– V –
მეორე დღეს მხიარულ გუნებაზე მყოფნი სიძე და ცოლისძმა თავის გზას გაუდგნენ. კირილე მაინც მეტად ხალისიანად იყო, რადგანაც ბევრ რასმე გასართობს გამოელოდა ამ მოგზაურობიდან: მისი წარმოდგენით, ერთი დავიდარაბა უნდა ატეხილიყო უშვილო, ქვრივ დედაბრებს შორის, რაკი ყურს მოჰკრავდნენ მათი მოგზაურობის მიზანს. გაფრთხილებაც საჭიროდ მიაჩნდა, რომ ვინმეს არ შემოეტყუებინა მათთვის შვილებამოწყვეტილი დედაბერი შვილის უყოლის მაგივრად. ყოველივე ამან, კირილეს ცოცხალი ენით გამოთქმულმა, ბევრი აცინა პლატონიც და ბოლოს ესეც ხუმრობის გუნებაზე დააყენა.
ასე სიცილით და ხალისიანად მიემგზავრებოდნენ ორივენი, რომ უეცრად კირილემ ხელი შუბლზე შემოირტყა, შეაჩერა ცხენი და წამოიძახა:
- აუიჰ!..
- რა იყო? - შეეკითხა პლატონი შეშინებით. - რა იყო, კირილე?
- არაფერი, არაფერი! გავწიოთ ჩვენთვის!..
- რაღაც გაგახსენდა, ვაი თუ რაიმე საჭირო საქმე გქონდა?
- არაფერია, კაცო, არაფერია! წამო... დაჰკარი მაგ ცხენს!
- თუ საიდუმლო არაა, მითხარი, თუ ძმა ხარ?.. შენ არ მომიკვდე, შენ არ დაგაბრკოლო.
პლატონს იმედი მიეცა, ეგებ რაიმე მიზეზით განთავისუფლებულიყო თანამგზავრისაგან და ამით ჩუმად და დაუბრკოლებლად ეკეთებია თავისი საქმე.
- შენ არ მომიკვდე, ჩემი გულისათვის მე შენ არ შეგიშალო ხელი! - არ ეშვებოდა იგი კირილეს.
- კაცო, რა უნდა იყოს, მივალ თუ არ მივალ, შაფათაძის ქორწილს ამით არც შეემატება რამე, არც არა დააკლდება... წამო, კაცო, წამო!
- ქორწილში ხარ დაპატიჟებული?
- წამო, კაცო!.. შაფათაძის ქორწილი რა სახსენებელია... ისე წამომცდა, რომ გამახსენდა!..
- როდისაა?
- ამაღამ.
- თუ ძმა ხარ, ჩემი გულისათვის იმ კაცს ნუ მოინდურებ... დაპატიჟებული ჰყავხარ და არ მიხვიდე?! რატომ უნდა აწყენინო?.. მამიდაშენამდი გზას მეც კარგად გევიგნებ... პირველად ხომ არ მივდივარ იქითკენ? თუ ძმა ხარ, კირილე, ნუ დაკარგავ მხიარულობას.
- გითხარი, რომ არაფრის გულისათვის არ დაგშორდები-თქვა და გათავებულია, შენთან უნდა ვიარო... ქორწილებს რაღას დავეძებ!
- აბა, მე უკან ვბრუნდები და ხვალ წავალ სალომესთან, - თქვა პლატონმა და ცხენი მოაბრუნა.
- შენ არ მომიკვდე... დარიკო არ მომიკვდეს... სახლში რავა გაგაბრუნებ?! - გამოეკიდა კირილე და ჩოხის კალთაში წაავლო ხელი.
- რატომ შვრები ამ საქმეს, კირილე? გავბრუნდები და შენ სახლში დავიცდი... ჩემი საქმე ისეთია, გინდა დღეს მივსულვარ სალომესთან, გინდა ხვალ... სულ ერთია! მე შენ გეტყვი, არავინ მოგვასწროს და წეიყვანოს, ჩვენ რომ ქალს ვეძებთ?!
- რა იცი... შეიძლება შენსავით სხვაც ვინმე დაწრიალებდეს და თავქუდმოგლეჯილი ეძებდეს უშვილო დედაბერს!.. - სიცილით თქვა კირილემ. - ხა, ხა, ხა!.. წამოდი, კაცო!
- სწორედ აღარ მოვდივარ! - გადაწყვეტით თქვა პლატონმა.
- ბიჭო! გინდა რომ დარიკომ სახლში აღარ შემიშვას?.. შენ რომ მიბრუნებული დაგინახოს, რა დღეს დამითენებს ის ქალი, ამას აღარ კითხულობ?
- არაფერს არ ვათქმევინებ!
- შენ რავა დაგისწრებს ჩემს აწიოკებაზე!
- აბა, ვიყოთ ასე გაჩერებული ამ შარაში და ის იქნება! - ცოტა არ იყოს უკმაყოფილობით წარმოთქვა პლატონმა და ცხენს აღვირი მიუშვა.
კირილე გაჩუმდა. არ იცოდა, რაღა ექნა და ჩაფიქრებული იყო მცირე ხანს. ამ კაცის უკანგაბრუნება შიშს ჰგვრიდა დარიკოს მხრივ, თან გულით ქორწილშიაც უნდოდა წასვლა. რა ექნა, აღარ იცოდა: ამის გამო გადამეტებულ გასაჭირში გრძნობდა თავისთავს. მაგრამ ასეთი მდგომარეობა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა; კირილეს გამჭრიახმა გონებამ უცბად იპოვა მხსნელი გზა.
- პლატონ, რადგანაც ასეა ჩვენი საქმე, რომ შენ მამიდაჩემთან აღარ მიდიხარ და ვერც მე გაგიშვებ უკან სახლში, ერთ რამეს გეტყვი! და თუ ძმა ხარ, უარს ნუ მეტყვი!
- ჰო!
- არც ერთს გული აღარ დაგვწყდება...
- თქვი, კაცო!
- მოდი ორივე ამაღამ შაფათაძისას მივიდეთ!
- შაფათაძისას?! - გაიკვირვა პლატონმა.
- ჰო! და ამაღამ იქ ვიქნებით, ხვალ კი წავალთ სალომესთან.
- რას ამბობ, კირილე!.. გადირია ჩემი მტერი! კაცს არ ვიცნობ, არ მიცნობს... ქორწილში მივიდე უცნობი კაცი?!
- რა გიჭირს?..
- ტყვილი არაა ახლა მაგ?! - და პლატონმა ისევ მიაბრუნა ცხენი და წკეპლა დაჰკრა, მაგრამ კირილემ უცბად უტაცა ხელი აღვირში და გააჩერა ცხენი.
- პლატონ, თუ ჩემი სიყვარული გაქვს... თუ ჩემი ძმობისა რამე გწამს, ახლა გევიგებ ამას... გაფიცებ შენს ცოლ-შვილს, შაფათაძისას უნდა წამოხვიდე!..
- გასაკვირველი საქმეა, შენ ნუ მომიკვდები!.. რას იტყვის ის ადამიანი, ამისთანა დღეს უცხო კაცი კარზე მივადგე? - გაჯავრებით წარმოთქვა პლატონმა. - რას იფიქრებს, ჰმ?!
- იტყვის, რომ კაი კაცი ყოფილაო, - სიცილით დაატანა კირილემ. - სხვას რას იტყვის?! შაფათაძის წვევას მივიღებ, მივალ, თან კარგ, პატიოსან აზნოუშვილს, მასზედ გამოჩენილს, მივუყვან და იმას მიწყენს?! რავა გეკადრება!.. ეწყინება კი არა, თავზე შემოგევლება! შე კაცო, შენთან რომ მოვიდე, უცხო კაცი მომყვეს, ჩემი კეთილი, საწყენად დაგირჩება?.. ა, მითხარი, თუ ძმა ხარ?.. კარში გამომაგდებ? ა?
- იმე!
- ჰოდა ეგ არის!.. მერე მე მასპინძელს ვეტყვი, მიზეზს გავაგებინებ - საქმე გვაქვს, უსათუოდ ხვალ ადრიანად წამავალი ვარ-თქვა, ძალიან საჭირო საქმეზე-თქვა და ასე, ისე... ერთი სიტყვით, ჩემებურად... შენი პატივისცემაც მინდოდა-თქვა და ამასთან დაშორებაც არ შემეძლო-თქვა და ამისთანები... ნახავ აგერ, როგორი მადლობელი დაგირჩეს!.. რა განაღვლებს, კაცო, მასპინძლის მეტს ხომ არავის ეცოდინება, დაპატიჟებული ხარ თუ არა, მასპინძელთან კი, გეუბნები, მე ვიცი!..
საშველი აღარ მისცა კირილემ და პლატონი იძულებული გახდა დათანხმებოდა შაფათაძისას წასვლაზე. სურვილასრულებული კირილე ძალიან ქეიფს და დროსგატარებას ჰპირდებოდა ქორწილში, სადაც, მისი სიტყვით, დიდძალ საზოგადოებას ექნებოდა თავი მოყრილი თავმომწონე მასპინძლისაგან.
- ტანისამოსიც რომ არ მაცვია... ასე რავა ივარგებს? - თავის გაქნევით თქვა პლატონმა, რომელსაც ძალიან უძნელდებოდა უცნობ კაცისას ამნაირ დროს დაუპატიჟებლად მისვლა. - აღარ ვიცი, ღმერთმანი... ვინ რას არ იტყვის!
- ერთი შენც კიდევ! - მიაძახა კირილემ, - მე რა, შენზე უკეთ მაცვია, თუ!.. ნეტავი ნახევარი იქ მყოფი ჩვენსავით იქნებოდეს გამოწყობილი! რას ამბობ?!
ახლა ყოველივე ამნაირი ლაპარაკი სრულიად ამაო იყო, რადგანაც გზა შაფათაძისკენ ეჭირათ. მგზავრებს ნელ-ნელა მიჰყავდათ ცხენები, რომ მაინცდამაინც ადრე არ მისულიყვნენ, სხვა სტუმრისათვის არ მიესწროთ.
საღამოვდებოდა, როცა შაფათაძის ეზოში ჩავიდნენ. აქ უკვე ბლომად მოეყარათ თავი დაპატიჟებულთ. აივანზე ქალები დამსხდარიყვნენ. მოსამსახურენი იქით-აქეთ დარბოდნენ წესრიგის გამგებელთა ძახილზე.
ეზოში სტუმრები მიდი-მოდიოდნენ. ისმოდა მხიარული სიცილი, ხითხითი. ღობეს დაყოლება ცხენები იყვნენ მიბმულნი სარებზე. კირილემაც და პლატონმაც აქვე მიაბეს ცხენები. კირილე იმწამსვე ნაცნობებში გაერია, აქეთ-იქით გავარდ-გამოვარდა, ყველას დაენახვა, ყველა ნახა; მოძებნა ხანში შესული მასპინძელი, მიულოცა ქალიშვილის გაბედნიერება და იქვე მოუყვა პლატონის შესახებაც. მოხუცებული ძალიან კმაყოფილი დარჩა, მადლობაც უთხრა კირილეს, თან რომ აწვია ისეთი ოჯახიშვილი, როგორიც მისი ცოლისძმა იყო; პლატონს კი - კადრებისათვის. თხოვა და იმედი გამოსთქვა, რომ მოლხენით დაამშვენებდნენ მის ოჯახს ამ ბედნიერ დღეს. ამნაირმა მიღებამ დაავიწყებინა პლატონს თავისი უხერხული მდგომარეობა. ცოტა ხნის შემდეგ იგი შეუერთდა საზოგადო აფუცფუცებულებას, თავისუფლად გრძნობდა თავს და მზად იყო მოსალხენად.
შორიდან მოისმა ზურნის ხმა. ხალხი შეინძრა. ზურნის ხმა თანდათან ახლოვდებოდა. გახშირდა სროლა დამბაჩებისა და რევოლვერებისა. აივანი სულ ერთიანად მოიფინა ქალებით; მთლად მიდამო თითქოს გაცოცხლდა. ამოძრავდა; ზურნის ხმა თანდათან უფრო მკაფიოდ მოდიოდა; ისმოდა მომყოლთა ძახილი: ”ჰაი”, ”ჰაი!” და რამდენიმე ხნის შემდეგ ჩიტივით შემოფრინდა იარაღში ჩამჯდარი, თავზე უკან მოქცეული კოხტა ქუდით ყმაწვილი, რომელმაც დაძახებასთან: ”მეფე მოდის!.. მახარობელი ვარ!”-ო, ერთიორჯელ ჩამოუარა თავისი აქაფებული ცხენით აივანს, შემდეგ ქორივით ეძგერა კიბეზე თასით მდგარ ყმაწვილს, სწვდა თასში და წართმეული თასით გავარდა ისევ ეზოდან მოახლოებულ მაყრიონთან შესაერთებლად. ეს იყო მახარობელი.
- ბრავო, ბრავო! - ჰყვიროდა მისი სიმარდით აღტაცებული ხალხი და ამ ხმაურობას შეუერთდა მოსულთა ჟრიამული, თოფების ხათქა-ხუთქი, ცხენების თქარა-თქური და მათრახების ტყლაშუნი მათდა შესახურებლად.
სიძე მოვიდა თავისი მაყრიონით.
პლატონს სრულიად გადაავიწყდა თავისი საძებარი უშვილო და ორნაქმარები სადედინაცვლო, მამა ბეკინაც, ყოველივე დარდები და გაშლილი გულით ამ საზოგადო ხალისიანობას მისცა თავი. ახლა მოწყურებული კაცივით უნდოდა მხოლოდ გული ეჯერა და დღევანდელ გასართობს დასწაფებოდა. სხვებთან ერთად იგი ცხენით წაჰყვა დედოფალს ეკლესიამდის და იქიდან ყურთწამღები მაყრულით გამოჰყვა ახლად ჯვარდაწერილებს. გრძელ ფანჩატურში მთელი ღამე მისი სიმღერა არ შეწყვეტილა. მოხუცებულმა შაფათაძემ განსაკუთრებული მადლობაც უძღვნა პლატონს მოლხენისათვის.
საზოგადოება დიდ მხიარულებაში იყო, ცეკვა-თამაშს ბოლო არ უჩანდა, თუმცა ქალები თითქმის სულ ერთიანად წავიდ-წამოვიდნენ მოსასვენებლად. გათენებას აღარაფერი აკლდა, ღვინის სმაში შეჯიბრებული ყმაწვილკაცობა კი ჯერ ადგომას არც კი აპირებდა. ზურნის მოღლილი, მისუსტებული ხმა ისევ ეფინებოდა აქაურობას ამ ღამეში, სხვადასხვა სიმღერებთან შენაცვლებით.
თუმცა ძალზე მთვრალი იყო პლატონი, მაგრამ თვალი მაინც ეჭირა კირილესაკენ, რომელიც დაჩემებით სცლიდა ყანწს ყანწზე. ცოტა ხნის წინათ იმ კუთხეში, სადაც კირილე იჯდა, რაღაც ლაპარაკი ატყდა, მაგრამ ისევ მალე მოსპეს. კირილე ისეთნაირად გამოიყურებოდა და ცმაცურობდა, თითქოს რაღაც სამიზეზოს ეძებდა, რომ ჩხუბი აეტეხა, ჩვეულებისამებრ. პლატონმა შეატყო ეს, და რამდენადაც მოეხერხებოდა, მისკენ ახლოს მიიწია.
- ძალიან შემცდარი ხართ! - წამოვარდა კირილე და ნამალევად გადადგმული ვეებერთელა ღვინის სტაქანი წინ დაუდგა იმ ყმაწვილს, რომელმაც მოპარვა მოინდომა ღვინისა. - ძალიან შემცდარი ხართ!
- მე დავლიე და გადავედი... შემცდარი თქვენ ბრძანდებით! - მიუგო ყმაწვილმა.
- ეგ გაკლიათ და ახლავე უნდა გამოცალოთ! - გულმოსულობით მიაძახა კირილემ.
- ხელმეორედ რაზე დავლევ!..
- დალიე!.. მე მითქვამს თქვენთვის...
- მოითმინეთ, მოითმინეთ, ყმაწვილებო! - მიაძახეს აქეთ-იქიდან. ატყდა ყაყანი. ვინ კირილეს მხარეს იჭერდა, ვინ - ყმაწვილისას.
- დალიე ახლავე! - ისევ მიაყვირა კირილემ. - მაცალეთ ერთი, თუ შეიძლება... ამას რავა ვაპატიებ მაგ სტაქანს! მერე ტრაბახობით ყურები მაგან უნდა გამომიჭედოს?!
- შენთან რა ტრაბახობა მჭირია... რა კაცი ხარ იმისთანა! - მიაძახა თავის მხრივ ყმაწვილმა.
- რაც კაცი ვარ, ახლავე გაჩვენებ, მაგ გამოცალე თუ არა! - დაუბღვირა კირილემ.
- კირილე, კირილე! - ამშვიდებდნენ აქედან.
- კოსტა, კოსტა! - აწყნარებდნენ მეორე მხრიდან ყმაწვილს.
- რა კაცია... რა კაცია! ერთი შეგვახედვინოს მაინც! - იყვირა კოსტამ.
- უი, შენ ცინდალო, ცინდალო! - მიაძახა კირილემ, დაავლო სტაქანს ხელი და, რაც შიგ ღვინო იყო, სულ ერთიანად ცხვირ-პირში შეასხა ყმაწვილს.
ერთის თვალის დახამხამებაზე ვეფხვივით სუფრაზე ახტა კოსტას ძმა. მის ხელში გაიპრიალა სატევარმა კირილეს დასარტყმელად და უსათუოდ იქვე გაათავებდა კიდეც, რომ ამნაირ ჩხუბ-კინკლაობაში გამოქნილ ყმაწვილებს უცბად ხელიდან არ გამოეგლიჯათ მოელვარე იარაღი.
შეიქნა ერთი ყვირილი, არევ-დარევა. ახლა ხელდახელ ეცნენ ერთმანეთს; გახურდა მუშტების მოქნევა. გამზავებლები დიდ მეცადინეობაში იყვნენ; ჰყვიროდნენ, აცილებდნენ მაჩხუბართ ერთმანეთს, მაგრამ ვერას ხდებოდნენ.