– III –
დილა იყო ადრიანი, მეორე დღეს რომ პლატონმა ძალზე გამხდარი, ზურგდაშავებული ცხენი გადმოიყვანა ეზოში, მიაბა სამზარეულო სახლის გვერდით მდგარ კვინცხასთან და კმაზა დაუწყო.
- ამაზე შეჯდომა რავა შეგიძლია? - უთხრა მელანომ.
პლატონმა რომ ცხენს უნაგირი შეადგა, ცხენმა სულ კანკალი დაიწყო.
- აბა, ფეხით ვის მივადგე, შე ქალო?!
- კი, მარა სულ არ მოგჯება ამ საცოდავს ზურგი?
- ფეხ-ფეხა მივყვები, ბატონო, ფეხ-ფეხა მივყვები!.. სირცხვილისათვის მიმყავს, თვარა რა!.. შენ ეგ მოსართავი მომეცი და ამის ჯავრი ნუ გაქვს!..
- აი, ამოგივარდა პატრონი! - მიაძახა პლატონმა, მოსართავს რომ ხელი მოჰკიდა. - მეიტა, მელანო ჩხინკი იქნება რამე... ენა არ ქონებია აბზინდს... მეიტა მალე, თუ ქალი ხარ!
დაამაგრა მოსართავი ჩხინკით პლატონმა, დაიხურა ქუდი, გადიგდო ბეჭებზე ყაბალახი, მოხსნა თავისი თეძოებამობუსკული რაში და თითქმის წაათრია უგულოდ მიმყოლი ცხენი ჭიშკრისკენ.
სწორედ ამავე დროს აივანზე გამოვიდა ახალუხის ამარა ბეკინაც და, რა დაინახა მიმავალი შვილი, გადასძახა:
- მიხვალ, პლატონ?
- მივდივარ, ბატონო, მივდივარ... რავარც მხედავთ! - მიუგო პლატონმა.
- აბა, ჰე, შენ იცი!.. ღმერთმა კეთილად გამგზავროს! - მიატანა სიტყვა ბეკინამ.
პლატონმა გადაიარა ეზო, გავიდა ჭიშკარში და მალე, ორღობეში მიმავალი, გზის აქეთ-იქით მიმყოლ ხეებში მიიმალა.
- ე ბედაური ვის გამოართვა, მელანო ჩემო? - მიმართა ბეკინამ ჭიშკრიდან უკან გამობრუნებულ რძალს.
- პავლია ღომიაშვილს, ბატონო!
- არ დოუვარდეს გზაში, შე ქალო! - გაიცინა მოხუცებულმა.
- სხვის შესახედავად წეიყვანა, ბატონო... სასირცხვილ-სანამუსოდ, თვარა სხვებრ რას არგია!
- არაფერია... არაფერი... პლატონი მარჯვე კაცია... მოხერხებულია, იმას არაფერი გოუჭირდება! - ჩაიცინა ბეკინამ და იქით დაიწყო ცქერა, საითაც ის იყო პლატონი გზას დაადგა.
გულჯავრიანი პლატონი ერთხანად გაუძღვა თავის გახრეკილ ცხენს, მაგრამ ბოლოს მოთმინება დაეკარგა განუწყვეტლად აღვირის ქაჩვითა და შეძახებით.
- შენც ჯინაზე მიდგები, შე ოხერო? - გააჩერა მან ცხენი და გულმოსული მოაჯდა ზურგზე, გადაჰკრა წკეპლა და ფერდებგამობზეკილი ცხენი აძუნძულდა. - შენ მაინც მოგერევი, სხვასთან თუ ვერაფერი გავაწყვე!.. კიდევ დამიდგები ჯინაზე?! - და მან შეუბრალებლად გადუჭირა და გადუჭირა წკნელი, მაგრამ პლატონის გასაჯავრებლად და თითქოს მისი დაქადნების გასამტყუნებლად ამ გახრეკილმა პირუტყვმაც მალე იძულებული გაჰხადა მხედარი ხელახლა ჩამოექვეითებინა. ამგვარის დაჯაბნებით ყველასაგან გულდამწვარმა პლატონმა გაიგდო წინ ეს გახრეკილი პირუტყვი და, უკან ფეხდაფეხ მიმყოლი, გრძელი წკეპლის ცემით მიერეკებოდა ჯახრაკ ცხენს.
ნახევარზე მეტი გზა გაიარა პლატონმა თავისუფლად ისე, რომ მიმავალ-მომავალი კაცი არ შეხვედრია; ასე თავისუფლად მიმავალი იგი თავის ფიქრებში იყო გართული, თავის მგზავრობის აზრის აღსრულებით იყო გაბრუებული. უეცრივ ცხენის ფეხის ხმა მოესმა პლატონს; მიიხედა უკან და უკმაყოფილებით პირი ისევ გამოიბრუნა, - ვიღაც ხანში შესული კაცი მოათოხარიკებდა მაღალ ცხენს.
- ჰეი, თქვენი, თქვენი!.. - თავისათვის წაიდუდუნა პლატონმა. მას ახლა ყოველი მოხუცებული კაცის დანახვა ეჯავრებოდა თავის მამის გამო.
- გამარჯობა, ყმაწვილო! - შესძახა წამოწეულმა ცხენოსანმა.
- ღმერთმა გაგიმარჯოთ, ბატონო! - მიუგო პლატონმა და დარცხვენით შეაჩერა თავისი ცხენი.
პლატონმა ახლა იცნო, ვინც იყო ეს ჩასუქებული, წვერებმოპარსული, კაზიროკ-ქუდიანი, ქოლგით იღლიის ქვეშ, წითური სახის კაცი და იმიტომაც დაატანა თავის პასუხს: ”ბატონო”; იგი იყო იმ კუთხეში ცნობილი, სახელის მქონე აზნაური ივანე გვერდევანიძე, სოფლის ადვოკატი.
- სად მიხვალთ, ყმაწვილო? - შეეკითხა გვერდევანიძე პლატონს.
- აგერ გიახლებით, ბატონო, მაღალშენში! - და პლატონი შეჯდა ცხენზე.
- კაი დაგემართოთ! აბა მგზავრები ვყოფილვართ ამ ერთ ხანაზე!..
ეწყინა ეს პლატონს. ათასწილად ერჩია მარტოდ, თავისუფლად მგზავრობა, მაგრამ ახლა მეტი გზა აღარ ჰქონდა, ხათრს ხომ არ გაუტეხავდა ამ მოსახათრებელ კაცს, უნდა ერბენინა თავისი გაძვალტყავებული ცხენი გვერდევანიძის თოხარიკთან.
- რა ხანია მოვდივარ და ერთი კაცი არ შემხვთომია, რომ ხმა გამეცა ვისთვისმე... მოვდივარ ასე მუნჯად! - თქვა გვერდევანიძემ.
- სად ბძანებულხართ აქეთ, ბატონო? - რომ ხმა ამოეღო, შეეკითხა პლატონი.
- ქვედურეთში ვიყავი... ბრეგაძეები არიან, აზნოუშვილები... შენი მტერი იქნა დამსილი და დაგლახაკავებულნი, ისინი დამსილი არიან... და, რავარც იცით ახლანდელი ჩვენი აზნოუშვილების ამბავი, გაყოფა უნდათ, მაგრამ გასაყოფი რომ აღარაფერია! ერთი მეორეს წაგლეჯაზეა გამაცადინებული, რამე ხერხით უნდა მეტი რამ ირგოს, ერთმანეთს აღარაფერს ანებებენ და ჭიჭყინობენ, დავიდარაბობენ, ჩხუბობენ დილიდან საღამომდინ, ჰკლავენ ერთმანეთს...
- ცუდი დრო მოვიდა, ბატონო, ერთობ ცუდი დრო!.. ხალხიც მომრავლდა... ჩხუბით თუ გაიწმინდება ცოტაზე მაინც ქვეყანა, თვარა... მაგრამ ეგ თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, რასაკვირველია! - შენიშნა თავის მხრივ პლატონმა.
- შეიძლება, შეიძლება! - დაატანა გვერდევანიძემ. - ჰო და იმას ვამბობდი, ამ ბრეგაძეებმა მთხოვეს მათში ჩამოვვარდნილიყავი და რამე რიგად გამერიგებინა ისინი... ხელის მოსაკიდებელი საქმე არაა, არც გავერევოდი, მართალი გითხრა, ნამეტანი შეუსმენელი და დაუჯერებელი ხალხია, მაგრამ უარი ვეღარ ვუთხარი, უფრო იმიტომ, რომ ჩემი ნათესავი ქალია იმ ოჯახში... დედინაცვალია ამ ბრეგაძეების და მათ ჩხუბში და უწესრიგობაში საწყალი ქვრივი დედაკაციც ნამეტანი შევიწროვებაში ჰყავთ... სიცოცხლე გოუმწარეს უბედურს!..
- თუ შვილი ჰყავდა მაინც ამ დედინაცვლობაში?! - წამოსცდა პლატონს სრულიად უნებურად.
- აჰ! შვილი არც უწინდელ ქმრის ხელში ყოლია და არც ამ მეორე ქმრის ხელში! უბედური, უშვილო, ერთი საწყალი დედაკაცია, იმიტომაც უფრო მებრალება... გერები ოუტყდნენ, აი ისე, როგორც იცი ღარიბი ოჯახის ამბავი... დედინაცვლის შენახვა კი არა, თავისი თავი ძლივს გამოაქვთ წლიდან-წლამდინ!.. მამის ხელში ქე იყო ისე ერთგვარი ოჯახი და ახლა სამად გასაყოფი რომ შეიქმნა, ამ დედინაცვალსაც თავისი წილი საქვრივო გამოსაყოფი შეექმნა, - არც ერთს აღარაფერი ურჩება და, რასაკვირველია, ჭიჭყინობენ, ერთმანეთს ედავებიან, ერთიმეორეს ხელიდან გლეჯენ, თუ რამ ხელში ხვდათ...
ასე ლაპარაკობდა გვერდევანიძე, მაგრამ მისი სიტყვები პლატონის ერთ ყურში რომ შედიოდა, მეორე ყურში გადიოდა; მისი ყურადღება სრულიად იმან დაიპყრო, რომ ამ კაცისაგან იმ ქვრივ, გაწვალებულ დედინაცვალზე გაიგონა. ეს სწორედ ძვირფასი რამ გასაგონი გაიგონა პლატონმა.
- ქვედურეთში... ბრეგაძეებისას! - იმეორებდა პლატონი, თითქოს ეშინოდა არ დავიწყებოდა უშვილო დედაკაცი. - არც პირველი ქმრის ხელში ყოლია შვილიო, არც მეორის ხელში! რომელი ბრეგაძეა ნეტავი?
ამ მოულოდნელად გასახარელი ამბის გაგებით აფრენილ პლატონს ერთმა ისეთმა სურვილმა წამოუარა - უფრო დაწვრილებით გამოეკითხა ყოველივე გარემოება ნახსენები უშვილო ქვრივისა, - რომ კინაღამ ის იყო კიდევაც გააბა ლაპარაკი, მაგრამ დროზე გონს მოვიდა, დროზე მიხვდა ამის უადგილობას და ენა ჩაიკვნიტა. ამ კაცთან ისე ვაგლახად ლაპარაკი საფრთხილო იყო, მისი აზრით. გვერდევანიძეს შეეძლო ერთ უხერხულად დაცდენილ სიტყვაზე მიხვდომოდა, რაც გუნებაში ედვა და ამიტომ პლატონი ამხანად დაკმაყოფილდა გაგონილით, ჩაიმარხა გულში მისი სიტყვა და თავმოძულებით მიაჩინდრიკებდა ენაგადმოგდებულ ცხენს, სმენად გადაქცეული, ეგებ ამ დალოცვილ კაცს კიდევ დასცდენოდა მისთვის გამოსადეგი რამ სიტყვა.
- ასე კარგია ჭკვიანი კაცის ორიოდე სიტყვაც! - გუნებაში ხალისიანად ამბობდა ძუნძულით მიმყოლი პლატონი. - ყოველთვის სასარგებლო რამეს გეიგონებ, მიხვდები!..
გვერდევანიძე კი თავის სიტყვას განაგრძობდა:
- ასეთია, ჩემო ბიძია, ეს ჩვენი მდგომარეობა და რას იზამ! გაჭირვების დრო შემოგვესწრო და მეცადინეობა გვჭირია, ძალიან გაფრთხილება გვმართებს ამ გაჭირვებასთან. ი დალოცვილი ღმერთიც თავის მოწყალებას ჩვენზე ძველებური წესით გვიცხადებს: ხალხს ამრავლებს, ყოველ ოჯახს შვილებით ავსებს... მადლიანს თითო-ოროლა შვილი დეეკლო, ამათ მაგიერათ სარჩო მოემატებია, ის არ აჯობებდა, შენი ჭირიმე? ა? - გაიცინა მან.
- მაინც, მაინც, ბატონო... ნამდვილი სიტყვა გახლავსთ, რასაც ბრძანებთ! - ამოიოხრა პლატონმა. - მართალი ბრძანებაა!.. თქვენისთანა კაცს რა უჭირს და ჩვენს ამბავს კაცი ნუღარ კითხულობს, ბატონო, თვარა თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ!.. ნამეტან უსაშუალობაში ვართ ჩავარდნილი და გასაკვირველია, რომ კიდევ ასე ხალისიანათ ვართ, არაფრად ვაგდებთ ყველაფერს, არხეინად ვართ და იმას კი აღარა ვფიქრობთ, თუ რა მოგველის წინ... რას გვიპირობს მამა ზეციერი!.. მარა თავს თუ არ მივეძალეთ, გული თუ არ შევიმაგრეთ, სულ წავხდებით, ბატონო, სულ ერთიანად და ის იქნება! - მჭევრმეტყველობამ გაიტაცა პლატონიც თავის ენაწყლიანი მოსაუბრის შემყურე.
ტკბილად მიმუსაიფობდნენ ჩვენი მგზავრები და ამ ლაპარაკში პლატონისათვის დროც შეუმჩნევლად გადიოდა და გზაც ერთობ მოკლდებოდა. კიდევ დიდი სიამოვნებით ივლიდა ამ კაცთან იგი, რომ უეცრად თავისი გადასახვევი გზა არ დაენახა. პლატონმა შეაჩერა ცხენი და თავდაბლად მიმართა გვერდევანიძეს:
- მშვიდობით ბრძანდებოდეთ, ბატონო.
- ოჰ! აქეთ მიდის თქვენი გზა?
- დიახ, ბატონო!.. ნურას უკაცრავად... გეახლებოდით ერთ ხანს კიდევ, რომ საჭირო საქმე არ მქონდეს სწორედ...
- რატომ, რატომ, შე კაცო!.. იცოცხლეთ, აწი მეც მალე მივალ სახლში... მშვიდობით!
- მშვიდობით ბრძანდებოდეთ! ისე ფეხს რავა მოუკრავს ადამიანს ღმერთი, რომ არავინ შეგხვდეთ კიდევ?! - საამებლად გააყოლა გვერდევანიძეს სიტყვა პლატონმა და მერე თავის გზაზე გადაუხვია.
- ასე კარგია კაი კაცის შეხვთომა! - ამბობდა გუნებაში პლატონი. - ჰა, ქვედურეთში, ბრეგაძეებისას... სამი ძმა ყოფილა... გამოვიკითხავ და, თუ რიგიანი ვინმეა... გვერდევანიძის ნათესავია. მარა ეგებ ვინმე ოხერი გვარიშვილის იყვენ... ყველაფერს გევიგებ... ეს ხომ გულში მეყოლება, თუ დარიკომ სხვასთან ვისთანმე არ მიმასწავლა... გევიგებ ამბავს და, თუ ღვთის რისხვა არაა, კიდევაც გავათავებ საქმეს... კი, კი, ასე ვიზამ, ასე ვიზამ! - ხმამაღლა წამოიძახა პლატონმა და ამ წამოძახებასთან - ალბათ, პირუტყვმა სხვა რამ იფიქრა. - ცხენიც გაჩერდა. პლატონმა ერთი-ორი ”აჩუც” მიაძახა, ქუსლიც შემოარტყა ფერდის ძვლებზე, წკეპლაც გადუჭირა, მაგრამ ცხენი ისევ იმავე ადგილას იდგა, ფეხსაც არ იცვლიდა.
პლატონი იძულებული შეიქმნა ჩამომხტარიყო. დაინახა მქელავი, არაქათგამოლეული, ერთიანად გაოფლიანებული ცხენი, რომელსაც აბურძგვნილი ბალანი საცოდავ შეხედულებას აძლევდა და მხედარმა თავში ხელი შემოიკრა:
- ეს მუდრეგი რაღა მოსახმარი იქნება აწი? სულ ერთიანად გადატყაული ექნება ამ უპატრონოს ზურგი... აჩუ! - მიაძახა გულმოსულმა და თან ჯოხიც გადაჰკრა.
შეღავათმიცემული ცხენი მისუსტებული, აძიგძიგებული ნაბიჯით აპოლიკდა ქვებიან ბრეკზე და რაც შეეძლო, რაც ღონე ჰქონდა შერჩენილი, მიჩანჩალებდა და ცდილობდა, უკან ჩამოეტოვებინა თავისი ჩამოქვეითებული მხედარი, რომ მტკივან ზურგზე არ შესკუპებოდა ხელახლად. რამდენსამე მანძილზე კიდევაც აუსრულდა წადილი გასაჭირში ჩავარდნილ პირუტყვს, მაგრამ ბოლოს პლატონი მაინც დაეწია, გააჩერა და მარდად მოახტა ზურგზე. ამ კაცმა თავის თავმოყვარეობის დაცვა ამჯობინა მის შებრალებას და სიძის ჭიშკრამდის ამხედრებული მივიდა.
აქ პლატონი ჩამოხტა ცხენიდან, გააღო ჭიშკარი და ეზოში შევიდა.