– IV –
ეზოს კარებში ყმაწვილი ქალი გულზე ახუტებული ბავშვით თავზე ადგა გლეხს, რომელიც ბოსტანს რაგვავდა. ქალი მობრუნდა, რაკი გლეხმა ანიშნა სტუმრის ეზოში შემოსვლა, მიაჩერდა მას და, რა იცნო თავისი ძმა პლატონი, უცბად ჩამოსვა მიწაზე ბავშვი, გაისწორა თავსაფარი და ერთის ძახილით, სიხარულით აფრენილი გამოექანა ძმისკენ. ბავშვმა შექნა ღრიალი, აბღავლდა მეორე იქვე მყოფი უფროსი გოგოც, მაგრამ დარიკოს მათი აღარაფერი ეყურებოდა.
- შენი ჭირიმე... შენ დაგენაცვლოს შენი და დარიკო!.. რა დღე გამითენდა ეს?.. უიმე, უიმე! - მოქაქანობდა დარიკო. და-ძმა მხურვალედ გადაეხვივნენ ერთმანეთს.
- მობრძანდი, შენი ჭირიმე!.. მობრძანდი! - მიუძღოდა აფუსფუსებული დარიკო ძმას სახლისაკენ. - მალაქია!.. მალაქია!.. ჩემო მალაქია, გადადექი და მანდედან კირილეს მიაძახე... შენი ჭირიმე... თავი დაანებე მაგას!..
გლეხმა მიატოვა სამუშაო, გაიქცა წინ და რაც ხმა ჰქონდა დაიწყო ყვირილი:
- კირილე... ბატონო კირილე!.. კირილე, უ - უ!..
- რაზე აბრუნებ, დარიკო ჩემო! წავიდეს!.. - უთხრა პლატონმა დას.
- ეს-ესაა ცხენზე შეჯდა, რაღაცა საქმე მაქვსო და წავიდა, გამიქრა ხელიდან... ვერ დავამაგრე სახლში... დაყანყალობს ასე ტყუილუბრალოდ!.. რა მოვუხერხო, აღარ ვიცი... გამიჭირდა საქმე!..
ბავშვები კი ისევ ღრიალებდნენ ბოსტანთან; ერთი მიწაზე ფართხალებდა და გოჭივით ჭყვიროდა.
- გოგო, ნინოია!.. წადი, გოგო, ბავშვებს მიხედე... გააჩუმე გასაწყვეტლები! - სახლში შეიძახა დარიკომ და რიკულებთან გაყოლებულ ფიცარზე მჯდარ პლატონთან თვითონაც ჩამოჯდა. მალაქია კი ისევ თავმოძულებით უყვიროდა კირილეს.
- რას შვებით, ძმაო, ხომ კარგად ხართ? - წუწუნით იკითხა დარიკომ.
- ჩემი რძალი ხომ კარგათაა, შენი ჭირიმე?.. - მიუგო პლატონმა.
- ჩემი რძალი ხომ კარგათაა, შენი ჭირიმე?.. ბავშვები?..
- არიან, ღვთის მადლით...
- მამა?.. ვაი მისი გაძაღლებული სიცოცხლე! - ამოიხვნეშა დარიკომ. - რა ვქნა, ძმაო, ვეღარ მივხედე მე უბედურმა ამ გაჭირვების, გამწარების ხანს... რა ვქნა მარტოდ ვწრიალობ ამ ოჯახში, ერთი საათით ვერ მიმიტოვებია... ვისზე დავტოვო, შენი ჭირიმე?.. და ამასობაში, ვეღარც მე გნახეთ და თქვენგანაც დავიწყებული შევიქენი, ძმაო!. წუხს კიდევ უბედური? ან კი რა გაახარებს მის გულს, დედიჩემის დამკარგველს!.. ხომ არ ავადმყოფობს მაინც, შენ დაგენაცვლე?
- ავადმყოფობას რა უნდა მასთან?.. ავად კი არა... ჰმ!.. - გაიფრუტუნა პლატონმა.
- ჩემი მომდურავი კი იქნება და მემართლება კიდევაც, - ისევ ამოიოხრა დარიკომ.
- ტყვილა წუხარ მაგას, ჩემო დარიკო... ჩვენ აღარავის ვახსოვართ, ჩემო დაო!
დარიკომ გაკვირვებული სახის მეტყველებით გადახედა ძმას. მისი სიტყვა მეტად ეუცნაურა და ვერ მიუხვდა, რას ნიშნავდა იგი.
- მამაშენი რომ მწუხარეა, ისე ყოველი ჩვენი კეთილი შეაწუხოს ღმერთმა!.. რას ამბობ, მწუხარე კი არა, საქორწილოდ ემზადება ის კაცი! - გაიცინა პლატონმა.
- რა ხუმრობა იცი, პლატონ! - იწყინა დარიკომ.
- შენ არ მომიკვდე, არ გეხუმრებოდე!..
დარიკო გაშტერდა.
- იმას აღარც დედაშენი ახსოვს, აღარც მკვდარი და აღარც ცოცხალი ვინმე!..
- პლატონ, პლატონ! ძმაო!..
- აგერ ნახავ!.. საქმე გადაწყვეტილია!
- რა არი ახლა, პლატონ?! გადავირევი ეს არის!.. ტყვილია... - ძლივს სიტყვას ამბობდა შეწუხებული ქალი, რომელსაც ხუმრობა ეგონა ძმის ნათქვამი.
- ცოლ-შვილს გეფიცები!.. ქალს თხოულობს... რა მეხუმრება, კაცი გულზე ვსკდები!
- უიმე, უიმე! - იყვირა დარიკომ და გამწარებული ლოყაზე ხელს ირტყამდა. - უიმე! უიმე!.. ეს რა გეიგონა ჩემმა ყურებმა!..
- რა გაეწყობა! - ამოიოხრა პლატონმა.
- ასე მალე დასავიწყებელი ქალი იყო საწყალი დედაჩემი?.. ღმერთო, მომკალი... ღმერთო, მომკალი! რატომ მიაწია მაგ უბედურმა ამ დღემდის, მაგისთანა საქმეს რომ შვება?! ვინ უნდა შემოათრიოს დედიჩემის მაგიერ მაგ ჭკუადაკარგულმა, ვინ? - მოთქმით ამბობდა დარიკო.
უკანასკნელი მისი სიტყვა პლატონს აღარ გაუგონია და პასუხი არ მიუცია მასზე, იმიტომ რომ ეზოში შემოჯირითდა თავისი ლამაზი, წაბლისფერი ცხენით კირილე და ერთი ყიჟინით მიმართა ცოლიძმას:
- პლატონს, პლატონს ვახლავართ!.. პლატონს ვახლავართ! დარიკო, კედელს ნახშირი, ნახშირი კედელს!.. ასე უნდა, შე პატიოსანო კაცო, მოყვრის მივიწყება?.. აი, შენ კი რა გითხრა!.. შემოსაშვები ხარ სახლში?! ძალიანაც შემცდარა ეგ შენი დაია, თვარა მე რომ ვყოფილიყავი, არაფრის გულისათვის არ შემოგიშვებდი, ფეხსაც არ შემოგადგმევინებდი! ხა, ხა, ხა!.. - და მაღალი ტანის კოხტად ჩაცმული შნოიანი ახალგაზრდა კაცი გრძნობით მიეგება თავის ცოლისძმას.
- რავა მშვიდობით, პლატონ ჩემო?
- მადლობელი გახლავართ... ვართ ისე...
- ჩემი სიმავრი როგორ არი... ჩემი ძვირფასი ბეკინა? ხომ ყოჩაღათაა კიდევ?
- სხვაგან რომ დაყიალობ, იქაც მივიდოდი, ვნახავდი და საკითხავი აღარ გექნებოდა! - უთხრა მოწყენით დარიკომ ქმარს.
- მივსულიყავი!.. სადაც მგლოვიარობაა, იქ რა მიმიყვანს! მაინც რომ აღარაფერი გეშველათ, თქვე დალოცვილებო! - მიუბრუნდა კირილე ცოლისძმას. - გაგიგონია ამდენს ხანს მგლოვიარობა?
- შენ არ იცი, თვარა კაი ხანია გათავებული გვაქვს, - მიუგო ღიმილით პლატონმა.
- ქეიფის მეტი რომ არაფერი გაგონდება, ნეტავი, შენ, შე უბედურო! - წაულაპარაკა დარიკომ.
- ჩვენ გახლავართ მიმინაშვილები! - წამოიძახა კირილემ და წამოიჭიმა ფეხზე ამდგარი. - მიმინოს შვილები... მიმინოს!.. ჩვენთან რა უნდა მწუხარებას... ჩვენს თავს არავის არ დავატყვევებინებთ... გვაროვნობით ვართ ასე... სადაც სიამეა და მოლხენა, იქ ჩვენც ვართ, ასე მოგვდგამს გვაროვნობით!.. აბა, შენი ჭირიმე, ორიოდე დღე ვიცოცხლო, გული მწუხარებით ევივსო, მოლხენა დავაკლო და ისე წავაყრევინო ზედ მიწა?! შენც არ მომიკვდე... მაგაზე მეტი სისულელე იქნება?! კაცი მუდამ მხიარული უნდა იყვე და სხვასაც იამება შენი შეხედვა! აბა, ასე უნდა, შენ რომ ხარ? ძმა მოგივიდა და ასე მოწყენილი ხარ, არა გრცხვენია? - და კირილემ გულიანად გადიხარხარა. - მართლა, რანაირი ხარ, დარიკო ჩემო... შე ქალო, ძმის მოსვლა გეწყინა თუ?
- რა ცუდი ამბავი მოვუტანე მერე! - ღიმილით თქვა პლატონმა და დარიკოს გადახედა.
- ჰო!
- ქორწილში პატიჟობს...
- არიქა, მიშველე, პლატონ! ვინ, ვინ, თუ ღმერთი გწამს?
- მამა მაგისი!
- ა?.. მამა მაგისი?
- ჰო, ქალს თხოულობს შენი სიმავრი! და შენ იცი, კირილე, რავა მოულხენ!
- ხუმრობ თუ მართალს ამბობ, პლატონ? - გაკვირვებით შეეკითხა კირილე.
- შენ ნუ მომიკვდები, მართალს ვამბობ.
- ხა, ხა, ხა, ხა, - გადიხარხარა კირილემ. - ხა, ხა, ხა, ხა!.. აი და ბეკინა!.. აი და შენი ჭირიმე!.. შენ გენაცვალე შენს ლამაზ წვერებში! ხა, ხა, ხა! შერცხვენილი ვიყვე, თუ სანაქებოდ არ მოვულხინო... შერცხვენილი ვიყვე!.. იმისთანა მაყრულით მივყვები, რომ იქოურობას გავაყრუებ, ტყე და ველს შევძრავ!.. როდისთვის აპირობთ, ა, როდისთვის?
- ჯერ, შე კაცო, ქალია მოსანახი!
- ქალის მეტი რაა დედამიწაზე!.. რაღას აგვიანებთ?.. მაშვალი ვინა გყავთ?
- მე ვარ! - მიუგო პლატომა.
კირილე ერთი შეჩერდა და მერე გადაიხარხარა თავისი რიხიანი სიცილით.
- შენ ხარ მაშვალი?! თუ ძმა ხარ! ხა, ხა, ხა!
- მე ვარ, მე, ჩემო ძმაო, რას იზამ! კაცი სიკვდილამდის ყველაფერს უნდა მოელოდეს, თუ სიქაჩლესო... ანდაზებიც კი დამავიწყდა ამ უცნაურობაში...
- შენ რავა მაშვლობ მერე? შენს საწინააღმდეგო საქმეში უწყობ ხელს?
- აბა, რა უნდა ქნა, მეტი გზა რომ არ გექნება, ჩემო საყვარელო ძმაო? ბევრი ვეხვეწე, ბევრი ვეწინააღმდეგე, მარა არაფერი გამეწყო, ვერაფერი შევასმინე! კარგი შვილი ხარო და ღმერთი არ ჩაგაგდებს გასაჭირშიო, ყოველ უბედურებას აგაშორებსო, დოუჯინია და, ვინ იცის, მის სიტყვაზედ იქნება თუ არა, ასე მოწყალებით გადმომხედოს ღმერთმა, - ეგებ დაჯილდოვების მაგიერად, კიდეც მიწყრებოდეს, რაზედ ინახავ მაგისთანა გამსუნაგებულ კაცსაო, - და ამის გაგებამდი ვითომ მე დავაპირე ჩემის მეცადინეობით ავიცილო თავიდან მოახლოებული უბედურება... ისე თვალები უბრმავდებათ მაგ უხეიროებს, არ უნდათ შეხედონ, რომ ერთი ქალის მონაშენს არ ყოფნის ოჯახის ქონება, ორი ქალისას რა უნდა უყოს!
პლატონი მასხრულის კილოთი დაწვრილებით მოუყვა ცოლ-ქმარს თავისი მდგომარეობის ამბავს და იმას, თუ რამ აფიქრებინა თავის დედინაცვლის მოსაყვანად მამას მაშვლად დასდგომოდა.
დარიკო ხმაგაკმენდილი იჯდა, მწუხარებისაგან კრიჭა შეკრული; კირილე კი ერთობ გამხიარულდა, მისმა სიცილმა იქაურობა გააყრუა.
- ეგ ყველაფერი ძალიან მოგისაზრებია... მარა რომ ეყოლოს, კაცო, შვილი... ხა, ხა, ხა!.. შვილი რომ ეყოლოს? სეირი არ იქნება? რას იზამ მაშინ, პლატონ? ხა, ხა, ხა! - ხარხარებდა კირილე.
- რავა ეყოლება... ორ კაცთან ქალი უშვილო ყოფილიყვეს, ე მამაჩემი რაღა განსხვავებულ კაცად უნდა გამოჩნდეს ვითომ?!
- კი, მარა ეს მითხარი, ვთქვათ, ეყოლა ახლა, რას იზამ მაშინ, ა? - არ ეშვებოდა კირილე.
- რა ვიცი, რას ვიზამ... ახლა რავა გითხრა? რა ვიცი, რომ გავმწარდები, რას მეტყვის გუნება...
- მაინც, მაინც?..
- რა არი ახლა ასეთი სულელური ჩაცივება?! - შეუტია კირილეს დარიკომ.
- რაც მერე იქნება, ის ღმერთმა იცის, - დაუბრუნდა გაწყვეტილ სიტყვას პლატონი. - რაც შემდეგ იქნება, ის ღმერთმა იცის და ახლა უნდა გამოგიტყდეთ, იმისთვის მოვედი თქვენთან, რომ შემწეობა მომცეთ ამ ჩემ გაჭირვების დღეს...
- ღმერთი კი რამეს შემაძლებიებდეს და შენ, ძმაო!.. - წუწუნით თქვა დარიკომ.
- კი, ბატონო, თუკი რამეში გამოგადგები! - დაატანა კირილემაც.
- ჩემს კუთხეში არავინაა იმისთანა დაწყევლილი სულიერი, მე რომ მჭირია და ეგება აქ, თქვენსკენ იყვეს ვინმე...
- ვინ უნდა იყვეს... - ჩაფიქრდა დარიკო.
- შენ ათას ადგილას მიდი-მოდიხარ, კირილე... ეგებ იცოდე სადმე?..
- ხა, ხა, ხა! - გადიხარხარა კირილემ. - განა დედაბრების ამბების შესატყობად დავდივარ, კაცო?! ქალებს რას დავეძებ, მე ქეიფისათვის დავდივარ, შე კაცო!.. უშვილო დედაბრები ღმერთსაც მოძულებული ჰყავს, მე მათ რას დავეძებ!..
- ვერავინ გეიხსენე, დარიკო? - მიუბრუნდა დას პლატონი.
- ვერა, ძმაო... ვერა... აქ არც კი უნდა იყვეს მაგისთანა ვინმე...
- აბა სხვაგან საძებრად გამხდომია საქმე! - თქვა პლატონმა.
- მეც შენთან ვარ მძებნელი, როგორც კაცი! - წამოიძახა კირილემ. - ძმობას გეფიცები!.. არაფრის გულისათვის არ დაგშორდები... ვძებნოთ, პლატონ, ვძებნოთ! ხა, ხა, ხა! ჩემს დღეში ამგვარ უცხო საქმეზე არ მივლია და აქედან ვიცი, რომ ბევრი გასართობი ამბები მოგველის! რამდენ დედაბერს სანატრელად გავუხდით უშვილოდ ყოფნას... ხა, ხა, ხა! ერთი ჩხუბი და ცილობა უნდა ავუტეხოთ ერთმანეთში საწყალ დედაბრებს, უსათუოდ! არ შეიძლება უამისობა!..
- რა სისულელეა ახლა მაგ?! ეგებ შენი წაყოლა სულაც არავის უნდოდეს!.. ძალაზე ხარ თუ?.. - მიმართა დარიკომ.
- ძალზე ვარ... თუ მაგისი მამაა ბეკინა, მეც მამად მერგება... სიმავრია ის კაცი... არ უნდა გევისარჯო მისთვის?!
- არავინ არ გთხოვს!
- აბა რაზედაა ეს კაცი მოსული?.. თვითონ არ თქვა, შემეწიეთო? ეგ გადაწყვეტილი საქმეა, რომ მე პლატონთან წამსვლელი ვარ სადედინაცვლოს საძებრათ... ხა, ხა, ხა! ეს გათავებული საქმეა, ჩემო დარეჯან, ამაზე ნუღარ შეწუხდები... ნუ გეწყინება და უმჯობესია ვახშამზე დაგვიტრიალდე, შენ ნუ მომიკვდები... კი, ჩემო დარეჯან... შენებურად, ისე, გულუხვად!
- ეგ არაფერი შენი სასწავლებელი საქმეა... შენ შენს საქციელს აზრი დაატანო, ის გირჩევნია!.. - წყენით მიუგო დარიკომ და ზეზე წამოდგა.
- ე, აკი არ გამიგულისდა?! - მიაძახა კირილემ. - აკი არ გამიგულისდა? კაი, მამაშენი ნუ მოგიკვდება, კაი თუ გიყვარდე... წაყოლას ვერ გადავთქვამ და სხვა რამე თუ უხეირო სიტყვა მითქვამს, ბოდიში მომითხოვია, შე ქალო... მეტი რა ვქნა? ბოდიში მომითხოვია. წაყოლით კი, რომ მომკლა, მაინც უნდა წავყვე, რომ... არ ვიცი, არ ვიცი, რაც არ უნდა მიქნა... შენ რას იტყვი, პლატონ?
- შენი ნებაა... - მიუგო მან, თუმცა გუნებაში ძალიან სწყინდა კირილეს დაჯინება.
მან კარგად იცოდა კირილეს ხასიათი და მასთან მგზავრობა, ისინიც ამნაირ საქმეზე, მეტად საფრთხილო იყო. რასაკვირველია, იგი სასეირნოდ მიდიოდა, როგორც თვითონ თქვა, და ამასთან ყველგან ტყუილუბრალოდ მუდამ ჩხუბის ამტეხი კირილე სწორედ ხელშემშლელად თუ წაჰყვებოდა, თორემ საქმეში შემწედ არა. პლატონს არ ეგონა, თუ ასე აიჟინებდა მასთან მგზავრობას მისი სიძე, თორემ ასე არ დაიწყებდა ლაპარაკს.
- შენი ნებაა! - უთხრა პლატონმა, - მარა ეგებ ბევრი სიარულიც არ დაგჭირდეს... აგერ გზაში, ივანე გვერდევანიძე რომაა, იმას შევხვდი და ისე, ლაპარაკში მოჰყვა თვითონ ქვედურეთშიო, ბრეგაძეებისას, ყოფილა ერთი დედაკაცი, იმისთანა, მე რომ ვეძებ... სამნი ძმანი ყოფილან ის ბრეგაძეები... ხომ არაფერი გაგიგონია, დარიკო, მათ შესახებ?.. ეგებ იცნობდე კიდეც... ა?..
- ბრეგაძეები... ქვედურეთში... არა, ძმაო, არა, არ ვიცი!
- ისე, სიტყვას მოჰყვა... ძალიან აქო გვერდევანიძემ.
- მივიდეთ და ვნახოთ მერე!.. - წამოიძახა კირილემ.
- ასე ხამათ რავა მივიდე... ჯერ ამბავი უნდა გევიგო... ეგებ უშვილო იყოს, მარა ქაჯს გავდეს, რა ოხრად მინდა მაშინ! - თქვა პლატონმა...
- ეკლესიაზე მივიდეთ კვირა დღეს. მივიკითხ-მოვიკითხოთ, შევხედოთ...
- არა, არა, მაგრე არ შეიძლება...
- რადგანაც აგრეა, ჩემო ძმაო, შენ მაგის მამიდასთან მიდი... ჰკითხე სალომეს და სწორ ამბავს ის გეტყვის იმ ქალის შესახებ... ქვედურეთი მათგან შორს არ არის და უსათუოდ ეცოდინება იმის ამბავი, შენ რომ ქალს ამბობ, - ურჩია პლატონს დარიკომ. - თუ არა და, შეიძლება თავად იმას ეგულებოდეს ვინმე მაგვარი.
- ბრავო, ბრავო! - შეჰყვირა კირილემ. - ბრავო, დარიკო! აი და ყოჩაღ, ქალო, ეგ ნამდვილი რჩევაა, შენ ნუ მომიკვდები!
- მაინც ასე ვიზამ, - დასთანხმდა პლატონი.
- აბა, მივდივართ ხვალვე მამიდაჩემთან! - წამოიძახა კირილემ. - ხვალ! არა, პლატონ?
- ხვალვე უნდა წავიდეთ.
- შენ არსად წამსვლელი არა ხარ! - შეუტია ცოლმა კირილეს.
- თუ გიყვარდე, მაგაზე ნუღარაფერს მეტყვი. ჩემი საქმე მე უკეთ ვიცი... შენ შენს საქმეს მოუარე!
დარიკომ რაღაც წაილაპარაკა გულმოსულმა და ვახშმის განკარგულების მისაცემად წავიდა.
- და თუ გინდა, პლატონ, - დაიწყო კირილემ სიცილით, აგერ ახლოს ერთი კაი აზნაურიშვილი მოკვდა და ზეგ ასვენებენ, ხომ იცი, სატირალში რამდენი ქვრივი დედაკაცია მიმსვლელი... მივიდეთ იქ, დავდგები ისეთ ადგილას, რომ ერთი შეხნიერებული დედაკაცი ვერ გამომეპარება შეუმჩნეველი... ყველას ამბავს ვიკითხავ... ეგებ იქაც ვნახოთ შენი ორნაქმარები უშვილო... ეგ უფრო ადვილიც იქნება და საჩქაროც... ა, რას იტყვი შენ?
- შე კაცო, ასე გამოსაქვეყნებლად კი არ მინდა ეგ საქმე! - ღიმილით მიუგო პლატონმა.
- აბა, მამიდაჩემ სალომესთან გავსწიოთ, რავარც დარიკომ გვირჩია... ძალიან კარგი! ეს საქმე ასე გვაქვს დაწყობილი ხომ და ახლა მე წავალ და ბიჭს მოვავლებიებ შენი ცხენისათვის... შენ კი ცოტა მოისვენე, ნამგზავრიც ხარ და მერე ვახშმისათვისაც ცოტა შემაგრება დაგჭირდება, რომ ქეიფიანად შევუდგეთ აქედანვე საქმეს, ხა, ხა, ხა! - გადიხარხარა კირილემ, შეიყვანა ოთახში პლატონი და თვითონ კი დაბლა ეზოში ჩავიდა.
- ჰეი, ჰეი, ნეტავი შენისთანა ხასიათის მქონე კაცს! - უნებურად წამოიძახა ოთახში მარტოდ დარჩენილმა პლატონმა. - ყველაფერი ჩალად უღირს... თავის ქეიფს მისდევს... ან კი რა უჭირს? ჯერ კიდევ ეყოფა მამის დანატოვარი... ჩემისთანამ იკითხოს, ჰეეეი! - ამოიოხრა პლატონმა, შეიხსნა ქამარი, გაიხსნა ჩოხა და მიწვა იქვე კედელთან მდგარ ტახტზე.
შებინდებული იყო, კირილემ პლატონი რომ გამოაღვიძა.
- ადე, ადე, პლატონ შენ ნუ მომიკვდები, იმისთანა ვახშამს გვიმზადებს დარიკო, რომ შენი მოწონებული!.. მართლა, კაცო, რამ შეგაჯინა იმისთანა ბედაურზე, შენ რომ მოგიყვანია?
- ჰო! - მიაჩერდა პლატონი სიძეს.
- შენ არ მომიკვდე, იმან ჭიშკრამდინაც ვეღარ მიგიყვანოს შენ, ისეა!.. - გადიხარხარა კირილემ.
- ზურგი ექნება გაფუჭებული! - დაღონებით წაილაპარაკა პლატონმა.
- აქვს და აგრე?! სულ ერთიანად გადაშვლეპილი აქვს! - იმ ამოსაგდებ გვერდევანიძის ნაწყალობებია მაგი ამბავი! ამოაგდო მისი ოჯახი ჩემმა გამჩენმა... მაინც ამოსაგდებია, რაც ის ბოროტებას სთესავს!.. რა მეშველება ახლა? - შეწუხებით წარმოსთქვა პლატონმა, - ახალი ჭირი არ ევიტეხე?!
- არაფერია, არაფერი! - ხალისიანად შესძახა კირილემ. - გულმაგრად იყავი! ცხენს ვერ გიშოვი, თუ?
- ამას რა ვუყო?
- მაგ დავტოვოთ... ეგერ მეზობელი ყაზახი მყავს, წამალი იცის იმისთანა, რომ სამ დღეში მოურჩენს ზურგს... ჩვენ წევიდეთ და, რომ დავბრუნდებით, ცხენს გამოკეთებულს დაგვახვედრებს დარიკო. არაფერია!.. აბა, წევიდეთ და ერთი ორიოდე სადღეგრძელო დავლიოთ შებრაწულ გოჭზე... ღმერთსაც შემწეობა ვთხოვოთ და ასე გავატაროთ ეს დრო!.. სამწუხარო ჯოჯოხეთშიაც არ მოგვაკლდება და აქ მაინც მოლხენით ვიყვეთ, შე კაცო!..
ცოტა ხნის შემდეგ სამივე ვახშმის სუფრას მიუსხდნენ. გამხიარულებული კირილე ათასნაირ სადღეგრძელოებს იგონებდა და ჩაციებით აძალებდა ცოლიძმას ღვინოს.
- ნუ აწუხებ, კირილე! - ეუბნებოდა დარიკო, მაგრამ კირილე თავისას მაინც არ იშლიდა.
- აბა, რათ მინდა ოჯახი, თუ ჩემთან მოსული კაცი, მერე კიდევ რა კაცი, ცოლიძმა, ქორწილში რომ მპატიჟობს, არ დავათვრე, არ დავალევიე რჯულზე!.. რომ ასე არ ვუქნა, მასთან რომ მივალ, აღარც მე დამალევინებს და წყალნასვამს გამომისტუმრებს... რაზე ვუმტრო ჩემ თავს? რატომ ვქნა ეგ? ხა, ხა, ხა! სულელი ვარ? თუ გიყვარდე, ერთბაშად გამოცალე ეგ ყანწი... სადედინაცვლოს სადღეგრძელოა!.. ემაგრე!.. მაგრე!.. შენი ჭირიმე, ბეზ კაპლი, ბეზ! - ხარხარებდა კირილე კიდევ დიდხანს.