როდესაც ციხეში შევიდნენ, იპოვეს ერთი პატარა, ბნელი ოთახი ჩრდილოეთის მხარეს. იქ დაამწყვდიეს წმინდა შუშანიკი. ის ჯაჭვი, რომელიც კისერზე ედო, ისევ ისე ედო. ურჯულო ვარსქენმა საკუთარი ბეჭდით დალუქა ოთახი. წმინდა შუშანიკმა თქვა: „ეს მახარებს, რომ აქ, ამქვეყნად დავიტანჯები და იქ, საიქიოში დავისვენებ“. პიტიახშმა უთხრა მას: „ჰო, ჰო, დაისვენე!“
შემდეგ ვარსქენმა მცველები დააყენა შუშანიკთან და უთხრა მათ, რომ შიმშილით მოეკლათ იგი. ასე ეუბნებოდა მათ: „გეუბნებით თქვენ, თუ ვინმე შევა მასთან, მამაკაცი თუ ქალი, თავს მიხედეთ! გაუფრთხილდით თქვენს ცოლებს, შვილებს და სახლებს! ჩემი ბრალი არ იქნება, რასაც დაგმართებთ!“ ამის შემდეგ ციხიდან გამოვიდა.
მესამე კვირას ვარსქენმა ერთ-ერთ მცველს მოუწოდა, ჰკითხა მას და უთხრა: „აქამდე ცოცხალია კიდევ ის საწყალობელი?“ მცველმა უთხრა: „უფალო, მოკვდავს უფრო ჰგავს, სასიცოცხლო პირი არ უჩანს, რადგან უფრო შიმშილით კვდება, რადგან არაფერს ჭამს“. ვარსქენმა უთხრა: „ნუ გენაღვლებათ, დაე, მოკვდეს!“
მე კი მრავალი ვედრებით ვთხოვე იმ მცველს და დავპირდი მას ერთი საჩუქარი. მან ძლივს იკისრა ჩემი შეშვება და მითხრა: „როგორც კი დაღამდება, მარტო მოდი შენ“. როგორც კი იმ მცველმა შემიყვანა და ვიხილე ქრისტეს ის ტარიგი, მშვენიერად, როგორც საპატარძლო, ბორკილებითა და ჯაჭვით დამშვენებული, მე რაკი ვეღარ მომითმინა გულმა, მწარედ ვტიროდი. წმინდა შუშანიკმა კი მითხრა: „კეთილი საქმისთვის სტირი, ხუცეს?“ იმ მცველმა კი მითხრა: „ეს რომ მცოდნოდა, არ შეგიშვებდი შენ“. მე დავიწყე მასთან საუბარი და მისი გამხნევება, იმდენი, რამდენიც ღმერთმა მომცა სათქმელად. შემდეგ დავემშვიდობე მას და სწრაფად წავედი ჩემს მონასტერში.