– XI –
შვილის მაშვლობა მეტად სასიამოვნოდ დაურჩა მოხუცებულ ბეკინას. ძალიან იამა გუნებაში ისიც, რომ ქალის მოტაცება სჭირდებოდა. ბეკინას გაახსენდა ყმაწვილკაცობა, ამისთანებს ჩვეული გიჟმაჟობა. ეს გარემოება რომ გაახსენდებოდა, რაღაც შემატებულ სიცოცხლეს ჰგრძნობდა, სასიამოვნო ღიმილი ეფინებოდა სახეზე, თუმცა შვილს კი უთხრა საყვედურივით: - ”ეგ მოტაცება კი, შვილო, საჩემო საქმე აღარაა!.. უნდა აგერიდებია ეს!”
ყველაფერი მოთავებული იყო, საჭირო იყო მხოლოდ შუათანა ლხინისათვის მომზადება, რომ ოჯახის დედა პირველად გაყრუებულ სახლში არ შემოეყვანათ.
პლატონმა მიიპატიჟა დანიშნულ დღისათვის ახლო მეზობლები. მივიდა სიძესთან და, როგორც იყო, შეირიგა შემომწყრალი კირილე, რომელსაც სთხოვა ქალის მოსაყვანად წაყოლოდა, რაზედაც კირილემ სიხარულით თანხმობა გამოუცხადა.
- ახლა ისევ გულდამშვიდებით შეგვიძლია ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, ამ ჩემ დედინაცვალს არაფრის გზით შვილი არ მიეცემა... ეს გათავებულია... კაი ქალიცაა, შენ ნუ მომიკვდები, თვარა აგერ ნახავ!.. შენთვისაც კაი იქნება; ცოტა რაცხა-რაცხაზედ ყურს მაინც გიგდებს... წაგეხმარება ხანდახან რამეში... - ეუბნებოდა გულდაწყნარებული პლატონი მელანოს.
- დახმარება მისი ის იქნება, თუ შეგვარჩენს, რაზედაც ახლა ვართ... მეტი არაფერი არ მინდა მისგან!
- რასაკვირველია!.. მაგია, აბა! დარდი ნუ გაქვს!
დადგა სანატრელი დღეც ბეკინასათვის. პლატონმა, არისტომ და კირილემ რამდენიმე სხვა ყმაწვილის თანხლებით მოიყვანეს ელენე სამანიშვილისას და მოხუცებულებს ჯვარი გადასწერეს. პატიოსანმა აზნაურმა საკადრისი ლხინი გადაიხადა. ამ სიხარულის დღეს კირილემ სწორედ დაპირებისამებრ განსხვავებით მოულხინა თავის სიმამრს და სხვებიც მოალხინა, უჩხუბრად, უცემატყეპოდ.
პლატონის სიტყვა გამართლდა: მელანოს ძალიან მოეწონა ახალი დედამთილი, რომელმაც მალე გაათავა პატარძლობა და რძლის ხელისშემწყობი შეიქნა ყოველ საქმეში. ბეკინაც ძალიან კმაყოფილი იყო და ეს კმაყოფილება მით უფრო ახარებდა, რომ ელენემ მალე, სულ მოკლე ხანში, ოჯახის წევრთა სიყვარული დაიმსახურა და სიამტკბილობა შემატა სახლს.
პლატონი იმდენად გულდაჯერებული იყო დედინაცვალით, რომ მზად იყო ხელი აეღო მის საქვრივოს გამორთმევაზე ბრეგაძეებისაგან და არისტოს ეხვეწებოდა საქმის მოსპობას ამის თაობაზე და ძალიან სწყინდა, რომ არისტო არ თანხმდებოდა და მის თხოვნას არ იჯერებდა.
- ბევრი გაქვს ყველაფერი?.. გაწყენს, რომ შეგემატოს ცოტა რამე თუ? - ეუბნებოდა პასუხად არისტო.
- არა. მარა... იმათგან...
- ერთი გულჩვილი შენ შემხვდი კიდევ!.. შენც კარგად გამოგადგება, ჩემო ძმაო!.. რაზე უნდა დაკარგოთ?.. არ ვიცი! რაც მეტი გვექნება, უფრო მეტს მოვილხენთ, პლატონ ჩემო! არა, ბატონო ბეკინა?
- რასაკვირველია, რასაკვირველია! - უპასუხა ბეკინამ, რომლის სული და გული შეიქმნა ეს კაცი და რომლის მოშორება მას ახლა სამძიმოდ დაურჩებოდა, თუმცა ღვთით, არისტოს მხრივ ამაზე შიში არ ეჭირვებოდა. იგი ჯერჯერობით, როგორც ეტყობოდა, კიდევ კაი ხანს არ აპირებდა ფეხის მოცვლას ამ ახალი ბინიდან.
ასეთ საერთო სიამოვნებაში, კმაყოფილებაში, ერთმანეთის სიყვარულში მიდიოდა დრო და ჟამი სამანიშვილის ოჯახში და ერთ დრომდე კიდევაც გაგრძელდებოდა ეს ბედნიერების ჟამი, რომ ერთ დღეს მელანოს თავზარდამცემი, გულის ამრევი, ჭკუაზე შემშლელი ამბავი არ გადაეცა თავის ქმრისათვის, რითაც გული მოაყვანინა პლატონს ისე, რომ მან კიდევაც შეუბღვირა და მიაძახა წყრომით:
- ნუ სულელობ ერთი შენ!.. რა სახუმარო საგანი ნახე ახლა?
- კი არ გეხუმრები, საქმეს გეუბნები!.. გეუბნები, ისეთ ნიშნებს ვატყობ ამ ქალს, რომ მეშინია ორსულად არ იყვეს!.. შვილები ნუ მომიკვდება!.. არ გითხრა, აბა?! მე თვითონ აგერაა გადვირევი... რა ამბავია ეს ჩვენს თავზე?! ღმერთო, შენ დაგვიფარე! - იწერდა პირჯვარს მელანო.
პლატონი სრულიად დაიბნა და ხმაგაკმენდილი მისჩერებოდა ცოლს; სრულიად არ სჯეროდა მისი ნათქვამის სინამდვილე, თუმცა გულმა მოუსვენრად ტოკვა დაუწყო.
- მოგებლანდა... აბა რავა შეიძლება?! - წაილაპარაკა მან და ცოლს მოშორდა, თითქოს ეშინოდა, რომ უფრო დაბეჯითებული, თავზარდამცემი რამ არ გაეგონა მელანოსაგან.
- რასაკვირველია, მოგებლანდა!.. აბა, კარგად დოუკვირდი, თუ არ ცდები, გეიგებ მაშინ!
- ნეტავი, ნეტავი, შენი კარგა ყოფნით!
- მოვკლავ მაგ უბედურს!.. ღმერთმანი, მოვკლავ! - ამბობდა თავისთვის პლატონი, ცოლის სიტყვები რომ გაახსენდებოდა ელენეს შესახებ. - ღმერთმანი, მოვკლავ! ეჰ, სისულელეა, რასაკვირველია, სისულელე... მელანოს მოეჩვენა მხოლოდ!
საღამო ჟამი იყო, მელანომ რომ უთხრა თავისი ეჭვი ქმარს და ვახშამზე პლატონი იმდენად თავის საინს არ დასჩერებოდა, რამდენად თვალი დედინაცვლისკენ ჰქონდა, მაგრამ ვერაფერ ცვლილებას ვერ ამჩნევდა.
- ძალიან არ მოტყუვდი, მელანო? - ღიმილით უთხრა მან დაწოლის ხანს ცოლს.
- არა, პლატონ, არა, არ უნდა ვცდებოდე, შენ არ მომიკვდე!..
- კაი, ნუ გადამრიე კაცი!
- რა ვქნა, შენ დაგენაცვლე, მეც შიშში არ ვარ?
პლატონი გაჩუმდა. ამ საგანზე ლაპარაკიც კი არ უნდოდა. გული რაღაც სევდით ევსებოდა ამის გაგონებაზე, თუმცა დაჯერებამდის მეტად შორს იყო. მელანომ ისევ დაიწყო ამ საგანზე ლაპარაკი, მაგრამ პლატონმა სთხოვა გაჩუმებულიყო, სხვა რამეზე ელაპარაკნა. მან სცადა ძილისათვის მიეცა თავი, მაგრამ ცოლის სიტყვებს ყურში ზარივით წკრიალი გაჰქონდათ.
- ვაი თუ მართლა უბედურება მეწია?! - ფიქრობდა პლატონი. - ისეთ ნიშნებს ვატყობო... აჰ, რავა შეიძლება?! ვინა თქვა, ვის გოუგონია, ამგვარი ამბავი მომხდარიყვეს?! ორნაქმარევს, უშვილოს, ამ სიკვდილის წინ შვილი მიეცეს?! ჰმ!
და პლატონი ამშვიდებდა, აწყნარებდა თავის გულს, ცდილობდა, რომ სისხლი თავში არ ავარდნოდა, ტვინი მოესვენებინა; გვერდიდან გვერდზე ბრუნდებოდა, ცდილობდა დასძინებოდა, მაგრამ ძილი მაინც არ ეკარებოდა... ყურებში ისევ ცოლის სიტყვები ესმოდა, რომელთაც მისი ტვინი მოუსვენრად ედავებოდა, ეწინააღმდეგებოდა. დიდხანს იბორგა, დიდხანს იტრიალა ასე გაწვალებით საწყალმა პლატონმა, რომ ისევ მელანოს ხმა მოესმა:
- ე, შეხედე, შე კაცო, თუ ვცდები, თუ სისულელეს გეუბნები! ე, შეხედე! ე, თუ ვცდები... ე, რავა ეტყობა! ახლაც ვერ ხედავ?
და ფანჯრიდან ანიშნებდა პლატონს ეზოში მოსიარულე ელენეზე. პლატონი მისჩერებოდა ხმაამოუღებლად, გულაფანცქალებული. დედინაცვალმა თითქოს დაინახა ფანჯარასთან მდგარი გერები და ამათკენ გამოსწია.
- ე, ე, უიმე... უიმე! - იყვირა მელანომ, - უიმე!.. ახლაც ვცდები?.. კიდევ ვცდები?.. ვაი დედაშენს, ვაი დედაშენს! - და მუშტით ემუქრებოდა იგი დედინაცვალს. - ვეღარც ახლა ატყობ?..
ატყობს და არც ატყობს. რასაკვირველია, ატყობს, რასაკვირველია ხედავს თავის თვალით, ცხადად ხედავს თავის უბედურების მომასწავებელ ნიშანს და მოულოდნელ უბედურების წინ წამდგარს, ენაც ერთმევა, გონებაც ეკარგება, სისხლიც უშრება და გაქვავებული, გრძნობა მიჩლუნგებული, გაცივებული თვალებით მისჩერებია ამ უღვთო, შეჩვენებულ, დაწყევლილ დედაკაცს, რომელთანაც არც პატივისცემა გაუვიდა, არც სიყვარული, არც სამსახური, რომელიც ასე უღვთოდ იმეტებდა მასაც, მის ცოლ-შვილსაც.
- ღმერთო, რა შეგცოდე?! რა შეგცოდე? - სასოწარკვეთილებით, ნაღვლით გულავსებული კვნესის იგი. - რა შეგცოდე?
- იქით! იქით! იქით, შე წყეულო! - უყვირის დედინაცვალს პლატონი. - იქით, თვალით მაინც ნუ დამენახვები! - მაგრამ მას თითქოს არ ესმის პლატონის ხმაო, ისევ მობაჯბაჯებს ფანჯრისკენ, მობაჯბაჯებს მძიმედ, ძლივსძლივობით.
- იქით, შე შეჩვენებულო! იქით, თორემ მოგკალი ეს არი! ღმერთო, რომ არ ესმის?
არ ესმის თავისი ხმა არც პლატონს, თუმცა ყვირის, რაც ღონე აქვს. ხმა პირიდან არ ამოსდის, იქვე გულში რჩება უღონო, სუსტი, გაუგონარი, და ეს უმატებს გამწარებას, უფრო უკლავს გულს, უხუთავს სულს. უმწვერვალესად აღელვებული კაცის თვალწინ ყოველივე აირია, აიშალა, ამოძრავდა; აცახცახებული, ათრთოლებული ძლივს დგას ფეხზე. ეს რაღა ამბავია?! რა არის ეს?! რა ამბავი ხდება დღეს ამ სახლში? ვინ შვრება ამას? ღმერთო, მომკალი! ვინ გადმოაგდო ეს ქათმები წრიალ-წრიალით ეზოს რომ მოეფინენ? ამათ აჰყვნენ ბატებიც, კვატებიც, ორიოდე ინდოურიც; მიდიან იქით-აქეთ, ცალცალკევდებიან, ზოგი ელენეს მისდევს, ზოგი ფანჯრისკენ მორბის პლატონთან. აქვე მორბის ფენთხებ-გამობზეკილი, უჭმელობით ძალზე გამხდარი სანაშენო ღორი, აუშვერია დინგი, რაღაცას ღრუტუნებს, თითქოს კითხულობდეს რაღაცას. ცხვარი ვინ გამოაგდო ბეღლიდან, სასუქი ცხვარი? ვინ ქნა? რა ამბავია! ვინ ოხერი ჩადის ამას? რა უნდათ ამ ხარებს, ასე რომ დაზმუიან? რა ამბავი ხდება ამ ეზოში? რამ გადარია ყველა? ვინ გამოალაგა გარეთ კოდი, საცერი, სამტკიცი, ქოთნები, გობი, კოვზი, როდინი, კეცები? ვინ იშლება და ირევა ასე უცნაურად? სული ეხუთება პლატონს და აზრდაბნეული მხოლოდ უგუნურად მისჩერებია და მეტი განცვიფრებისაგან აღარ იცის, რა ქნას, რა თქვას...
- შუაზე, შუაზე! - დაიძახა ვიღაცამ.
მოისმა ერთი წკრიალი და მთლად სამზარეულო შეინძრა, შეფამფალდა და დარღვევას აპირებს.
- მალე, მალე! - დაიძახა ელენემ. - მალე, ყველაფერი გაჰყავით სულ ყველაფერი, სულ!
აქ კი მოიკრიბა პლატონმა უკანასკნელი ძალ-ღონე, რაც ხმა შესწევდა გამწარებულ კაცს, შეეცადა და მორთო ყვირილი:
- მეიცადეთ, მეიცადეთ! გაჩერდით! ნუ ჩქარობთ!.. ეგებ მკვდარი დაიბადოს! შედექით! ეგებ ღმერთმა სიცოცხლე არ აღირსოს! გაჩერდით, თქვე ოხრებო! ნუ შვებით მაგას! გაჩერდით, გაჩერდით, გა-ჩერ-დით! გა, გა! - ცდილობდა პლატონი დაეყვირა, მაგრამ მისი ხმა არავის ესმოდა, ის ისევ იქვე წყდებოდა, ჰქრებოდა. სახლის კედლებს კი ლაწა-ლუწი გაჰქონდა, ყოველივე ინგრეოდა, ყოველივე იშლებოდა, ნაწილდებოდა. პლატონის ძახილი არავის ეყურებოდა, მხოლოდ ელენეს ხმასა და ბრძანებას მისდევდნენ: ”მალე, მალე! ყველაფერი გაჰყავით!” - არ წყნარდებოდა იგი. და უღონო, გულჩათუთქული, გაწიწმატებული პლატონი, როგორც იქნა, მოსხლტა თავის ადგილს, მიიჭრა ფანჯარასთან, მოინდომა იქით გადახტომა და ამ დაწყევლილი დედინაცვლის იქვე ჩახჩობა, მაგრამ იქვე დაეცა უძლურივით ატირებული, ბავშვივით აღრიალებული, მწარე ცრემლებით თვალებჩამობნელებული.
- პლატონ, პლატონ! რა დაგემართა, რა დაგემართა, კაცო? - შიშისაგან გადარეული ეკითხებოდა მელანო ქმარს, რომელიც ისევ შემზარავად ტიროდა. - გამოიღვიძე, პლატონ! ნუ გადარიე, კაცო, ბოვშები!
პლატონის უცნაურ ღრიალზე გამოღვიძებულ ბავშვებს ერთი ვაი-ვაგლახი შეექნათ და თვითონაც შეშინებული მელანო ხან იმათ აწყნარებდა, ხან პლატონს უძახდა და მის გამოფხიზლებას ცდილობდა, როგორც იქნა, პლატონმაც გამოიფხიზლა, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ბნელაში რას დაინახავდა.
- კინაღამ არ შეგვშალე, შე კაცო, ყველა! - უსაყვედურა მელანომ ქმარს. - ბოვშები აღარ არიან შიშით, რა სიზმარი ნახე მაინც ასეთი უცნაური?! კაი, თუ ღმერთი გწამს!
- მაშ ეს სიზმარი იყო! - და პლატონმა შუბლზე ხელი გადაისვა და მერე პირჯვარიც გადაისახა.
- რა ამბავია, მელანო? რა დეემართა პლატონს? - მოისმა ბეკინას შეშფოთებული ხმა მეორე ოთახიდან.
- არაფერი, ბატონო... სიზმარში გახლდათ! - მიუგო მელანომ.
- სიზმარში?
- დიახ!
- ჩვენ კი აღარა ვართ და!.. ახლა დაიწყო მაგისთანა სიზმრები მაგ კაცმა?! წინათ არ იცოდა... გული დაუშოშმინე, რძალო, გული! - და ამ სიტყვებთან ბეკინას სიცილიც მოისმა.
მელანომ კარგად ახსნა პლატონის სიზმარი: მისი სიტყვით, ყოველივე მოსალოდნელი განსაცდელი თავიდან უნდა ასცდენოდათ: სულ მოკლე ხანში უსათუოდ უნდა მოშლოდა მუცელი ელენეს, თუ ნამდვილად ორსულად იყო.
ამ უკანასკნელი გარემოების საბოლოოდ გადაწყვეტას, მის უეჭველობის შეტყობას ბევრი ხანი აღარც კი დასჭირვებია, თუმცა პლატონისათვის მთელმა საუკუნემ გაიარა გაწვალების, წამების საუკუნემ. უეჭველი შეიქნა, რომ ელენე მიზეზობდა, რომ იგი ფეხმძიმედ იყო. მელანოც და პლატონიც აზრდაბნეულნი შეჰყურებდნენ ერთმანეთს ხმაამოუღებლად, გაშტერებულნი, გაქვავებულნი.
ბეკინამაც შეატყო ცოლს მისი მდგომარეობა და მოხუცებულს თავზარი დასცა ამ გარემოებამ. ბეკინას შერცხვა უცნაურად და ეწყინა უზომოდ. ახლა მიხვდა თუ რამ შეუცვალა გუნება პლატონს ამ უკანასკნელ ხანებში, ახლა გაიგო რძლის დასევდიანების მიზეზი. და მოხუცებულ ბეკინას ეტკინა გული, შეენანა თავისი ახირება... ხომ ჩააგდო საყვარელი შვილი ცეცხლსა და მდუღარებაში?! ხომ მოუსპო ხალისი და გულის მშვიდობა?! დამნაშავედ წარმოუდგა თავისი თავი შვილის წინაშე და მით უფრო წუხდა, რომ საშველ გზას ვერსად ხედავდა.
- მაინც ამ ოხრიშვილმა რაღა ჩემს ხელში გამოიჩინა თავისი ქალობა! ჰმ! - სევდიანად ამბობდა ელენეზე გულმოსული ბეკინა.
ბეკინა მხოლოდ იმით ინუგეშებდა ამ შეწუხებაში თავს, რომ ნება დართო შვილს ქალი თვითონ ამოერჩია, რომ ელენე მისი სურვილით, მისი ამორჩევით ჰყავდა ნათხოვი.
გულდაწყვეტილი პლატონი კი მოსასვენებელ ალაგს ვეღარ პოულობდა; ჭკუა შერყეულივით ხან სად დადიოდა, ხან სად, მუშაობაზე გულაცრუებული, თავის მწუხარებას გადაყოლილი.
- ბიჭო, რა მიქენი? რა მიქენი, შენი ოჯახი დაიქცა... მაინც ქეა დაქცეული!.. რა დაგიშავე, შე უსინდისო! - ეუბნებოდა გამწარებით არისტოს. - ბიჭო, რაზე დაგჭირდა ჩემი დაღუპვა, შე უღმერთო, რაზე შემომაჩეჩე ეს სასიკვდილე მამიდაშენი? რა დაგიშავე, ბიჭო?!
- მეიცა, მეიცა, პლატონ, საყვარელო ძმაო! მე რა უსინდისობა ვქენი, შე კაცო? მაცალე, მაცალე! შენ სადედინაცვლოდ ეძებდი იმისთანა ქალს, ორნაქმარები ყოფილიყო... ასე არაა, ა?
- კი!
- უშვილოს, შვილი რომ არ ჰყოლოდა იმისთანას, არა?
- რასაკვირველია!
- ხელში მოგეცი, ჩემო ძმაო, შენი სასურველი, ძმურად დაგეხმარე; თუმცა არ გიცნობდი, მარა პირველ შეხვედრიდანვე შენი სიყვარული გულმა იგრძნო... იმიტომ წაგყევი, საქმე გაგაკეთებიე... ცუდი რა მიქნია, ძმაო, ჩემო საყვარელო?!
- რომ დაორსულდა?
- ეგ რა ვიცი, ჩემო პლატონ!
- ეგებ წინეთაც ჰყავდა შვილი და შენ...
- რჯული, ხატი, ჯვარი! შეჩვენებული ვიყო! ასე დამემხოს თავი - და არისტომ მიწას დააბერტყა თავისი ლამაზი ახალი პატარა ბოხოხი.
- აბა, რა არის? რატომ? - სიტყვას ვეღარ ამბობდა სევდამორეული ყმაწვილი კაცი. - რატომ სხვასთან არ ჰყოლია, და...
- ეგ, ჩემო ძმაო, მამაშენს დააბრალე! - ღიმილით უთხრა არისტომ. - მამაშენს დააბრალე! უცნაური კაცი ყოფილა...
- ვიღუპები, არისტო, წმინდად ვიღუპები! - წამოიძახა პლატონმა. - რითი ვარჩინო ცოლ-შვილი, რითი ვარჩინო? რავა უდანოდ გამომჭრა ყელი მამაჩემმა... რა ვქნა, რა მეშველება? რა მეშველება?
- გული გეიმაგრე.. გული გეიმაგრე, პლატონ, - უდარდელად მიაძახა არისტომ. - გული გეიმაგრე, ღმერთი მოწყალეა! ყველაფერი ღვთითაა!
ღვთითაა თუ უღვთოთაა, რა დააშავა, რა აწყენია ამისთანა, რომ ასეთი სასჯელი მიესაჯა? რა ქნა ისეთი, რომ ამგვარი წყრომა დაიმსახურა? რის გულისათვის ისჯება ასე მწარედ?.. და პლატონი ყოველ თავის ნამოქმედარს, ყოველ თავის წარსულს იხსენიებდა და არჩევდა თუ რით შეეძლო განერისხა ღვთაება და გამოეწვია მისგან ისეთი მისი შეუბრალებლობა. არაფერი, სრულიად არაფერი საამისო არ უქნია. კაცი არ მოუკლავს, არ დაუჩეხია, არ უეშმაკნია ჯერეთ. ჯერეთ არც უქურდნია, არაფერი მოუპარავს, არავისთვის არაფერი არ წაურთმევია... ამ სიტყვაზე კი შედგა, შეჩერდა პლატონი. არ წაურთმევია, მაგრამ ხომ ართმევს ბრეგაძეებს... კანონიერად კი, მარა ხომ მაინც ართმევს მასზე უფრო საწყალთ, მასზე უფრო გაჭირვებულთ, თითქმის მშივრებს; შეცოდების მაგიერად უკანასკნელ ლუკმას სტაცებს და ამის გამო ვის ჩაუყარა ხელში საცოდავები, ვის? კაციჭამია გვერდევანიძეს, ამ შეუბრალებელ კაცს? და ღმერთი შეიბრალებდა-ღა?! რასაკვირველია, არა! - გუნებაში გაიძახოდა პლატონი და გულგახეთქილი გვერდევანიძისას გაიქცა, რომ საქმე მოესპობინა, ეთქვა, რომ გროში-კაპეიკი არ უნდოდა ბრეგაძეების გამონართმევი. ამით აპირებდა პლატონი განრისხებულ, შემომწყრალ ზენას გულისმოგებას. თავის დანაშაულის გამოსყიდვას და იმედობდა, რომ დაუბრუნდებოდა რასაც ხელიდან აცლიდნენ, რომ შენანიებასთან ერთად მის დედინაცვალსაც მუცელი მოეშლებოდა. გვერდევანიძემ არ შეიწყნარა პლატონის თხოვნა. ბევრიც იცინა პლატონის სიტყვაზე. ბევრი შრომა ჰქონდა გაწეული და რომ საქმე მოესპო, მოსალოდნელი გასამრჯელო ხომ დაეკარგებოდა. პლატონმა თვითონ იკისრა იმის გადახდა, ოღონდ კი საქმე მოსპობილიყო და ბრეგაძეებს არაფერი გადახდომოდათ. მან მისცა გვერდევანიძეს ვექსილი და გამობრუნდა სახლში, ცოტათი იმედგაღვიძებული, მომლოდინე, რომ მისი მსხვერპლი მიღებული იქნებოდა და მის დედინაცვალს გაუწყალდებოდა მისთვის თავზარდამცემი მოზიარის ჩასახულობა.