წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
წიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა; მოეწერა მზისა შუქთა: „ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა. აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა.
ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია! ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათნი ჯავრნი ჩვენ ზედა ჩვენგან არ დასათმონია!
შენგან ჩემისა ქმრობისა წინასცა ვიყავ მნდომია, მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია, ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, მანდა ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.
მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე; გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე? მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!“
ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალვოდა; ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რად დამეთვალვოდა! გული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მემალვოდა; მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა“.
წიგნი ტარიელისა საყვარელთანა
თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: „მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია! სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია“.
ასმათს ვუთხარ: „მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივჰხვდები; ესე ჰკადრე: „რათგან, მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოჰხდები, აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები, რასაცაღა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები“.
ასმათ მითხრა: „მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს: ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბნარსა ვერა სცნობდეს, ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს“; და-ცა-მვედრა: „ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს“.
მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა, მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა; მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.
ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა; მან მითხრა: „არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა“. ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა: „ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა“.
ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს, ლხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს; შევე, დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს. მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს.
წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა
გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემ-მაგიერი; მივსწერე: „მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი! მათი ერთგული გაძღებიხ ყოველი სული მშიერი, ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ-მადლიერი.
ჩვენნო ძმანო და პატრონნო, თქვენგან არ გავიმწარებით; ესე რა ჰნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით; თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით. სჯობს, რომე გვნახნეთ, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით“.
კაცნი გავგზავნენ, მე გულსა მომეცა უფრო ლხინები, დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები; მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები, აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.
პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი; ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი, მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი; ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვნი საწუთროსა გმობანი“.
ნესტანისაგან ტარიელის ხმობა
დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული, ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული; წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული; კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა საქმე დაფარული.
„მონააო ასმათისი“, საწოლს ვუთხარ შემოყვანა. მოეწერა: „გიბრძანებსო“, ვისი მესვა გულსა დანა. ლხინმან ბნელი გამინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა, წავე, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!
ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბნარი; ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი, მითხრა: „ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი, მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი“.
ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა; შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა, მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.
დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა; ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა: „აწ წადიო, ვერას გითხრობს“, მე კვლა მიმცა ალმან მურსა.
ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე, ვთქვი: „საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე, მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?“ გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე!“
ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარეთ შიგან ბაღი; მითხრა: „ეგრე წასლვისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დახაშ, სიხარულის კარი აღი; სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი“.
მე ვუთხარ: „დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა; ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა, ჩემ თანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა; თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ, დანამალსა“.
შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა; ღამე მერჩია, მეწადა არ-გათენება დილისა.
წიგნი ხატაელთა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი
ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია, - სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია: „არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია, ვინ არის თქვენი ხელმწიფე? ჩვენზედა რა პატრონია?“
მოეწერა: „რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა. გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა! რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა? ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენ მიერსა“.
ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია. იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკე მონასხპანია, ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე-კაპანია.
ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა; აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.
ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა, თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: „მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა!“
შინა მოვე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა, თვალთათ, ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქეფდა. „ბედი ჩემი უბედური, - ვთქვი, თუ, - ჯერთცა ვერ გამეფდა! ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?“
ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა
მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა; ასმათის წიგნი მომართვა მე მეტად შეჭირვებულსა, ეწერა: „გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა, მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით-ვებულსა“.
ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო! შეღამდა, წავე, ბაღისა მე კარი შევიარეო; სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო, სიცილით მითხრა: „წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო“.
შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა; გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა, ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირით და ტანითა.
შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი განმინათლა, ზედა ლხინი ადგა სვეტად. მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად, ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედნის წამსა ჭვრეტად.
უბრძანა, თუ: „მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!“ მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა. დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა; მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა!
მიბრძანა: „ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა: დაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა, მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.
თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა: მე თუ ზე-პირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა; ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.
ერთმანერთისა, მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა, აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა; ამას შესჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა. გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!
წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე; ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე! მაგრა რა ვქმნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე? გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე!“
მოვახსენე: „არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად, მაგრა რათგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკლველად, შენ სინათლედ თვალთა ჩემთა მიჩნდე მზეებრ სანახველად, აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად.
აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არვინ ღირს-ა; მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა; შენთა შუქთა შემომადგამ, გულსა ბნელსა ზედა ჭვირსა, შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა“.
ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰფიცე და შემომფიცა, მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა: „უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა, ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთიცა“.
დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით, ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით, მერმე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით. მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.
მეძნელებოდა სიშორე მისი, ბროლ-ბალახშ-მინისა. მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა; ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა, აწ მიკვირს, მისი გამყრელი გული მიც კლდისა ტინისა!“