XI.
როცა სრულდებოდა მეექვსე წელი იმ საპყრობილეში, შუშანიკის სხეულს, მისი სიმამაცის გამო დაუღალავი შრომის შედეგად, ავადმყოფობა შეეყარა. მე წინასწარ ვეუბნებოდი და ვუყვიროდი მას: „ნუ იღლი ასე თავს, რადგან ამძიმებ შენს სხეულს, ის ვერ გაგიძლებს და მერე ვეღარ შეძლებ რაიმე კარგის გაკეთებას ამდენი მკაცრი მარხვით, მუდმივი ფეხზე დგომით და ყოველღამე ფსალმუნებითა და გალობით შრომით“. მაგრამ მან არც ოდნავ არ დაასვენა თავისი სხეული და ჩაიფერფლა, როგორც ფერფლი.
ექვსი წლის განმავლობაში, დიდი მარხვების აღდგომამდე, არც დღისით, არც ღამით არასდროს არ დაჯდებოდა, არც დაიძინებდა, არც საჭმელს მიიღებდა, გარდა კვირა დღისა, როცა ეზიარებოდა ჩვენი ღმერთის, ქრისტეს ხორცსა და სისხლს. ის მიიღებდა მხოლოდ მცირე რაოდენობით მსხლის წვენს, ისიც ცოტას, პურის გემოს კი აღდგომამდე არ ნახავდა.
იმ დღიდან, რაც ციხეში ჩასვეს, თავი ბალიშზე არ დაუდია, მხოლოდ ერთი გამოუწვავი აგური ედო სასთუმლად. ქვეშაგებად კი ძველი გირჯაკი (ნაბადი) ჰქონდა. ხალხის დასანახად, სასთუმლის მხარეს, ერთი პატარა ბალიში ედო წამოსასხამისაგან (ხალენისგან) გაკეთებული. თაყვანისსაცემად კი პატარა კილიკი (ბეწვიანი ტყავის ნაგლეჯი) ჰქონდა ქვეშ დაგდებული. იმ ადგილას უთვალავი რწყილი და ტილი იყო.
ზაფხულის დროს, ცეცხლივით მწველი მზის სიცხე, ცხელი ქარები და მავნე წყლები, იმ ადგილის მკვიდრნიც ავადმყოფობით იყვნენ სავსენი: წყლით დასიებულნი და გაყვითლებულნი, დაწინწკლულნი და დამშრალნი, დამუნიანებულნი, დამუწუკებულნი, სახედასიებულნი და დღემოკლედ ცხოვრებულნი. იმ მხარეში მოხუცებული არავინაა, კაცი ვერ აღწევს მოხუცებულობამდე. ასეთ ციხეში იყო შუშანიკი ექვსი წელი და მძიმე ბორკილებში ადიდებდა ღმერთს.
როცა მეშვიდე წელი დადგებოდა, წმინდა და სამგზის სანატრელ შუშანიკს სხეულიც დაუწყლულდა. დაუცხრომელი შრომის გამო ფეხები დაუსივდა და ადგილ-ადგილ წყლულებიდან თხრამლი (ჩირქი) გამოსდიოდა. წყლულები დიდი იყო და მატლიც დასხმოდა. შუშანიკმა ის მატლი თავისი ხელით აიღო, მაჩვენა და ღმერთს მადლობდა. მან მითხრა: „ხუცესო, ნუ გიჭირს ეს, რადგან ის მატლი უფრო დიდია და არ კვდება“. მე, როგორც კი ის მატლი დავინახე, უთქმელად ძალიან დამწუხრდი და ბევრს ვტიროდი. მან ისევ მითხრა გაბრაზებით: „ხუცესო, რატომ ხარ მოწყენილი? უკვდავი მატლების შეჭმას აქ, ამ ცხოვრებაში, ამ მოკვდავების შეჭმა სჯობს“. მე მივუგე და ვუთხარი: „ძაძის სამოსელი ცოტად თუ ჩაგითვლია სატანჯველად? და ახლა იმ მატლების გამო მხიარული ხარ!“ მან მითხრა თხოვნით: „არავისთან არ თქვა ჩემი ცხოვრების ძაძის სამოსელის შესახებ, რადგან მალე მოხდება ამ უბადრუკი სხეულის დატოვება“. რადგან შინაგანად ძაძა ემოსა, და ჩემს გარდა არავინ იცოდა ეს, ხოლო გარედან, ხალხის დასანახად, ანტიოქიის პალეკარტი (უსახელო წამოსასხამი) ემოსა.