თავი V
მეორე დღეს მხიარულ გუნებაზე მყოფნი სიძე და ცოლისძმა გზას გაუდგნენ. კირილე მაინც ძალიან ხალისიანად იყო, რადგან ამ მოგზაურობიდან ბევრ გასართობს ელოდა: მისი წარმოდგენით, დიდი აურზაური უნდა ატეხილიყო უშვილო, ქვრივ დედაბრებს შორის, რაკი მათი მოგზაურობის მიზანს გაიგებდნენ. გაფრთხილებაც საჭიროდ მიაჩნდა, რომ ვინმეს არ მოეტყუებინა მათთვის შვილებამოწყვეტილი დედაბერი, რომელიც სინამდვილეში შვილის უყოლის მაგივრად შვილიანი იქნებოდა. ყოველივე ამან, კირილეს ცოცხალი ენით მოყოლილმა, ბევრი აცინა პლატონიც და ბოლოს ისიც ხუმრობის გუნებაზე დააყენა.
ასე სიცილით და ხალისიანად მიემგზავრებოდნენ ორივენი, რომ უეცრად კირილემ ხელი შუბლზე შემოირტყა, ცხენი შეაჩერა და წამოიძახა:
„აუიჰ!..“
„რა იყო?“ – შეეკითხა პლატონი შეშინებით. „რა იყო, კირილე?“
„არაფერი, არაფერი! გავწიოთ ჩვენთვის!..“
„რაღაც გაგახსენდა, ვაი თუ რაიმე საჭირო საქმე გქონდა?“
„არაფერია, კაცო, არაფერია! წამო... დაჰკარი მაგ ცხენს!“
„თუ საიდუმლო არაა, მითხარი, თუ ძმა ხარ?.. შენ არ მომიკვდე, შენ არ დაგაბრკოლო.“
პლატონს იმედი მიეცა, ეგებ რაიმე მიზეზით განთავისუფლებულიყო თანამგზავრისგან და ამით ჩუმად და დაუბრკოლებლად ეკეთებინა თავისი საქმე.
„შენ არ მომიკვდე, ჩემი გულისთვის მე შენ არ შეგიშალო ხელი!“ – არ ეშვებოდა იგი კირილეს.
„კაცო, რა უნდა იყოს, მივალ თუ არ მივალ, შაფათაძის ქორწილს ამით არც არაფერი შეემატება, არც არაფერი დააკლდება... წამო, კაცო, წამო!“
„ქორწილში ხარ დაპატიჟებული?“
„წამო, კაცო!.. შაფათაძის ქორწილი რა სახსენებელია... ისე წამომცდა, რომ გამახსენდა!..“
„როდისაა?“
„ამაღამ.“
„თუ ძმა ხარ, ჩემი გულისთვის იმ კაცს ნუ აწყენინებ... დაპატიჟებული ჰყავხარ და არ მიხვიდე?! რატომ უნდა აწყენინო?.. მამიდაშენამდე გზას მეც კარგად ვიპოვი... პირველად ხომ არ მივდივარ იქითკენ? თუ ძმა ხარ, კირილე, ნუ დაკარგავ მხიარულებას.“
„გითხარი, რომ არაფრის გულისთვის არ დაგშორდები-მეთქი და გათავებულია, შენთან უნდა ვიარო... ქორწილებს რაღას დავეძებ!“
„აბა, მე უკან ვბრუნდები და ხვალ წავალ სალომესთან,“ – თქვა პლატონმა და ცხენი მოაბრუნა.
„შენ არ მომიკვდე... დარიკო არ მომიკვდეს... სახლში როგორ გაგაბრუნებ?!“ – გამოეკიდა კირილე და ჩოხის კალთაში წაავლო ხელი.
„რატომ აკეთებ ამას, კირილე? დავბრუნდები და შენ სახლში დაგიცდი... ჩემი საქმე ისეთია, გინდა დღეს მივსულვარ სალომესთან, გინდა ხვალ... სულ ერთია! მე შენ გეტყვი, არავინ მოგვასწროს და წაიყვანოს, ჩვენ რომ ქალს ვეძებთ?!“
„რა იცი... შეიძლება შენსავით სხვაც ვინმე დაწრიალებდეს და თავქუდმოგლეჯილი ეძებდეს უშვილო დედაბერს!..“ – სიცილით თქვა კირილემ. „ხა, ხა, ხა!.. წამოდი, კაცო!“
„ნამდვილად აღარ მოვდივარ!“ – გადაწყვეტით თქვა პლატონმა.
„ბიჭო! გინდა რომ დარიკომ სახლში აღარ შემიშვას?.. შენ რომ მიბრუნებული დაგინახოს, რა დღეს დამითენებს ის ქალი, ამას აღარ კითხულობ?“
„არაფერს არ ვათქმევინებ!“
„შენ როგორ დამასწრებ ჩემს აწიოკებაზე!“
„აბა, ვიყოთ ასე გაჩერებული ამ გზაზე და ეგ იქნება!“ – ცოტა არ იყოს უკმაყოფილობით წარმოთქვა პლატონმა და ცხენს აღვირი მიუშვა.
კირილე გაჩუმდა. არ იცოდა, რაღა ექნა და ჩაფიქრებული იყო მცირე ხანს. ამ კაცის უკან გაბრუნება შიშს ჰგვრიდა დარიკოს მხრივ, თან გულით ქორწილშიც უნდოდა წასვლა. რა ექნა, აღარ იცოდა: ამის გამო გადამეტებულ გასაჭირში გრძნობდა თავს. მაგრამ ასეთი მდგომარეობა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა; კირილეს გამჭრიახმა გონებამ უცბად იპოვა გამოსავალი.
„პლატონ, რადგანაც ასეა ჩვენი საქმე, რომ შენ მამიდაჩემთან აღარ მიდიხარ და ვერც მე გაგიშვებ უკან სახლში, ერთ რამეს გეტყვი! და თუ ძმა ხარ, უარს ნუ მეტყვი!“
„ჰო!“
„არც ერთს გული აღარ დაგვწყდება...“
„თქვი, კაცო!“
„მოდი ორივე ამაღამ შაფათაძისას მივიდეთ!“
„შაფათაძისას?!“ – გაიკვირვა პლატონმა.
„ჰო! და ამაღამ იქ ვიქნებით, ხვალ კი წავალთ სალომესთან.“
„რას ამბობ, კირილე!.. ჩემი მტერი გაგიჟდა! კაცს არ ვიცნობ, არ მიცნობს... ქორწილში მივიდე უცნობი კაცი?!“
„რა გიჭირს?..“
„ტყუილი არაა ახლა მაგ?!“ – და პლატონმა ისევ მიაბრუნა ცხენი და წკეპლა დაჰკრა, მაგრამ კირილემ უცბად უტაცა ხელი აღვირში და გააჩერა ცხენი.
„პლატონ, თუ ჩემი სიყვარული გაქვს... თუ ჩემი ძმობისა რამე გწამს, ახლა გავიგებ ამას... გაფიცებ შენს ცოლ-შვილს, შაფათაძისას უნდა წამოხვიდე!..“
„გასაკვირი საქმეა, შენ ნუ მომიკვდები!.. რას იტყვის ის ადამიანი, ასეთ დღეს უცხო კაცი კარზე მივადგე?“ – გაჯავრებით წარმოთქვა პლატონმა. „რას იფიქრებს, ჰმ?!“
„იტყვის, რომ კარგი კაცი ყოფილაო,“ – სიცილით დაამატა კირილემ. „სხვას რას იტყვის?! შაფათაძის მოწვევას მივიღებ, მივალ, თან კარგ, პატიოსან აზნაურს, მასზედ ცნობილს, მივუყვან და იმას მიწყენს?! როგორ გეკადრება!.. ეწყინება კი არა, თავზე შემოგევლება! შე კაცო, შენთან რომ მოვიდე, უცხო კაცი მომყვეს, ჩემი მეგობარი, საწყენად დაგრჩება?.. ა, მითხარი, თუ ძმა ხარ?.. კარში გამომაგდებ? ა?“
„არა!“
„ჰოდა ეგ არის!.. მერე მე მასპინძელს ვეტყვი, მიზეზს გავაგებინებ – საქმე გვაქვს, უეჭველად ხვალ ადრიანად მივდივარ-მეთქი, ძალიან საჭირო საქმეზე-მეთქი და ასე, ისე... ერთი სიტყვით, ჩემებურად... შენი პატივისცემაც მინდოდა-მეთქი და ამასთან დაშორებაც არ შემეძლო-მეთქი და ასეთები... ნახავ აგერ, როგორი მადლობელი დაგრჩება!.. რა განაღვლებს, კაცო, მასპინძლის მეტს ხომ არავის ეცოდინება, დაპატიჟებული ხარ თუ არა, მასპინძელთან კი, გეუბნები, მე ვიცი!..“
კირილემ საშველი აღარ მისცა და პლატონი იძულებული გახდა დათანხმებოდა შაფათაძისას წასვლაზე. სურვილასრულებული კირილე ძალიან დიდ ქეიფს და დროსტარებას ჰპირდებოდა ქორწილში, სადაც, მისი სიტყვით, დიდძალ საზოგადოებას ექნებოდა თავი მოყრილი თავმომწონე მასპინძლისგან.
„ტანსაცმელიც რომ არ მაცვია... ასე როგორ ივარგებს?“ – თავის გაქნევით თქვა პლატონმა, რომელსაც ძალიან უჭირდა უცნობი კაცისას ასეთ დროს დაუპატიჟებლად მისვლა. „აღარ ვიცი, ღმერთმანი... ვინ რას არ იტყვის!“
„ერთი შენც კიდევ!“ – მიაძახა კირილემ, „მე რა, შენზე უკეთ მაცვია, თუ!.. ნეტავი იქ მყოფი ხალხის ნახევარი ჩვენსავით იქნებოდა ჩაცმული! რას ამბობ?!“
ახლა ყოველივე ასეთი ლაპარაკი სრულიად უაზრო იყო, რადგან გზა შაფათაძისკენ ეჭირათ. მგზავრებს ნელ-ნელა მიჰყავდათ ცხენები, რომ მაინცდამაინც ადრე არ მისულიყვნენ, სხვა სტუმრისთვის არ მიესწროთ.
საღამოვდებოდა, როცა შაფათაძის ეზოში ჩავიდნენ. აქ უკვე ბევრი დაპატიჟებული სტუმარი იყო შეკრებილი. აივანზე ქალები ისხდნენ. მოსამსახურეები იქით-აქეთ დარბოდნენ წესრიგის მეთვალყურეთა ძახილზე.
ეზოში სტუმრები მიდი-მოდიოდნენ. ისმოდა მხიარული სიცილი, ხითხითი. ღობეს გასწვრივ ცხენები იყვნენ მიბმულნი სარებზე. კირილემაც და პლატონმაც აქვე მიაბეს ცხენები. კირილე იმწამსვე ნაცნობებში გაერია, აქეთ-იქით გავარდ-გამოვარდა, ყველას დაენახა, ყველა ნახა; მოძებნა ხანში შესული მასპინძელი, მიულოცა ქალიშვილის გაბედნიერება და იქვე მოუყვა პლატონის შესახებაც. მოხუცებული ძალიან კმაყოფილი დარჩა, მადლობაც უთხრა კირილეს, თან რომ აწვია ისეთი ოჯახიშვილი, როგორიც მისი სიძე იყო; პლატონს კი – კეთილი განწყობისთვის. თხოვა და იმედი გამოთქვა, რომ მხიარულებით დაამშვენებდნენ მის ოჯახს ამ ბედნიერ დღეს. ასეთმა მიღებამ დაავიწყებინა პლატონს თავისი უხერხული მდგომარეობა. ცოტა ხნის შემდეგ იგი შეუერთდა საერთო აურზაურს, თავისუფლად გრძნობდა თავს და მზად იყო გასართობად.
შორიდან მოისმა ზურნის ხმა. ხალხი შეინძრა. ზურნის ხმა თანდათან ახლოვდებოდა. გახშირდა პისტოლეტებისა და რევოლვერების სროლა. აივანი სულ მთლიანად მოიფინა ქალებით; მთელი მიდამო თითქოს გაცოცხლდა, ამოძრავდა; ზურნის ხმა თანდათან უფრო მკაფიოდ მოდიოდა; ისმოდა მომყოლთა ძახილი: „ჰაი“, „ჰაი!“ და რამდენიმე ხნის შემდეგ ჩიტივით შემოფრინდა იარაღში ჩამჯდარი, თავზე უკან მოქცეული ლამაზი ქუდით ყმაწვილი, რომელმაც დაძახებასთან: „მეფე მოდის!.. მახარობელი ვარ!“-ო, ერთი-ორჯერ ჩამოუარა თავისი აქაფებული ცხენით აივანს, შემდეგ ქორივით ეძგერა კიბეზე თასით მდგარ ყმაწვილს, სწვდა თასში და წართმეული თასით გავარდა ისევ ეზოდან მოახლოებულ მაყრიონთან შესაერთებლად. ეს იყო მახარობელი.
„ბრავო, ბრავო!“ – ყვიროდა მისი სისწრაფით აღტაცებული ხალხი და ამ ხმაურს შეუერთდა მოსულთა ჟრიამული, თოფების ხათქა-ხუთქი, ცხენების თქარა-თქური და მათრახების ტყლაშუნი მათ გასახურებლად.
სიძე მოვიდა თავისი მაყრიონით.
პლატონს სრულიად გადაავიწყდა თავისი საძებარი უშვილო და ორჯერ გათხოვილი სადედინაცვლო, მამა ბეკინაც, ყოველივე დარდები და გაშლილი გულით ამ საერთო მხიარულებას მისცა თავი. ახლა მოწყურებული კაცივით უნდოდა მხოლოდ გული ეჯერა და დღევანდელ გასართობს დასწაფებოდა. სხვებთან ერთად იგი ცხენით წაჰყვა დედოფალს ეკლესიამდე და იქიდან ყურთასმენის წამღები მაყრულით გამოჰყვა ახლად ჯვარდაწერილებს. გრძელ ფანჩატურში მთელი ღამე მისი სიმღერა არ შეწყვეტილა. მოხუცებულმა შაფათაძემ განსაკუთრებული მადლობაც უძღვნა პლატონს გართობისთვის.
საზოგადოება დიდ მხიარულებაში იყო, ცეკვა-თამაშს ბოლო არ უჩანდა, თუმცა ქალები თითქმის სულ მთლიანად წავიდ-წამოვიდნენ მოსასვენებლად. გათენებას აღარაფერი აკლდა, ღვინის სმაში შეჯიბრებული ყმაწვილკაცობა კი ჯერ ადგომას არც კი აპირებდა. ზურნის დაღლილი, დასუსტებული ხმა ისევ ეფინებოდა იქაურობას ამ ღამეში, სხვადასხვა სიმღერებთან მონაცვლეობით.
თუმცა ძალზე მთვრალი იყო პლატონი, მაგრამ თვალი მაინც ეჭირა კირილესკენ, რომელიც დაჟინებით სცლიდა ყანწს ყანწზე. ცოტა ხნის წინათ იმ კუთხეში, სადაც კირილე იჯდა, რაღაც ლაპარაკი ატყდა, მაგრამ ისევ მალე შეწყვიტეს. კირილე ისეთნაირად გამოიყურებოდა და ცმაცურობდა, თითქოს რაღაც მიზეზს ეძებდა, რომ ჩხუბი აეტეხა, ჩვეულებისამებრ. პლატონმა შეატყო ეს, და რამდენადაც მოეხერხებოდა, მისკენ ახლოს მიიწია.
„ძალიან შემცდარი ხართ!“ – წამოვარდა კირილე და ნამალევად გადადგმული უზარმაზარი ღვინის სტაქანი წინ დაუდგა იმ ყმაწვილს, რომელმაც ღვინის მოპარვა მოინდომა. „ძალიან შემცდარი ხართ!“
„მე დავლიე და გადავედი... შემცდარი თქვენ ბრძანდებით!“ – მიუგო ყმაწვილმა.
„ეგ გაკლიათ და ახლავე უნდა გამოცალოთ!“ – გულმოსულობით მიაძახა კირილემ.
„ხელმეორედ რაზე დავლევ!..“
„დალიე!.. მე მითქვამს თქვენთვის...“
„მოითმინეთ, მოითმინეთ, ყმაწვილებო!“ – მიაძახეს აქეთ-იქიდან. ატყდა ყაყანი. ვინ კირილეს მხარეს იჭერდა, ვინ – ყმაწვილისას.
„დალიე ახლავე!“ – ისევ მიაყვირა კირილემ. „მაცალეთ ერთი, თუ შეიძლება... ამას როგორ ვაპატიებ მაგ სტაქანს! მერე ტრაბახობით ყურები მაგან უნდა გამომიჭედოს?!“
„შენთან რა ტრაბახობა მჭირს... რა კაცი ხარ ასეთი!“ – მიაძახა თავის მხრივ ყმაწვილმა.
„რაც კაცი ვარ, ახლავე გაჩვენებ, მაგ გამოცალე თუ არა!“ – დაუბღვირა კირილემ.
„კირილე, კირილე!“ – ამშვიდებდნენ აქედან.
„კოსტა, კოსტა!“ – აწყნარებდნენ მეორე მხრიდან ყმაწვილს.
„რა კაცია... რა კაცია! ერთი შეგვახედვინოს მაინც!“ – იყვირა კოსტამ.
„უი, შენ ცინდალო, ცინდალო!“ – მიაძახა კირილემ, დაავლო სტაქანს ხელი და, რაც შიგ ღვინო იყო, სულ მთლიანად ცხვირ-პირში შეასხა ყმაწვილს.
ერთის თვალის დახამხამებაზე ვეფხვივით სუფრაზე ახტა კოსტას ძმა. მის ხელში გაიპრიალა ხანჯალმა კირილეს დასარტყმელად და უეჭველად იქვე მოკლავდა კიდეც, რომ ასეთ ჩხუბ-კინკლაობაში გამოცდილ ყმაწვილებს უცბად ხელიდან არ გამოეგლიჯათ მოელვარე იარაღი.
შეიქნა ერთი ყვირილი, არევ-დარევა. ახლა ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდნენ; გახურდა მუშტების მოქნევა. გამშველებლები დიდ მეცადინეობაში იყვნენ; ყვიროდნენ, აცილებდნენ მოჩხუბრებს ერთმანეთს, მაგრამ ვერაფერს ხდებოდნენ.