prep.ge

სტუმრის რეჟიმი · საგამოცდო საკითხავი

ვეფხისტყაოსანი — ავთანდილის გამგზავრება — III

შოთა რუსთაველი · პოეზია

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა

დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად: „ე მეფეო, გავიპარვი ძებნად ჩემგან საძებრისად! ვერ დავდგები შეუყრელად ჩემდა ცეცხლთა მომდებრისად; შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთაებრისად.

„ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა. კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა; მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა: „იცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“

„რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა, მე რად გავწირო მოყვარე, ძმა, უმტკიცესი ძმობისა?! არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა! მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.

„წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ? ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ. „იყვარული აღგვამაღლებს“ ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ, შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!

„ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად, ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად, ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად, იგი გაჰხდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.

„რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების. მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების, თვალთა ტურფა საჭვრეტელი ყველა რადმე ეშვენების; მე ვით გავსძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!

„რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა. ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა; აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა, სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!

„არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა; არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა; წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა, არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.

„რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად, გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად; თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლა-მრავლად; მას რა ვარგო, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად.

„მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა! მეფეო, ნუთუ წასლვამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა? ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა, პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.

„არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა; ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა. რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა!

„რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა, შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა! კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭელსა? სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

„ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი; ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

„მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენდა კადრებად ამისად: სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად; მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად, თუ ვერა გნახე ცოცხალმან, სიცოცხლე გქონდეს ჟამისად.

„თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე-მლმობელმან.

„მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები, მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები: მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.

„ღმერთსა მვედრებდეს მრავალი გლახაკი გულმხურვალები, დამხსნას ხორცსა და სოფელსა, სხვად ნურას შევიცვალები, კვლა ცეცხლი ჯოჯოხეთისა ნუმცა მწვავს, იგი ალები, მომცეს მკვიდრივე მამული მუნ ჩემი სასურვალები!

„დამხსნას ბნელსა და ნათელი შემმოსოს ზესთა ზენისა, მუნ დამიუნჯოს, წამალი სადა ძეს წყლულთა ლხენისა; ჩემი არ ჰქონდეს შეძლება სოფლისა მღილთა კბენისა, ფრთენი მომესხნენ და ძალი მომეცეს აღმაფრენისა.

„რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად, მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად; ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად! შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად.

ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის, ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს, არ გეთნევის, არას არგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის, შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის!

„გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა, ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა, ნუგეშინის-ეც წყალობით, ჩემგან წყალობა-ჩვეულსა, ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.

გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა. აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წავე გულითა ხელითა! ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა, სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!“

მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა, უთხრა: „კადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა, შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა“ მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

ლოცვა ავთანდილისა

ილოცავს, იტყვის: „მაღალო ღმერთო ხმელთა და ცათაო, ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო, უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო, მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!

ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვეყნათ ზესა, შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა, მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა, ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!

„ღმერთო, ღმერთო მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე: მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე! თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევწირვიდე“

რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა, შერმადინცა დააბრუნვა, საბრალომან ცრემლნი ღვარნა; მონა ტირს და მკერდსა იცემს, სისხლმან მისმან კლდენი ღარნა; პატრონისა ვერა-მჭვრეტმან ყმამან რადმცა გაიხარნა!

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმას არ წავჰყვე წამავალსა. არ შეექმნა დარბაზობა მას დღე როსტანს გულ-გამწყრალსა; რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს, თუ ადენს პირით ალსა, ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.

რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული, როსტან უთხრა: „არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული. მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხან სული, აზომ რომე გაგათრივე შენ, ვაზირი გულის-გული.

თუღა გახსოვს, რა უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე? მართლად უთქვამს მეცნიერთა: „წყენააო ჭირთა ბადე“; ესეგვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე, აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკვლადე“.

კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი, რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ-ნაგრძელევი: „შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი! კვლა მაგის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!“

რა გამოვიდა, ვაზირმან ძებნა, ვერ პოვნა მინანი, მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი, ცრემლთა მდინანი. მან თქვა: „მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი, ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მასცა ვინანი“.

რა ვაზირი არ შევიდა, კვლა მეფემან კაცი გზავნის; კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის; როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის; თქვა: „უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის“.

თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი, უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: „მიდი, მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!“ რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.

კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არ მხიარულად; მეფემან ჰკითხა: „წასრულა მზე დაუდგომლად, მთვარულად?“ მან მოახსენა ყველაი, ვით წასრულიყო და რულად „მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად!“

რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი; მოსთქვამს, იტყვის: „ვა, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი! პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი, სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?

„თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები, მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები! გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, მისთვის ენები? შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!

„ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა? ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა, ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა, აწ უშენოდ რა, გლახ, ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?

„ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები: შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები, ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები, მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?“

ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა, დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა, იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა; თქვეს: „ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!“

რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულთქმით შემოსტირნა, უთხრა: „ჰხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა! რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა, სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?“

ყოვლნი ტიროდეს, მოსთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად. მეფემან ბრძანა: „იკითხეთ, მარტოა, ანუ ყმიანად?“ მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად, ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.

მოახსენა: „საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი; დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი; იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი. მე თუ მომკლათ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!“

რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი; მერმე ბრძანა: „მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი, ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი, შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ მისცნეს ღმერთმან გზანი!“

კითხულობ სტუმრის რეჟიმში — ანგარიში საჭირო არ არის. სავარჯიშოებისთვის გააგრძელე ამავე ტექსტით.

ამ ტექსტზე ვარჯიში →

ტექსტის შესახებ

ავტორი — შოთა რუსთაველი.

საზოგადოებრივი საკუთრება (ავტორის გარდაცვალებიდან 70+ წელი). ტექსტის წყარო: nplg.gov.ge. ამონაწერი გადასამოწმებელია აკადემიურ გამოცემასთან.

წყარო: ტექსტის წყაროს ნახვა

თავებისა და ნაწილების დაყოფა მიჰყვება prep.ge-ის სასწავლო კორპუსს; სხვა გამოცემებში ნუმერაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.