prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

სამანიშვილის დედინაცვალი — თავი VIII

დავით კლდიაშვილი · პროზა

– VIII –

პლატონი კიდევ დიდხანს იყო უგუნებოდ, მარტოდ მჯდომი ზალის კუთხეში, პატარა რგვალ მაგიდასთან, ჩაით წინ და ჯერ კიდევ ვერ დაეწყნარებინა თავისი გული. რარიგად არ ლანძღავდა და აგინებდა თავისთავს, რომ გადარეულ კაცთან მგზავრობა არ დაიშალა და ამდენი უსიამოვნება და გაწვალება გამოიარა... გაწვალება გაწვალება იყო, მაგრამ მას უფრო სირცხვილი ჰკლავდა, იმ წყეულმა რომ მთელ საზოგადოებაში წამოიძახა და მისი საიდუმლო გაამჟღავნა.

რასაკვირველია, ახლა სამასხროდ იქნებოდა აგდებული ამ ყმაწვილებისაგან, რომელნიც დილიდან საღამომდის მხოლოდ იმით არიან გართულნი, რომ საოხუნჯო, სასაცილო და სამასხრო საგანი რამ ან მოიგონონ, ან შეამჩნიონ ვისმე. ამაზე იკლავდა თავს პლატონი და იმნაირ გუნებაზე დადგა, რომ მზად იყო ხელი აეღო თავის განზრახვაზე, მიეტოვებინა თავისი საქმე, ამწამსვე უკან გაბრუნებულიყო სახლში, თავი მიენებებინა ყოველივესათვის და დაე, რაც უნდა ის მომხდარიყო.

- მშვენიერი ადგილი ამოგირჩევიათ, თუ კაცი ვარ!.. ამ ტკბილ სასმელთან ტკბილი მუსაიფიც უფრო მოსახერხებელია, თავი ნუ მომიკვდება!

და ამის მთქმელი, მომღიმარე სახის, ასე ოცდაშვიდის, ოცდაცხრა წლის ყმაწვილი კაცი მოუჯდა გვერდით.

- აზნაური არისტო ქვაშავიძე გახლავარ... იმედი მაქვს ახლოს რომ გავიცნობთ ერთმანეთს, ცუდ კაცად არ დამსახავთ. ამას თამამად ვიტყვი სწორედ!.. კეთილშობილი კაცი ყოველთვის კეთილშობილი კაცისაგან უნდა იცნობებოდეს... და თუ ჯერ ჩემი ნამდვილი კეთილშობილება მე თქვენთან არაფრით დამიმტკიცებია, იმედი მაქვს, მალე თვალსაჩინოდ დაგიმტკიცოთ... დიახ!

პლატონი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, რა ეპასუხნა, რა მიეგო ამ უცნაური კაცისათვის? მერე კიდევ ეს კაცი ისე სხაპასხუპით ისროდა სიტყვებს, რომ ამ მოულოდნელი თავდაცემით გაფაციცებული, იგი მისჩერებოდა ქვაშავიძეს და არ იცოდა, რა პასუხი მიეცა. მის ბედზე ეს ყმაწვილი თითქოს არც კი აცლიდა მაგიერ სიტყვას, იგი თითქოს ჩქარობდა თავისი სათქმელის დათავებას, რომელიც მოკლე არ უნდა ყოფილიყო, როგორც ეტყობოდა.

ყმაწვილმა კაცმა რომ თავისი თავი დაწვრილებით წარუდგინა პლატონს, საკმაოდ რომ გააცნო, უფრო ახლოს მიიწია მისკენ და ხმადადაბლებით ჰკითხა:

- თქვენ მართლა ეძებთ სადედინაცვლო ქალს?.. გკითხავთ ამას, როგორც პატიოსან კაცს... მართლა ეძებთ?

პლატონმა თვალები მიაშტერა ამის მკითხველს. რისთვის ეკითხებოდა ამას ეს კაცი? რა უნდოდა, რა ჰქონდა გუნებაში ამ კითხვის დროს? აი, კირილეს ნაწყალობები ამბავი! - გაიფიქრა პლატონმა.

- ეძებთ ხომ?.. - განუმეორა კითხვა არისტომ, რადგანაც პლატონი პასუხს უგვიანებდა. - ხომ?

- ბატონო, რაღაცას უჭკუო, გონებადაკარგული კაცი წამოაყრანტალებს, რა გასაგონარია, თუ ღმერთი გწამთ!..

- არა, არა! - გააწყვეტინა სიტყვა არისტომ. - არა, პატიოსნებას გაფიცებთ, პატიოსნებას... მითხარით!

- ბატონო!

- არა, თქვენ არ იფიქროთ, რომ მე რაიმე ცუდი აზრით და უხეირო განზრახვით გეკითხებოდეთ... მოგახსენებთ, ვერ მიცნობ ჯერეთ, მართალია, მაგრამ, რომ გამიცნობთ, ცუდ კაცად არ მიმიღებთ-თქვა, მოგახსენებთ თამამად...

- ბატონო, მაგას რაზე...

- თვითონ ბატონი ხარ და კეთილშობილი და, როგორც კეთილშობილს, ისე გკითხავ მეც, კეთილშობილი კაცი... მითხარით, მართლა ეძებთ თქვენ სადედინაცვლოს, თუ არა?

პლატონმა ვეღარ შეძლო დაეფარა თავისი საიდუმლო ამ უცნაურად ჩაცივებულ კაცისთვის.

- ვეძებ! - მიუგო მან ბოლოს.

- თქვენ ძმა გყავთ?

- არა!

- და?

- გათხოვილი!

- კაი დაგემართოსთ! ბედნიერი კაცი შენ ყოფილხარ!.. ახლა დედინაცვალს ეძებ, ორნაქმარებს, უშვილოს, იმიტომ რომ გეშინია, მამულში მოზიარე არ გაგიჩნდეს, - ეგ ადვილი მისახვედრია და, თუ ჩემს პატიოსნებაში ეჭვი არ შეგაქვს, ამის მიზეზი, იმედი მაქვს, არ მომიცია თქვენთვის, სანდო კაცად მიყურებთ...

- მაგას რაზე ნებულობთ! რატომ არა! - დაატანა პლატონმა.

- არა, არა! მე სხვანაირი კაცი ვარ... ოსტატობით გამოგლეჯილი, დაცდენილი სიტყვით მე არასოდეს არ ვისარგებლებ. ამას მე ჩემს თავს არ ვკადრებ, თქვენ არ მომიკვდეთ! თუ მენდობით. თუ დაიჯერებთ ჩემს სიტყვას, მე მიგასწავლით სწორედ იმისთანა ქალს, რომელიც ნამდვილ სათქვენოა, თქვენი ხელმოსაკიდებელია... არ წარმოიდგინოთ, რომ მე თქვენი მოტყუება მწადდეს. მაშინ ღმერთმა აქვე გამათავოს! მე მაჭანკალი არ გახლავარ ზოგიერთივით, არ იფიქროთ... არც ვიკადრებ მაგნაირ ხელობას!..

- რასაკვირველია!

- არა, ამას იმიტომ გეუბნები, რომ ეგებ შენ სხვაფერ იფიქრო რამე. ქალი კი სწორედ ზედ გამოჭრილია იმაზე, თქვენ რომ გწადიათ... ორნაქმარებია, შვილი არ ჰყოლია თავის დღეში, არც მოხუცებულია, კაცმა რომ თქვას... მშვიდობიანი, წყნარი, გულკეთილი, არც ულამაზო, - ის კი არა, ყმაწვილ ქალობაზე ირეოდნენ მისი სილამაზისთვის...

- ნამდვილ იცით ეს ყველაფერი?

- ვიცი?.. შე დალოცვილო, მამიდაჩემის ამბავი თუ აღარ ვიცი, ვიღა ჯანდაბის ამბავი მეცოდინება?! აღარ დაგიმალავ, სწორედ მამიდაჩემია ის ქალი, რომ გეუბნებოდით და თუ მე ჩაცივებით გესაუბრებოდით, ეგ იმიტომ, რომ პირველ შეხედვიდანვე ჩემი გული მოიგე და იმიტომ განვიზრახე შენთან დამოყვრება, დანათესავება, თვარა სხვა რომ ვინმე ყოფილიყო, ხმასაც არ გავცემდი... გამოტეხილი გითხრა, ხლაფორთი ბევრი დამჭირდება, ქალი რომ დევიყოლიო, მარა კარგი კაცის გულისათვის კაცი რას არ იზამს...

- სად ცხოვრობს მამიდათქვენი? - შეეკითხა დაინტერესებული პლატონი.

- ქვედურეთში!

- ქვედურეთში?! - გაკვირვებით განიმეორა პლატონმა.

- ჰო!.. რამ გაგაკვირვათ? ა?

- ისე!.. ქვედურეთში მე კიდევ მითხრეს ერთ ქალზე...

- ვინ გითხრა? - გააწყვეტინა სიტყვა არისტომ. - ვინ?

- არა... ისე, ლაპარაკში სიტყვას მოჰყვა, თვარა...

- ვინ იყო მაინც, თუ კაცი ხარ...

- ადვოკატი რომაა, ივანე გვერდევანიძე... გეცნობებათ...

- უი, უი... და ივანეს სიტყვას უნდა აჰყვეთ?! ცნობით რავა არ ვიცნობ, ბიძაჩემია ის სულწაწყმედილი, ის... იმის სიტყვის დაჯერება გაგონილა? მხოლოდ მოტყუებაზედაა გამაცადინებული ყოველ წამში... ივანე რა ეშმაკად გინდა...

- არა, ყმაწვილო, გინებით არც იმას უგინებია ის ქალი, ის კი არა, ძალიან აქო... ძალიანაც აქო...

- ასე დაგეწყო, შე დალოცვილო, თავიდანვე... ტყვილა გამალანძღვიე ნათესავი... ცეცხლი შემომეკიდა... რა ვიცი დღეს კაცი კაცს ისე ვერ ახსენებს, რომ მისი გინება და ცუდად მოხსენება თანვე არ დაატანოს... მე ვთქვი ახლა, თუ ივანემ თავისი ნათესავი აგინა... ბრეგაძის ქვრივზე გითხრათ რამე?

- სწორედ... სწორედ.

- ჰო და ეგ არის... ჩემო ძმაო, პირობა ხომ არ გვქონებია, ორივეს ერთნაირად გვექო ის ადამიანი?.. ალბათ, ღვთის ნებაც ურევია ამ საქმეში, თვარა ერთნაირად მოლაპარაკე კაცი სადმე შეგხდომია შენ ჩვენში, თუ ძმა ხარ?

- გვერდევანიძემ არც კი იცის, თუ რა საქმეზე ვარ მოსიარულე.

- ჰო და ეგ არის... ეგ არის, ჩემო ძმაო და კეთილო! ღმერთმა ათქმევინა მას და შენ გაგაგებინა თავისი სურვილი ივანეს პირით... სხვაგან ნურსად გადავარდებიო... იქვე განიშნა შენი საძებარი... ღმერთს ყვარებიხარ... თქვენი სახელი, უკაცრავად... ჰო, ღმერთს ყვარებიხარ, პლატონ ჩემო, ამიტომაც მეტი ლაპარაკი საჭიროც აღარ არი და გადავწყვიტოთ საქმე... ძმობაზე ხელი მივცეთ ერთმანეთს. ჰა! - და არისტომ ხელი გაუწვდინა პლატონს.

პლატონი კი ახლა მეტად აირია და გაუბედავობამ შეიპყრო, გადაწყვეტილების მიღების წინ წამდგარი. არისტოს სიტყვა ერთობ ნამდვილ სიტყვად ეჩვენებოდა. ეს ქალი მართლა და ბეკინას ბედი უნდა ყოფილიყო. აბა, რა იყო, რომ იმ წამიდანვე, თავის ჭიშკარს ფეხი გადმოადგა თუ არა, მხოლოდ ამ ქალზე ელაპარაკებიან ყველანი, შემხდურიც და დამხდურიც. უსათუოდ ეს უნდა იყოს მამამისის ბედი. მაგრამ ამასთანავე გადაწყვეტილების მიღებაც უძნელდებოდა. ვაი თუ უფრო სანდო სხვაგან მოინახებოდეს და ამაზე გადაწყვეტით საქმე გამიფუჭდესო?!

- ორნაქმარებია მამიდათქვენი, არა? - ჰკითხა პლატონმა, რომ უფრო დარწმუნებულიყო და ერთხელ კიდევ გაეგონა დამაჯერებელი სიტყვა.

- რასაკვირველია, ორნაქმარები... წინედ უცნობლაძეს ჰყავდა. მერე - ბრეგაძეს!

- შვილი არ ჰყოლია არც ერთთან?

- გეფიცები პატიოსნებას, შვილი არ ჰყოლოდეს თავის დღეში!

- დიდხანს ჰყავდა უცნობლაძეს?

- თუთხმეტი წელიწადი. - და არისტოს გაეცინა.

- თუთხმეტი წელიწადი!.. ბრეგაძეს?

- რვა! - ისევ სიცილით მიუგო არისტომ.

- რვა.

- ჰო, რვა! ეგ ნამეტანია, ყმაწვილო! - ვეღარ იკავებდა სიცილს არისტო.

- რას იზამ კაცი, გაჭირვება ათასნაირ სისულელეს გაფიქრებიებს და თან უხეიროთაც გალაპარაკებს! - ღიმილით მიუგო პლატონმა. - რვა წელიწადი... და შვილი არც ამასთან ჰყოლია?

- არა, ყმაწვილო, არა!.. - მოუთმენლად ამბობდა არისტო. - გეუბნები, აღარაა შენი ლაპარაკი საჭირო... ავდგეთ ხვალ, შევჯდეთ ცხენებზე, მივიდეთ, ვნახოთ ის ქალი, დევითანხმოთ და მორჩა, საქმე გავათავოთ!.. აბა, ხელი... ხვალ ქვედურეთში მივდივართ! საქმე გათავებულია.

პლატონი გაუნძრევლად იჯდა თავის ადგილას და არისტოს შეჰყურებდა. იგი ისევ ყოყმანობდა, საბოლოოდ ვერ სწყვეტდა საქმეს.

- ჰო, ყმაწვილო!

- ცოტა მომითმინეთ!.. ასე უცბათ...

- ე, თქვენ, როგორც გატყობთ, გაუბედავი კაცი ყოფილხართ! გაგიგონიათ ასეთი გაუბედაობა, ამდენი ყანყალი!.. საქმე ცხადია და ნათელი - რაღა მოთმინება და გადადებ-გადმოდებაა საჭირო კიდევ!

- არა... არა!.. ასე სულდაუთქმელად არ შემიძლია, ცოტა ხნის შემდეგ მოგახსენებ ჩემს პასუხს... ასე აჯობებს კიდევაც! - თავის სიტყვაზე იდგა პლატონი.

ბევრს ეცადა ქვაშავიძე პლატონისათვის სიტყვა დაეცდევინებინა, მაგრამ მაინც ვერას გახდა.

- მაგარი კაცი ყოფილხარ ძმობას ვფიცავარ!.. ძალიან მაგარი. რა გაეწყობა!.. აბა, ამ ვახშმობამდის გევიგებ შენს სიტყვას და მანამდის მოთმინებას ვიქონიებ...

ამ საგანზე ლაპარაკი დამთავრებულად უნდა ჩათვლილიყო ვახშმობამდის. ორივე ჩაჩუმდა, სანამ ახალ სალაპარაკო საგანს მიაგნებდნენ.

- კი არ გაყინულა ეს ჩვენი ჩაი!.. - წაავლო ხელი სტაქანს არისტომ. - შენ რომ არა, უფრო თბილის დალევა მოგვიხდებოდა ორსავეს. - ღიმილით დაატანა მან.

- ცივი კბილებს შეინახავს. - მიუგო პლატონმა.

- ეგეც მართალია! - თქვა არისტომ, უცბად გამოცალა სტაქანი და ლამბაქით და კოვზით ხელში აივანზე გავიდა, რომ მოსამსახურისათვის გადაეცა.

აქ ისევ სიცილი და მხიარულება სუფევდა.

- სახლში ხომ არ ეპატიჟებოდი პლატონს, ასე ჩაცივებით რო მისდექი მაგ კაცს? - მიმართა სიცილით ერთმა ყმაწვილთაგანმა არისტოს.

- მგონია, ძალიან უარით გამოისტუმრეს ”ზნაკომობაზე”! ”ხადი დალშე, ზნაკომ ბუდეშო!..” არისტო, ხომ? - დაატანა მეორემ.

- არ ეტყობა?! ბარგიც თან ოუკრავს! ხა, ხა, ხა!

- რავა? ასე სახელგატეხილია არისტო, რომ ამდენი ხვეწნა ჭირდება, სახლში რომ ვინმე მიიწვიოს? - სიცილით იკითხა ჯიმშერმა.

- მიიწვიოს კი არა, მიიტყუოს, ბატონო, მიიტყუოს! ყველა ჩემსავით სულელი კი არ არის!.. - წამოიძახა ერთმა კოხტა, მაღალი ტანის, ლამაზი სახის ყმაწვილმა.

- რავა იყო, კოტე... რავა, შენ რომ დაგპატიჟა?! - მიაძახეს ამ ყმაწვილს სხვებმა და ატყდა ერთი ხითხითი.

- კაია, ნუღა გამახსენებთ, თუ ღმერთი გწამთ!

- ააბრუნა ამან თავის წისქვილი! - ღიმილით მიაძახა არისტომ.

- მოჰყევი, მოჰყევი კაცო!.. - მიაძახეს ყმაწვილს. - ჯიმშერს არ გოუგონია მაგ ამბავი!

- გავბრიყვდი, ბატონო, გავბრიყვდი და ვესტუმრე მაგ უხეიროს... არ მომეშვა, თქვენ ნუ მომიკვდებით, თვარა ჩემით რავა წევიდოდი!.. ჯერ დიდხანს უარს ვეუბნებოდი და მერე, რომ აღარაფერი გამეწყო, მე ვთქვი, კაცი დამემდურება-თქვა, რაც იქნება, ვეწვევი-მეთქი... ავდექი და წევედი... წევედი.

სწორედ აპრილი იყო... მე ვთქვი, ღვინო ჯერ კიდევ ექნება კაცს, სირცხვილში აღარ ჩავაგდებ-თქვა... ამის გულისათვის ტალახი ბევრი ვსრისე, ღობე ბევრი გავარღვიე, გზები ისეთი, რომ ძლივს გავატანე... რავარც იქნა, მივედი, მივაწიე... დაღლილი, დაქანცული. მოვისვენებ ერთი, ვამბობ ჩემს გუნებაში... მივედი ახლა, გადავიხედე ეზოში - სადღაა სახლი. ფიცრები ყრია აქაც, იქაც... აგერ გამოუწყიათ ახალი სახლი, სვეტია მხოლოდ და მასხარობასავით მარტო ერთი კარი ოუკიდნიათ... ჩევედი ეზოში... ვუყურე, ვუყურე, მომივიდა გული, მივაფურთხე ერთი და გამოვაბრუნე ცხენი და გაცეცხლებული მივდივარ უკან... ვიღაც კაცი შემხვდა, ვკითხე: ბიჭო, არისტო ქვაშავიძის სახლი სად არის-თქვა და... ”ბატონო, არისტოს ფიცრების მეტი არაფერი აქვსო, სახლი სად აქვსო”... თურმე ძმები გაყოფილან, სულ ფიცარ-ფიცრად გაუტანიათ სახლი და ახლა ორსავე, რომ მთელად აღარ აქვთ მასალა, ქე არიან ისრე უბინაოთ... დაყანყალობენ იქით-აქეთ. მაგათ ღმერთმა მშვიდობა მისცეს და მე რაზე მპატიჟობდა, ჰკითხეთ ერთი!

- გაყოფამდი გპატიჟობდი... მაშინ უნდა მწვევოდი... ჩემი რა ბრალია. არა, ბატონო ჯიმშერ?.. კაი, თუ გინდ აგრე იყო, არ დამითვრიხარ იმ ღამეს მერე? - მიმართა სიცილით არისტომ კოტეს.

- ეგ კი... რომ ვბრუნდები ის არის, გევიხედე აგერ არ შემომეყარა გზაში ეს ჩემი მასპინძელი?! აი, შენ ასეთო, აი შენ ისეთო - მივაძახე გაცეცხლებულმა... - არ გრცხვენია, ასე მომატყუე, მომკალი?! გულზე ვსკდები კაცი! ეს-კი იცინის... სადმე თავი მიმადებიე, შე უღმერთო, ვეხვეწები დაღლილი, მკვდარი კაცი. წამიყვანე, სადაც შენ მიეთრევი-თქვა... წამიყვანა, ბატონო, ვიღაცა ნათლიმამა ჰყოლია. ვინ ოხერმა მოანათლია მაგას შვილი! წამიყვანა, მიმაყენა ყაზახისას... მოიფხანა ყაზახმა თავი, მარა რარიგად... რა არ მოგვიტანა, რა არ მოგვართვა, რა მასპინძლობა გაგვიწია... ეს შეჩვენებული კი დათვრა და სულ ერთიანად სტაქნები და საინები დოუფშვნა... ახლაც მრცხვენია, რომ გამახსენდება...

- ხომ დაგათვრე?.. ამაზე იყავი მოსული და რაღას მემდური კიდევ, ჩემო ძმაო... დრო გაგატარებიე, ვალი გადამიხდია! - დაატანა არისტომ. - მეტი რაღა გინდა?

- ეგ იმ კაცმა მცა პატივი, შენ კი არა!..

- ჩემით... აბა, მარტო მიბრძანებულიყავი... მარა შენ რომ მოჰყვები მასხრობას, ხვალამდი ვერ გაათავებ! - ხელი აუქნია არისტომ და ოთახში შევიდა.

ბალდავაძე საზოგადო სიცილში ისევ განაგრძობდა თავის მონაყოლ ამბავს, არისტო კი ამ დროს დაეძებდა სალომეს, რომელიც ვახშმის განკარგულებაში იყო.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — დავით კლდიაშვილი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: aura.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.