თავი VIII
პლატონი დიდხანს იჯდა ცუდ ხასიათზე, მარტო, დარბაზის კუთხეში, პატარა მრგვალ მაგიდასთან, წინ ჩაი ედგა და გული ჯერ კიდევ ვერ დაეწყნარებინა. ძალიან ლანძღავდა და აგინებდა საკუთარ თავს, რადგან არ თქვა უარი იმ გიჟ კაცთან მგზავრობაზე და ამდენი უსიამოვნება და ტანჯვა გადაიტანა. ტანჯვა ტანჯვად, მაგრამ მას უფრო სირცხვილი აწუხებდა, რადგან იმ წყეულმა კაცმა მთელი საზოგადოების წინაშე წამოიძახა და მისი საიდუმლო გაამჟღავნა.
რა თქმა უნდა, ახლა ის ამ ახალგაზრდების მასხარა იქნებოდა, რომლებიც დილიდან საღამომდე მხოლოდ იმით არიან გართულნი, რომ სასაცილო და დასაცინი რამ მოიგონონ ან ვინმეს შეამჩნიონ. ამაზე ნერვიულობდა პლატონი და ისეთ ხასიათზე დადგა, რომ მზად იყო უარი ეთქვა თავის განზრახვაზე, მიეტოვებინა საქმე, იმწამსვე სახლში დაბრუნებულიყო, ყველაფრისთვის თავი დაენებებინა და რაც უნდოდა, ის მომხდარიყო.
— მშვენიერი ადგილი ამოგირჩევიათ, თუ კაცი ვარ! ამ ტკბილ სასმელთან ტკბილი საუბარიც უფრო მოსახერხებელია, თავი ნუ მომიკვდება! — თქვა მომღიმარმა, დაახლოებით ოცდაშვიდი-ოცდაცხრა წლის ახალგაზრდამ და გვერდით მიუჯდა.
— აზნაური არისტო ქვაშავიძე გახლავართ. იმედი მაქვს, ახლოს რომ გაგიცნობთ ერთმანეთს, ცუდ კაცად არ ჩამთვლით. ამას თამამად ვიტყვი! კეთილშობილი კაცი ყოველთვის კეთილშობილმა კაცმა უნდა იცნოს. და თუ ჯერ ჩემი ნამდვილი კეთილშობილება მე თქვენთან არაფრით დამიმტკიცებია, იმედი მაქვს, მალე ნათლად დაგიმტკიცებთ. დიახ!
პლატონი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. რა უნდა ეპასუხა, რა ეთქვა ამ უცნაური კაცისთვის? მერე კიდევ ეს კაცი ისე სწრაფად ისროდა სიტყვებს, რომ ამ მოულოდნელი თავდასხმით გაფაციცებული, ის ქვაშავიძეს უყურებდა და არ იცოდა, რა პასუხი გაეცა. მის ბედზე, ეს ახალგაზრდა თითქოს არც აცლიდა სიტყვის თქმას. ის თითქოს ჩქარობდა თავისი სათქმელის დასრულებას, რომელიც, როგორც ჩანდა, მოკლე არ იქნებოდა.
როდესაც ახალგაზრდამ თავისი თავი დაწვრილებით წარუდგინა პლატონს და საკმაოდ გააცნო, უფრო ახლოს მიიწია მისკენ და ხმადაბლა ჰკითხა:
— თქვენ მართლა ეძებთ სადედინაცვლო ქალს? გეკითხებით ამას, როგორც პატიოსან კაცს. მართლა ეძებთ?
პლატონმა თვალები მიაშტერა ამის მკითხველს. რისთვის ეკითხებოდა ამას ეს კაცი? რა უნდოდა, რა ჰქონდა გულში ამ კითხვის დროს? „აი, კირილეს ნაჩუქარი ამბავი!“ — გაიფიქრა პლატონმა.
— ეძებთ ხომ? — გაუმეორა კითხვა არისტომ, რადგან პლატონი პასუხს აგვიანებდა. — ხომ?
— ბატონო, რაღაცას უჭკუო, გონებადაკარგული კაცი წამოაყრანტალებს, რა გასაგონარია, თუ ღმერთი გწამთ!
— არა, არა! — გააწყვეტინა სიტყვა არისტომ. — არა, პატიოსნებას გაფიცებთ, პატიოსნებას... მითხარით!
— ბატონო!
— არა, თქვენ არ იფიქროთ, რომ მე რაიმე ცუდი აზრით და უხეირო განზრახვით გეკითხებოდეთ. მოგახსენებთ, ჯერ არ მიცნობთ, მართალია, მაგრამ, რომ გამიცნობთ, ცუდ კაცად არ მიმიღებთ-მეთქი, მოგახსენებთ თამამად...
— ბატონო, მაგას რაზე...
— თვითონ ბატონი ხარ და კეთილშობილი და, როგორც კეთილშობილს, ისე გკითხავ მეც, კეთილშობილი კაცი. მითხარით, მართლა ეძებთ თქვენ სადედინაცვლოს, თუ არა?
პლატონმა ვეღარ შეძლო თავისი საიდუმლოს დაფარვა ამ უცნაურად ჩაცივებული კაცისთვის.
— ვეძებ! — მიუგო მან ბოლოს.
— თქვენ ძმა გყავთ?
— არა!
— და?
— გათხოვილია!
— კარგი დაგემართოთ! ბედნიერი კაცი ყოფილხართ! ახლა დედინაცვალს ეძებთ, ორჯერ ნამყოფს, უშვილოს, იმიტომ რომ გეშინიათ, მამულში მოზიარე არ გაგიჩნდეთ, — ეგ ადვილი მისახვედრია და, თუ ჩემს პატიოსნებაში ეჭვი არ შეგაქვთ, ამის მიზეზი, იმედი მაქვს, არ მომიცია თქვენთვის, სანდო კაცად მიყურებთ...
— მაგას რაზე ამბობთ! რატომ არა! — დაამატა პლატონმა.
— არა, არა! მე სხვანაირი კაცი ვარ. ოსტატობით გამოგლეჯილი, დაცდენილი სიტყვით მე არასოდეს არ ვისარგებლებ. ამას მე ჩემს თავს არ ვკადრებ, თქვენ არ მომიკვდეთ! თუ მენდობით, თუ დაიჯერებთ ჩემს სიტყვას, მე მიგასწავლით სწორედ ისეთ ქალს, რომელიც ნამდვილად თქვენთვისაა, თქვენი ხელმოსაკიდებელია. არ იფიქროთ, რომ მე თქვენი მოტყუება მინდოდეს. მაშინ ღმერთმა აქვე გამათავოს! მე მაჭანკალი არ გახლავართ ზოგიერთივით, არ იფიქროთ... არც ვიკადრებ მაგნაირ ხელობას!
— რა თქმა უნდა!
— არა, ამას იმიტომ გეუბნებით, რომ იქნებ თქვენ სხვა რამ იფიქროთ. ქალი კი სწორედ ზედგამოჭრილია იმაზე, რაც თქვენ გინდათ. ორჯერ ნამყოფია, შვილი არ ჰყოლია თავის დღეში, არც მოხუცებულია, კაცმა რომ თქვას... მშვიდობიანი, წყნარი, გულკეთილი, არც ულამაზო, — ის კი არა, ახალგაზრდობაში მისი სილამაზისთვის ირეოდნენ...
— ნამდვილად იცით ეს ყველაფერი?
— ვიცი? შე დალოცვილო, მამიდაჩემის ამბავი თუ აღარ ვიცი, ვიღა ჯანდაბის ამბავი მეცოდინება?! აღარ დაგიმალავთ, სწორედ მამიდაჩემია ის ქალი, რომელსაც გეუბნებოდით და თუ მე ჩაცივებით გესაუბრებოდით, ეგ იმიტომ, რომ პირველი შეხედვიდანვე ჩემი გული მოიგეთ და იმიტომ გადავწყვიტე თქვენთან დამოყვრება, დანათესავება, თორემ სხვა რომ ვინმე ყოფილიყო, ხმასაც არ გავცემდი... გულახდილად გეტყვით, ბევრი ხლაფორთი დამჭირდება, ქალი რომ დავიყოლიო, მაგრამ კარგი კაცის გულისთვის კაცი რას არ იზამს...
— სად ცხოვრობს მამიდათქვენი? — შეეკითხა დაინტერესებული პლატონი.
— ქვედურეთში!
— ქვედურეთში?! — გაკვირვებით გაიმეორა პლატონმა.
— ჰო! რამ გაგაკვირვათ? ა?
— ისე! ქვედურეთში მე კიდევ მითხრეს ერთ ქალზე...
— ვინ გითხრა? — გააწყვეტინა სიტყვა არისტომ. — ვინ?
— არა... ისე, ლაპარაკში სიტყვას მოჰყვა, თორემ...
— ვინ იყო მაინც, თუ კაცი ხარ...
— ადვოკატი რომაა, ივანე გვერდევანიძე... გეცნობებათ...
— უი, უი... და ივანეს სიტყვას უნდა აჰყვეთ?! ცნობით როგორ არ ვიცნობ, ბიძაჩემია ის სულწაწყმედილი, ის... იმის სიტყვის დაჯერება გაგონილა? მხოლოდ მოტყუებაზეა გაწაფული ყოველ წამში... ივანე რა ეშმაკად გინდა...
— არა, ახალგაზრდავ, გინებით არც იმას უგინებია ის ქალი, ის კი არა, ძალიან აქო... ძალიანაც აქო...
— ასე დაგეწყო, შე დალოცვილო, თავიდანვე... ტყუილად გამალანძღვიე ნათესავი... ცეცხლი შემომეკიდა... რა ვიცი, დღეს კაცი კაცს ისე ვერ ახსენებს, რომ მისი გინება და ცუდად მოხსენება თანვე არ დაატანოს... მე ვთქვი ახლა, თუ ივანემ თავისი ნათესავი აგინა... ბრეგაძის ქვრივზე გითხრათ რამე?
— სწორედ... სწორედ.
— ჰო და ეგ არის... ჩემო ძმაო, პირობა ხომ არ გვქონებია, ორივეს ერთნაირად გვექო ის ადამიანი? ალბათ, ღვთის ნებაც ურევია ამ საქმეში, თორემ ერთნაირად მოლაპარაკე კაცი სადმე შეგხვედრია შენ ჩვენში, თუ ძმა ხარ?
— გვერდევანიძემ არც კი იცის, თუ რა საქმეზე ვარ მოსიარულე.
— ჰო და ეგ არის... ეგ არის, ჩემო ძმაო და კეთილო! ღმერთმა ათქმევინა მას და შენ გაგაგებინა თავისი სურვილი ივანეს პირით... სხვაგან ნურსად გადავარდებიო... იქვე განიშნა შენი საძებარი... ღმერთს უყვარხარ... თქვენი სახელი, უკაცრავად... ჰო, ღმერთს უყვარხარ, პლატონ ჩემო, ამიტომაც მეტი ლაპარაკი საჭიროც აღარ არის და გადავწყვიტოთ საქმე... ძმობაზე ხელი მივცეთ ერთმანეთს. ჰა! — და არისტომ ხელი გაუწოდა პლატონს.
პლატონი კი ახლა მეტად აირია და გაუბედავობამ შეიპყრო, გადაწყვეტილების მიღების წინ მდგარი. არისტოს სიტყვა ძალიან ნამდვილ სიტყვად ეჩვენებოდა. ეს ქალი მართლა ბეკინას ბედი უნდა ყოფილიყო. აბა, რა იყო, რომ იმ წამიდანვე, როგორც კი თავის ჭიშკარს ფეხი გადმოადგა, მხოლოდ ამ ქალზე ელაპარაკებიან ყველანი, შემხვედრიც და დამხვედრიც. უეჭველად ეს უნდა იყოს მამამისის ბედი. მაგრამ ამასთანავე გადაწყვეტილების მიღებაც უჭირდა. „ვაი თუ უფრო სანდო სხვაგან მოიძებნოს და ამაზე გადაწყვეტით საქმე გამიფუჭდესო?!“
— ორჯერ ნამყოფია მამიდათქვენი, არა? — ჰკითხა პლატონმა, რომ უფრო დარწმუნებულიყო და ერთხელ კიდევ მოესმინა დამაჯერებელი სიტყვა.
— რა თქმა უნდა, ორჯერ ნამყოფი... წინათ უცნობლაძეს ჰყავდა. მერე — ბრეგაძეს!
— შვილი არ ჰყოლია არც ერთთან?
— გეფიცებით პატიოსნებას, შვილი არ ჰყოლია თავის დღეში!
— დიდხანს ჰყავდა უცნობლაძეს?
— თხუთმეტი წელიწადი. — და არისტოს გაეცინა.
— თხუთმეტი წელიწადი!.. ბრეგაძეს?
— რვა! — ისევ სიცილით მიუგო არისტომ.
— რვა.
— ჰო, რვა! ეგ ნამეტანია, ახალგაზრდავ! — ვეღარ იკავებდა სიცილს არისტო.
— რას იზამ კაცი, გაჭირვება ათასნაირ სისულელეს გაფიქრებინებს და თან უხეიროდაც გალაპარაკებს! — ღიმილით მიუგო პლატონმა. — რვა წელიწადი... და შვილი არც ამასთან ჰყოლია?
— არა, ახალგაზრდავ, არა! — მოუთმენლად ამბობდა არისტო. — გეუბნებით, აღარ არის თქვენი ლაპარაკი საჭირო... ავდგეთ ხვალ, შევჯდეთ ცხენებზე, მივიდეთ, ვნახოთ ის ქალი, დავითანხმოთ და მორჩა, საქმე დავასრულოთ! აბა, ხელი... ხვალ ქვედურეთში მივდივართ! საქმე დასრულებულია.
პლატონი გაუნძრევლად იჯდა თავის ადგილას და არისტოს შეჰყურებდა. ის ისევ ყოყმანობდა, საბოლოოდ ვერ წყვეტდა საქმეს.
— ჰო, ახალგაზრდავ!
— ცოტა მომითმინეთ! ასე უცებ...
— ეჰ, თქვენ, როგორც გატყობთ, გაუბედავი კაცი ყოფილხართ! გაგიგონიათ ასეთი გაუბედაობა, ამდენი ყანყალი! საქმე ცხადია და ნათელი — რაღა მოთმინება და გადადებ-გადმოდებაა საჭირო კიდევ!
— არა... არა! ასე სულდაუთქმელად არ შემიძლია, ცოტა ხნის შემდეგ მოგახსენებთ ჩემს პასუხს... ასე აჯობებს კიდევაც! — თავის სიტყვაზე იდგა პლატონი.
ბევრს ეცადა ქვაშავიძე პლატონისათვის სიტყვა დაეცდევინებინა, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა.
— მაგარი კაცი ყოფილხართ, ძმობას ვფიცავარ! ძალიან მაგარი. რა გაეწყობა! აბა, ამ ვახშმობამდე გავიგებ თქვენს სიტყვას და მანამდე მოთმინებას ვიქონიებ...
ამ საგანზე ლაპარაკი ვახშმობამდე დასრულებულად უნდა ჩათვლილიყო. ორივე ჩაჩუმდა, სანამ ახალ სალაპარაკო საგანს იპოვიდნენ.
— კი არ გაყინულა ეს ჩვენი ჩაი! — წაავლო ხელი ჭიქას არისტომ. — თქვენ რომ არა, უფრო თბილის დალევა მოგვიწევდა ორივეს. — ღიმილით დაამატა მან.
— ცივი კბილებს შეინახავს. — მიუგო პლატონმა.
— ეგეც მართალია! — თქვა არისტომ, უცებ გამოცალა ჭიქა და ლამბაქით და კოვზით ხელში აივანზე გავიდა, რომ მოსამსახურისთვის გადაეცა.
აქ ისევ სიცილი და მხიარულება სუფევდა.
— სახლში ხომ არ ეპატიჟებოდი პლატონს, ასე ჩაცივებით რომ მიადექი მაგ კაცს? — მიმართა სიცილით ერთმა ახალგაზრდამ არისტოს.
— მგონია, ძალიან უარით გამოისტუმრეს „გაცნობაზე“! „წადი შორს, გაიცნობ!“ არისტო, ხომ? — დაამატა მეორემ.
— არ ეტყობა?! ბარგიც თან აუკრავს! ჰა, ჰა, ჰა!
— როგორ? ასე სახელგატეხილია არისტო, რომ ამდენი ხვეწნა სჭირდება, სახლში რომ ვინმე მიიწვიოს? — სიცილით იკითხა ჯიმშერმა.
— მიიწვიოს კი არა, მიიტყუოს, ბატონო, მიიტყუოს! ყველა ჩემსავით სულელი კი არ არის! — წამოიძახა ერთმა კოხტა, მაღალი ტანის, ლამაზი სახის ახალგაზრდამ.
— როგორ იყო, კოტე... როგორ, შენ რომ დაგპატიჟა?! — მიაძახეს ამ ახალგაზრდას სხვებმა და ატყდა ერთი ხითხითი.
— კარგია, ნუღარ გამახსენებთ, თუ ღმერთი გწამთ!
— ააბრუნა ამან თავის წისქვილი! — ღიმილით მიაძახა არისტომ.
— მოჰყევი, მოჰყევი კაცო! — მიაძახეს ახალგაზრდას. — ჯიმშერს არ გაუგონია მაგ ამბავი!
— გავბრიყვდი, ბატონო, გავბრიყვდი და ვესტუმრე მაგ უხეიროს... არ მომეშვა, თქვენ ნუ მომიკვდებით, თორემ ჩემით როგორ წავიდოდი! ჯერ დიდხანს უარს ვეუბნებოდი და მერე, რომ აღარაფერი გამეწყო, მე ვთქვი, კაცი დამემდურება-მეთქი, რაც იქნება, ვეწვევი-მეთქი... ავდექი და წავედი... წავედი.
სწორედ აპრილი იყო... მე ვთქვი, ღვინო ჯერ კიდევ ექნება კაცს, სირცხვილში აღარ ჩავაგდებ-მეთქი... ამის გულისთვის ბევრი ტალახი ვსრისე, ბევრი ღობე გავარღვიე, გზები ისეთი, რომ ძლივს გავატანე... როგორც იქნა, მივედი, მივაღწიე... დაღლილი, დაქანცული. „მოვისვენებ ერთი,“ ვამბობ ჩემს გულში... მივედი ახლა, გადავიხედე ეზოში — სადღაა სახლი. ფიცრები ყრია აქაც, იქაც... აგერ გამოუწყიათ ახალი სახლი, სვეტია მხოლოდ და მასხარობასავით მარტო ერთი კარი აუკიდნიათ... ჩავედი ეზოში... ვუყურე, ვუყურე, მომივიდა გული, მივაფურთხე ერთი და გამოვაბრუნე ცხენი და გაცეცხლებული მივდივარ უკან... ვიღაც კაცი შემხვდა, ვკითხე: „ბიჭო, არისტო ქვაშავიძის სახლი სად არის-მეთქი“ და... „ბატონო, არისტოს ფიცრების მეტი არაფერი აქვსო, სახლი სად აქვსო“... თურმე ძმები გაყოფილან, სულ ფიცარ-ფიცრად გაუტანიათ სახლი და ახლა ორივეს, რადგან მთლიანად აღარ აქვთ მასალა, უბინაოდ არიან... დაყანყალობენ იქით-აქეთ. მაგათ ღმერთმა მშვიდობა მისცეს და მე რაზე მპატიჟობდა, ჰკითხეთ ერთი!
— გაყოფამდე გპატიჟობდი... მაშინ უნდა მწვეოდი... ჩემი რა ბრალია. არა, ბატონო ჯიმშერ? კარგი, თუ გინდ ასე იყო, არ დაგათვრე იმ ღამეს მერე? — მიმართა სიცილით არისტომ კოტეს.
— ეგ კი... რომ ვბრუნდები ის არის, გავიხედე, აგერ არ შემომეყარა გზაში ეს ჩემი მასპინძელი?! „აი, შენ ასეთო, აი შენ ისეთო“ — მივაძახე გაცეცხლებულმა... — არ გრცხვენია, ასე მომატყუე, მომკალი?! გულზე ვსკდები კაცი! ეს კი იცინის... „სადმე თავი მიმადებინე, შე უღმერთო,“ ვეხვეწები დაღლილი, მკვდარი კაცი. „წამიყვანე, სადაც შენ მიეთრევი-მეთქი“... წამიყვანა, ბატონო, ვიღაც ნათლიმამა ჰყოლია. ვინ ოხერმა მოანათლია მაგას შვილი! წამიყვანა, მიმაყენა ყაზახისას... მოიფხანა ყაზახმა თავი, მაგრამ როგორ... რა არ მოგვიტანა, რა არ მოგვართვა, რა მასპინძლობა გაგვიწია... ეს შეჩვენებული კი დათვრა და სულ ერთიანად ჭიქები და საინები დაუფშვნა... ახლაც მრცხვენია, რომ გამახსენდება...
— ხომ დაგათვრე? ამაზე იყავი მოსული და რაღას მემდური კიდევ, ჩემო ძმაო... დრო გაგატარებინე, ვალი გადამიხდია! — დაამატა არისტომ. — მეტი რაღა გინდა?
— ეგ იმ კაცმა მცა პატივი, შენ კი არა!
არისტომ თქვა: „ჩემი დახმარებით მოხდა ეს... აბა, მარტო რომ წასულიყავი, რას იზამდი... მაგრამ შენ თუ ხუმრობას დაიწყებ, ხვალამდე ვერ დაამთავრებ!“ არისტომ ხელი აუქნია და ოთახში შევიდა.
ბალდავაძე ხალხის სიცილის ფონზე ისევ აგრძელებდა თავის მოყოლილ ამბავს, არისტო კი ამ დროს სალომეს ეძებდა. სალომე ვახშმის მომზადებასა და გაწყობას ხელმძღვანელობდა.