prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

სამანიშვილის დედინაცვალი — თავი XII

დავით კლდიაშვილი · პროზა

– XII –

მაგრამ იმედი არ სრულდებოდა. ხანი გადიოდა და საზარელი არსება ზრდაში შედიოდა. კიდევ ცოტა ხანი და პლატონს თვალითაც დაენახვებოდა თვითონ და თავის ხმასაც გააგონებდა.

ეს გარემოება შეშლილივით ხდიდა პლატონს. ამ კაცმა სრულიად გონება დაჰკარგა, გაჭირვეულდა, დაეკარგა ყოველივე მოთმინება. ისეთი ხასიათი დაიჭირა, რომ კაცი ვეღარ ცნობდა. ხსნას, სხვა საშველს რომ ვერას ხედავდა თავის მაწუხებლის მოსაშორებლად, იგი უცნაური წინადადებით მივიდა თავის მამასთან. ბეკინამ იყვირა, როცა შვილის ნათქვამი გაიგონა. მოხუცებული კაცი კინაღამ გადაირია:

- ღმერთი დეივიწყე, შე უბედურო?.. ღმერთი აღარ გაგახსენდა, მაგისთანა აზრები რომ თავში მოგივიდა?! მოხუცებულ კაცს მაძალებ სულის წასაწყმედი საქმე ჩევიდინო?.. ღვთის ჩასახული კაცი მოვკლა?.. გაგიჟდი, შე ღმერთგამწყრალო? რავა მეუბნები, დედაკაცს მუცელი მოვაშლევინო?! რამ გაფიქრებია ამნაირი უღვთო საქმე, რამ? - ყვიროდა ბეკინა შვილის ნათქვამით გაცეცხლებული. პლატონი კი წარბებშეხრილი, სახედაღვრემილი იდგა ერთ ადგილას გაყუჩებული ჯიუტად და დაბლა იმზირებოდა.

- რა იქნა, ღმერთმანი, რა გაქვთ ამდენი სადავიდარაბო, რომ კაცმა თქვენგან ერთი ტკბილი სიტყვა ვეღარ გეიგონა ამ ბოლო დროს?! სულ მობღუშვა, სულ უსიამოვნება! - თქვა ამათ შემომსწრებმა ელენემ, რომელიც იქვე მიჯდა ტახტზე, დამძიმებული. - მტრისას იქნას ასე, მტრისას.

- კაი, კაი!.. შენ არავინ გკითხავს არაფერს! - შეუტია ბეკინამ.

პლატონმა მწყრალის თვალით გადახედა დედინაცვალს და ისევ იბრუნა პირი.

- შენ არ მომიკვდე, არც მამას და არც შვილს არავინ არ მოგიწონოსთ ეგ ამბავი!

ამისი თქმა იყო და პლატონი ეცა ელენეს; მოხუცებული ქალი გაგორდა ტახტზე; ის იყო პლატონი მუცელში უპირებდა წიხლის ჩარტყმას, რომ ბეკინამ ხელი ჰკრა; წიხლი ასცდა ელენეს, მხოლოდ მჩატედ მოხვდა ხელზე. პლატონი უცბად მოტრიალდა და ისევ უნდა ჩაერტყა მეორედ წიხლი, მაგრამ ბეკინამ ხელი წაავლო გამხეცებულ შვილს, რომელიც გიჟივით ჰყვიროდა:

- არ მოკვდები? არ მოკვდები? ახლაც არ მოკვდები! - და ელენე მარჯვედ გამოისროლა კარებისაკენ.

ფეხმძიმე ქალის ყვირილმა იქაურობა შესძრა. პლატონი ახლა სწორედ მხეცი იყო, შეუბრალებელი, სისხლისმსმელი. მას უნდოდა მოესპო ის არსება, რომელიც ახლა გაჰკიოდა, მისი სისხლი სწყუროდა, გააფთრებული იწევდა მისკენ და უსათუოდ ცოდვას დაატრიალებდა, რომ ბეკინას ძახილზე მელანო არ შემოვარდნილიყო და გამგელებული პლატონი გარეთ არ გამოეგდოთ.

- გამიღეთ, კარი გამიღეთ! - უცნაურად ღრიალებდა იგი. - კარი გამიღეთ ახლავე! მელანო, კარი, თვარა შენც მოგკალი ეს არი! მოშორდი ახლავე მაგ სასიკვდილეს!.. გეუბნები, მოშორდი-თქვა!

მაგრამ მელანო ბეკინასთან ერთად გულწასულ ელენეს მოსულიერებას ცდილობდა, თავს დასტრიალებდა საბრალო მოხუცებულ დედინაცვალს, რომლის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა.

ამ დღიდან პლატონი ნამდვილ ნადირივით შეიქმნა. დღისით სადღაც დაეხეტებოდა, შინ მხოლოდ საღამოობით მოდიოდა, ისიც დაწოლის ხანს. თვით მელანოსაც აღარ სცემდა ხმას, ისეთ ხასიათზე დადგა.

ბეკინა ამსოფლად აღარ იყო ჯავრისაგან.

- მოვმკვდარიყავი... მარიკასთან ერთად მიწას შევეჭამე და ამ დღეს არ მოვსწრებოდი ნეტავი! - ნაღვლიანად ამბობდა მოხუცი.

იმედად ამ უბედურების გამოსაკეთებლად ისღა დარჩენოდა, რომ ეგებ ელენეს ვაჟი არ მისცემოდა და ქალიშვილი დაბადებოდა; ამას შეეძლო პლატონის დამშვიდება და დაწყნარება; და ბეკინა მოუთმენლად მოელოდა ამ დღეს და ყოველ წამში ღმერთს ამას ევედრებოდა: ,,ღმერთო, ელენეს გოგო აყოლეო!..”

მაგრამ მალე ეს იმედიც მოესპო საწყალ ბერიკაცს: ელენეს ვაჟი შეეძინა და ამასთან ყოველივე იმედი გაქრა წინანდელი სიამტკბილობის ხელახლად დამყარებისა მის ოჯახში.

მეტად დაჯავრიანდა ამის გამო ბეკინა. მისი მოწყენით ყოფნა, უხალისობა შვილის შეძენის შემდეგ, მუნჯად ყოფნა ცოლთან, გულს უთუთქავდა მელოგინე ელენეს, რომლის მიმხედავი, მისი შემცოდებელი მხოლოდ ერთადერთი მელანო იყო.

- ღმერთი გადაგიხდის, შვილო, ღმერთი, შენი გულკეთილობისათვის! ღმერთი გადაგიხდის! ვენაცვალე მის ძლიერებას, წვალებისა და უსიამოვნებისათვის ვყოლივარ გაჩენილი იმ დალოცვილს... მადლობას ვწირავ!.. რა ვქნა, რას ვიზამ?! ყოველ სულიერს თავისი ბედი აქვს. რაში ეჭირვება ღმერთს ჩემი ტანჯვა-წვალება, ჩემი გაჯახირება? ვის რა დავუშავე... ჩემით რა მიქნია ვისმესთვის ცუდი?! - გულდაწყვეტილი, გაუხარებელი თავის სიცოცხლეში, ელენე ცდილობდა დღევანდელი მწუხარებაც მოთმინებით აეტანა.

რაკი პლატონს ძმა გაუჩნდა ქვეყანაზე, მან იმწამსვე ცალკე გასვლა აიჟინა.

- ბიჭო, მე რას მიპირობ, მე, მოხუცებულ კაცს?! ნუ მისპობ წუთისოფელს, ორიოდე დღე დამრჩენია მხოლოდ სასიცოცხლოდ!.. ბიჭო, მამა ვარ შენი, რაც უნდა იყოს! სად უნდა წახვიდე?

- მე ჩემიც ბევრი მყავს მოსავლელი! ჩემი ტვირთიც მეყოფა... სხვას არ შევაკლა ჩემი თავი! მე ჩემსას მოვუვლი, ჩემსას დავეპატრონები! - გაჯიუტებით და გულცივად ამბობდა პლატონი.

- ბიჭო, მოხუცებულმა მამაშენმა რაღა ქნას? ხომ იცი, რომ მე მუშაობა აღარ შემიძლია? ბიჭო, შებრალება აღარ იციან თქვენში?

- მე შემიბრალა ვინმემ? - წაილაპარაკა პლატონმა და პირი იქით მიიბრუნა.

- შევცდი, შვილო, შევცდი. აღარ მეპატივება? ნუ მომიძულებ, შე კაცო, საბოლოოდ!.. მინდოდა, ასე რომ მომხდარიყო? მეგონა? შემაცდინა ეშმაკმა... შენც იმედი გქონდა, რომ ასე არ იქნებოდა... რა ვქნათ ახლა, ღმერთმა ასე ინება... ჩვენ რა გაგვეწყობა! ნუ გამიმწარებ, შვილო, ამ უკანასკნელ დღეებს, ნუ ჩამაშხამებ! ისევ, როგორც წინათ, ვიცხოვროთ სიამტკბილობით... ღმერთი ამისათვის მაგიერს გიზღავს, ხელს მოგიმართავს, შეგეწევა, გაჭირებას შეგიმსუბუქებს... კი, შვილო, კი, ჩემო საყვარელო! ვინ გეიგონა ჩვენი გაყრა! კი, ჩემო პლატონ, კი! შენი კეთილი გულის ამბავი არ ვიცი განა?.. რაც შენ ჩემი სიყვარული გქონდა, ასე უცებ რავა დამეკარგება, როგორ დევიჯერო?! კი, კი, ჩემო პლატონ! - ემუდარებოდა ბეკინა გულამღვრეულ შვილს, მაგრამ უკანასკნელს წინანდელი გულიც დაჰკარგოდა და გრძნობაც. იგი მტკიცედ იდგა თავის გადაწყვეტილებაზე.

პლატონს იმდენად სძულდა ახლადდაბადებული ბავშვი, რომ არც თავად უნახავს და ცოლსაც ნებას არ აძლევდა მასზე ხმა ამოეღო მასთან.

ბევრს შეეცადნენ მეზობლებიც, მამა და შვილი არ გათვისებულიყვნენ, მაგრამ პლატონი ვერას გზით ვერ დაიყოლიეს. ათასნაირ პირობებს უდებდა ბეკინა შვილს, რომ მამულის ნახევარში მოზიარეთ არავინ შეეცილებოდა, თუ გინდ ათი შვილიც მისცემოდა კიდევ, მაგრამ პლატონი მაინც თავისაზე იდგა. მას ახლა ამნაირი პირობებისა აღარა სწამდა-რა.

რამდენიმე თვის შემდეგ მამა და შვილი გაიყარნენ. პლატონმა ძველ სამოსახლოზე დაშორებით ამოირჩია ადგილი, ჩაიტანა სამზარეულო სახლი, შეიყვანა შიგ თავისი ცოლ-შვილი და დაიწყო ისეთივე ცხოვრება, როგორც ანტონა ბრეგაძემ, რომელსაც ამ ერთი წლის წინათ ისეთი შეცოდებით მისჩერებოდა დავითის აივნიდან.

ბეკინას მეტი შვილი აღარ მისცემია. საყვარელი შვილის მიერ მოძულებამ მეტად დაანაღვლიანა მოხუცებული, მეტად დაამწუხარა და ამ მწუხარებამ კიდევაც ხუთი წლის შემდეგ ამ წუთისოფელს მოაშორა.

სიკვდილის წინ მან მოიხმო ”თავისი პლატონი”, აცრემლებული თვალებით უკანასკნელად მიტევება სთხოვა ”მისი სისულელისათვის, უჭკუობისათვის” და “შავ-დღეზე გაჩენილი” ძმის, უდანაშაულო ჩვილის შებრალებას ევედრებოდა.

მართალია, პლატონმა აღუთქვა მომაკვდავს მისი ნების ასრულება, მაგრამ ბეკინა ადვილად ატყობდა, გრძნობდა, რომ გულწრფელად არ ჰპირდებოდა; ძმებს კეთილი განწყობილება არასოდეს არ ექნებოდათ; ატყობდა ბეკინა და საწყალ მომაკვდავს შხამად ჩაჰყვა ეს გარემოება მიწაში.

და ბეკინა არ შემცდარა, რომ ისეთი წინათგრძნობა ჰქონდა.

№-ის მომრიგებელი მოსამართლის სახლის აივანზე ძალიან ხშირად შეგხვდებათ შავებით მორთული ხნიერი დედაკაცი, რომელსაც ხან მზად დაკეცილი მისართმევი თხოვნა უჭირავს ხელში, ხან ისეა - ხელცარიელი; გვერდით უყენია ხუთი წლის პატარა შავთვალა მალხაზი ბავშვი, ჩითის ბლუზით, წითელი წუღებით, კიზიროკიანი ქუდით თავზე, უქამროდ, და მოსამართლესთან მისვლის დროის მოწევამდის ეს დედაკაცი გულდამწვარი უამბობს ხოლმე ნაცნობთ და გარს შემოსეულ მაყურებელთ თავის გაჭირვებას, უსაშველობას და მწუხარებას, რაც მათ ორსავე დედა-შვილს ადგიათ მისი გერის, პლატონ სამანიშვილისაგან, რომელმაც აღარც ღობე შეარჩინა, აღარც საზღვარი, აღარც ადგილი და იძულებულს ხდის საწყალ მოხუცებულ ქვრივ დედაკაცს იწანწალოს ყოველკვირა სასამართლოში.

ეს დედაკაცი გახლდათ, როგორც თვითონაც მიხვდებოდით, ბეკინა სამანიშვილის ქვრივი ელენე და პატარა ბავში - შვილი მისი, რომელმაც ჯერ არც კი იცოდა, რასაკვირველია, რამდენი უსიამოვნება მოიტანა მისმა გაჩენამ და ამიტომაც ასე ხალისიანად იცქირებოდა აქეთ-იქით და სიამოვნებით შეჰყურებდა მოფუსფუსე ხალხს.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — დავით კლდიაშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.