თავი XII
ჯადო დაწვეს.
XII
მეორე დღეს გუშინდელი ბიჭები დაიბარა ლუარსაბმა და ასეთი საუბარი დაუწყო:
- მართლა ორმო იყო?
- თქვენი რისხვა არ გვქონდეს, მართლა ვნახეთ, – მიუგეს ბიჭებმა. იმათ ხომ მალე იციან ასეთების გატანა.
- არა, თქვენ ის ორი თვალით ნახეთ?
- ორი თვალით, აი ისე, როგორც შენ გხედავთ, ბატონო!
- დიდება შენდა, ღმერთო! ამხელა კაცი აქ დავბერდი და მე იქ ორმო არსად არ მინახავს!.. გაგონილა? როგორ შეიტყო? დიდი მისნობა არ უნდა ჰქონდეს?
- მაგის ხელობა ეგ არის, შენი ჭირიმე, და იქიდან შეიტყო, – მიუგეს ბიჭებმა.
- ალბათ ეგრეა, თორემ… აი, ღმერთმა დალახვროს! აბა, თქვენ გინახავთ ვინმეს იქ ორმო, ან გაგიგონიათ?
- რაც არ არის, რას ნახავდნენ, – წაიბუტბუტა ერთმა თავმოწონებულმა ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც შორიახლოს იდგა და მკლავი ხანჯალზე ებჯინა, – ერთი რაღაც გოგო-ბიჭების ნაჩიჩქნია და იმ კუდიანმა ორმოდ გახადა. რა უკვირთ?
ეს ისე თქვა, რა თქმა უნდა, რომ ლუარსაბს არ გააგებინა.
- შენ რა გენაღვლება, ძმაო, – წასჩურჩულა ერთმა ხნიერმა გამოცდილმა გლეხკაცმა, – ხომ ხედავ – ბატონს უხარია, რომ იქ ორმოა. დაე ეგონოს, რომ ორმოა, შენ რა?
- შენი რისხვა არ მქონდეს, – მიუბრუნდა მერე ბატონს ცბიერი მონა, – მე იქ ორმო არც მენახოს და არც გამეგონოს დღევანდლამდე. აი, ჭიპი აქ მომიჭრია და ამხელა კაცს ლამის სულიც აქ დამელიოს, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, შენი ჭირიმე, კუდიანის საქმე ეგ არის.
- განა ის კუდიანი იყო?
- მაშ? კუდიანობის ღამეს, ჭიაკოკონობას, შენი ჭირიმე, გადააჯდებიან ხოლმე – აი, დასწყევლოს ღმერთმა – ცოცხზე და თავის ბატონთან გაფრინდებიან ხოლმე. მოგახსენებენ, ჩიტურაშვილის დედა თურმე ბუხარში აძვრება ხოლმე, ცოცხზე – როგორც ცხენზე – შეჯდება და, ჰერი ბიჭო, გაუტევს ხოლმე.
- ეგ მეც გამიგია. რამდენი სასწაულია ქვეყანაზე! დიდება შენდა ღმერთო!.. – გადაიწერა პირჯვარი ლუარსაბმა, – მაშ, ჩიტურაშვილის დედასაც ეცოდინება მკითხაობა?
- განა ყველამ იცის, შენი ჭირიმე! ის უფროსი რომ ჰყავთ და კუდიანობის ღამეს ძღვენით რომ მიდიან ხოლმე, ის უფროსი თურმე ეტყვის: შენ, მავანო, მკითხაობა მიჩუქებია შენთვის, მეორეს კიდევ ეტყვის: შენთვის – მკურნალობაო, ასე გახლავთ.
- ეგრე იქნება, თორემ აბა საიდან გამოიცნობდა, რომ იქ ორმო არის? ჭკვიანი არ უნდა იყოს ის უფროსი?
- მოგახსენებენ, სოლომონ ბრძენზე უფრო ჭკვიანიაო.
არ ეტყობა, თუ! დიდება შენდა, ღმერთო ჩემო! – გადაიწერა ისევ პირჯვარი და შევიდა ოთახში დარეჯანთან.
- გაიგე, დედაკაცო, რა ამბები მოახდინა იმ უხეირო, უკბილო ბებერმა? – უთხრა ცოლს, – ის უფროსი რომ ჰყავთ, იმისი პირველი კარისკაცი ეგ უნდა იყოს. აი, ღმერთმა დალახვროს! ეს რა ვნახე, თქვენი ჭირიმეთ!
- კარგი, ნუღარ მომაგონებ, თუ ღმერთი გწამს! აქამდე ტანში შიშისგან ჟრუანტელი მივლის.
- აი, გულთმისნობა რა არის! ამდენს ხალხს ჩემს სახლში ჭიპი მოუჭრიათ და ერთმა არ იცოდა დღევანდლამდე, რომ იქ ორმოა. რა ქნა, თქვენი ჭირიმეთ!
- ღმერთო, შეგცოდე და, იმას თუ ეშმაკი არ ეჯდა ტანში, რა ვიცი?
ცოლ-ქმარმა ეშმაკის ხსენებაზე პირჯვარი გადაიწერეს და სამჯერ შეაფურთხეს ეშმაკს.
- ახლა კი… რა ვიცი? ახლაც რომ შვილი არ გვეყოლოს, ერთი მეტისმეტი ღვთის წყრომა იქნება, – თქვა ლუარსაბმა.
- ეჰ, შენც ერთი!.. მაგას რაღა თქმა უნდა. ისე დაჯერებული ვარ, რომ თითქოს შვილი კალთაში მიზის. რაები არ გამოიცნო!.. მოდი და ნუ დაიჯერებ.
- მაშ! მეც იმიტომ ვამბობ და!.. მკითხაობა რომ არ გაეჩინა ღმერთს – ვენაცვალე იმის სიბრძნეს – რა გვეშველებოდა? ჯადოს ვიღა იპოვიდა?
ორივე გაჩუმდა და ორივე გაოცებული იმეორებდა გონებაში გუშინდელ საოცარ ამბავს. ბოლოს ლუარსაბმა ისევ დაიწყო ლაპარაკი:
- დარეჯან! წყალში ხომ არ ხედავდა? ჰა? შენ რას იტყვი?
- შეიძლება მართლა! შენ ნუ მოუკვდები ჩემს თავს, ზუსტად წყალში ხედავდა.
- რა ვქნა, მე კი ასე მგონია!
- ღმერთმა იცის, შეიძლება ზუსტად ასე იყოს.
- რა ვიცი! მე კი რაღაც ეჭვი მაქვს!
- ჩემი მზემ, ასე უნდა იყოს.
- რა ვიცი, ჩემმა გონებამ კი ასე გადაწყვიტა!
- ჩემი გულიც ასე მეუბნება, ლუარსაბის სიცოცხლემ!
- იმ ხორბლის მარცვალს რომ ჩააგდებდა ხოლმე წყალში და რაღაც რგოლები კეთდებოდა, ის ხომ არ იყო?
- შეიძლება მართლა! ზუსტად ის იქნებოდა.
- რა „ის“?
- რომ თქვი „ისა“.
- აკი გითხარი! - მიუგო ლუარსაბმა თავმოწონებით, რომ მე გამოვიცანიო, - ზუსტად ასე უნდა იყოს, თორემ ის ქალი ეშმაკი ხომ არ იყო, რომ ასეთი სასწაული მოეხდინა.
- ასე უნდა იყოს, მე კი - ღმერთო, შეგცოდე, - ეშმაკობა შევწამე.
- შენგან არ მიკვირს! ეშმაკი როგორ იქნებოდა, რქები არ ჰქონდა. ეშმაკს რქები უნდა ჰქონდეს.
- ეჰ, განა ეგ მე არ ვიცი, ისე გავიფიქრე.
- ჰო, ეგ სხვა არის.
ორივე გაჩუმდა, ორივე დარწმუნდა, რომ რაც გუშინ არ ესმოდათ, მკითხავს რომ უყურებდნენ, ის დღეს გამოიცნეს და გაიგეს.
- მე კი გამოვიცანი, აი, - დაიტრაბახა ლუარსაბმა. დარეჯანს, თუმცა ლუარსაბი უყვარდა, მაგრამ მაინც თვითონ უნდოდა, რომ გამოცნობის სახელი მისი ყოფილიყო და არა ლუარსაბის: კაცი სულელი იქნება თუ ბრძენი, ყოველთვის თავმოყვარეა.
- განა, რომ მდომებოდა, მე ვერ გამოვიცნობდი, - მიუგო დარეჯანმა, - არ მინდოდა, თორემ გუშინვე გამოცნობილი მქონდა.
- ახლა მაგას დაიჟინებ.
- ღმერთმანი, რომ ასეა.
- ეჰ, შენ ხომ კაცი ვერაფერს დაგანახვებს და თუნდაც სოლომონ ბრძენი მოვიდეს, მაშინვე ეტყვი: მე შენზე ჭკვიანი ვარო. ახლა რა არის, ერთხელ მე დამითმე. უცხო ხომ არ ვარ, შენი ქმარი ვარ.
არ ვიცი, დარეჯანმა დაუთმო თუ არა, ეს კი ვიცი, რომ ლუარსაბს ძალიან ეწყინა, დარეჯანი რომ შეეცილა.