prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

სამანიშვილის დედინაცვალი — თავი I

დავით კლდიაშვილი · პროზა

ბეკინა სამანიშვილი, რასაკვირველია, ღარიბი აზნაური იყო, გვარიანი ღარიბიც. აბა, რა სიმდიდრეს მოასწავებდა ის ოცდაათი ურემი სიმინდი, ორმოცი ჩაფი ღვინო და ათიოდე ბათმანი ლობიო, მის მამულს რომ შემოჰქონდა და რითაც თავს ირჩენდა წლიდან-წლამდის ბეკინას ოჯახი. მაგრამ ბეკინას კი თავისი თავი მდიდრებში მოჰქონდა და ვინ იქნებოდა, რომ თავის სიღარიბეზე ერთი სიტყვა წამოეცდევინებინა ბეკინასთვის? როგორც იმერეთში ამბობენ, ერთობ გადაპრანჭული იყო ჩვენი ბეკინა.

როცა შინაურობაშიაც ლაპარაკს გააბამდა ბეკინა თავის გამოულეველ სარჩოზე, ღონიერ ლუკმაზე, მისი ერთადერთი ცოლშვილიანი ვაჟიშვილი პლატონი, თუმცა ტრაბახობად მიაჩნდა მოხუცებული მამის ასეთი სიტყვა, მაინც არას ეუბნებოდა საწინააღმდეგოს და მხოლოდ პირჯვრის გამოსახვით იტყოდა ხოლმე:

- ამაზედაც გმადლობ, უფალო! ამაზედაც გმადლობ, უფალო!

ამ წამოძახილით პლატონი თავის გულითად მადლობას უცხადებდა ზეციერ მამას, რომ შემცილებელი არავინ გაუჩინა მას ღარიბ ლუკმაში. თავის ცოტაზედაც კმაყოფილი, ამ თავის მცირედითაც ბედნიერი, იგი გულმოდგინებით ურტყამდა თოხს მიწას და ოჯახში სრული კმაყოფილება სუფევდა.

თუ რამ საწყენად ჰქონდა ამ ოჯახს, ეს იყო პლატონის ცოლის მელანოს ხშირი შვილოსნობა. ყოველ საოჯახო საქმეში მარჯვე მელანომ შვილოსნობაშიაც არ დააგდო თავისი სიმარჯვე და სულ მოკლე ხანში ოთხი შვილი შესძინა ოჯახს. ხშირად უხუმრია ამაზე რძლისათვის ბეკინას და უთქვამს ღიმილით:

- შე ქალო, ზოგ საქმეში სიმარჯვე მარგებელი კი არა, მავნებელიცაა... ე შენი ქმარი შეიბრალე, შე კარგო ქალო! - და ამასთან ბეკინა გულიანად გადიხარხარებდა ხოლმე.

- არაფერია... შიშს გულში ნუ შოუშობ... ღმერთი მოწყალეა, თავის გაჩენილს უმოწყალოდ არ დააგდებს, ვენაცვალე მის ძლიერებას, ყორიფელი მისი ნებაა. ალბათ, სურს, რომ სამანიშვილები მოამრავლოს. მასაც ქვეყნად მხოლოდ რჩეულები უნდა რომ ჰყავდეს! ხა, ხა, ხა!..

არც პლატონს ჰქონდა სასიამოვნოდ, რასაკვირველია, ბევრი შვილი, მაგრამ რას იზამდა, მხოლოდ თავს გააქნევდა, როცა მათ თვალს გადაავლებდა ხოლმე.

ამ გარემოების გარდა სხვებრ სწორედ ბედნიერად სთვლიდნენ სამანიშვილები თავიანთ თავს. დროებამ ისე მოიტანა, რომ მათი მცირე ქონებაც კი სიმდიდრედ ითვლებოდა, და მის მქონებელს არა თუ აკმაყოფილებდა, არამედ ბედნიერად აგრძნობინებდა თავისთავს და მადლობას წარმოათქმევინებდა უფლისადმი.

რა შესაშურებელი უნდა ყოფილიყო ასე ცოტაზე დამყარებული კმაყოფილება და ბედნიერება?! რა სახარბიელო უნდა ყოფილიყო კაცის მოუთხოვნელობით მოპოვებული გულის სიმშვიდე?! მაგრამ ბედნიერება, რაგვარიც უნდა იყოს, ვის შერჩენია ბოლომდის, რომ სამანიშვილისას ფეხი მოედგა მჭიდროდ? ან კი რა საფიქრებელი იყო, რომ ასე ცოტათი შემოტყუებული ბედნიერება ისევ ცოტა მიზეზითვე ხელიდან არ გამოეცლებოდათ, სუსტ საფუძველზე დამყარებული კმაყოფილება არ მოესპობოდათ!.. უბედურების დასაწყისად ბედმა მოუსპო დღე საწყალ მარიკას, ბეკინას ცოლს.

დედის სიკვდილი თავისთავადაც მწარე იყო შვილისათვის, რომ სხვაფრივაც სამწუხარო არ ყოფილიყო. ბეკინა მეტად ჭარმაგი მოხუცებული იყო და ამის გამო საშიშარი იყო, უცნაური სურვილი მეორე ცოლის შერთვისა გულში არ გავლებოდა. დედინაცვლის დანახვის შიში და დედინაცვალთან ”თან-მომყოლისა” თავზარსა სცემდა აქამდის გულდამშვიდებით მცხოვრებელ აზნაურს. აი, მაშინ იქნებოდა სწორედ ”ძმა ძმისთვისო - შავი დღისთვისო”.

ცოლმაც და ქმარმაც გააორკეცეს მოხუცებული მამის პატივისცემა და მოვლა; ორივენი გაფაციცებით თავს დასტრიალებდნენ დაქვრივებულ ბეკინას და თავგამოდებით ემსახურებოდნენ, თვალში შეჰყურებდნენ, რომ ყოველ მის სურვილსა და საწადელს მისგან გამოთქმამდის მიმხვდარიყვნენ და იმწამსვე აესრულებინათ. ერთი სიტყვით, პლატონიც და მელანოც დღედაღამ იმის მეცადინეობაში იყვნენ, რომ მოხუცებულის გული მოეგოთ და თავიანთი თავი შეეყვარებინათ, რაც შეიძლებოდა, მეტად. ამაში კიდევაც მიაღწიეს თავის წადილს. ბეკინა დიდად აფასებდა რძალ-შვილისაგან ყურადღებას, მეტად მადლიერი იყო მათი და გულაჩვილებული, კიდევაც იტყოდა ხოლმე მათთანაც და სხვებთანაც:

- ეჰ, ერთი ჩემს მარიკასაც დასცლოდა ამისთანა ყოფნა, ამათთანა ღვთისნიერი შვილების მზერა! ჰეი, ჰეი! - თან ამოიოხრებდა ხოლმე ამ სიტყვებთან ერთად ბეკინა.

ამის გამგონ ცოლ-ქმარს იმედი ეძლეოდა, რომ ბეკინა მეტად დაშორებული უნდა ყოფილიყო რაიმე მათ საწყენ საქციელს და ბოლოს კიდეც სრულიად გული დაიმშვიდეს. მაგრამ ბეკინას ამ კმაყოფილებასა და განცხრომაში, შვილების სიყვარულთან ერთად, სხვადასხვანაირი ნატვრაც გულში ეპარებოდა და დროთა განმავლობაში ეჯინებოდა... იმ სასიამოვნო მდგომარეობაში, მას რომ ეღირსა, უფრო სიამოვნებით, უფრო ტკბილად იგრძნობდა თავისთავს, თავისი შესაფერისი ამხანაგიც რომ ჰყოლოდა ვინმე... ასე ფიქრობდა გუნებაში ბეკინა და ეს აზრი, შემდეგ სურვილად გადაქცეული, ბოლოს აუცილებელ წადილად გადაექცა; მის გუნებაში, ასე რომ მოაგვაროს, ბედნიერთა უბედნიერესი კაცი იქნებოდა. მისი აზრით ეგ მისი წადილი მის მოსიყვარულე შვილებს არც კი უნდა სწყენოდათ.

- განა ჩემს კარგად ყოფნაზე არ მეცადინეობენ?!. რასაკვირველია, არ ეწყინებათ! - აჯერებდა თავისთავს ბეკინა. - ან კი რაზე უნდა ეწყინოთ?.. ცუდი მამა ვიყავი მათთვის თუ?.. საცხოვრებელი არა აქვთ ჩემგან ჩაბარებული თუ? სულ მათ ხომ ვერ შევწირავ ჩემს თავს, თუმცა, ღმერთია მოწამე, რარიგად მაგენი მე მიყვარან?.. არც ეწყინებათ, არა... არ შეიძლება, რომ ეწყინოთ!.. მე რომ იმათ ვუყვარვარ!..

ასე ფიქრობდა ბეკინა და იმით გაათავა, რომ ერთ დღეს კაცი მიუგზავნა შვილს და გამოუცხადა თავისი სურვილი ცოლის თხოვისა.

ადვილი წარმოსადგენია, რარიგად მოხვდებოდა პლატონის გულს ამის გაგონება.

- მღუპავ, მამა? - მივიდა იგი ბეკინასთან. - მღუპავ? დანას მიყრი ყელში?.. რატომ მიმეტებ, შენი ჭირიმე?! - ძლივს წარმოსთქვა პლატონმა და, ხმაჩაწყვეტილმა, უნუგეშოდ ხელები გაშალა.

- გღუპავ?!. რათა, შვილო, რათა?.. შენისთანა შვილი უნდა დაღუპოს მამამ?!

- აბა რაა?.. - და ისევ სიტყვა გაუშრა პლატონს.

- კარგი, თუ გიყვარდე, კარგი! - მხიარულად შესძახა ბეკინამ. - შე კარგო კაცო, მე ერთი ბებრუხანა მოვათრიო, შენ რატომ უნდა დაიღუპო, შვილო?! რა დაგღუპავს, თუ გიყვარდე?

- შვილი გეყოლება...

- ხა, ხა, ხა! - გადიხარხარა ბეკინამ და სიტყვა გააწყვეტინა პლატონს. - შვილი გეყოლებაო... ხა, ხა, ხა!.. რაღა დროს ჩემი შვილია, შე კაცო!.. ხა, ხა, ხა!

- მამა... შენ ნუ მომიკვდები, სიკვდილის მსგავს საქმეს მიპირებ!..

- ერთი შენ! დაჯინებულად ლაპარაკობ დღეს, პლატონ!.. დედაბერმა რავა უნდა შეგაშინოს, შე გლახაკო? ასე რატომ უნდა შეწუხდე?!. ეგ შენი შიში, მამაშვილობამ, სრულიად უსაფუძვლოა... რამე გევნებათ კი არა, თუ დამიჯერებ, სასარგებლოც იქნება; საწყალ მელანოს ცოტა შეღავათი მაინც მიეცემა, თვარა აღარაა ქალი!.. უჭირს ერთ ადამიანს, თელი ოჯახი კისერზე აწევს!..

- ბატონო, მელანოს ჯაფას რას დეეძებ, შენ ნუ...

- რატომ რას დევეძებ?! - გააწყვეტინა სიტყვა ბეკინამ. - რატომ არ დევეძებ... ისიც შვილი არაა ჩემი?

- ბატონო, შენ სხვებრ შეგვიბრალე და ჩვენს ჯაფას ნუ კითხულობ, ნუ დარდობ... ღმერთს ჯაფისათვის ვყავართ გაჩენილი!.. - ეუბნებოდა პლატონი. - მამა, შენი ჭირიმე, გადათქვი ცოლის თხოვა და რა გინდა ჩემგან!..

- ნუ ხარ ჯინიანი, შვილო!.. - შეუტია ბეკინამ. - მარტო შენს თავზე კი არ უნდა იფიქრო ადამიანმა!

პლატონს ეწყინა ეს უკანასკნელი სიტყვა მამისაგან და კუშტად უთხრა:

- ბატონო, დროც კი აღარაა შენი ცოლის თხოვის!

ბეკინამ ქორივით გადახედა შვილს და წელში გაიმართა.

- ერიჰა!! - შესძახა მან, - ერიჰა, რა დავარდნილი მე მნახე?! თქვენისთანა ახალგაზრდებს კიდევ ერთ ათს ერთად ვაჯობებ ჯანითაც, სიმრთელითაც, შეხედულებითაც და ვაჟკაცობითაც!.. არა, შვილო, მაგი სულ ტყვილია, სულ ტყვილია!.. რაში შემატყვე დაძაბუნება!.. ჰმ!.. - და ბეკინამ მარჯვენა ხელით შეიბერტყა თავისი გრძელი გაჭაღარავებული წვერი და მერე თავმოწონებით გადიგრიხა ლამაზი ულვაშები.

- არა, შვილო! - მიუახლოვდა ბეკინა შვილს და მხარზე ხელი დაადო. - არა, შვილო, მაგისთანა ლაპარაკს თავი დაანებე... ღმერთმა ისე ჩემი სული შეიყვაროს, რავარც მე თქვენ მიყვარდეთ და მან იცოდეს თუ მე თქვენთვის ცუდი რამე გულში მედოს... არც იფიქროთ, რომ ჩემგნით თქვენ, რამე დანაკლისი კი არა, უბრალო წყენაც შეგხვდეთ!.. მაგრამ ნურც თქვენ გაჯინდებით, შვილებო!.. ღმერთმა იცის და ყველაც ხედავს, რომ არა გიჭირთ-რა: მიწაც საკმაოდ გაქვთ, თუ სხვაზე მეტი არა. წყალიც, სახლიც, კარიც... ტყეც და ველიც!.. (ეს კი მეტი წამოსცდა ბეკინას - ტყე სრულიად არა ჰქონებია).

სამწუხარო რა გაქვთ?! ღმერთი უფრო მეტ მოწყალებას მოგცემსთ, უფრო გიწინამძღვრებთ, თუ მეც მომხედავთ, შემინახავთ და ჩემი უკანასკნელი დღეების გამწარებას არ ინდომებთ... რა ვქნა, შვილო, მეც კაცი ვარ, მეც ადამიანი ვარ!.. მყოლებოდა დედაშენი ცოცხალი, ჰეი, შვილო, ჩემისთანა ბედნიერი ქვეყანაზე კაცი არ იქნებოდა!.. მაგრამ რას იზამ... უფალმა ასე ინება და დღეს ნუ ამიტყდებით, ნუ ამეშლებით. თქვენ რომ კარგები ხართ, სხვას, გარეშეს ნუ ათქმევინებთ, მოხუცებული მამა შეაწუხესო... ისე მომექეცით, როგორც ქე ხართ, კაი, მშობლის მოსიყვარულე შვილები...

ღმერთი დაგიფასებთ და ამისათვის კიდეც დაგაჯილდოვებთ, ყოველ განსაცდელს აგარიდებთ!.. კარგის - ღმერთიც კარგი მწყალობელია, შვილო!.. ნუ მეწინააღმდეგები! გარწმუნებ, პატიოსან სიტყვას გაძლევ, თქვენ არაფერი დაგიშავდეთ, არ წაგიხდეთ, ერთი ხნიერი დედაკაცი მე სახლში შემოვიყვანო... ცოტა ხანს ვიცხოვრებთ ტკბილად, სიამოვნებით ერთად და მერე ღმერთმა კეთილად მოგახმაროთ ეს ოჯახიც, ეს სახლიც, ეს კარიც... ყველაფერი, რაც რამ გაგვაჩნია, შვილო.

- ბატონო, შვილი რომ გეყოლოს, შვილი... მაშინ? - დაატანა პლატონმა.

- შენ დღეს კაცი ვერ გელაპარაკება, შვილო, მხარი ისთე გაქვს მოქცეული! -წყენით უთხრა ბეკინამ... - თუ კაცის სიტყვას არ გაიგონებ, აბა რაღა მოგიხერხო?! მეტი დაჯერება მე არ შემიძლია და ღმერთმა მშვიდობა მოგცეს! ჯინიანი კაცი გარეშეც სასიამოვნო არაა, თვარა შვილი რა?!

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — დავით კლდიაშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.