– VI –
მზე კარგად ამოსული იყო, პლატონს რომ გამოეღვიძა მეორე დღეს. მიიხედ-მოიხედა, ამ ოთახში მასთან მხოლოდ კირილე იწვა ტახტის მეორე ბოლოში - სხვა არავინ იყო.
გამოღვიძებისთანავე გაახსენდა წუხანდელი ამბავი და გული უსიამოვნოდ მოეკუმშა. უცბად წამოდგა საწოლიდან, გადაიცვა ახალუხი, მივიდა ფანჯარასთან და ეზოში გადაიხედა. იქაურობას არავითარი მიმსგავსება არ ჰქონდა წუხანდელი მასპინძლის ეზო-სახლ-კარობისა. ჯერ აზრად ვერ მოვიდა, რას ნიშნავდა ეგ, მერე კი მიხვდა, რომ უსათუოდ მეზობლისას გადაგვიყვანეს გაზავების შემდეგო. ბუნდოვნად ახსოვდა, რომ ის და კირილე ცხენებზე შესხეს და სადღაც გამოაქანეს ახალ გათენებულზე; ახსოვდა, რომ ჩხუბი მოუხდათ, მაგრამ დაწვრილებით არაფერი აგონდებოდა, - იმდენად მთვრალი იყო იმ დროს. ახლა კი გული მოსდიოდა, ბრაზი ერეოდა, რომ ამ გადარეულ კაცს დაუჯერა, მის სიტყვას აჰყვა და ამნაირი სამარცხვინო ამბავი შეემთხვა. რა იყო ამ უცნობ ოჯახში დაუპატიჟებლად ქორწილში მისვლა, ჩხუბი, აყალმაყალი!.. მათი ასე გამოგდება ეზოს გადმოღმა! აბა, ამ სრულიად უცნობ სახლში, ნაჩხუბართ, ნაცემ-ნატყეპთ რა უნდოდათ?!
- მე ოხრიშვილს, რა მრჯიდა ქორწილში სასიარულოდ?.. რა მექორწილებოდა?! საქმე არ მქონდა მე უპატრონოს, თუ?! ჰმ! თავი რაზე შევირცხვინე?.. სალაპარაკოდ რავა მივეცი ჩემი თავი ამ სულელთან იმდენ ხალხს!.. რავა არ უნდა მომკლას ჩემმა პატრონმა? რავა არ უნდა მომკლას? რავა ვარ შესაბრალებელი!.. რაზე ვიმდურები ჩემისთანა ოხერი მამის შეუბრალებლობისათვის?! - და ჯავრშემოწოლილი პლატონი ხან დაჯდებოდა, ხან მოუსვენრად დადიოდა ოთახში; მერე, თითქოს რაღაც გაახსენდაო, ჩაიცვა წუღები, შეიკრა ახალუხი და ჩოხას დაავლო ხელი. გაშალა - უყურა, უყურა და გულმოსულმა დააბერტყა იატაკზე. ჩოხა სამ-ოთხ ადგილას იყო გახეული.
- შენ კი გაუქრი შენს პატრონს! - წამოიძახა და კირილეს გადახედა.
ამ წამოძახებამ კირილე გამოაღვიძა.
- ადექი, პლატონ? - კირილე ცქვიტად წამოჯდა საწოლში. პლატონმა ხმა არ გასცა.
- ძალიან არ ვსდევით იმ ცინდალას, კოსტაა თუ პროსტა! ხა, ხა, ხა! შენ ნუ მომიკვდები, ეყოფა ერთ ხანზე... კაი ხანია, მისი ჯინი მჭირდა და კიდევაც ევისრულე სურვილი, ვიჯერე გული მისი ტყეპით... ძალიან მარჯვეთ არ ვიყავით?.. შენ, შენ? აი და პლატონ!.. მტერს მოხვდა შენი მუშტი. ერთი მეც მომხვდა შეცდომით... აქამდისინ არ ვიცოდი, თუ მაგისთანა მწარე ხელის პატრონი იყავი... იცოცხლე, იმათ დღეს გვერდები აყვებოდათ... ხა, ხა, ხა! - ისე ხალისიანად ამბობდა ამას და თან იცინოდა კირილე, რომ უამისოდაც გაჯავრებულ პლატონს ამით მხოლოდ ჯავრი ემატებოდა უფრო.
მან ვეღარ მოითმინა სიძის ასეთი უდარდელობა და სიტყვა გააწყვეტინა.
- ახირებულია, ღმერთს ვფიცავარ... შენ რა სიკეთე დაგაყარეს?.. დაიხედე, შენს თავზე, წარბი გაქვს გაჩეხილი!..
- ძალიანაა? - ისე იკითხა კირილემ, ვითომც აქ არაფერიაო.
- გეყოფა.
- არაფერია... ამასაც ვაზღვევინებ, სადაც იქნება... თუ დღესვე არა!..
- შენ, ჩემო ბატონო, როგორც გნებავდეს ისე ქენი, და ერთი ეს ჩოხა გამიკერვინებიე ვისმე და ჩემს გზას დავადგები...
- რავა, ჩოხა შემოგახიეს?.. უყურე იმ ლაწირაკებს!.. სხვა რა შეუძლიათ, დედაკაცებივით იმწამსვე ჩოხაში უნდა გეცენ და ტანისამოსი უნდა შემოგაფხრიწონ... აი მაგათ კი დავასხი თავსლაფი!..
- ბატონო, ერთი შენ ეს სიკეთე მიქენი და რამერიგად გევეტიო...
- ახლავე, ახლავე! გვარიანათაც გვძინებია! ეჰე, რამდენზე წამოსულა მზე!
კირილე წამოდგა და აჩქარებით ჩაცმა დაიწყო.
- ამ ოხრიშვილებს მარტო ჩოხების ხევა შესძლებიათ! - წამოიძახა მან, ჩოხას რომ ხელი მოჰკიდა. - სულ ერთიანად არ მოუთხლეშიათ კალთა!.. აი, თქვენ კი რა გითხრათ! თქვენ კი რა გითხრათ!..
დაავლო ხელი ორსავე ჩოხას, გააღო აივანზე კარი, გაჰყო თავი და დაიძახა:
- ცაციეი, ცაციეი! - და როცა ამ დაძახილზე აივანზე გამოირბინა ფეხშიშველა პატარა გოგომ, კირილემ გაუწვდინა ჩოხები და უთხრა: - ბიძიკო, თუ შეიძლება, ეს ჩოხები, რავარც იქნება, ისე გამილამბე... რავარც იქნება... ღამეში ღობეს გამოვედევით და ასეთი უბედურება მოგვივიდა. აბა ჰე, შენს გაზრდას!..
გოგომ გამოართვა ჩოხები და ფეხების ბრაგუნით გადირბინა აივანი. კირილემ მიხურა კარი. პლატონი წარბებშეკრული აქეთ-იქით დადიოდა. კირილე ატყობდა, რომ ამრეზილი იყო და ხმას აღარ იღებდა. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ასე მუნჯად ყოფნა ვეღარ შეიძლო კირილემ და წამოიძახა:
- ახალ ჩოხებს გვიკერავენ, თუ რა დეემართათ ამ ოჯახდაქცეულებს!.. აწი სადილათაც დაჯდებიან და არ დაგვაგვიანდეს...
ეს ნამეტანი იყო პლატონისათვის; იგი მიუბრუნდა და გაკვირვებით გადახედა კირილეს.
- ღმერთმანი, კაი ძალი დღეა გასული. დროით ჯობია მაინც მისვლა...
- სად, ყმაწვილო?
- როგორ თუ სად?.. სადაც წუხელ ვიყავით!
- მართლა ამბობ მაგას, თუ ხუმრობ?
- მართლა ვამბობ... რა ხუმრობა უნდა?! აბა, არ მივიდეთ?.. რა მიზეზია?
- შენ, ჩემო ძმაო, რავარც გნებავდეს, ისე იარე, და მე კი შენი მგზავრი აღარ გახლავარ!..
- რა იქნა, შე კაცო?.. რა მოხდა ამისთანა? გინახავს, რომ ქორწილი იქნება თუ დღეობა, რამე ლაპარაკი არ მოხდეს?.. რა ვუყოთ მერე?.. მარტო ჩვენს თავზე მომხდარა, რაც წუხელ საქმე მოგვიხდა, თუ როგორაა?! ან რა იყო ასეთი რამე?.. სხვას არავის შეხვდომია თუ?
- შენ, ბატონო, რავარც გნებავდეს და მე კი დრო არ მაქვს...
- დრო არ გაქვს, თვარა გეიქცევიან შენი დედაბრები სადმე!
- გეიქცევიან თუ გაჩერდებიან, ეგ სულ ერთია, მე დროზე უნდა დავბრუნდე სახლში. ასე უთავბოლოდ ყანყალი არ შემიძლია!..
- შე კაცო, ერთი დღე რა უნდა იყოს! მე თვეობით ვრჩები ხოლმე სახლის გარეთ, მაგრამ რომ მივბრუნებულვარ სახლში, ყოველთვის ყორიფელი ისე დამხვთომია, როგორც დამიტოვებია!
- კაცია და გუნება!..
ამ ლაპარაკში გოგომ გაკერილი ჩოხებიც შემოუტანა, მერე მოართვა პირსაბანი წყალი ორსავეს, სიძე-ცოლისძმას, და მალე ორივე ჩაცმულ-დახურულნი წასასვლელად მზად იყვნენ. კირილე ბევრს ეხვეწა შაფათაძისას მიბრუნებულიყვნენ ისევ, მაგრამ პლატონი ვერას გზით ვერ დაიყოლია; ის კი არა, პირდაპირ უთხრა სიძეს, რომ მათი ერთად მგზავრობა, როგორც ეტყობაო, შემდეგში აღარ უნდა იქმნეს საქმისათვის სახეირო. ამის გაგონებამ კირილე ძალიან დააფთხო; შიშს მიეცა, პლატონი არ გაჯიუტებულიყო და უკან არ გაბრუნებულიყო მისდა თავიდან მოსაცილებლად. სწორედ ამის შიშით კირილემ გადათქვა შაფათაძისას მიბრუნება, მზად იყო ყურმოჭრილ ყმად გახდომოდა ყველაფერში პლატონს და კიდევაც მოუხშირა ისეთ ლაპარაკს, რომელიც მათი მგზავრობის საგანს შეეხებოდა.
- პლატონ, სატირალში არ მივიდეთ?.. რომ გითხარი - დღესაა ის ტირილი, - მიმართა მან პლატონს.
- ჩემი სატირალიც მეყოფა, სხვისაში არ გავერიო, ჩემო ძმაო! - მიუგო პლატონმა და გავიდა აივანზე. კირილეც თან გაჰყვა. ეზოში ბიჭი დაინახა, მიიხმო, ცხენები მოითხოვა, მადლობა დააბარა მასპინძელთან, რომელიც უკვე შაფათაძისას წასულიყო დილიდან, და ორივენი შესხდნენ ცხენებზე.
ხმაგაკმენდილი კირილე გვერდით მისდევდა პლატონს. კირილეს გაუგებრობა ჰკლავდა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა მისი გაბუტული ცოლისძმა, - აპირობდა ახლა წასვლას მამიდა სალომესთან, თუ სახლში ბრუნდებოდა? საჭირო იყო ამ გულმოსული კაცის გახალისება, თორემ ამნაირ გუნებაზე მყოფი უსათუოდ სახლისკენ გაემართებოდა. დიდხანს ემზადა ამისათვის კირილე და ბოლოს მიმართა ცოლისძმას ღიმილით:
- პლატონ!.. კაია, შე კაცო!.. დეივიწყე თუ გიყვარდე, რაც ჩემით შეგემთხვა... მიჯავრდები კიდევ?
- სულაც არა, - ცივად მიუგო პლატონმა.
- რავა არა!.. ვერ გატყობ თუ?.. შე კაცო, პეტრე მოციქულმა სამჯერ იუარა ქრისტეს მოწაფეობა, მაგრამ ამისათვის სამიდღემჩიოდ არ დასჯილა, ისევ საყვარელ მოწაფედ დარჩა და შენ ჩემით ერთი უსიამოვნება შეგემთხვა - ამას ვეღარ დამივიწყებ?! კაია, თუ გიყვარდე!
პლატონს უნებლიეთ გაეღიმა ამ სიტყვებზე. კირილეს იამა და ისეთნაირად დაუტრიალდა, რომ ცოტა ხნის შემდეგ მართლა ყველაფერი გადაავიწყა პლატონს. აქამდე გულამღვრეული კირილე გაახალისიანა ამ გარემოებამ, წაათამამა და სიტყვა შეაპარა მამიდამისის შესახებ:
- კიდევ კარგ დროს მივალთ! - თქვა მან.
- სად? - იკითხა პლატონმა.
- მამიდაჩემთან.
- ასე შემოფხრეწილი ჩოხით მივიდე სალომესთან?..
- შემოფხრეწილი კი არა!.. სულაც არაფერი არ ეტყობა მაგ შენს ჩოხას... ახალივითაა, თავი ნუ მომიკვდება!..
გადასახვევი ახლოს იყო და ახლა კირილე უფრო თავგამოდებით დაფაცურდა, რომ ცოლისძმა სახლისაკენ არ გაეშვა, რას არ მოჰყვა, რას არ მასხრობდა, რარიგად არ ცდილობდა მის უფრო გამხიარულებას, რას არ იგონებდა, რომ გაეცინებინა და ამასობაში თავის სიტყვაზე დაეყოლებინა.
აგერ გადასახვევთანაც მივიდნენ, საიდანაც მარჯვნივ უნდა გაეხვიათ, თუ კირილეს მამიდასთან იყვნენ წამსვლელნი.
კირილემ მასხრობას უფრო უმატა. პლატონი კარგად ხედავდა, რა ცეცხლშიაც იწვოდა მისი სიძე.
- პლატონ... ბიჭო, გაიხსენე პეტრე მოციქული... რა ეპატივა მას და ვისგან?! მეც მეპატივოს, ბიჭო, შენგან, რა დიდი საქმე იქნება, ერთი მეპატივოს!.. ნუ გადამკიდებ დარიკოს თუ რაიმე სიბრალული გაქვს ჩემი, ნუ გაახელებ შენს დას ჩემზე და რა გინდა ჩემგან! თუ დარიკო გამიგულისდა, უნდა დავჯდე სახლში და ხომ შემეხუთა სული და გული!.. მიხედე, კაცო, ღმერთს!.. ბიჭო, ერთხელ შეგცოდე, მეტი ხომ არა!.. ბიჭო, პეტრე მოციქულის ამბავი გეიხსენე, შე უღვთო, შე უღვთო!.. წამოდი აქეთ... მარჯვნით მიდის ჩვენი გზა, მარჯვნით, ღმერთი გამარჯვებას მოგცემს!.. - და კირილემ გადაუხვია მამიდამისისკენ მიმავალ გზაზე.
პლატონი სიცილს ვეღარ იკავებდა, გაცხარებით მოლაპარაკე კირილეს რომ უყურებდა. ერთ ხანს ცხენი შეაჩერა და მერე, როცა კირილემ აღვირში მოჰკიდა ხელი და მარჯვნივ გადაახვევინა, გულიანად გადიხარხარა და გაჰყვა სიძეს.
- ძალიან არ დოუშინებიხარ დარიკოს, კირილე?! ხა, ხა, ხა!
- ნუ შეგეშინდება შენ!.. ის რომ არ მყავდეს, ჩემო ძმაო, ჩემს ეზოში ძაღლს ვერ ნახავდი გამვლელს!.. ვუფრთხილდები, არ გავაჯავრო მაინც ჩემზე - სხვა რაღა სიკეთე აყრია ჩემგან?! რამდენადაც შემიძლია, ამას ვცდილობ, თუმცა ხშირად ესეც მავიწყდება, ჩემდა საუბედუროდ... ერთობ სულგრძელი ადამიანია, ძმობას გეფიცები!.. ღვთისნიერი ადამიანია, რომ იტყვიან... და შენც შეგატყობს კაცი, რომ მისი ნათესავი უნდა იყვე... შეგატყობს! - სიცილით დაატანა კირილემ. - თუმცა მშვენიერი სადილი კი დამაკარგვიე და შენც დაჰკარგე... იმ ოხერ შაფათაძეს ძალიან მასპინძლობა ექნება დღეს... ძალიან მომზადებული იყო!.. გლახა გუნებაზე იყავი, თვარა არაფერი არ გვიჭირდა, რომ მივბრუნებულიყავით... ერთი იმათაც თვალებს დოვუბრიალებდი... ცნობას მივცემდი!.. ახლა კი ასე მშიერ მუცელზედ კარგა ხანს მოგვიხდება თრევა, სანამ მამიდაჩემამდი მივაწევდეთ!
- ისევ შაფათაძე გაგახსენდა? - გაიცინა პლატონმა. - მე რომ შენ ვიყო, ხმასაც აღარ ამოვიღებდი... შენც საკმაოთ გერგო, ჩემო კირილე, მუშტები, შენ ნუ მომიკვდები!..
- ჩემგანაც არ დაჰკლებიათ, ნუ გეშინია... კიდევ უფრო მივართმევდი, რომ ხელიდან არ გამოეგლიჯათ!.. - კირილემ კიდევ დიდხანს ილაპარაკა თავის ყოჩაღობაზე, ბევრი იტრაბახა თავის სიმარჯვეზე და მთელი გზა იმის ამბებში იყო, თუ სად რა ჩხუბი შეხვდომია, ვისთან რითი გათავებულა და რა ვაჟკაცობა გამოუჩენია. მაგრამ ამ ლაპარაკშიაც ხშირად აგონდებოდა დაკარგული, მიტოვებული ლხინი და ეს გახსენება უფრო უცხოველებდა შიმშილის გრძნობას და, ამით აწრიალებული, თავს მით ინუგეშებდა კიდევ, რომ გზაში დუქანი ეგულებოდა, სადაც შეეძლო წინა ღამეს სმით ამომწვარი ყელი დაელბო და ცარიელი მუცელიც ორიოდე ლუკმა პურით დაეკმაყოფილებინა.