ორი დღის შემდეგ ვარსქენი, „მგელი“, სასახლეში დაბრუნდა და თავის მსახურებს უთხრა: „როცა მე, ჯოჯიკი და მისი ცოლი ერთად ვჭამთ, სხვას ნურავის მისცემთ ჩვენთან შემოსვლის ნებას“. საღამოს, როცა დაღამდა, ჯოჯიკის ცოლს დაუძახეს და გადაწყვიტეს ერთად ეჭამათ. მათ უნდოდათ, წმინდა შუშანიკიც მოეყვანათ. როცა პურობის დრო მოახლოვდა, ჯოჯიკი და მისი ცოლი წმინდა შუშანიკთან შევიდნენ, რათა მისთვისაც ეჭმიათ პური, რადგან ის მთელი ეს დღეები უჭმელად იყო. ძალიან აიძულეს და ძალით წაიყვანეს სასახლეში, მაგრამ შუშანიკმა არაფერი გასინჯა, პირი არაფერს დააკარა. ჯოჯიკის ცოლმა მას ღვინო მიართვა ჭიქით და აიძულებდა, რომ ეს მაინც შეესვა. წმინდა შუშანიკმა განრისხებულმა უთხრა მას: „აქამდე როდის ყოფილა (სად გაგონილა), რომ მამაკაცებსა და ქალებს ერთად ეჭამათ?!“ მან გაშალა ხელი, ჭიქა სახეში შეალეწა ვარსქენს და ღვინო დაიქცა.
მაშინ ვარსქენმა დაიწყო უმსგავსო გინება და ფეხით თელავდა მას. აიღო ცეცხლის საჩხრეკი რკინა (ასტამი) და თავში ჩაარტყა, ჩაჰფლა, რის გამოც ერთი თვალი დაუსივა. უმოწყალოდ ურტყამდა სახეში მუშტით და თმით დაათრევდა. გაცოფებული მხეცივით ყვიროდა და ღრიალებდა, როგორც გიჟი. მაშინ მის საშველად წამოიმართა მისი ძმა ჯოჯიკი. ისინი იბრძოდნენ, სანამ ვარსქენმა მასაც არ სცემა. თავში ჩაარტყა და გაჭირვებით, როგორც კრავს მგელი, გამოგლიჯა ასტამი ხელიდან. წმინდა შუშანიკი მკვდარივით იწვა მიწაზე. ვარსქენი აგინებდა მის ნათესაობას, ჯილაგს და ოჯახის დამაქცეველს უწოდებდა მას. ბრძანა მისი შეკვრა და ფეხებზე ბორკილების დადება.
როცა ვარსქენი ოდნავ დაცხრა გულისწყრომისგან, მოვიდა სპარსი და მხურვალედ ევედრებოდა მას, რომ წმინდა შუშანიკი ბორკილთაგან გაეთავისუფლებინა. რაკი ძლიერ ევედრებოდა, ვარსქენმა ბრძანა მისი განთავისუფლება, ერთ სენაკში შეყვანა და საგულდაგულოდ დაცვა ერთი მსახურით. ასევე, სხვას ნურავის მისცემდნენ ნებას, შესულიყო მის სანახავად – არც მამაკაცს, არც ქალს.
როცა ოდნავ ირიჟრაჟა, ვარსქენმა იკითხა და თავის მსახურს უთხრა: „როგორ არის იმ ჭრილობისგან?“ მსახურმა უპასუხა: „ვერ გადარჩება“. მაშინ ვარსქენი თავად შევიდა და ნახა იგი. გაუკვირდა მისი დიდი სიმსივნე. მსახურს უთხრა და ამცნო: „ნურავინ შევა მის სანახავად“. შემდეგ კი თავად სანადიროდ წავიდა.