prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ვეფხისტყაოსანი — ნესტან-დარეჯანის ამბავი — II

შოთა რუსთაველი · პოეზია

ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა

მოვიდა კაცი: „სასიძო მოვაო“, მოსლვა გვახარა, მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა; მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა, მიბრძანა, ახლოს მიმისვა, „მოდიო“, თავი დახარა.

მიბრძანა: „ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია. გარდავიხადოთ ქორწილი, ჰხამს ვითა დასა, სრულია; კაცნი გავგზავნნეთ, მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია, უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია“.

მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი; სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ-დამზმელნი; შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი; მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი.

მეფემან ბრძანა: „მოკაზმეთ კარვითა მოედანია, გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია; მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია, შენ აქა ნახე, კმარიან იქა ნახვისად ყმანია“.

მოედანს დავდგით კარვები წითლისა ატლასებისა. მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, არს აღვსებისა, შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა, დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.

მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა; შინა წამოვე, მაშვრალსა ქმნა მომნდომოდა ძილისა; მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა: „ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა“.

ცხენისაგან არ გარდავხე, წავე ფიცხლა, დავჰმორჩილდი; ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: „ცრემლსა რასა ჰმილდი?“ მითხრა: „შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი? გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი?!“

შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე; მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას გაენათლა რომ არე, წავდეგ, მიბრძანა: „რასა სდგა? დღე მიგიჩს წინ საომარე! ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცდომარე?!“

მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლა გარე შემოვბრუნდი. უკუვჰყივლე: „აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი! ქალი ომსა რაგვარ მაწვევ, აგრე ვითა დავძაბუნდი?“ შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.

ასსა ვუბრძანე მონასა: „საომრად დაემზადენით!“ შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით. კარავსა შევე, იგი ყმა ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით, უსისხლოდ მოვკალ იგი გლახ, თუცა ხმდა სისხლთა დადენით.

კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე, ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე, წინა მწოლთა დაიზახნეს, გლოვა მიჰხვდა საარაკე; ცხენსა შევჯე, წამო-ცა-ვე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.

ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი; წამოვე, წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი. ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი, მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი!

კაცნი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა: „აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა“. არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა, ჩემი რა ცნიან, სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა.

ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად, ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად; ებრძანა, თუ: „ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად, ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?

ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე? თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე? მე, ბერსა შენსა გამზრდელსა, სიცოცხლე მაარმებინე, დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!“

მე შევუთვალე: „მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა, თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა? მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა, მე, თქვენმან მზემან, მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა!

იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია! - ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, - ყველაი თქვენ მოგხვდომია: ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია; სამართლად ტახტი უჩემოდ არვისად მისახვდომია!

ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ-მართალია: ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გივის ერთაი ქალია, ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია? სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?

შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე! ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცემ ჩემგან კიდე. ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე, სხვად მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!“

ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა

ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე. რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე. მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე თვალი ვაგე, მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.

გამოჩნდეს ორნი ქვეითნი, მე მივეგებე წინა-რე. ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანმცა, თუ მოღმა ვინ არე: თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირსა სისხლ-ჩამომდინარე, აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა-რე.

იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა; შორით ვუხმე: „რას შიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?“ მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა, მითხრა: „ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა“.

ახლოს მივე, კვლაცა ვჰკითხე: „რას შიგან ვართ? თქვი მართალი!“ კვლა საბრალოდ ამიტირდა, კვლა მოედვა ამით ალი, დიდხან სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი, მკერდსა წითლად უღებვიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.

მერმე მითხრა: „მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე? მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე: ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე, დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე!“

მიამბო: „ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა, მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა, შენ დაგიზახნა: „მიხმეთო“, ხმა-მაღლად გახმამყივარდა; მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამოჩივარდა.

ჰკადრეს: „აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან“. მეფე ბრძანებს: „ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგიან: მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან.

აწ, თავმან ჩემმან, მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა! მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა! მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა? თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო! მისად პატიჟად მზად ეს-ა“.

მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის, და თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის. ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის, მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.

დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან: „თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან“. მან ეგრე თქვა: „უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან! ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან“.

პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს; შენეულნივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდეს. დავარ მოსთქმიდა სიტყვათა, რომელნი არა მსმენოდეს: „ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ, შენცა არა გლხენოდეს!

როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკლვევინე? ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე? არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი. რა გიყავ, რა გაქმნევინე? აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, ვის ესე დააშლევინე!“

ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა, დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა. მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქვნა, ოდენ უშნა, ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლულნი დაუშუშნა.

რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა, წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, მათ კიდობანი მოჰქონდა, ეუბნეს არ აჯებითა, მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა.

უბრძანა: „წადით, დაკარგეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია; წმიდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია“; მათ გაეხარნეს, ხმა-მაღლად იყივლეს: „იპი, იპია“. ესე ვნახე და არ მოვკვე, არა მგავს არცა სიპია.

ზღვითკე გაარნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა. დავარ თქვა: „მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ და-! ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა“. დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.

რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა! აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა! ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთადგმა-დაუთმობელსა!“ საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშრობელსა.

მე ვუთხარ: „დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია? - რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია! - აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია“. სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია.

მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომიკიდა ცხრო და თრთოლა; გულსა ვუთხარ: „ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა, გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა. აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა!“

შევე, ფიცხლად შევეკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული; ას სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხან-დაზმული, წამომყვა და წამოვედით კართა გარე დარაზმული, ზღვის პირს მივე, ნავი დამხვდა, მენავემან მნახა ზმული.

ნავსა შევჯე, ზღვასა შევე, კიდით კიდე გავალაგდი, არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი; მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გა-ვე-ვშმაგდი, რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი.

რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა, მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა; თანა-მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეხოცა, ვთქვი, თუ: „ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ვყოცა“.

ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა, გული სრულად გამიმხეცდა, არ ვუსმენდი არც ვაზირსა; ყველაკაი დამეფანტა, დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა. კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე, მისგან განაწირსა!

ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი, ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემაგონანი. მისნი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი, ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი.

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — შოთა რუსთაველი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.