– VII –
მზე კარგა გადახრილი იყო, ჩვენი მგზავრები რომ იმ ჯიმშერ სალობერიძის სახლს მიუახლოვდნენ, რომელსაც ჰყავდა კირილეს მამიდა სალომე.
სალობერიძე ერთი იმ აზნაურთაგანი იყო, რომელთაც რაღაც მანქანებით დღეს კიდევ შერჩენიათ იმდენი მამული, რომ შეუძლიათ რიგიანად იცხოვრონ და გაუჭირვებლად გაუძღვნენ თავიანთ ოჯახს. მოხუცებული ჯიმშერი სწორედ გონიერი კაცი იყო, შეგნებული; და ეგ იყო მიზეზი, რომ მის ოჯახში ყოველივე თავთავის რიგზე იყო; უსაქმურს აქ ვერ ნახავდით. რაც გაეწყობოდა, შვილებისათვისაც სწავლა არ დაუკლია. ცოცხალი გონების პატრონს ჯიმშერს საინტერესოდ ჰქონდა ყოველივე საზოგადო საქმე და მის ახლოს ყოველთვის გესმოდათ ამნაირ საქმეზე სჯა-ბაასი. თვით კარგი მოლაპარაკე, მასთან სხვასაც ენა ამოედგმებოდა ხოლმე და ლაპარაკის ხალისი ემატებოდა. შეძლებით ღონიერს, პურადს, სტუმართმოყვარე სალობერიძეს თითქმის ყოველდღე სტუმარი ჰყავდა სახლში: ვინ მოსალაპარაკებლად მოდიოდა, ვინ რჩევის საკითხავად, ვინ შემწეობის სათხოვნელად, ვინ ისე ტყუილად, სანახავად, რომ მეგობრული კავშირი არ შეეწყვიტა ამ კაცთან. მეტადრე ყმაწვილკაცობას უყვარდა სალობერიძისას თავის მოყრა; აქ მათ ხვდებოდათ მიმღები მასპინძელი, რომელმაც მათი აყოლა იცოდა, რომელთანაც ისინი თავისუფლად მასხარაობდნენ, ოხუნჯობდნენ, ენამახვილობდნენ და სიამოვნებით ატარებდნენ დროს ამ ენამახვილიან და ხალისიან მოხუცებულთან.
დღესაც თავი მოეყარათ აქ ყმაწვილებს და მოლხენილი სადილის შემდეგ ფართო აივანზე გამოფენილთ, ერთი სიცილი, ხარხარი და ყაყანი ჰქონდათ. ზალაში ისევ აულაგებელი იყო სუფრა, რადგანაც სადილიც ის იყო გათავდა.
ეზოში შემოსულ კირილეს ამათგან დანახვა და მიძახება: “კირილე! კირილე!”-ო, ერთი იყო.
კირილეს ძლიერ ესიამოვნა ამ შეკრებილების დანახვა, ერთი დაჰკივლა უცნაურად, გადაჰკრა ცხენს მათრახი და შურდულივით გაქანებული ცხენი, რომელმაც ერთის თვალის დახამხამებაში გადირბინა ფართო ეზო, კიბეზე შეაგდო.
- ჰაი, ჰაი! - თან დასჭექა კირილემ.
- მაგ შეჩვენებული უსათუოდ გალეშილია! მარცხი არ მოუვიდეს! - წამოიძახა ჯიმშერმა და სხვებთან ერთად კიბისკენ გამოიქცა.
კიბეზე შემოგდებულმა ცხენმა ფეხი ვეღარ მოიმაგრა და წაფორთხილებული დაეცა გვერდზე. დაეცა კირილეც, მაგრამ ისევ მარდად წამოვარდა და ახლა აქელებული იდგა ყმაწვილებით გარშემორტყმული.
- რავა იქნება, ყმაწვილო, ასეთი გაუფრთხილებლობა?! - მიმართა ჯიმშერმა კირილეს.
- ბიძიას ვახლავართ!.. უკაცრავად, შენი ჭირიმე! - და კირილე ბიძამისს მიესალმა.
აივანზე ავიდა პლატონიც და ჯიმშერისადმი მისალმების შემდეგ სხვებსაც მიესალმა.
კირილემ შეიხედა ზალაში და, სუფრას რომ თვალი მოჰკრა, წამოიძახა:
- ამიტომაა სასიამოვნო აქ მოსვლა! იფ!.. შენი ჭირიმე, შენი, ჩემო ბიძია! - და იგი მივიდა მაგიდასთან, დაავლო ჯერ ერთ ბოთლს ხელი, მერე მეორეს, მესამეს და ცარიელები რომ შერჩა, ლანგარით ჩაის ჩამომრიგებელ ჯიმშერის ქალიშვილს მიაძახა:
- მაგ ჩაის რომ დააცუნცულებ, მაგის მაგიერად, შე ქალო, ერთი ბოთლი ღვინო შემოიტანო ის სჯობია, ჩემო ვერიჩკა!
- ჯერ ეს მიირთვი და მერე ღვინოსაც მოგართმევ! - მიუგო ვერიჩკამ.
- თუ ჩემი სიყვარული გაქვს, ჩემო ვერიჩკა, ერთი ბოთლი ახლავე შემომირბენინე!
- კი, ბატონო! - უპასუხა ვერიჩკამ და სხვებს მიაწოდა ჩაი.
კირილე მთვრალი იყო და პლატონი თვალს არ აშორებდა მას. გზაზე, დუქანში, პლატონის საუბედუროდ, მათ შეხვდნენ კირილეს ვიღაც ნაცნობი ყმაწვილები და ძლივსძლივობით დააშორა მათ თავისი სიძე მისგან დატანჯულმა პლატონმა. ახლა ისე ამოიჟინა კირილემ ბოთლების დანახვაზე ღვინო, რომ მისი გადათქმევინება ყოვლად შეუძლებელი იყო. რა ხერხი არ იხმარეს, რომ როგორმე ზალიდან გამოეტყუებინათ აივანზე; ჰპირდებოდნენ, აი, აგერ მოგიტანთ ღვინოსაო, აი აგერო. მაგრამ ბოლოს კირილემაც შეატყო, რომ თხოვნას არავინ უსრულებს და აპილპილდა, გული მოუვიდა, გაწყრა.
- რა იქნა, კირილე... ასეთი ყველას შეწუხება გაგონილა? დაწყნარდი, ყმაწვილო! - მივიდა მასთან პლატონი. - ნუ შეაწუხე ყველა!
კირილემ ერთი თვალით გადაჰხედა და მიაძახა:
- ვის ყველას ვაწუხებ, ბიჭო, ვის ყველას?.. თუ, ყველათ შენი თავი მიგაჩნია?.. რა მოხდა, თუ იცი? დედინაცვალს ერთს კი არა ათს გიშოვი!.. ბიძია, თუ შენ გაწუხებ, ბოდიში მომიხდია და ამას რა აწუხებს, კითხე, თუ გიყვარდე!..
- დაწყნარდი, ყმაწვილო! - შეუტია შეშინებულმა პლატონმა, რომ კირილეს არ წამოსცდენოდა მეტი.
- ძალიან არ წუხს?! ერთ უშვილო დედაბერს დეეძებს სადედინაცვლოდ და მითხარით, ჩემგან რა შეწუხება მიჰყენებია... დავდევ უკან მეძებარივით!.. ეგებ, ბიძია, გეგულებოდეს სადმე უშვილო დედაბერი და ამ ყმაწვილს ეგებ გული დოუშოშმინო!..
პლატონი გაშრა, სირცხვილისაგან ცოცხლებში აღარ ერია. მზად იყო იქვე გაეგორებინა ეს გალეშილი კაცი, რომელსაც აღარც კი ესმოდა არაფერი ამ ქვეყნისა, რომელიც სრულს გონებაზე აღარ იყო და რომლისგანაც ამდენი ვაივაგლახი გადახდა სულ მცირე ხანში. მაგრამ შეიკავა თავი, რაღაც წაიბუტბუტა, აივანზე გავიდა და რიკულს მიეყრდნო გაწიწმატებული. კირილე კი თავისას არ იშლიდა.
- კოსტა! - მიაძახა მან ზალაში შემოსულ მოსამსახურე ბიჭს. - კოსტა, ბიჭო, ღვინო! არ გესმის შენ?
- ახლავე, ბატონო! - მიუგო ბიჭმა და უცბად გავარდა ზალიდან.
ღვინო მაინც არავის მოჰქონდა.
- ვერიჩკა, ასე წახდით? - მიაძახა მამიდაშვილს კირილემ. - ღვინო გამოგელიათ?!
- ახლავე იქნება! - წამოიძახა ვერიჩკამ და ესეც საჩქაროდ ჩამოეცალა კირილეს.
კირილემ ცოტა ხანს კიდევ უყურა და ბოლოს მოთმინება დაეკარგა; ერთი მიიხედ-მოიხედა ზალაში წარბშეჭმუხვნით, წამოავლო ქუდს ხელი და აჩქარებული ნაბიჯით გაემართა ზალიდან, გაიარა აივანი და ეზოში ჩავიდა.
- სად მიხვალ, ყმაწვილო? - მიაძახა ჯიმშერმა.
კირილემ ხმაც არ გასცა, ჩავიდა ქვევით, შეჯდა თავის ცხენზე, წამოვიდა აივნისკენ და პლატონს შესძახა ბრძანებლობით:
- წამოდი... პლატონ!.. არ გესმის?
- ხომ არ გადარეულხარ, ყმაწვილო?.. - მიუგო პლატონმა აივნიდან.
- სად უნდა წახვიდე, ყმაწვილო?.. - მიმართა ჯიმშერმა. - სად უნდა წახვიდე?
- არ გესმის შენ ჩემი? - ისევ შემოსძახა პლატონს. - ცხენზე შეჯექი ახლავე, თვარა!
- ნუ ირევი, ყმაწვილო! - კიდევ მიმართა ჯიმშერმა. - ჩაფით მეიყუდე ღვინო, თუკი აგრე გულით გინდა!..
- თქვენი ღვინის მწყურვალეს თავსლაფი დავასხი!.. შენ, ეი, პლატონ, ჩემი არ გესმის?!
ჯიმშერი გაჩერდა ამის გაგონებაზე, პლატონი მივიდა რიკულებთან და გაჯავრებით გადასძახა:
- რა ღმერთი გიწყრება, კირილე?.. რა ღმერთი გიწყრება?! ასეთი გადარევა იქნება?!
- არ მოხვალ?
- სად უნდა წამოვიდე, ყმაწვილო?
- არა?! - იყვირა კირილემ, მიატრიალა ცხენი და ხმალამოღებული შურდულივით გაექანა პლატონის ცხენისაკენ.
- მოჰკლა ცხენი, ცხენი მოჰკლა! - იყვირეს აივანზე და უსათუოდ ცხენი საზარლად დაიჭრებოდა, რომ აივნიდან ჩამოქანებულ პლატონს ქვა არ ესროლა ცხენისათვის და მისი დამფრთხალი ცხენი გვერდზე არ გამხტარიყო. მაგიერად ღონივრად მოქნეულმა და ცხენს დაცილებულმა ხმალმა მთვრალი კირილე მარჯვნივ ისე გადაიტანა, რომ თავი ვეღარ შეიმაგრა და მიწაზე მძიმედ დაეცა.
კირილე კინაღამ ხმალს წამოეგო. შეიქნა ერთი წივილ-კივილი. ყველა იმისკენ მირბოდა და მათ წინ კიდევ პლატონი.
- მიშველეთ, მიშველეთ! - გამოვარდა და მისკენ გაექანა ხნიერი ქალი, რომელსაც უკან ვერიჩკა მისდევდა.
კირილე კი წამოდგა ზეზე, აიღო ხმალი და პლატონისაკენ წამოვიდა დასარტყმელად, მაგრამ პლატონს წინ ჩამოუდგა ერთი ყმაწვილთაგანი, სწვდა ხელში კირილეს და ჩააგებინა ქარქაშში ხმალი.
- კირილე... შვილო... რა იყო?.. რა მოგივიდა, გენაცვალოს მამიდაშენი! - ალერსით ეუბნებოდა ხნიერი ქალი, მამიდამისი სალომე, მაგრამ კირილეს ამისი არა ესმოდა-რა, მეტი გაჯავრებისაგან ხმაგაკმედილი მოაჯდა ცხენს, შემოჰკრა მათრახი და თქრშიალით გაექანა ჭიშკრისაკენ.
- გოუღეთ... გოუღეთ მაგ შეჩვენებულს ჭიშკარი... გოუღეთ... მაგ თავლაფდასხმულს, მაგას! - მიაყვირა უკან ჯიმშერმა.
- რა არი, ყმაწვილო... რანეირი საქციელია?.. - შეუტია ჯიმშერს სალომემ. - რა ჭკუაა ახლა მაგ?..
და შეწუხებული ქალი, ერთ ადგილას გაშეშებული, მისჩერებოდა ქვევითკენ მიმქროლავ ძმისწულს, რომლის ქუდიღა მოჩანდა, თითქოს ქარისაგან მოტაცებული, ღობეების სარებს ზევით.
- რა იყო? რა მოუვიდა მაგ უბედურს?.. ვინ აწყენინა, ასე რომ გადირია მაგ შავდღეზე დაბადებული! - წუწუნებდა სალომე.
პლატონი ამქვეყნად აღარ იყო ჯავრით.
- რატომ მკვდარი არა ვარ ახლა... რაზედ ფეხები არ მომტყდა და მაგას წამოვყევი? - გაიძახოდა საცოდავი.
- რა ვუყოთ, ბიძიკო... შენი რა ბრალია... მაგ შეჩვენებულმა ასე იცის ყოველთვის!.. მადლობა ღმერთს, რომ ასე ადვილად მოვრჩით კიდევ! - გაიცინა ჯიმშერმა.
- თქვენ ნუ მომიკვდებით, რაც მე ამ ორ დღეში გადამხდა მაგისაგან, არ ვიცი, თუ როდისმე კაცს ამდენი გასაჭირი ენახოს ერთი კაცის მიზეზით... - ნაღვლიანად ამბობდა პლატონი და მოჰყვა, რაც ამბავი მოუვიდა შაფათაძისას, კირილე რანაირად დათვრა გზაზე დუქანში, საიდანაც ძლივსძლივობით წამოიყვანა აქეთ. ეს კაცი, რომელსაც წინანდელი მწუხარებაც ეყოფოდა, ამ ახლად გადახდილი უსიამოვნების შემდეგ, მეტად გამწარებული იყო. ამიტომ ისეთნაირი კილოთი ლაპარაკობდა, სწორედ შეეცოდებოდა კაცს, რომ თვით ამბავი სასაცილო არ ყოფილიყო.
- საცხა ჩეიჩეხება ახლა ის უბედური და ერთი საცოდაობა უნდა მოხდეს! - წაილაპარაკა მწუხარებით სალომემ.
- ჩეიჩეხება კი არა... ერთი შენ, ჯავრობ კიდევ! - მიმართა ჯიმშერმა.
- აბა, რა... ო, ღმერთო, ღმერთო! - ამოიოხრა სალომემ და აივნიდან სახლში შევიდა.
პლატონის მოთხრობილმა ამბავმა იქ მყოფთ ბევრი სხვა წინანდელი თავგადასავალი გაახსენა კირილესი და ცოტა ხნის შემდეგ აივანზე ისევ სიცილ-ხარხარი და ხმაურობა ისმოდა. ისევ კარგ გუნებაზე დადგნენ ყველანი და წინანდებურად სიამოვნებდნენ.