prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ვეფხისტყაოსანი — ქაჯეთის ციხე — V

შოთა რუსთაველი · პოეზია

წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი

ფატმან სწერს: „აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო, შენთა შორს. მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო, სიტყვა-მჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზ-ენაო, ბროლო და ლალო - ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო!

თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე, მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე; შენთვის ხელ-ქმნილსა ტარიელს ამბითა, მო, ალხენიე, ორნივე მიჰხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს, შენ იე.

მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად-შეფიცებული, ავთანდილ, მოყმე არაბი, არაბეთს შიგან ქებული, სპასპეტი როსტან მეფისა, ვერვისგან დაწუნებული; შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი, ბრძნად გაგონებული.

ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა, ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა? მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა: ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინ-ა?

რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე; მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რა გაუგზავნე! შენი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა გაათავნე, ღმერთსა უნდეს, მოყვარენი შესააფერნი შეგაზავნე!“

წადი, უსტარო, ისწრაფე, თუ მუხლი გქონდეს მალები; დაგნატრი, მიხვალ, დაგხვდების ბროლი, სათი და ლალები; ბედად შენ მჯობხარ, უსტარო, გნახვენ დამწველის თვალები, შენს უკან ჩემი სიცოცხლე, თუ გესმის, არ გებრალები?“

ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა: „ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!“ მან გრძნეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა, მასვე წამსა დაიკარგა, გარდაფრინდა ბანის-ბანსა.

წავიდა ვითა ისარი კაცისა მშვილდ-ფიცხელისა. რა ქაჯეთს შეხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა. უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართა მცველისა, მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა.

ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი, შევიდა ზანგი პირ-შავი, თმა-გრძელი, ტან-ნაბდიანი; იგი მზე დაჰკრთა, ეგონა სამისო რამე ზიანი, შეცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის-ფერად - იანი.

ზანგმან უთხრა: „ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაჰბნდები? მე ვარ მონა ფატმანისი, თქვენს წინაშე ნამგზავრები; ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუილად გეუბნები, მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო, ადრე ნუ დასჭნები!“

პირ-მზე გაჰკვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა, ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა. მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა; სულთქვამს, იკითხავს უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა.

მონასა ჰკითხა: „მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი? ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკებნელი?“ მან მოახსენა: „ვიკადრებ, რასცა ოდენ ვარ მცნებელი, რა წამოსრულ ხარ, მას აქათ შენგან ჩვენია მზე ბნელი.

ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია; მას რომე ცრემლი სდენია, ზღვათაცა შენართევია; მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლა მიმირთმევია, ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დაჰლევია.

აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა, მან უთხრა წვრილად ყველაი, თქვენ ხართ რითაცა ჭირითა. იგია შენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა; მე გამოგზავნეს, დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა“.

ქალმან უთხრა: „მემართლების, ყმაო, შენი ნაუბარი! ფატმან ჩემი არ იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი? უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი, მე მივუწერ, შენცა ჰკადრე, ვარ ვითამცა გულ-მდუღარი“.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა

პირ-მზე სწერს: „აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო! მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ჰხედაო? მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო, აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.

შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები, აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები: ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯელ ათასი გმირები, ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები!

სხვად ამბავი აქაური მეტი რა-მცა მოგიწერე: ქაჯთა მეფე არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე, მაგრა სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფე-რე, რასა ჰქვიან ძებნა ჩემი? არ ეგების, დაიჯერე!

ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა, ცუდ-მაშვრალია, იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია, მაგრა მას ვჰნატრი, უნახავს მზე, ამად არ-დამზრალია, უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ბრალია!

შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე, ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე; გეაჯები, საყვარელსა შემახვეწე, შემიბრალე, ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შე-ცა-სთვალე.

მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა: მას მკვდარსა ვნასავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა. ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა, არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა.

გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია, მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია; ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია, თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია“.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი

აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი, მტირალი, მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდა ვის ალი! დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი, ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირალი.

„ჰე ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები, ტანი კალმად მაქვს, კალამი - ნავღელსა ამონაწები, მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები, გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!

„ჰხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია! რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია. ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ მით, მათგან საწუნელია; უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ძნელია!

ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან? ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან, ნეტარ, რა ქმნას უშენომან გულმან, შენგან დალახვრულმან! გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.

შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალი არ მეგონე; ჩემი მეთქვა: გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე; აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვჰმონე, ჩემი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე.

შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად, გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად! მომიგონებდე, გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად; ვზი მზრდელად სიყვარულისა მის, ჩემგან დანერგულისად.

სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების: ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების. ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების! აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.

აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა, არ დასჯერდა ბედი ჩემი მათ პატიჟთა მრავალ-გვართა, კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა; ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!

ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან, გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან, დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან, მათთა შემბმელთა დაჰხოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.

ნუთუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა! ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა; შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა; მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა!

შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა, ჩემი სთქვა: სხვათა მიჰხვდების იგი ალვისა ტანითა. არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა; ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა.

შენმან მზემან, უშენოსა ვერვის მიჰხვდეს მთვარე შენი, შენმან მზემან, ვერვის მიჰხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი! აქათ თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი, სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი.

ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა, ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა; მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა, დღისით და ღამით ვჰხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.

მზე უშენოდ ვერ იქმნების, რათგან შენ ხარ მისი წილი, განაღამცა მას ეახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი! მუნა გნახო, მადვე გსახო, გამინათლო გული ჩრდილი, თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილი-მცა მქონდა ტკბილი!

მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან სულსა, მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა; მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა; ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, შენთვის დაკარგულსა!

წადი, ინდოეთს მიჰმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა, მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აუპყრობელსა, გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა, მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა!

რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად; ცან, სამართალი მართალი გულისა, გულსა მივა რად. შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად, ვირე ცოცხალ ვარ, გეყოფი სატირლად და სატკივარად.

აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა! გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა, ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა. რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენ ზედა ცისა შვიდისა“.

ესე წიგნი, საყვარელსა მისსა თანა მინაწერი, რა დაწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი. თავ-მოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა ფერი, ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი.

იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მომავალი, წამ-ერთ მიხდა ფატმანისსა, დღე იარა არ-მრავალი. რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი, ხელ-აღპყრობით ღმერთსა ჰმადლობს ცნობა-სრული, არა მთრვალი.

ფატმანს უთხრა: „გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი, დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი, წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა შარშანდელი, ფიცხლავ ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ-ამწყვედელი“.

ხათუნმან უთხრა: „ჰე ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების, მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების; ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების, თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების“.

ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა, მას თანა ხლებულნი, უბრძანა: „მკვდარნი აქამდის აწღა ვართ დაცოცხლებულნი, რაცა გვინდოდა, მისითა სმენითა გახარებულნი, ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახ-ვებულნი!

მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ-ნაცქაფავი; მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი. მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლა უფრო გასახაფავი, თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი.

ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქვენგან დანადები; მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები; აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები, ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი, ამად გეძუნწები.

სახლი არ მახლავს, არ ძალ-მაქვს გაცემა საბოძვარისა“. მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ჯარისა, უბრძანა: „წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა, ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან, ძმად-ნაფიცარისა“.

წიგნი ავთანდილისა ფრიდონს თან

დაწერა: „ფრიდონ მაღალო, სვე-სრულო მეფეთ-მეფეო, ლომისა მსგავსო ძალ-გულად, მზეო შუქ-მოიეფეო, მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო, უმცროსმან ძმამან შორი-შორ სალამი დავიყეფეო!

ჭირნი ვნახენ და მო-ცა-მხვდა ნაცვალი ჭირ-ნახულისა, კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა; მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა, დამარჩენელი ლომისა მის, ქვესკნელს დამარხულისა.

იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია. მუნ მისლვა მიჩანს თამაშად, თუცა გზა საომარია. ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს, ვარდი ნაწვიმარია, ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია.

გულ-მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების, სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების; რაცა მოგინდეს, უცილოდ იქმთ, იგი არ აგცილდების, არ თურე კაცმან დაგიდგნას, ვეჭვ, კლდეცა გაგილბილდების.

აწ შემინდევ, ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე, გზა-გზა ყოვნად აღარა მცალს, პატიმრად-ა იგი მთვარე; ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე, ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე.

ამა მონათა ჩემ ზედა გარდაუხდელი გულია: ამოდ მმსახურეს, თქვენი-მცა გული ამათთვის სრულია! ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენ თანა ხან-დაზმულია? მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია“.

ესე უსტარი დაწერა, შეკრა და წა-ცა-ხვია მან, მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან; შესთვალა ზეპირ, რაცა ხმდა სრულად, მართ ვითა ჰგია, მან, მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან.

მონახა, პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა, გამოემართა იგი მზე პირია სავსე მთვარისა, მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ-მდუღარისა; მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა.

ფატმან, უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა, იტყვიან: „მზეო, რა გვიყავ? დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა! რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა? და-ცა-გვმარხენო ხელითა, ჩვენითა დამმარხველითა?"

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — შოთა რუსთაველი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.