
ცხენის მაგივრად ბედკრული
შიგ შევერიე დევებში.
დამიხვდა შავ-ნაბდიანი,
უზარმაზარის ტანისა,
ჯერაც თვალებში მიელავს
სიმყრალე იმის კანისა;
დიდ-ყურა, კბილებ-ღაჯუნა,
უმსგავსო, ფერად შავისა;
ხელები გამომიწვადა,
დიდი ხელები თავისა,
მთის ოდნად სჩანდა მის თავზე
მოშავფრო ქუდი ტყავისა.
თან მითხრა: ჩემთან წამოდი,
ჩემთან იცხოვრე, ქალაო,
ბევრი მაქვს ოქრო და ვერცხლი,
არაფერს დაგიმალაო.
მე გამოვიქე, შევშინდი,
დევიც მომდევდა ღრიალით;
მთელი ქვეყანა იძვროდა
იმის ფეხებს ქვეშ გრიალით;
მზარავდა ეს ხმაც, მთა-ბარიც
წაღმა-უკუღმა ტრიალით,
ძლივს მოვაღწიე და გამცნე
ჩემი ვაება ხრიალით".
ჯოყოლა ეტყვის: დევს გარდა
სხვა რამ საქმეა კიდევა,
ჩემს ჭკვას არ სჯერა ნათქვამი,
ჩემი ფიქრები ირევა.
ნამტირალევი რადა ხარ?
ღაწვებზე ცრემლი გდენია;
ჩქარა სთქვი, სწორედ მითხარი,
თორემ ვერ მომითმენია!
სადარდო, საგულისხმო რამ
გრძნობა გულს გადაგფრენია.
ჩემს თვალებს ვერ დაემალვის
იმ გრძნობის ნაკვალევია;
არ შაიძლება არ დაჩნდეს
ნასვამი, დანალევია!..
რა დაგიმალო, ჯოყოლავ,
ან რად შემრისხავ თქმისადა?
ეტყოდა ცოლი და ნაზი
თრთოლა მიეცა ხმისადა:
ცრემლები შემიწირია
იმ შენის მეგობრისადა.
ძლიერ შემბრალდა ბეჩავი,
რომ უცხოეთში კვდებოდა,
არც ნათესავი, არც მოძმე,
რომ ვისმე შეჰბრალებოდა!
მაგრამ, როს ჰკლავდენ ხანჯრითა,
ოდნავაც არა ჰკრთებოდა.
იქნებ შენც გცოდე, ღმერთსაცა,
მაგრამ ვიტირე, რა ვქნაო!..
მაგისთვის როგორ შეგრისხავ?
ტყუილს სჯობს სიმართლის თქმაო.
იტირე?! მადლი გიქნია,
მე რა გამგე ვარ მაგისა?
დიაცს მუდამაც უხდება
გლოვა ვაჟკაცის კარგისა.