– IX –
- ბიძი, სალომე სადაა? - ჰკითხა მან ჯიმშერის პატარა ქალიშვილს.
- უკან ბალკონზეა, ბატონო! - მიუგო ბავშვმა.
არისტო გავარდა იქით და სალომესთან მისულმა, ხმადაბლა მიმართა:
- თუ შეიძლება, ბატონო, ერთი წამით! - და თვითონ წინ წამოუძღვა სალომეს.
- უკაცრავად ვარ, საქმეს მოგაცდინეთ! - დაიწყო არისტომ, როცა ორივე ერთ მივარდნილ ოთახში შევიდნენ და არისტომაც კარი მიიხურა. - თქვენს ქმარ-შვილს, კარგ ქმარ-შვილს გაფიცებთ, შემეწიეთ ერთ პაწია საქმეში… მლოცავი ბევრი გყავთ, მაგრამ ერთიც რომ მიიმატოთ, ამით არას წააგებთ... მადლია და ღმერთი კიდევ უფრო მწყალობელი იქნება თქვენი, რავარც ახლა არის...
სალომე განცვიფრებით შეჰყურებდა ამ უცნაურ კილოზე მოლაპარაკე კაცს, რომლის სიტყვები მისთვის სრულიად გაუგებარი იყო.
- რა იყო, არისტო?
- ახლავე მოგახსენებთ... ამ საათშივე... მამიდაჩემს გაბრალებთ... უბედურ მამიდაჩემს... ბრეგაძეს რომ ჰყავდა...
- რავა? ხომ არაფერი დამართია? ა?
- ახლა დეემართა... ჩავარდნილია, თქვენი მტერი ჩავარდა ცეცხლსა და გენიაში... მგლების ხელში!.. თქვენც გაგონილი გაქვთ იმათი უწესობა და თავლაფდასხმა... რა ქალი და რა ოჯახში მოემწყვრა, რა ოჯახში?! რა შეჩვენებულების ხელშია! თან მეცოდება საწყალი, საბრალო მამიდაჩემი, და თანაც მერცხვინება, ვერსად ვერ გამიმხელია მათთან მოყვრობა: ღარიბი, ღატაკი, დამსილიო, რომ გაგიგონია, სწორედ ისინი არიან!.. ებრძვიან ერთმანეთს, ეჭიჭყინებიან... კაცი ვერ მიხვალ, ვერ მიგიღებენ; ვერც თავად სადმე ჩნდებიან, გდიან ისე და აქვთ ნიადაგ ერთი ჩხუბი, ერთი დავიდარაბა ერთმანეთში... მე რომ ახლობელი მოყვარე ვარ, მე ვერ მივდივარ, არ შემიძლია უბედური ნათესავი ვნახო წელიწადში ერთხელ მაინც... რარიგად მივიდე? მე შენ გეტყვი, მიღება შეუძლიათ, ბინა აქვთ, სახლი, კარი, სასმელი, საჭმელი... ჰმ!.. ჩემს სისხლ-ხორცთან ვერ მივიდე წელიწადში ერთხელ, ორხელ?! გოუგონია კაცს?! მარტო მრცხვენია, ამისთანა მოყვარე რომ მყავს... მერცხვინება, შენ ნუ მომიკვდები!.. და აგერ შემთხვევა არის და თქვენს სულს დავენაცვლე... თქვენს შემწეობას ნუ მომაკლებ... სულის საცხონებელი საქმე ქენი... შეეწიე საწყალს, გულშეწუხებულ, დამწვარ-დადაგულ, დახრაკულ დედაკაცს... შეეწიეთ, ღმერთი თქვენც შეგეწევათ!..
- რითი, ჩემო არისტო, რითი? - ეკითხებოდა გაკვირვებული ქალი, არისტოს მჭევრმეტყველებით გულაჩვილებული. - რით, არისტო ჩემო?
- მხოლოდ ერთი თქვენი სიტყვა, სხვა არაფერია საჭირო. ერთადერთი სიტყვა! თქვენს ძმისწულს რომ ეგერ სამანიშვილი მოჰყვა, - დაიწყო უფრო ხმადადაბლებით არისტომ, - ის სამანიშვილი სადედინაცვლოს ეძებს... ორნაქმარებს და უშვილოს...
სალომეს გაეღიმა.
- მამა ახირებია, ცოლი უნდა შევირთოვო და მაგას მამულის გამყოფელიდან უნდა თავი დეიფაროს... და ეძებს დედინაცვლად ორნაქმარევ, უშვილო ქალს. დიახ!.. ჰო და მამიდაჩემი სწორედ ზედ გამოჭრილიო რომ იტყვიან, ისეა მაგათ საძებარზედ...
სალომე რაღაცას ჩაფიქრდა.
- მართლა არ ჰყოლია მგონი ელენეს შვილი, - წაილაპარაკა მან.
- არა, ბატონო, არა!.. შეჩვენებული ვიყვე, თუ ვტყუოდე, თუ როდისმე ჰყოლოდეს! რა ხანია თქვენ მას იცნობთ, თქვენ გაიგონებდით.
- კია ოცი წელიწადი!
- ჰოდა... ოცი წელიწადიც ხომ შვილი არ ჰყოლია... მერე კაი შეგვიანებული იყო, რომ გაუთხოვებიათ... ახლა ეყოლება მაგას შვილი? თავს დავდებ, ბატონო, ხელს მოვიჭრი... რაც გინდათ, ის მიქენით!.. ვის გოუგონია მაგისი შვილი აწი! - ცხარობდა არისტო.
- მერე მე რითი უნდა შეგეწიო, არისტო ჩემო?
- ურჩიეთ მაგ სამანიშვილს დედინაცვლად ელენე... გამოჰკითხეთ აქეთ-იქით, ამბავს ჰკითხავთ და როცა სიტყვა ჩამოაგდოს... თქვენ უსათუოდ გკითხავთ რჩევას და ამას გევედრებით, მიქენით წყალობა, თქვენს სიტყვას ის კაცი გაჰყვება, უქეთ მამიდაჩემი, აცხონეთ სული, შეეწიეთ გაჭირვებულს!.. მაგ ყმაწვილი ერთადერთი შვილი ყოფილა ოჯახში... როგორც ეტყობა, კი, ცოტა მაგარი კაცია, მარა რიგიანი უნდა იყვეს. ჩემთვისაც ძალიან იქნება, ბატონო, მიხვალ კაცი კაცთან, ნახავ, გნახავს, მტერ-მოყვარეობას გაგიწევს... შენი ჭირიმე, ჩემო ბატონო, ჩემო!.. ერთი სიტყვით... რაღა ვთქვა… - და სიტყვა რომ აღარ ეხერხებოდა, ყელმოგრეხილი არისტო ყანყრატოში მარცხენა ხელის წავლებით, წვერებწამოშვერილი, უცნაურად ეღრიჭებოდა სალომეს. - შენი ჭირიმე… შენი... შენი!
- ბატონი ბრძანდები... კი, ბატონო... მაგაზე რათ გინდა მაგდენი ხვეწნა!..
- შენს სულს ღმერთი გაახარებს... ჩემო ბატონო, ჩემო!
- კი, ბატონო, კი!..
- რაღა ვთქვა... რითი გადაგიხადოთ მაგიერი! - წამოიძახა არისტომ და ჩააფრინდა ხელებში სალომეს და კოცნა დაუწყო.
- მაგაზე, შე კაცო, რა... ნეტავი კი რამე იქნებოდეს და...
- კი, იქნება, კი... აწი კი იქნება ყველაფერი... და კაცი არ ვიქნები თუ დღე არ გავუმწარე იმ ოხრიშვილებს!.. მე ვაყურებიებ იმათ თავიანთ სეირს... საქვრივოს რომ გადავაშლეჭიებ!.. მაშინ ექნებათ საბუთი, ცუდი კაცი მიძახონ... აბა, ბატონო სალომე... მეტი რავაღა შეგაწუხო კიდევ!..
- მოგახსენე და სწორედ ვეცდები... მეტი ხვეწნა რაღა საჭიროა!
- თქვენ გაცოცხლათ ღმერთმა უკუნითი უკუნისამდე... თქვენ გაცოცხლათ!.. - წამოიძახა გრძნობით არისტომ და უცბად დაატანა: - ახლა კი ისევ ზალაში შევალ, თვარა ეგებ ქე შემნიშნოს გამოპარვა და ეჭვიც ეიღოს რამე იმ კაცმა... ნურას უკაცრავად, შენი ჭირიმე! უნდა შევიპარო ისე, შეუმჩნევლად...
და კმაყოფილი არისტო ოთახიდან უცბად გამოვარდა და მარტოდ დატოვა გაოცებული სალომე.
ამ დროს პლატონი ერთ წყვეტებაში იყო. თუმცა მის გარშემო ხმაურობა და ჟრიამული იდგა, მას არა ესმოდა-რა, - თავის აზრებში იყო წასული. იგი თითქოს ვერც ამჩნევდა, რა მხიარულება სუფევდა ამ საზოგადოებაში; ვერ ხედავდა, რარიგათ ეჯიბრებოდნენ ეს ყმაწვილები ერთმანეთს, თუ ვინ უფრო მეტ სიცილს გამოიწვევდა, ვინ უფრო აამებდა მათ საყვარელ მასპინძელს, რომელიც გულით ერთობოდა და ხალისობდა.
პლატონი ხანდახან თუ ათხოვებდა ყურს, რაც ამბავი ხდებოდა მის მახლობლად, თორემ სულ იმას ფიქრობდა, რა ექნა, რა გადაწყვეტილებას დასდგომოდა? მიეღო ამ ქვაშავიძის წინადადება, თუ არა? გადაეწყვიტა ამ ვიღაც ბრეგაძის ქვრივზე საქმე, თუ სხვაგან ეძებნა სხვა ქალი? ვაი თუ ეყოლოს შვილი?.. მარა თუ მართლა ორნაქმარებია, უშვილო... შვილი რავა ეყოლება... რა ღმერთი გაუწყრება. რა! ჯინი ხომ არ ჭირს მისი?
იგი ათასნაირად სწონიდა ამ საქმეს. ხან ასე ფიქრობდა, ხან ისე. ხან გადასწყვეტდა, ხან ისევ მეტ გაფრთხილებას ურჩევდა თავისთავს... ყმაწვილი კაცი ერთ გაწამაწიაში იყო... დრო კი მიდიოდა და საჭირო იყო რაიმე გადაწყვეტილება მიეღო, საჭირო იყო პასუხი მიეცა ქვაშავიძისათვის, დაპირებისამებრ.
ეძიოს სხვაგან? უარი უთხრას ქვაშავიძეს?.. თუ სალომესთან მივიდეს და დაეკითხოს? მაგრამ რარიგათ? ვინ მისცემს იმდენ თავისუფლებას ახლა სალომეს, რომ მასთან თავისუფლად მოლაპარაკება შეიძლოს?.. საწყალს, ამ გაწამაწიაში მყოფს, თავბრუ ესხმოდა. მოღალული ტვინი ხეირიანად ვერც კი მოსაზრეობდა და დაღლილი პლატონი იჯდა ხანდახან გაყუჩებული, გაყეყეჩებული. ამ გაწვალებაში მყოფს უეცრივ არისტოს ნათქვამი გაახსენდა.
ეგება მართლადაც ეს ქალი მამამისის ბედი იყოს?! მართლა, რა არის, აბა, რომ თავიდანვე ამ ქალს უხსენებენ და ყოველი გარემოება ისე ეწყობა, რომ უსათუოდ ამ ქალის მხსენებელი ხვდება ყველგან, თითქოს განგებ პირი შეეკრათ ამაზე... ხომ არავინ იცოდა? მას ხომ ერთი სიტყვაც არ დასცდენია თავის საიდუმლოს შესახებ გვერდევანიძესთან - თვითონ იმან ახსენა და აქო ეს ქალი...
ქორწილიდან სახლში ბრუნდებოდა, მაგრამ მაინც აქეთ წამოვიდა... აქ მოვიდა და, თითქოს განგება იყოს, ეს ქვაშავიძე დახვდა და ამავე ქალს ურჩევს და აძალებს... რა უნდა იყოს ასეთი უცნაურად მოწყობილი ამბავი?.. რას მიეწეროს?.. ასე უმნიშვნელოდ რავა იქნება, რავა ხდება ეს ამბავი?! ეგებ მართლა ღმერთი ანიშნებდეს და გაჭირვებულს დახმარებას აძლევდეს, ეწეოდეს, საქმეს უადვილებდეს, ბედზე უთითებდეს... აბა, რატომაა ასეთი უცნაური, თითქმის შეთანხმებული, ერთპირიანი ლაპარაკი ყოველგან ამ ერთ ქალზე?!
და ამაზე, ამ აზრზე შეჩერებული პლატონი, რაც უფრო უკვირდებოდა გარემოებას, უფრო და უფრო რწმუნდებოდა, სჯეროდა, რომ აქ სხვა არა უნდა ყოფილიყო რა, რომ ბრეგაძის ქვრივი მამამისის ბედი უნდა ყოფილიყო და მას უთითებდნენ ზედ, ანიშნებდნენ. ამ აზრმა ისე შეიპყრო პლატონი, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ, თითქოს მძიმე ტვირთმოხსნილივით, რაღაც გასაჭირისაგან განთავისუფლებულივით მან მხიარულად, თავისთავად წაილაპარაკა:
”სწორედ... სწორედ... სწორედ ასე უნდა იყვეს! რაც იქნება - იქნება!.. ბედს სად წაუვა, სად დეემალება კაცი?!”
და გულგახსნილი ახლა გუნებაში ღმერთს ეხვეწებოდა ისევ, რომ შეებრალებინა მისი ცოლ-შვილი, მისი თავი და ყოველივე უბედურება თავიდან აეცილებინა.
გულმოშვებული ახლა იგიც შეუერთდა საზოგადო მხიარულებას, ახლა იგიც სიამოვნებით შეჰყურებდა ამათ მასხრობას, იცინოდა ამათთან, ამ უდარდელ ყმაწვილებთან.
”იყოს კაპასი... ავგულიც. რას დამაკლებს?! - გაურბენდა ხანდახან თავში და მერე ისევ ყური ამ ყმაწვილებისაკენ ჰქონდა. - მარა, ვაი თუ დედაკაცი უარზე დადგა, მაშინ?. - ისევ უბრუნდებოდა თავისას პლატონი. - მაშინ?.. ეგ რავა შეიძლება!.. რაკი ბედია… უსათუოდ დათანხმდება, რავა შეიძლება!.. - ანუგეშებდა თავისთავს. - ეს არისტო რა იქნა!”
უნდოდა ახლავე შეეტყობინებინა მისთვის თავისი გადაწყვეტილება, ეთქვა, რომ ხვალ უსათუოდ წასულიყვნენ ქვედურეთში და საქმე გაეთავებინათ. დაუწყო არისტოს ძებნა თვალით და ის იყო აივნიდან ზალის გაღებულ კარებში არისტოც გამოჩნდა.
არისტომაც მოჰკრა თვალი პლატონს და როცა შეამჩნია სახეზე რაღაც კმაყოფილება, წავიდა მისკენ.
- რას შვრები, კაცო? - ხმადაბლა ჰკითხა მან. - როგორ გადაწყვიტე?
- ხვალ წავიდეთ ქვედურეთში! - უთხრა პლატონმა.
- აბა რაღას მაწვალებდი, შე კურთხეულის შვილო... ძმობას გეფიცები, იმდენს საქვრივოს ავაღებიებ, რომ...
- არა, არა... რაში მინდა, გაჭირვებულების წანართმევი!.. საქვრივოს რას დავეძებ!..
- ერთი შენ კიდევ! - შეუტია არისტომ.
- მაგას თავი დავანებოთ... ეს მითხარი, მამიდათქვენი ულამაზო ხომ არაა?.. მტერმა არ გაგვცინოს, მოყვარესაც არ ეწყინოს...
- ულამაზო? მიბრძანდით... მონახეთ მეორე მისი დასადარი ქალი... რითაც გნებავთ - სილამაზით, შეხედულობით, ჯანმრთელობით... რას ამბობთ?! ჰმ!
- კაი დაგემართოსთ, კაი დაგემართოსთ!.. აბა ხვალ... ნუღარ გადავდებთ!
- არა, არა! - მიუგო არისტომ - დარდი ნუ გაქვს... აწი მე ვიცი!
პლატონი ერთობ კარგ გუნებაზე დადგა, აღარც კი დაეძებდა მაინცდამაინც სალომესთან წინანდელ გადაწყვეტილებისამებრ მოლაპარაკებას, რჩევის კითხვას; დარწმუნებული იყო, რომ ბეკინას ბედს მიაგნო და რამდენიმე ხნის შემდეგ მოსალხენად გამზადებული ვახშმის სუფრას მიუჯდა და მხიარულად ელაპარაკა სალომეს, შემდეგ ვერიჩკას სიმღერაშიაც მხარი მისცა; შეუერთდა საზოგადო ყიჟინს და ყანწს ყანწზე გულმოდგინებით სცლიდა.
- არისტო, პლატონ, აბა, ჰე, აბა, ჰე! - უძახოდა მათი მოლხენით ნასიამოვნები ჯიმშერი. - არიქა, პლატონ... ჩემს პლატონს სიცოცხლე და დღეგრძელობა და ყოველივე სიკეთე! - მიაძახა მან, გადაისვა ტუჩებზე ხელსახოცი და წამომდგარმა გაუშვირა ყანწი. - მოდი, ერთი მაგ შენ ლამაზ წვერებში გაკოცო!
პლატონი წამოვარდა, მივარდა ჯიმშერთან, გადაეხვია მოხუცებულს, მხურვალედ აკოცა გულში და იქვე ღვინით ავსილი სასასმო სულდაუთქმელად გამოცალა.
გათენებამდის დიდი ხანი აღარც კი რჩებოდა, სუფრიდან რომ წამოდგნენ არისტო, პლატონი და მათთან კიდევ ორიოდე ყმაწვილი. სხვებმა უფრო ადრე მიატოვეს სუფრა და ზოგი იქვე იწვა ზალაში ტახტზე გაგებულ ქვეშაგებში, ზოგი კი ოთახებში.
- ერთი ჩვენც წავდვათ თავი და მერე გავსწიოთ ჩვენთვის... - თქვა არისტომ და პლატონთან ერთად ეზოში ჩავიდა. ნიგვზის ქვეშ ორივემ გაიხადეს ჩოხები, დაიდვეს თავქვეშ, შეიხსნეს ახალოხის ღილები, გაგორდნენ სახლიდან ჩამოტანილ ნოხზე და ერთი წამის შემდეგ ორივე ღვინისგან გალეშილი, მძიმედ-მძიმედ ქელავდნენ ძილმორეულნი.
აგერ ინათლა და ამომავალი მზის სხივები მოეფინა დედამიწას. არემარე ჩაჩუმებული იყო, ტკბილ ძილში გართული; ყოველივე მიწყნარებული, მიყუჩებული, თითქოს ნაზობდა ამ თბილ, მანებივრებელ სინათლეში.
მოუსვენრად გატარებული ღამის შემდეგ ამ მშვენიერ დილას თითქოს სწადდა დაკარგული ძალ-ღონე დაებრუნებინა ყმაწვილებისათვის, რომელნიც მას მინდობიან და აგერ გარეთ ამწვანებულ ბალახში დაყრილან დასასვენებლად.
პლატონისა და არისტოს გარდა სხვებიც გორავდნენ ნათიბში, ღრმა ძილში წასულნი. აქვე სძოვდნენ მათი ცხენები.
მზემ კარგად წამოიწია. ჰაერიც თანდათან უფრო თბებოდა; სხივებს ძალა ემატებოდა და მათ ქვეშ მძინარის ძილიც უფრო მოუსვენარი ხდებოდა. აქამდის უძრავად მწოლარე, ახლა ხან ერთ გვერდზე გადაბრუნდებოდა, ხან მეორეზე, მოუსვენრად შლიდა ხელებს, არიდებდა პირს ზევიდან დაჩერებულ მზეს, ნიგვზის ფოთლებს შუა შემოპარულ მის გამთბარ სხივებს...
- უჰ, თავზე არ წამოგვდგომია მზე! - უცბად წამოვარდა ზეზე არისტო და პლატონს დაუწყო ღვიძება. - ადე, ადე, ყმაწვილო... წავიდეთ, თვარა გაშუადღევდა ეს არის. ნუღარ დევიგვიანებთ!..
პლატონმა ძლივს გაახილა თვალები, ზანტად წამოდგა დაღლილი, მაგრამ აფაცურებული არისტო აჩქარებდა, ძილის ნებას აღარ აძლევდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ორთავემ ჩაიცვეს, დაიხურეს, ცხენები დაიჭირეს, შეკაზმეს, ბიჭის პირით მადლობა შეუთვალეს მასპინძელს, შესხდნენ ცხენებზე და გასწიეს ქვედურეთისაკენ.