prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

სამანიშვილის დედინაცვალი — თავი X

დავით კლდიაშვილი · პროზა

– X –

სალობერიძის სახლიდან ქვედურეთამდე კაი შორი გზა ჰქონდათ ჩვენს მგზავრებს. მზე იწურებოდა, ისინი რომ სოფელში შევიდნენ და არისტომ ცხენი გააჩერა ერთ ჩანგრეულ ღობეში დატანებულ წკნელის ჭიშკართან.

- მივაწიეთ, ღვთის მადლით! - წამოიძახა მან და ცხენიდან ჩამოხტა.

ჩამოხტა პლატონიც.

- აქაა? - იკითხა მან.

- აქ გახლავან, აქ, - რაღაც მტრულად წარმოსთქვა არისტომ, - აქ გახლავან... ე, იმ ქოხში უფროსი ძმა გევიდა დროებით... ამაში კი საშუალო და უმცროსი არიან... ეი, მასპინძელო! - დაიძახა არისტომ, ჭიშკარი რომ შეაღო და ეზოში შევიდნენ.

- მე შენ გეტყვი, ხმას ვერ გააწვდენ თავიდან ბოლომდის, იმხელა გაშლილი ეზო აქვთ ამ შეჩვენებულებს... ჩაბარდნენ პატრონს, თუ რა დეემართათ, რომ არავინ ჩანს! - წაილაპარაკა წინ მიმავალმა არისტომ.

ოდის ყურიდან თავსაფარწაკრული ქალის თავი გამოჩნდა და იმწამსვე მიიმალა; მერე იქიდანვე გამოხტა წვივებგატიტვლებული, პერანგა ბავშვი, შეჩერდა, მიტრიალდა უცბად, ამოეფარა სახლის ყურეს და იქიდან დაუწყო ცქერა მოსულებს.

- ეწყინათ ჩვენი მოსვლა ამ მუდრეგებს?! - წაილაპარაკა არისტომ და მზად იყო ერთი-ორი ასეთი გინება კიდევ მიეძღვნა მასპინძლისათვის, რომ აივანზე გამოჩნდა თმაგაჩეჩილი, ლამაზი სახის, ახალუხზე ღვედშემორტყმული, გაშლილი ჩოხით ყმაწვილი კაცი და სტუმრებისაკენ წამოვიდა.

ეს იყო უმცროსი ბრეგაძე, სერაპიონი.

- პლატონ სამანიშვილი გახლავთ!.. სერაპიონ ბრეგაძე!.. - პირველი მისალმების შემდეგ გააცნო ერთმანეთი არისტომ.

- მობრძანდით, ბატონო! - მიიპატიჟა სერაპიონმა მოსულები. - ეს ცხენები მიბოძე, არისტო!

- სერაპიონ ჩემო, აქიდანვე უნდა გამოგიტყდე, რომ ამაღამ თქვენს იქით გზა აღარა გვაქვს... ვეღარსად წავალთ და, თუ ძმა ხარ, ცხენებისათვის საკვები გვიშოვე, შენი ჭირიმე! - უთხრა ბრეგაძეს არისტომ.

- კი, ბატონო!.. რამდენიც გნებავთ... კი, ბატონო! ჯერ აგერ დავაბამ და მერე მე თვითონ მოვუვლი... სახლში მიბრძანდით!

- დავითი შინაა?.. - იკითხა არისტომ სერაპიონის უფროსი ძმა.

- არ გახლავთ... საღამოს გიახლებათ... სხვაგან საქმე ჰქონდა...

- კაი დაგემართოს - წაილაპარაკა არისტომ და თან გუნებაში დაუმატა: ”აბა, საქმეს დაჩქარება უნდა იმ მხეცის მოსვლამდი, თვარა მერე დროსაც ვეღარ ვიშოვი, მამიდაჩემს სიტყვა ვუთხრა”. - მამიდაჩემი რას შვრება, სერაპიონ ჩემო?

- რას იზამს... კარგადაა... აგერ თავადაც მოდის!

მართლაც, ოთახიდან აივანზე გამოვიდა ხნიერი დედაკაცი, ჩამოირბინა კიბე და კვატასავით მობაჯბაჯებდა არისტოსაკენ, თან თავსაფარს ისწორებდა და თან გაიძახოდა:

- შენი ჭირიმე... შენ დაგენაცვლა მამიდაშენი ელენე, შენ! ჩემო გვრიტო და მალხაზო... ძლივს არ მოვესწარი კიდევ შენს ნახვას! შენი ჭირიმე, შენი, შენი! - და სიხარულით გაცეცებული ქალი ეხვეოდა თავის ძმისწულს და მხურვალედ ჰკოცნიდა. - არ გრცხვენია, ბიჭო, ასე რომ მიმივიწყე?.. ასე უნდა მამიდის დავიწყება?.. ასე?..

- აწი ხშირად გნახავ, მამიდაჩემო... უფრო ხშირად!.. სტუმარი მოგიყვანეთ, მამიდა, სტუმარი აზნაური პლატონ სამანიშვილი, ბეკინა სამანიშვილის შვილი! ძალიან სასიამოვნო სტუმარი! - ეშმაკური ღიმილით დაათავა არისტომ სიტყვა.

ხნიერი დედაკაცი უცბად მიტრიალდა, თავი დაუკრა პლატონს, ხელი ჩამოართვა და თანაც მოიბოდიშა:

- ღმერთო მომკალი! სიხარულმა გამომაჩერჩეტა მე უბედური, თვალები რავა ამება მე უბედურს, მობრძანდით; სახლში მობრძანდით, ნუ მიძრახავთ, ჩემო ბატონო!

- რას ბრძანებთ, ბატონო! - მიუგო პლატონმა, - რათ სწუხართ მაგისათვის...

- დავიწყებული ვყავარ, ჩემო ბატონო, სულ დავიწყებული! ერთხელ წელიწადში რავა არ უნდა გნახოს შენიანმა?

- გამხნევდი, მამიდაჩემო! აწი უფრო ხშირად გნახავ-თქვა, აკი გითხარი.

- უწინაც მპირდებოდი, მარა...

- ახლა აღარ მოგატყუებ, შენ არ მომიკვდე! - სიცილით მიუგო არისტომ.

- ნეტავი მაგას მოვესწრებოდე და!

- კი მოესწრები!..

სერაპიონს კიდევაც გაუკვირდა არისტოსაგან ეს დაჯინებული სიტყვა და უნდობლად მისჩერებოდა ამის მთქმელს, რადგან ვერ მიმხვდარიყო ნათქვამის მნიშვნელობას.

პლატონი კი დაკვირვებაში იყო გართული. ეს დედაკაცი სწორედ ურიგო არ იყო. თავის ხნოვანობის მიხედვით შეხედულებაც სასიამოვნო ჰქონდა. მართალია, ეტყობოდა გამოსვლის წინ უმარილი მოესვა პირზე, თვალების უბეები სულ ამოთეთრებული ჰქონდა ამ საცხებლით, მაგრამ მაინც მისი კაი ფერი წითური ლოყები თვალში ეცა პლატონს. და თქმა არ უნდოდა, რომ ბეკინა ვერ დაიწუნებდა ამ ქალს. რაც მეტს უკვირდებოდა პლატონი, თანდათან რწმუნდებოდა, რომ გულკეთილი, კარგი ადამიანი უნდა ყოფილიყო. ამას იგი ქალის სახეზე კითხულობდა ნათლად; და ამასთან სალომესგან ამისი ქება რომ აგონდებოდა, მისი უშვილოსნობა, რომ ორი ქმრის ნაყოლი იყო, რომ მას შეეძლო მისი ლუკმის დაცვა განუზიარებლად, პლატონის გული სიხარულით ივსებოდა, მეტი სიამოვნებისაგან აჩქარებით ტოკავდა და სიყვარულიც ეღვიძებოდა ამ ადამიანისადმი. ამ უკანასკნელი გრძნობით, თუმცა ჯერ გამოუთქმელით, მას სწადდა ამთავითვე თავისკენ მიემხრო ეს ქალი, მიემხრო და ნამუსზე შეეყენებინა, რომ მასაც სიყვარულისათვის სიყვარულითვე ეპასუხა და არა ბოროტებით.

- ჩანს მართლაც ღმერთი მწყალობს! - გაიფიქრა კმაყოფილმა პლატონმა.

მიპყრობილი თვალით იგი ცდილობდა არისტო მიეხვედრებინა, რომ მას მოსწონდა მამიდამისი, რომ იგი თანახმა იყო და სწადდა, რაც შეიძლება მალე დაეწყნარებიათ მისი აფანცქალებული გული თანხმობის სიტყვის გაგონებით. იგი ისეთნაირმა მოუთმენლობამ შეიპყრო, ისეთნაირ მოუსვენრობამ შეიპყრო, თითქოს ვისიმე შიში ჰქონდა, მოცილე არ გამოჩენოდა, ვინმეს არ წაერთმია ეს მოხუცებული ქალი, ხელიდან არ გამოეგლიჯა მისთვის ასეთი ძვირფასი არსება.

არისტო ადვილად მიუხვდა, რასაც პლატონის თვალები ეუბნებოდნენ. მაინცდამაინც მისთვის არაფერი საჭირო იყო პლატონის ნიშნები. კი, მართალია, ამით საქმე ადვილდებოდა, მარტივდებოდა, თორემ მის გუნებაში საქმე გადაწყვეტილად იმ წამიდან მიაჩნდა, რაკი პლატონს ამ ეზოში ფეხი შემოადგმევინა; იმ წამიდან, რაც უნდა უარზე დამდგარიყო პლატონი, არისტოს გადაწყვეტილებით, იგი იძულებული შეიქმნებოდა, - ამას მოახერხებდა არისტო, - უსათუოდ დედინაცვლად მიეღო მამიდამისი. მაგრამ რაკი პლატონმა ქალი მოიწონა და თანახმა ხდებოდა, მას საქმე უადვილდებოდა. ამით შეხალისებული არისტო მიზეზს ეძებდა, რომ მამიდამისი ოთახში შეეხმო და გამოეცხადებინა მისთვის მათი მოსვლის მიზეზი.

ეს მით უფრო საჭირო იყო ახლავე ექნა, რომ დავითი სახლში არ იყო და მეთვალყურე უფრო ნაკლები ეგულებოდა.

ის იყო არისტომ ამის ასრულება დააპირა, რომ აივანზე გამოვიდა დავითის ცოლი, ნუჩია, ყმაწვილი, სახეგამხდარი ქალი, თითქმის ტიტველა, ძუძუთაბავშვით ხელში. მან სტუმრებს ხელი ჩამოართვა და ხმაამოუღებლად მიჯდა კუთხეში, პატარა, დაბალ სამფეხა სკამზე.

- ბატონი ძალიან გემდუროდათ, რომ არ ნახულობდით, - მიმართა არისტოს ნუჩიამ, ჩვეულებრივი მისალმების შემდეგ.

- ახლა საქმე ისე მაქვს, რომ აწი აღარ ვათქმევინებ მაგნაირ სამდურავს ჩემზე! - მიუგო არისტომ.

- კაი დაგემართოსთ!

- მაგასაც ვნახავთ! - თქვა ელენემ.

- აგერ ნახავ! - თქვა არისტომ და მერე უცებ დაატანა: - უკაცრავად ვარ, სერაპიონ ჩემო, ცხენებისათვის რომ გთხოვე... აწი ქე დაღამდება და...

- ახლავე, ჰა, ახლავე! - წამოდგა სერაპიონი და ქვევით ჩავიდა.

- მამიდაჩემო, ეს ლეკურ-ხანჯალი შემინახე შენ - წამოდგა არისტო და შევიდა სახლში: მას თან შეჰყვა მამიდამისიც.

არისტომ ჩამოიხსნა ლეკური და გადასცა ელენეს; ახლა ხანჯალს რომ იხსნიდა, კარებისაკენ თვალებდაჭერილმა, დაბალი ხმით ელენეს მიახალა შემდეგი სიტყვები:

- მამიდა, იმ ყმაწვილს დედინაცვლად უნდიხარ, იცოდე, და აქედანვე მითქვამს შენთვის, არაფრის გზით უარი არ მოხერხდება!

- ასე მასხრობაში უნდა გაატარო, შე დოუწყნარებელო, შენი წუთისოფელი?.. - მიუგო ხნიერმა ქალმა.

- შენ არ მომიკვდე, მე შენ არ გეხუმრებოდე!.. შენ არ მომიკვდე!.. კაი ოჯახი, კაი მამული... სახლი, კარი, პატიოსანი აზნოუშვილები... ჭარმაგი მოხუცებული... არც ისე მოხუცებული მაინცდამაინც!

- სუ, შე უხეირო, სუ! გეყოფა... სხვა რამეზე იმასხრე... შენ გენაცვალე, სხვა რამეზე... ღმერთო მომკალი!..

- კი არ გემასხრები, საქმეს გეუბნები და გეიგონე ჩემი! ღმერთი გამიწყრეს, თუ გეხუმრებოდე, შერცხვენილი ვიყო, თუ პირდაპირ ამაზე არ ვიყოთ მოსული. არ დაიჯერებ კიდევ? ამ მხეცების ხელში რომ ხარ, მებრალები და ღმერთმა ხსნა გაღირსა და ეს არის... - და არისტო მოუყვა სამანიშვილების ამბავს ელენეს, აწონებდა მათ, თუმცა თვალითაც არ უნახავს მათი ცხოვრება; პირდებოდა, რომ სულ აღარ მოგშორდები, რაკი სამანიშვილისას მიგიყვანო, ათასნაირ ფერადებით უწერდა ახალ ოჯახში ცხოვრებას.

- გზა არ გაქვს, გზა, უარი თქვა! რას ამბობ?! კაი ოჯახი, კაი სასმელი, კაი საჭმელი, ყველაფერი ბევრი... მე სულ შენთან ვიქნები, მეტი რა გინდა კიდევ? არა, უარის თქმა ყოვლად შეუძლებელია... ყოვლად შეუძლებელი! ლაპარაკი საჭიროც აღარაა. შენ არ მომიკვდე! - გადაწყვეტით ამბობდა არისტო.

ამნაირი უცნაური, მოულოდნელი ამბის გაგონებისას ხნიერი ქალი ხან “უიმეს” იძახდა, ხან შეჰკივლებდა გაოცებული, ხან აჩუმებდა თავის ძმისწულს, ხან რას ამბობდა, და ყოველივე ეს სიზმარივით ეჩვენებოდა საწყალს. მას სრულიად არ სჯეროდა ძმისწულის სიტყვა, ასე რომ არისტოს გულიც მოუვიდა ბოლოს, რომ ამ დედაკაცს ვერაფერი შეასმინა. ძლივს, როგორც იქნა დააჯერა, რომ მართალს ეუბნებოდა, რომ მთხოვნელი სახლში ჰყავდა მოსული და დარწმუნებულმა, რომ ხუმრობა აღარ იყო, ელენემ უნებლიეთ ამოიხვნეშა და უნებურად წამოსცდა:

- ვინ გამიშვებს აქედან, შვილო?

- რატომ?

- ხარჯი დაჭირდებათ... თავს ვერ ირჩენენ და ამნაირ საქმისათვის რა მოეძებნებათ?

- ჩემს კბილებს!.. მაგათ ხელში, რომ მოვკვდე, მაინც არ დაგტოვებ, რაკი ამნაირი საშუალება მეძლევა... რას დავეძებ მაგათ? კისერიც უტეხიათ!..

- რას იზამ, შვილო?.. რას მოუხერხებ?..

- რას ვიზამ? რას ვიზამ და მოგიტაცებ - ამას ვიზამ!

- უიმე... უიმე!.. - და პირზე ხელი მიიფარა ელენემ. - უიმე!.. ჩემი გამოჭენება გინდა ამ მოხუცებულობის ხანს?.. უიმე! უიმე! აჰ! არ თქვა, მაგ!.. არა, არა! შენი ჭირიმე!.. ასე გავატარებ გაძაღლებულად ჩემს წუთისოფელს... არაფერს არ დავეძებ, შენ დაგენაცვლე! - აწრიალდა იგი.

მაგრამ არისტო თავისას არ იშლიდა. გადაწყვეტით გამოუცხადა, რომ უსათუოდ უნდა წაჰყოლოდა სამანიშვილს, გამოუცხადა მოტაცებაც რაგვარად უნდა მოეხერხებინათ: ელენე ესტუმრებოდა ერთ თავის ნათესავს, საიდანაც წაიყვანდნენ და ჯვარს დასწერდნენ ბეკინაზე. არისტო ხმის ამოღების ნებასაც არ აძლევდა მოხუცებულ მამიდას, რომლის გონებას რაღაც ბურანი შემოხვეოდა ყოველი ამ გაგონილისაგან.

ამასობაში კი აივანზე დარჩენილი ნუჩია და პლატონი, თუმცა თითო-ოროლა სიტყვით შეენაცვლნენ ერთმანეთს, მაგრამ მუსაიფი მაინც ვერ გამოაწყვეს და მოელოდათ მეტად სამძიმო, უხერხული მდგომარეობა, ხმაგაკმენდით სხდომა, როცა მათდა ბედად ბავშვმა ტირილი დაიწყო და ერთი წამის შემდეგ ისეთი ყურთასმენის წამღები ჭყვირილი მორთო, რომ ნუჩია იძულებული შეიქნა ამდგარიყო და სტუმარი გაეთავისუფლებინა ბავშვის შემზარავი წივილისაგან.

მარტოდ დარჩენილმა პლატონმა პირი ეზოსაკენ მიიბრუნა და იქაურობას დაუწყო თვალიერება.

ჩამოწოლილ ბინდში ახლა კიდევ უფრო გულდამწყვეტი შეხედულება მიიღო აქაურობამ, ვიდრე პირველ დანახვაზე ჰქონდა. პატარა ხრიოკი, დაფერდებული ადგილი, აქა-იქ ჩამტვრეული ღობით შემოვლებული; ფერდობზე მიკრული, წინიდან ბარჯგებზე შეყენებული პაწაწინა ოდა, რომლის აივანზე იჯდა ახლა პლატონი; ცოტა მოშორებით გლეხური სახლი, ალბათ, უწინ სამზარეულოდ ხმარებული, რომელიც უფროს ძმას გადაეტანა და რომელშიაც ახლა ცხოვრობდა თავის ცოლ-შვილით, - ეს იყო ის შენობები, რაც ამ ეზოში ჩანდა. ღობის გადაღმა მოჩანდა ისლით დახურული, ერთიმეორეზე მიკრული გლეხის სახლები; ქვევით, დავაკებულში მოჩანდა დანარჩენი სოფელი, როგორც ეტყობოდა, ღარიბი, შეუძლებელი.

წინათ მიყუჩებული, მიჩუმებული სოფელი თითქოს ახლა შეხალისდა, გამოიღვიძაო; ორღობეებში თავდაღმართიდან ერთი ჯლიგინით მოერეკებოდნენ საქონელს, მოისმოდა უკან მომდევარ მწყემსების ყვირილი, შეწყრომა. სახლების ერდოებიდანაც აქა-იქ კვამლმა იწყო ამოფშუება.

თითქოს ამ პატარა ქოხშიაც სიცოცხლემ გაიღვიძაო. პატარა გოგომ ჩაფით წყალი მოარბენინა; მერე, ეტყობოდა ცეცხლიც დაანთეს და, რამდენიმე ხნის შემდეგ, გაღებული კარიდან მკაფიოდ მოისმა მჭადის მცხობელის ხელების პარტყა-პურტყი. პატარა თავშიშველა და ფეხშიშველა შვიდი-რვა წლის ბიჭმა, პარკით გვერდზე, სახრით ხელში, შემორეკა ეზოში რამდენიმე სული საქონელი; ამას უკან შემოჰყვა გრძელწვერა, შეხსნილი ახალუხით, ძელით მხარზე, ღვედში ნაჯახგარჭობილი კაცი, რომელმაც ერთი გაჯავრებით შეჰყვირა ბავშვს, როცა საქონელი ქოხისკენ გაეშურა; ბავშვი გაიქცა და ისევ აქეთ გამორეკა პირუტყვი. მოჰკრა თვალი თუ არა აივანზე უცხო კაცს, იმწამსვე ოდის უკან მიიმალა. ეს კაცი იყო დათია ბრეგაძე. ცოტა ხნის შემდეგ, ქოხის მახლობლად, გადასაბიჯზე გადმოაბიჯა მხარზე შეშა გადებულმა მეორე კაცმა, - ეს უფროსი ბრეგაძე იყო. მან კარებთან დააგდო ტვირთი, მოიხედა ოდისკენ, მიაჩერდა პლატონს და სახლში შევიდა.

- ის ვინაა, აივანზე რომ წამოჭიმულა? - უსიამოვნოდ, წარბების შეხრით შეეკითხა დათია ცოლს, რომელიც ცეცხლს ანთებდა ოდის უკან გადმოხურულში, რაიც სამზარეულოს მაგიერობას უსრულებდა ამ ოჯახს მის შემდეგ, რაც ანტონმა სამზარეულო სახლი გაიტანა შიგ დასადგომად, სრულს გაყოფილობამდის.

- რა ვიცი, ვიღაც სამანიშვილიაო... არისტომ მოათრია! - მიუგო სერაპიონმა.

- არისტომ?! მაგ ოხერი კიდევ მეეთრა?! რა მინდაო?..

- რა ვიცი, რა უნდა!.. დაწანწალობს, სხვა რა ენდომება!.. რაი მევიდა, სულ იმას იძახის, რომ აწი უფრო ხშირად ვივლიო... მამიდამისს არწმუნებს...

- მისმა სიცოცხლემ!.. მე იმას აქ ბინა დავადებიო?! ორივეს კარში გავყრი!.. რა გვარია ის კაცი?..

- სამანიშვილი, ბატონო, სამანიშვილი... რა იქნა ამდენი კითხვა? - გაჯავრებით შეუტია ნუჩიამ. - ვახშამი გვჭირია აგერ...

- რა ვახშამი უნდათ?.. - დაიწყო დათიამ.

- ახლა მაგას მომიყევი კიდევ! - გააწყვეტინა სიტყვა ცოლმა.

- აბა, რა!.. რაც მაქვს, ის ჭამონ, იმასაც კარგად გიახლებიან!.. არა, მაგათ სიცოცხლემ, ძროხას დოვუკლავ ახლავე!

- ჰო, ხმელა ჭადი და ლობიო მიუტანეთ!.. იმ უცხო კაცის მაინც უნდა მოირიდოთ, თქვე დალოცვილებო!.. ასეთი თავისმოჭრა, გამოჭიანურება არ გამიგონია მე!.. წადი, ბატონო, - მიუბრუნდა სერაპიონს ნუჩია: - წადი, ყმაწვილო, და ერთი ქათამი, რავარცხა იქნას, მონახე და დამიჭირე... არ შეიძლება ასე!..

- სად მოვნახო ახლა ამ ჩამობნელებულში!.. საცხა ორიოდე წიწილია, არც კი ვიცი კარგად, რომელ ხეზედ ჯდებიან!

- ეგერაა კვინცხაზე, ეგერ, ეჰ! - ანიშნა ნუჩიამ. - წადი, ღვთის გულისათვის!.. მერე უფრო გაგიჭირდება.

სერაპიონი მიბრუნდა და ზანტად, ბურტყუნით წავიდა კვინცხისაკენ.

- დედა, ჭადი მინდა მე! მშია! - მივიდა დედასთან ახლად დაბრუნებული სამწყემსურიდან დათიას შვილი.

- მეიცა, შვილო! ვერ ხედავ აგერ რამდენი საქმე მაქვს?! დათია, შეუმატე ამ ცეცხლს, შე კაცო!..

- მშია მე, რა მევიცადო!..

- დაგამშიათ გამჩენმა! - შეუტია ნუჩიამ, რომელმაც ის იყო ჭადებისათვის ფქვილს წყალი დაასხა გობზე. - დაგამშიათ გამჩენმა! ჰა! შენ თვითონ არ შეგიძლია, რომ მონახო და ჭამო?! აი, შეგარცხვინა ღმერთმა! - და ნუჩიამ შვილს გადმოუგდო ცივი ჭადის ნატეხი; მერე უცბად მიბრუნდა, წამოავლო პატარა დოქს ხელი, გაუშვირა იგი პატარა ბიჭს, რომელიც მადიანად ილუკმებოდა ცივ ჭადს და უთხრა:

- მალაქიასთან გადაირბინე, ვარლამია, და უთხარი, დედა შემოგეხვეწა-თქვა, ჩემო მალაქია, ეს ერთი დოქი ღვინო გამომიგზავნე-თქვა და მე ვიცი შენი პატივისცემა-თქვა... ჩემო მალაქია-თქვა, ძალიან შემოგეხვეწა დედა-თქვა... უთხარი, რომ უცხო სტუმარი მოუვიდა-თქვა. ჰა, დროზე ქენი, დროზე, ჩემო ვარლამია!

ბავშვმა გამოართვა დოქი და დედის დამტკბარ სიტყვაზე შველივით მოჰკურცხლა.

- ნელა, ბიჭო, დოქი არ გატეხო! - მიაძახა ნუჩიამ. არისტომ რომ მამიდამისთან გაათავა ლაპარაკი, აივანზე გამოვიდა, ხმადაბლა და ხალისიანად უთხრა პლატონს:

- ერთ წამში მოვაკვარახჭინე საქმე, ერთ წამში... კინაღამ არ გადამერია საწყალი დედაბერი! ხა, ხა, ხა! მარა იმედია, ამათსავით შენ არ შემიკრავ ნათესავთან სასიარულოდ გზას! რასაკვირველია! - და არისტო მოუყვა, თუ როგორ უნდა დაებოლოებინათ მათ თავისი საქმე.

- საქვრივოს მერე ბიძაჩემს ივანეს ამოვაღებინებთ... ნახევარი იმან წეიღოს საქმის საწარმოებელი, ნახევარი შენ!.. რა გენაღვლება... მაგათ კი არ შევარჩენ და!

- ჰქონდეთ, ჰქონდეთ!.. ცოდვაა, არაფერი გააჩნიათ!

- რას დევეძებ! მე რა კარგი მახსოვს მაგათგან!

ეზოდან მოისმა რაღაც ხმაური... აგერ გაირბინა ქათამმაც, მას უკან მისდევდა ძაღლი დასაჭერად. აგერ კაცის ფეხის ხმაც მოისმა, რომ მირბოდა.

- ეს ოხრიშვილები, თავი ნუ მომიკვდება, ახლა დასდევენ ვახშმისათვის ქათამს!.. სად იყვნენ აქამდის?! ვაი თქვენს პატრონს, თქვენს პატრონს! პლატონ, სანამ ესენი ქათამს იჭერენ, ერთი ცხენებს დავხედავ ჩუმად, თვარა მე დარწმუნებული ვარ, ერთ კვნიტ ჩალას არ აღირსებენ და ხვალ, შენი მტერი იქნა ისე, ისენი რომ იქნებიან! - თქვა არისტომ, ფეხაკრეფით ჩავიდა კიბეზე და მიბნელებულში გასწია იქით, სადაც ცხენები ეგულებოდა.

ქათამს ისევ დასდევდნენ დასაჭერად და ამიტომ არისტო მორიდებით მიდიოდა წინ, რომ არავინ შეხვედროდა.

უეცრივ რაღამაც გაისისინა ჰაერში და არისტოს მძიმედ მოხვდა ჭოლოკი მარჯვენა კუნთში.

- არ მომკლა ამ ვირმა! - გამწარებით წამოიძახა მან და იქვე დაეცა მიწაზე გულშეწუხებული. - აი, თქვენი რჯული, აი, თქვენი!.. ოოოჰ! ოოოჰ! ქე არ მომკლეს ამ ურჯულოებმა ერთი წრიპა ქათმის გულისათვის!.. ამოგივარდათ ოჯახი! ოჰ, ჰო, ჰო! - ტკივილისაგან მიწაზე წრიალობდა არისტო და ორივე ხელით იზელავდა კუნთს. - თქვენ დაგწყევლოთ ღმერთმა, თქვენ შეგაჩვენოთ დამბადებელმა! ვის გოუგონია ღამეში ჭოლოკებით ქათმის დევნა! ყველაფერში უხეიროები, ყველაფერში!..

ახლა ეს ქათმის დევნა ეზოს მეორე ყურედან მოისმოდა. არისტო წამოდგა და კოჭლობით მაინც ცხენისკენ წავიდა.

- თითქოს განგებ ჩემთვის ესროლოს ამ შეჩვენებულს! - გაეცინა თვით არისტოს. - ძალიან არ გოუხარდება, რომ გეიგოს!..

და მან გადაწყვიტა, რაც შეეძლო, ძალა დაეტანებინა თავისთავისათვის, დაეძლია ტკივილი და მასპინძლისათვის მათდა სასიხარულოდ, არ გაეგებინებინა ეს ამბავი.

ცხენებს მართლა არაფერი საჭმელი არ ჰქონდათ, იდგნენ საცოდავად, ხეზე მიბმულნი ბაწრით. არისტომ თავი გააქნია, გულში ჩაირტყა მუშტი დაქადნებით და უკან გამობრუნდა გინებითა და ლანძღვით მასპინძლის მიმართ.

აივანზე რომ ამოვიდა არისტო, პლატონი იქ აღარ დაუხვდა; იგი დათასთან მუსაიფობდა ოთახში. მათ შეუერთდა არისტოც. ეს უკანასკნელი, მეტად ცუდ გუნებაზე დამდგარი, ისეთ კილოზე ელაპარაკებოდა დავითს, რომ პლატონი შიშმა აიტანა, - ვაი თუ რამ კინკლაობა მოხდეს ამათ შორისო. მაგრამ რაღაც მანქანებით დავითი მოთმინებით იტანდა არისტოს გადაკრულ სიტყვებს, უყურადღებოდ სტოვებდა მათ და ამის წყალობით ვახშამმაც მშვიდობიანად ჩაიარა და მშვიდობიანობაში მოსვენების დროც წამოეწიათ.

სტუმრები ცალკე დააწვინეს ოთახში; დავითი თავის ცოლითა და მათთან ელენეც მეორე ოთახში დაწვნენ; სერაპიონმა გარეთ, აივანზე, დაიგო ქვეშაგები.

ორსავე ჩვენს მგზავრს მალე მიეძინა, მაგრამ ისევ გამოეღვიძათ ბავშვის ყვირილ-წივილზე, რაიც მეორე ოთახიდან მოისმოდა. ეტყობოდა, რომ იგი მალე არ დაწყნარდებოდა და უფრო უმატებდა ჭყივილს დედისა და მამის გაჯავრებით “სუ”-სა და ”ჩუ”-ს მიძახებაზე.

- გაფხრეწა!.. გაგლეჯა!.. - ეუბნებოდა აქედან მოთმინება დაკარგული არისტო. - არ გადარჩენა... ყველასი!

- კაი, კაცო! გეიგონებენ! - აჩუმებდა პლატონი.

- გეიგონონ!.. ვაი და ვუი ყველას!.. რა დამაძინებს, თუ გიყვარდე, ამ ჯოჯოხეთში?!

მაგრამ დაღლილობამ მაინც დასძლია და ცოტა ხნის შემდეგ არისტოსაც და პლატონსაც ტკბილად ეძინათ, თუმცა ბავშვი კიდევ დიდხანს ჭირვეულობდა.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — დავით კლდიაშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.